Skip to content
მაკიაველი ნიკოლო დი ბერნანდო 1469 წლის 3 მაისს დაიბადა ფლორენციაში. მისი მამა ბერნანდო მაკიაველი იურისტი იყო, ამას გარდა მას გააჩნდა მცირე შემოსავალი კუთვნილი მიწის ნაკვეთებიდან, მიუხედავად ამისა ნიკოლოს ოჯახმა ვერ შეძლო თავისი ვაჟის უნივერსიტეტში სწავლის უზრუნველყოფა. თუმცა მაკიაველისათვის ეს არ იქცა არსებით წინაღობად განათლების მიღების პროცესში, წიგნების დახმარებით მის მასწავლებლებად ციცერონი, ცეზარი, ტიტ ლივიი და სხვა ცნობილი ავტორები იქცნენ.
1498 წლის თებერვალში, 28 წლის მაკიაველიმ კენჭი იყარა რესპუბლიკის მეორე კანცელარიის მდივნის პოზიციაზე და დამარცხდა მონაზონ სოვონაროლას პარტიის წარმომადგენელთან. თუმცა უკვე მაისში თავად სოვონაროლას რეჟიმმა განიცადა კრახი. მაკიაველიმ  28 მაისს მედიჩის პარტიის წამომადგენლის დამარცხების შედეგად მაინც მოახერხა სასურველი თანამდებობის დაკავება. ამას გარდა მას კანცელარიის სამხედრო და საგარეო საკითხთა კომისია ჩააბარეს, რომელსაც ის 1512 წლამდე, ანუ მედიჩის დინასტიის ხელისუფლებაში დაბრუნებამდე ხელმძღვანელობდა. ამ ხნის განმავლობაში მან არაერთ მნიშვნელოვან დიპლომატიურ მისიას უხელმძღვანელა და არაერთ რთულ დავალებას გაართვა თავი. განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იყო მისიები საფრანგეთში, რომელთა განმავლობაშიც გარდა დაკისრებული მოვალეობების შესრულებისა ის აქტიურად აკვირდებოდა საფრანგეთის პოლიტიკას და რიგ შემთხვევებში მასზე გავლენასაც კი ახდენდა. ნიკოლო არ შედიოდა იმ ელჩთა შორის რომლებსაც საზეიმო თუ სადღესასწაულო მოვლენებზე დასასწრებად გზავნიან. მას მხოლოდ განსაკუთრებული მნიშვნელობისა და სირთულის დავალებებს ანდობდნენ, ის კი როგორც თავად ამბობდა „მხოლოდ უფლის გზას ამზადებდა“, ამ ყველაფერს კი „ყოველგვარი წონისა და გავლენის გარეშე“, მხოლოდ საკუთარი ნიჭით ახერხებდა. 
1502 წელს მაკიაველი პირველად შეხვდა ჰერცოგ ჩეზარე ბორჯიას. მკაცრმა, ცბიერმა და ყოველგვარი მორალური ნორმების უგულველმყოფელმა, თუმცა ამავე დროს მამაცმა, გამბედავმა და შორსმჭვრეტელმა მმართველმა  მასზე განსაკუთრებული შთაბეჭდილება მოახდინა. ის ერთერთ წერილში ჰერცოგის დახასიათებისას წერდა: „ჰერცოგი იმდენად თამამია, რომ ყველაზე დიდი საქმეც კი ადვილად ეჩვენება. დიდებასა და ახალი სამფლობელოების სწრაფვაში საკუთარ თავს დასვენების უფლებას არ აძლევს და არც იღლება, არ ცნობს არანაირ საფრთხეს. ის ჩადის ერთ ადგილას მაშინ როცა მეორედან მისი გამგზავრების შესახებ არც კი იცი. ჯარისკაცების კარგი დამოკიდებულების წყალობით მან იტალიის საუკეთესო ხალხის შემოკრებვა მოახერხა. ამას გარდა მას სულ უმართლებს, ეს ყველაფერი ჰერცოგის საქმიანობას აქცევს საშიშ და გამაჯვებების მომტანად.“ მისი ეს პორტრეტი ფაქტობრივად მაკიაველის ცნობილი ტრაქტატის – „მთავარი“–ს პირველ ჩანაწერადაც შეგვიძლია მივიჩნიოთ.
მედიჩების ხელისუფლებსი დაბრუნებს შემდგომ მაკიაველი გადაასახლეს და  პოლიტიკასთან მიახლოების ყოველგვარი საშუალება მოუსპეს, სხვა სახელმწიფოსთვის სამსახურზე კი მან თავად განაცხადა უარი. თუმცა სწორედ მისი გასდასახლების პერიოდი 1513-1520 წლები იყო ყველაზე პროდუქტიული შემოქმედებითი თვალსაზრისით. სწორედ ამ პერიოდში დაწერა მან „მთავარი“, «მსჯელობა ტიტუს ლივიუსის პირველი დეკადის გამო“, „ქალაქ ლუკეს მოვლენათა აღწერა“ და ა.შ.
ნიკოლო მაკიაველი 1527 წლის 21 ივნის გარდაიცვალა და ის ფლორენციაში, მიქელანჯელოს, გალილეოსა და სხვა დიდი ადამიანების გვერდით დაკრძალეს.
მაკიაველი ჩვენთან ხშირად მხოლოდ  ერთ ფრაზასთან „მიზანი ამართლებს საშულებას“-თან ასოცირდება, თუმცა მიუხედავად იმისა რომ ეს სიტყვები სრულად შეესაბამება „მთავარში“ აღწერილ, სახელმწიფოს მეთაურის მისეულ ხედვას, არ არსებობს არცერთი დოკუმენტი, რომელიც ამ ფრაზის მისთვის კუთვნილებას დაამტკიცებდა, ზოგი მკვლევარი ამ სიტყვებს ტომას ჰობსსა და იგნატეო ლოიოლეს აკუთვნებს.
მაკიაველის ცნობილი გამონათქვამებია:
„ომებს იწყებენ მაშინ როცა ეს უნდათ, თუმცა ამთავრებენ მას როდესაც ეს შეუძლიათ.“
„მეგობრობა რომელიც გეძლევა ფულის და არა შენი სიდიადისა და კეთილშობილების სანაცვლოდ შეიძლება იყიდო, თუმცა შუძლებელია ის შეინარჩუნო“
„არ ღირს არავისთვის რჩევის მიცემა და სხვისი რჩევების გამოყენება გარდა ერთი საერთო რჩევისა – მიჰყვე სულის ნებას და იმოქმედო თამამად“
„მე მსურს მოვხვდე ჯოჯოხეთში და არა სამოთხეში. იქ მე დავტკბები პაპების, მეფეებისა და ჰერცოგების საზოგადოებით, მაშინ როდესაც სამოთხეში მხოლოდ ღარიბები, მონაზვნები და მოციქულები სახლობენ.“
„კეთილი საქმით ისევე შეგიძლია თავი შეაძულო როგორც ბოროტით“
„რაც უფრო ნაკლები ქვიშაა დარჩენილი ჩვენი ცხოვრების ქვიშის საათში, მით უკეთესად უნდა ხედავდე ყველაფერს შუშის მიღმა“