Skip to content

ნოდარ დუმბაძე, გურულები და გურული თავგადასავლები

,,სატირა ცხელი წყალია, იუმორი-თბილი შხაპი,

მე თბილი წყალი მირჩევნია.

ადამიანი კი არ უნდა დაწვა, ჭუჭყი უნდა ჩამობანო.”

ნოდარ დუმბაძე ,,ნიანგის” რედაქტორი როცა იყო, დასაბეჭდად მოიტანია ნაცნობს  რაღაც მისთვის.  ნოდარს წაუკითხავს და უხუმრია: წაი, ახლა ძამა და ჯანმრთელობის ცნობა მეიტანე და მერე დაგიბეჭდავო. ამ კაცსაც არ შეუტეხავს, წასულა და მართლა მოუტანია ჯანმრთელობის ცნობა, მაგრამ ნოდარი არ დაბნეულა:  ახლა წაი და მაგ ცნობის მომცემის ჯამრთელობის ცნობაც მეიტანე და ნაღდად დაგიბეჭდავო..

***

დელეგაციებს უშიშროების წარმომადგენლები ძირითადად იმიტომ მიყვებოდნენ, რომ უცხოეთში საცხოვრებლად არავინ დარჩენილიყო. გერმანიაში გაემგზავრნენ ჩვენი მწერლები, მხატვრები, მათ შორის იყვნენ ნოდარ დუმბაძე და გიგლა ფირცხალავაც, რომელსაც დიდი თავი ჰქონდა. ამ ჯგუფს გერმანიაში უშიშროებიდან ახალგაზრდა, გამოუცდელი ბიჭი გაჰყვა. დაშინებული, ფართო თვალებით დასდევდა ყველას, ვინმე რომ არ დარჩენილიყო. ეს, ნოდარ დუმბაძემ შენიშნა, დაუძახა და სერიოზული სახით უთხრა – „მოდი, შვილო. უბედურება გვჭირს. ჩემი თვალით დავინახე, გიგლა ფირცხალავა უცხოელ პოლიციელთან მივიდა და თავშესაფარი ითხოვაო. – მერე? – გაუფართოვდა ბიჭს თვალები. – პოლიციელმა უთხრა, უსინდისო ვიყო, თუ მაგხელა თავშესაფარი მქონდეს, ეს რამოდენა თავი გქონიაო!“ დაზვერვის ბიჭი მოცელილივით დაეშვა სკამზე…/ქართველი მზვერავის ჩანაწერები/

*** 

1981 წლის 13 მაისს, თასების მფლობელთა თასის აღების შემდეგ თბილისის „დინამო“ სამშობლოში უდიდესი პოპულარობით სარგებლობდა – ცკ–ს დავალებით, სხვადასხვა ქალაქში დადიოდა, ხვდებოდა მშრომელებს, ინტელიგენციის წარმომადგენლებს, სპორტული ორგანიზაციების წევრებს, იმართებოდა დიალოგები…

ერთ დღესაც ნოდარ ახალკაცს დაურეკეს და უთხრეს, რომ „დინამო“ ქართველ მწერლებთან შესახვედრად მიეყვანა. ახალკაცი თავისი მკაცრი რეჟიმით იყო ცნობილი. წინ საპასუხისმგებლო მატჩი ელოდა, არადა, „ზემოდან“ დავალებაზე უარის თქმაც არ გამოდიოდა. ამიტომ, ახლკაცმა გამოსავალი მოძებნა და ქართველ მწერლებთან შესახვედრად „დინამოს“ დუბლები წაიყვანა.

