მსახიობი, 1993 წელს, 63 წლის ასაკში, ტოლოშენაზში, შვეიცარიაში გარდაიცვალა.
საჯარო გამოსვლებიდან და დღიურებიდან:
როცა არავინაა შენ გარშემო, რომ ჩაი მოუმზადო, როცა არავის სჭირდები, ვფიქრობ, სწორედ მაშინ მთავრდება ცხოვრება.
ნახევრად ირლანდიელი ვარ, ნახევრად – ჰოლანდიელი. დაბადებით კი, ბელგიაში დავიბადე. ძაღლი რომ ვყოფილიყავი, სერიოზული პრობლემები შემექმნებოდა.
დედა მთელი ცხოვრების მანძილზე შთამაგონებდა, რომ ადამიანი საჭირო უნდა იყოს.
მახსოვს, როდესაც ომის დროს ბრონქიტი დამემართა, დედა მეუბნებოდა: ,,როგორ მინდა, ფორთოხლის წვენი დაგალევინო. როგორ მინდა, რძისა და კვერცხების შემოთავაზება შემეძლოს შენთვის.’’ მე კი, ვფიქრობდი: „რა სასიამოვნოა, რომ მას ჩემი გათამამება სურს.“ თუმცა, დღეს კარგად ვხვდები, რას ნიშნავდა მისთვის დასაძინებლად ისე წასვლა, რომ წარმოდგენა არ ჰქონოდა, მომდევნო დღეს რას მაჭმევდა.
ბავშვობაში მასწავლეს, რომ საკუთარ თავზე ყურადღების მიქცევა და სპექტაკლების დადგმა ცუდ აღზრდაზე მიუთითებს. სწორედ ასე დავიწყე ფულის გამომუშავება.
მზეთუნახავი (ლამაზი) არ ვარ. მახსოვს, დედამ ერთხელ „საძაგელი იხვის ჭუკიც“ კი მიწოდა. თუმცა, თუკი ჩემს ნაკვთებს ცალ-ცალკე დააკვირდები, რაიმე კარგის აღმოჩენაც შეიძლება.
ჩემს ცხოვრებაში ყოფილა პერიოდები, როდესაც საკუთარი თავი მძულდა: მეგონა, რომ ძალიან მსუქანი ვიყავი, ზედმეტად მაღალი, ზედმეტად ჩვეულებრივი ან -ძალიან უშნო.
სექსუალურობა, ეს ისეთი რამ არის, რაც ქალში იმალება. სექსუალურობა იგულისხმება, მაგრამ ის არასოდეს გამოდის სააშკარაოზე ყველას დასანახად. ნამდვილად ვერ დავიქადნი სოფი ლორენის ან ჯინა ლოლობრიჯიდას მსგავსი ფორმებით, მაგრამ სექსუალურობა ხომ მხოლოდ ზომებში არ გამოიკვეთება. მე არ მჭირდება საძინებელი საკუთარი ქალურობის დასამტკიცებლად. მე მარტივად შემიძლია სექსუალური ვიყო წვიმაში ვაშლის მოკრეფის დროსაც.
ვაღმერთებ ადამიანებს, რომელებიც ჩემს გაცინებას ახერხებენ. სიცილი ჩემი საყვარელი საქმიანობაა. მას ბევრი დაავადების განკურნება შეუძლია.
არასოდეს მინდოდა განქორწინება. მძულს ეს სიტყვა, მის გაგონებაზე ჟრუანტელი მივლის. ყოველთვის ვოცნებობდი ერთხელ გათხოვებაზე.
საყურე, რომელსაც მამაკაცი გჩუქნით, წარმოდგენას შეგიქმნით ყველაფერზე, რასაც ის თქვენზე ფიქრობს.
ადამიანებს ნივთებზე მეტად სჭირდებათ მოვლა, ადგილის გამონახვა, პატიება. ნურასოდეს მოიშორებთ თავიდან ვინმეს.
თითოეული ადამიანის ვალდებულება განსაცდელში მყოფი ბავშვების დახმარებაა. სხვა დანარჩენი მხოლოდ ახირება და ნებივრობაა.
მაქვს რწმენა, მაგრამ მას არცერთ რელიგიასთან არ აქვს კავშირი.
ძალიან მომეწონა წიგნი ,,საუზმე ტიფანისთან’’, მაგრამ, ამასთანავე, ვღელავდი, რომ ეს როლი საჩემო არ იყო: ჰოლი გოლაიტლის როლისთვის ექსტროვერტი იყო საჭირო, მე კი ინტროვერტი ვარ. საკმაოდ გამიჭირდა გადაღებებზე, ძალიან გავხდი და ხშირად ვფიქრობდი იმაზე, რა ცუდად ვასრულებდი ჩემს როლს.
