მე დიდად არ ვარ ქორწინების მომხრე.
ვფიქრობ, ქორწინება ნიჭიერი მეოცნებეებისთვის და შემოქმედი არსებებისთვისაა, რომლებსაც შესწევთ უნარი გაუძლონ მსგავს ცვლილებებს და შეუერთდნენ იმ აღიარებულ წესდებას, რომელიც დიდ დროსა და ემოციების ხარჯვას მოითხოვს. ცდილობენ შექმნან ,,სრულყოფილი ოჯახი.’’ ეს ის ილუზიაა, რომელმაც ადამიანთა გონებაში საკმაოდ მყარად გაიდგა ფესვები. ქორწინებისას ბეჭედსა და ხელმოწერილ კონტრაქტს ვიღებთ, რომლებიც თითქოსდა ჩვენი სამუდამოდ ერთად ყოფნის გარანტიაა.
(გიფიქრიათ ოდესმე, რა სისულელედ ჟღერს ეს ყველაფერი?)
,,სრულყოფილი ბედნიერებისთვის გვერდით მეორე ნახევარი გჭირდებათ,’’ – ალბათ ხშირად გსმენიათ ეს სიტყვები. უდიდესი სიცრუე, რომლის მსხვერპლიც შესაძლოა ნებისმიერი ჩვენგანი გახდეს. ჩვენც ვსხედვართ და ველოდებით ამ ,,ვინმეს’’, რომელიც, ადრე თუ გვიან, აუცილებლად მოვა და ვიცხოვრებთ ბედნიერად, სანამ სიკვდილი არ დაგვაშორებს.
15 წელია ერთ ადამიანთან ვარ, და კვლავაც ნამდვილად მოგვწონს ერთმანეთი. ჩვენ ორივე ვმუშაობთ და ერთმანეთს მიზნების მიღწევაში ვეხმარებით. საოცრად განვსხვავდებით, თუმცა ჩვენ არც ვცდილობთ ერთმანეთის შეცვლას. გადავწყვიტეთ პატივი ვცეთ და დავაფასოთ ერთმანეთი ისეთი, როგორებიც ვართ. ჩვენ არ გვჭირდება ერთმანეთი. ჩვენ გვიხარია, გვსიამოვნებს, მაგრამ არ გვჭირდება… აქ დიდი განსხვავებაა. ყველაზე არარომანტიულად ჟღერს – ,,შენ მე მავსებ’’. ამ ფრაზის გაგონებისას, ყოველთვის საშინელი პროტესტის გრძნობა მეუფლება.
იყავით მარტო, სანამ შეგიძლიათ, სასწაულებისთვის ძალ-ღონე შეგწევთ! შემდეგ, მოძებნეთ ის, ვინც ყოველთვის თქვენ გვერდით იქნება. შედეგად ორ ჰარმონიაში მყოფ ინდივიდს მიიღებთ… აი სად ხდება სასწაული.
არ მჯერა, რომ ყველა ადამიანი ოჯახისთვის არის შექმნილი! გყავდეს ბავშვები ეს ძალიან კარგია თქვენთვის. თუმცა უნდა იპოვოთ პარტნიორი, რომელიც მათზე ყოველთვის იზრუნებს. ეს, რა თქმა უნდა, ერთად ცხოვრებას არ გულისხმობს. თქვენ საერთო მიზანი გაკავშირებთ – ეს ბავშვების კეთილდღეობისთვის ზრუნვაა!
კარგად დაფიქრდით, სანამ ქორწინებას გადაწყვეტდეთ. დარწმუნდით, რომ თქვენი მოლოდინები აუცილებლად გამართლდება. წინააღმდეგ შემთხვევაში, ალბათ შეგხვედრიათ ხანგრძლივ ურთიერთობაში მყოფი არაჯანსაღი წყვილი. გახსოვდეთ, იმ ილუზიების ნგრევა, რომელიც ოჯახთან დაკავშირებით გვაქვს ხშირად ტრავმის მიზეზიც ხდება ხოლმე.
რას ნიშნავს სულიერი მეგობარი? ამ კითხვაზე კონკრეტული პასუხი არ არსებობს. ეს თითოეული ჩვენგანის რწმენა-წარმოდგენებზეა დამოკიდებული. მე, პირადად, მჯერა, რომ სულიერი მეგობრები ის ადამიანები არიან, რომლებთანაც დიდი ხნის ურთიერთობა გვაკავშირებს. მე მჯერა მათი არსებობის და დარწმუნებული ვარ, რომ ყოველთვის მაშინ ჩნდებიან, როდესაც ყველაზე მეტად გვჭირდება.
უმჯობესია, თუ არ იქორწინებთ ამ ადამიანზე, იმიტომ რომ ცოლისა და ქმრის როლების მორგების შემდეგ, თქვენი ერთად ყოფნის რეალური მიზეზი და მიზანი გავიწყდებათ.
ხანდახან ბედნიერება ნამდვილ ტანჯვად იქცევა.
მე არც ექსპერტი ვარ და არც ეს ყველაფერი გამომიცდია. თუმცა ვიცი, რომ ეს რეალობაა. რამდენ ბედნიერ წყვილს იცნობთ?
ყველა ვეძებთ საუცხოო, ველურ, ძლიერ სიყვარულს, რომელსაც სიცოცხლის ბოლომდე ნებისმიერ ფასად შევინარჩუნებთ.
შესაძლოა, ჩვენ რაღაც სრულიად განსხვავებულს ვეძებთ.
ბრუკ ჰემპტონი
მოამზადა – სალომე ლეკიშვილმა
წყარო: Positive Website