როცა მაჩაბლის ქუჩაზე მივიდნენ, ახალკაცსა და ფეხბურთელებს მწერალთა კავშირის მაშინდელი თავმჯდომარე, ნოდარ დუმბაძე გამოეგება. ნოდარ ახალკაცმა მოუბოდიშა – წინ რთული მატჩი მელის და უნდა მაპატიო, დუბლები მოვიყვანეო, რაზეც ნოდარ დუმბაძემ მისთვის ჩვეულ სტილში უპასუხა: „არა უშავს, ჩემო ნოდარ, აქაც დუბლები ვართ, ძირითადი შემადგენლობა, კარგა ხანია, მთაწმინდაზეაო…“ (ლაშა ბერულავა)

***

ტარდება თათბირი “დონ კიხოტის” ეკრანიზაციის საკითხებზე. რევაზ ჩხეიძემ თან ინგლისელი კოლეგა მოიყვანა. სტუმარმა შეკრების მიზეზი რომ გაიგო, გაოცდა, რაღა შორს მიდიხართ, ბარემ “ვეფხისტყაოსანი” გადაიღეთო.

-აი, ჩვენ კი გავთავხედდით – დასძინა მან – “ქართულ ფილმთან” ერთად გვინდა ამ ნაწარმოების გადაღება…მსახიობებიც კი შევარჩიეთ. თინათინს ითამაშებს ოდრი ჰეპბერნი, ნესტან -დარეჯანს – სოფი ლორენი, ტარიელს – პიტერ ო’ტული, ავთანდილს – ალენ დელონი, ფატმანს – ბრიჯიტ ბარდო, ფრიდონს -ენტონი ქუინი…

-რაღა ერთობლივი ფილმია, ჩვენ ვინღა უნდა ვითამაშოთ?! – ვერ დამალა უკმაყოფილება ვიღაცამ

-როგორ თუ ვინ?! – საუბარში ჩაერია ნოდარ დუმბაძე – ამდენ ქაჯს თამაში არ უნდა?

dumbadze

****

ნოდარ დუმბაძე მეგობართან ერთად ეწვია გურიაში ერთ ოჯახს მასპინძელმა დაიწყო მზადება ქეიფისთვის ამ დროს მასპინძლის შვილი დასდევს ქათამს დასაჭერად, მაგრამ ვერ იჭერს.

– ნოდარის მეგობარმა დაინახა და უთხრა:

–შვილო, ხომ ხედავ როგორი სწრაფია ეს ქათამი, ნახე ხის ძირას გოჭი რომ წევს წყნარადო…

– ბიძია, სტუმრიზა ქათმის დაკლა წესია ჩვენში , თვარა ძაღლი თლა დამბული გვყავს თუ გინდა.

***

ერთხელ ნოდარ დუმბაძე თავის მშობლიურ სოფელში იყო ჩასული, უკვე ცნობილი მწერალია და ყველას უყვარს. ატეხილია ერთი ამბავი, ყველა ოჯახში ექაჩებიან სუფრაზე. ნოდარი შეძლებისდაგვარად არიდებს თავს დალევას. გურიაში არ ჭრის  – ,,ვერ ვსვამ, თავი მტკივა, ნაღველი მაწუხებს, კუჭის წყლული მაქვს და წნევა მაწუხებს”. მაინც გასმევენ, ერთადერთი რაც გშველის არის ჯადოსნური ფრაზა” ნემსს ვიკეთებ”. ჰოდა, ნოდარიც ყველა ოჯახში იძახის ნემსს ვიკეთებო. გამოხდა ხანი და ნოდარი თბილისში უნდა დაბრუნდეს, დილით გამოვიდა სახლიდან და ეზოში ჭიშკრისკენ მიემართება. ამ დროს მეზობელი მოხუცი კაცი მიადგა და ნოდარს ეუბნება: – ნოდარი ბიძიკო, მაინც ქე მიდიხარ თბილისში და აგერ ფქვილი მაქ გასაცრელი და იქნება ტ**კი დამიტოვო ერხანსო :)))

***

ნოდარ დუმბაძე გურიაში ჩავიდა რამდენიმე მწერალთან ერთად. ერთს უთქვამს ბატონი ნოდარისთვის, აბა ერთი გურულების ცნობილი იუმორის გრძნობა შევამოწმოთო. გზაჯვარედინზე ერთი გურული იდგა თურმე,გააჩერეს მანქანა და ჰკითხეს: ეს გზა სად მიდისო. თქვენ სად მიდიხართ ბატონო იმას გააჩნია თვარა ამ გზით იაპონიაშიც შეგიძლიათ ჩახვიდეთო.

