ოო, სიყვარული არარაობაა, თუკი სიგიჟე არ ურევია, იგი უაზრობაა, თუკი აკრძალული არ არის, თუკი ავისა ეშინია. სხვაგვარად იგი სასიამოვნო ბანალურობა იქნებოდა და უწყინარი პატარ-პატარა სიმღერებისთვის გამოდგებოდა ისიც მხოლოდ ბარში. ხოლო როცა გითხარი გიცანი მეთქი, ჰო მე შენ ადრეც გიცნობდი. შენ და შენს ირიბად გაჭრილ თვალებს შენს ბაგეებს და შენს ხმას. მე შენ მიყვარხარ, მუდამ მიყვარდი რადგან შენ ჩემი ცხოვრების“მე“ ჩემი სიზამრი, ჩემი ბედი, ჩემი ნატვრა, ჩემი მარადიული სურვილი.“(თომას მანი „ჯადოსნური მთა“)
ოჰ სიყვარული იცი? სხეული, სიყვარული, სიკვდილი, სამივე ერთნი არიან, რადგან სხეული სნეულება და ავხორცობაა და სწორედ ეს იწვევს სიკვდილს. დიახ ორივე ხორციელია, სიკვდილიცა და სიყვარულიც. სწორედ ამაშია მათი საშინელება და მათი დიდი ჯადოსნური ძალაც.
სხეულებრიობა
სხეული და ხორციელი სიყვარული რაღაც უხამსი და მავნეა. თავისი საფარის ქვეშ სხეული შიშისა და სირცხვილისაგან წითლდება და ფითრდება, მაგრამ ამასთან სხეული დიდებული და ღვთაებრივი შარავანდია, ეს არის ორგანული ცხოვრების სასწაულებრივი იერსახე, ფორმისა და სილამაზის წმინდათაწმინდა საოცრება და მის სიყვარულშიც, ადამიანის სხეულის სიყვარულშიც, უკიდურესად ჰუმანური ინტერესია გამოხატული.
ისევ სიყვარულზედ და სხეულზედ
ეს მაცდური ორგანული სილამაზე არც ზეთის საღებავითაა დახატული და არც ქვისაგან გამოთლილი,არამედ ცხოვრების და ლპობის საიდუმლო აღგზნებით სავსე ცოცხალი და ხრწნადი მატერიისგანაა შექმნილი. აბა ერთი შეხედე ადამიანური ჩონჩხის ამ ღვთაებრივ სიმეტრიას, მხრებსა და თეძოებს, მკერდის ორივე მხარეს აფეთქებულ კერტებს და წყვილად ჩამკვრივებულ ფერდებს, მომრგვალებული, რბილი მუცლის შუაში ჩამჯდარ ჭიპსა და ბარძაყებს შორის მიმალულ სქესს. შეხედე ზურგის აბრეშუმივით კანქვეშ როგორ მოძრაობს ბეჭი, ან ხერხემალი როგორ ეშვება ორმაგ ქორფა დუნდულებისკენ, შეხედე ძარღვებისა და ნერვების ამ კონებს, ტორსიდან რომ მოდის და ტოტებად რომ იშლება იღლიებში. რა უდიდესი ნეტარებაა მიუალერსო სხეულის ამ საოცარ ნაწილებს, ეს ისეთი ნეტარებაა მისგან სიკვდილს სანანებლად რომ არ ჩათვლი, ღმერთო ჩემო ნება მომეცი ვიგრძნო ის სურნელი სასახსრე ჩანთიდან სრიალა ზეთი რომ გამოყოფს შენი მუხლის თასის ქვეშ. ნება მომეცი მოკრძალებით შევახო ბაგე შენს Arteriafemoralis, შენი ბარძაყის თავზე რომ ფეთქავს, და უფრო ქვევით წვივის ძვლების ორ არტერიად რომ იყოფა, ნება მომეცი შევისუნთქო შენი ფორების გამონაორთქლი და შევეხო შენი სხეულის ღინღლს, წყლისა და ალბუმინის ადამიანურ სახებას საფლავის ანატომიისათვის რომააა განკუთვნილი. ნება მომეცი ბაგით შენს ბაგეს შეწებებული დავიღუპო.“(თომას მანი „ჯადოსნური მთა“)
რაღა არის სიკვდილი თუ არა ჭეშმარიტთან ზიარება?(სოკრატე) თომას მანი სიკვილზე ერთის მხრივ როგორც უტიფარზე და მეორეს მხრივ როგორც ამაღლებულ რამეზე
მაგრამ სიკვდილი ერთის მხრივ ეს არის რაღაც სამარცხვინო, უტიფარი, მეორეს მხრივ ეს არის მეტად საზეიმო და დიდებული ძალა, ბევრად ამაღლებული ვიდრე სიცოცხლე, რომელიც ხარხარებს რადგან ფულს იხვეჭს და მუცელს იყორავს. იგი გაცილებით პატივსაცემია ვიდრე პროგრესი , ყოველ დროში რომ ლაყბობს. რადგან სიკვდილი ისტორია და კეთილშობილებაა, ღვთისმოსაობა და მარადიულობაა, ღვთიური მადლია, ვის წინაშეც ქუდს ვიხდით და ფეხის წვერებზე დავდივართ…