ჩემი ყველაზე დიდი გამარჯვება იმაში მდგომარეობს, რომ საკუთარ თავთან ცხოვრება და საკუთარი ნაკლის მიღება ვისწავლე. ჯერ კიდევ ბევრი მიკლია, რომ ვიყო ის, ვინც მინდოდა, ვყოფილიყავი. თუმცა, გადავწყვიტე, რომ საბოლოო ჯამში, არც ისე ცუდი ვარ.
მიჭირს საკუთარი თავის ეკრანზე დანახვა. შეიძლება ითქვას, რომ ვიტანჯები კიდეც.
ჰოლანდიაში, ბელგიაში, მოგვიანებით კი ინგლისში, ჩემი ცხოვრების ყველაზე ბედნიერი მომენტები ყოველთვის სოფელთან იყო დაკავშირებული. ვაღმერთებ ბუნებას, ხეებს, ჩიტებსა და ყვავილებს. მე არ ვარ ქალაქის მოსახლე, ცემენტი ნაღველს იწვევს ჩემში.
ბედნიერი ვიქნებოდი, უქმეების მარტო გატარების საშუალება რომ მქონდეს ჩემს ბინაში.
რაღაც ნამდვლად ვერ აქვთ კარგად იმ ადამიანებს, რომლებაც ჰგონიათ, რომ ოდრი ჰეპბერნი არ გამოყოფს ოფლს, არ ასლოკინებს და არ აცემინებს. სხვათა შორის, უფრო მეტს ვასლოკინებ, ვიდრე თქვენ, ყველა ერთად.
თუკი სიმართლეზე მიდგა საქმე, იძულებული ვარ, ვაღიარო, რომ დღემდე ზღაპრებს ვკითხულობ და მთელი გულით მიყვარს ისინი.
კითხვა ჩემი საყვარელი საქმიანობაა.
კოსმეტიკას შეუძლია სახის შელამაზება, მაგრამ ის უძლურია, თუ შიგნიდან ხარ მახინჯი. თუკი, რა თქმა უნდა, კოსმეტიკას არ ჭამ.
ბედნიერების ასეთი განმარტება მსმენია: კარგი ჯანმრთელობა და ცუდი მეხსიერება. ვისურვებდი, რომ მისი ავტორი ვყოფილიყავი, რადგან ეს სიმართლეა.
მჯერა მანიკიურის, მყვირალა ჩაცმულობის, იმის, რომ დასვენების დროსაც საჭიროა გამოწყობა და ტუჩების შეღებვა. მჯერა ვარდისფრის, – იმისაც, რომ ბედნიერი გოგონები ყველაზე ლამაზები არიან და რომ ხვალ ახალი დღე დაიწყება. კიდევ, სასწაულების მჯერა.
მოდით, საკუთარ თავებს გამოვუტყდეთ იმაში, რომ შოკოლადის ტორტი ადამიანებს ცხოვრებას უადვილებს. მე ის ნამდვილად მეხმარება.
ვისაც სასწაულების არ სჯერა, რეალისტს ვერ უწოდებ.
დედა ყოველთვის ამბობდა: „კარგი რაღაცები თავისით არ მოდის. ღმერთი ხელგაშლილია, მაგრამ მას მოლოდინი აქვს, რომ თქვენ პირველები შეასრულებთ საკუთარ ვალდებულებებს.“
ზოგიერთი ადამიანი აუზზე ოცნებობს, მე კი – კარადაზე და, ამასთან – არაერთზე.
წარმატება დაბადების დღეს ჰგავს, რომელსაც დიდხანს ელოდები, მაგრამ როცა მოდის, ხვდები, რომ სრულებით არ შეცვლილხარ.
ქალი შეიძლება იყოს, ერთდროულად, ლამაზი და ჭკვიანიც.
ხანგრძლივ ცხოვრებასა და კარგ ვახშამს შორის მცირე განსხვავებაა – ვახშამზე დესერტი ბოლოს მოაქვთ.
დროთა განმავლობაში, ხვდები, რომ ორი ხელი მოგეცა: ერთი – შენთვის, მეორე კი – სხვების დასახმარებლად.
არასოდეს ვინერვიულებდი ასაკზე, თუკი მეცოდინებოდა, რომ ისევ ვეყვარებოდი და მეც მეყვარებოდნენ.
აი, როცა 70 ფილმში გადამიღებენ და მაყურებელს ისევ ექნება ჩემის ნახვის სურვილი, მაშინ დავიჯერებ, რომ ვარსკვლავი ვარ.
მხოლოდ ყველაზე გაბედული ადამიანები არიან წარმატებულები.
აირჩიე დღე და დატკბი მისით. წარსულმა მომავლის დაფასება მასწავლა. არ მინდა მომავალზე ნერვიულობით მისი გაფუჭება.
ყველაზე მნიშვნელოვანი ღირსეულად დაბერებაა. ამის გაკეთება კი შეუძლებელია, თუკი სულ ჟურნალის ყდაზე ხარ.
რა მშვენიერია, უბრალოდ, ის ფაქტი, რომ ცოცხალი ხარ.