***

ნოდარ დუმბაძე მიდიოდა მეგობრებთან ერთად. დამგზავრებიათ აბეზარი ნაცნობი, რომელსაც ბენზინის სუნი ასდიოდა პიჯაკზე. შეწუხდნენ თურმე ყველანი, ვერც მოიშორეს.ბოლოს ნოდარს უთქვამს: დაქოქე, ძამა, ახლა მაი კოსტუმი და მოუსვი აქედანო ..

****

სუფრაზე ნოდარის გვერდით ერთი ღიპიანი კაცი მჯდარა ,რომელმაც დიასახლისს რამდენჯერმე სთხოვა ცხელი ჩაი მოეტანა, ბოლოს დუმბაძეს უთქვამს , ნუღარ მოუტანთ ქალბატონო, თორემ მუცელი თუ გაუსკდა ფეხებს დაიმდუღრავსო

****

ჯანსუღ ჩარკვიანი აუხირდა, თურმე, ნოდარ დუმბაძეს _ არ შეიძლება ყველა გურული ენამოსწრებული იყოს, ეს შენ აგდის ხუმრობა ხელზე და მერე გურულებს აბრალებო…

მიიპიტიჟა გურიაში ნოდარმა სტუმრად ჯანსუღი. ჩაასხეს პოეტის “ჟიგულში” ბენზინი და წამოვიდნენ ხიდისთავისკენ. გამოსცდნენ დაფნარს და მათი თავგადასავალიც საჯავახოს გადასახვევიდან დაიწყო, სადაც გურული გლეხი დაემგზავრათ ჩოხატაურამდე. ვერ იცნო გლეხმა ვერც ერთი და ზის უკანა სავარძელზე თავისთვის, წყნარად. ჯანსუღი ენას არ აჩერებს, ხუმრობს და დროდადრო ნოდარს გადახედავს ირონიულად _ ესეც შენი ენაკვიმატი გურულებიო! მერე გაეცნო გლეხს, პოეტი ვარო და თავისი ახალი ლექსების პატარა ბროშურა აჩუქა. გურულმა გადმოაბრუნა და ბოლო გვერდზე გადაშალა, იქ, სადაც წიგნებს ფასი აწერია, ხოლმე. პატარა ბროშურა იყო და ფასიც პატარა ჰქონდა _ 15 კაპიკი.

გურულს გაეცინა და პირველად ამოიღო ხმა:

_ ცარიელი რვეული 20 კაპიკი ღირს, ბიძია, და რას წერ ამფერს, შენი წიგნი 5 კაპიკით ნაკლები რომაა?!

ხმა აღარ ამოუღია ჯანსუღს. ის კი არა, ისე ინერვიულა, გზაზე არხეინად მიმავალ გოჭს დაეჯახა და სული გააფრთხობინა. გააჩერეს მანქანა, მიიხედ-მოიხედეს და კაციშვილის ჭაჭანება არაა გზაზე. ახადეს მანქანას საბარგული და ის იყო გოჭი უნდა ჩაედოთ შიგ, რომ მაღალი მთის კალთაზე დაკიდებულ ყანაში მომუშავე გლეხმა გადმოსძახა:

_ ნოდარა, ბიჯო, არ მითხრა, ახლა საავადმყოფოში მიმყავს მაი გოჭიო! დადევი მაქანე და მასტუმრე მაგი ხალხი!

ჯანსუღმა საბოლოოდ მოკაკვა თითი.

 

წყარო: საკრიმანჭულო საზოგადოება  ; dare.ge;

 

გისურვებთ არასოდეს დაგეკარგოთ იუმორის გრძნობა!