უხსოვარ დროში, ერთ პატარა ქოხში, ერთი ღარიბი კაცი ცხოვრობდა. მას ერთი ძაღლი და ცხენი ყავდა და მათ გარდა არაფერი არ გააჩნდა ამ ქვეყნად. ასე რომ ძალიან უყვარდა ისინი.
ერთ დღეს კაცი სამოგზაუროდ წავიდა თავის ცხენთან და ძაღლთან ერთად. ძალიან ცუდი ამინდი იყო. ჭექა– ქუხილი და გიჟური წვიმა. გზაში მოულოდნელად მეხი ჩამოვარდა, რომელიც მათ გზაზე მდგარ ხეს დაეცა. ხე წაიქცა და ჩვენს მგზავრებს დაეცა. კაცი, ძაღლი და ცხენი გარდაიცვალნენ.
ისინი სხვა სამყაროში აღმოჩნდნენ, თუმცა ვერც–ერთი მათგანი ვერ მიხვდა ცოცხლები რომ აღარ იყვნენ და გზა განაგრძეს.
გზაში საშინლად ცხელოდა და წყალი არსად ჩანდა. ბევრი იარეს, თუ ცოტა იარეს ისინი ერთ დიდ ციხე–ქალაქს მიადგნენ. ქალაქს გარშემო დიდი და შეუვალი კედელი ერტყა. შესასვლელ კარებს მცველები იცავდნენ და მის შიგნით უამრავი შადრევანი და წყარო მოჩანდა.
კაცი მივიდა მცველებთან და სთხოვა, რომ მისთვის და მისი მეგობრებისათვის წყლის დალევის უფლება მიეცათ. მცველებმა პასუხად უთხრეს:
– ეს ადგილი სამოთხეა და აქ მხოლოდ ადამიანები შეიძლება შევიდნენ. თქვენ თუ გინდათ პრობლემა არაა. უბრალოდ მეგობრები გარეთ უნდა დატოვოთ . . .
კაცმა იუარა, რადგან ეძნელებოდა მეგობრების დატოვება. და მათ გზა განაგრძეს. ბევრი იარეს, თუ ცოტა იარეს, წყურვილისაგან დატანჯულები ერთ სოფელს მიადგნენ. სოფელს გარშემო ხის ჭიანი მესერი ერტყა და აქაც მცველები იდგნენ შესასვლელ კართან.
კაცი მივიდა და მათაც სთხოვა წყლის დალევის უფლება მიეცათ მათთვის. მცველებმა არ უთხრეს უარი და ყველანი – კაციც, ძაღლიც და ცხენიც შევიდნენ სოფელში.
როდესაც წყლის სმით გული იჯერეს , კაცმა იკითხა :
– ხომ ვერ მეტყვით რა ადგილია ეს?
– სამოთხე – უპასუხეს მცველებმა.
– მაშ ის ციხე–ქალაქი რა ადგილი იყო? – შეეკითხა მცველებს გაკვირვებული კაცი.
– ის ადგილი ჯოჯოხეთია – უპასუხეს მცველებმა.
– ჯოჯოხეთი? და რატომ აძლევთ მათ უფლებას, რომ ხალხი ასე მოატყუონ? ხომ შეიძლებოდა მეც მოვტყუებულიყავი და ჯოჯოხეთში შევსულიყავი!? – წამოიძახა აღელვებულმა კაცმა.
– არა, მეგობარო. ისინი ჩვენ დიდ საქმეს გვიკეთებენ, რადგან მათი წყალობით აქ მარტო ისეთი ადამიანები მოდიან, რომელთაც ნამდვილი მეგობრების მიტოვება არ შეუძლიათ – ღიმილით უპასუხეს მცველებმა.
პაოლო კოელიო