უახლესი კვლევები გვაჩვენებენ, რომ შვილების ცხოვრებაში აქტიურად ჩართული მშობლობისა და მკაცრად დაგეგმილი ბავშვობის გამო სტუდენტების უმრავლესობა ფსიქოლოგიური პრობლემებით იტანჯება.
მშობლები დიდ ზიანს აყენებენ საკუთარ შვილებს იმით, რომ ზედმიწევნით აკონტროლებენ მათ აკადემიურ ცხოვრებას. ბილ დერესიევიცმა თავის 2014 წლის მანიფესტს უწოდა „შესანიშნავი ფარა: ამერიკული ელიტის მცდარი განათლება და გზა გააზრებული ცხოვრებისკენ“. სტუდენტებს თავიანთი მშობლებისგან მემკვიდრეობით აქვთ მიღებული წარუმატებლობის შიში, რომელიც მთელი ცხოვრება მიჰყვებათ. ამ შემთხვევაში, როგორც დერესიევიცი აღნიშნავს, ამ შემთხვევაში წარუმატებლობა ხშირად სასიცოცხლო მნიშვნელობას იძენს, როგორც ადამიანის ცხოვრებისა და შიშის პირისპირ დადგომის შესაძლებლობა.
მათ, ვისაც დერესიევიცი „უნაკლო ფარას“ უწოდებს ჯული ლიზკოტ-ჰეიმსი „ეგზისტენციალურ იმპოტენტებს“ უწოდებს. 2006და 2008 წლამდე ჯული სტენფორდის უნიერსიტეტის ფსიქიკური ჯანმრთელობის სამუშაო ჯგუფის წევრი იყო, ეს ჯგუფი სტუდენტებში დეპრესიულობას ამოწმებდა და განსაზღვრავდა გზებს, რომლის საშუალებითაც ფაკულტეტის თანამშრომლები და სტუდენტები უკეთ გაიგებდნენ ფსიქიკური ჯანმრთელობის ძირითად საკითხებს, შეძლებდნენ პრობლემების შემჩნევასა და სათანადო რეაგირებას. როგორც დეკანი, ჯული ამჩნევდა ემოციურ და ინტელექტუალური თავისუფლების ნაკლებობას – ეგზისტენციალურ იმპოტენციას – რომელიც უნივერსიტეტის დახურულ კარს მიღმა იმალებოდა. „უნაკლო ფარის“ წარმომადგენლები ბრწყინვალე, სრულყოფილი სტუდენტები ხსირად ისხდნენ ჯულის დივანზე და ცდილობდნენ თავიანთი „მეს“ მსხვრევადი, მყიფე ნაწილები ერთად შეენარჩუნებინათ. ისინი მორჩილად ეგუებოდნენ ფაქტს, რომ ეს ფასადური წარმატება მათ საცოდავ ცხოვრებას წარმოადგენდა.
ჯულის დეკანობისას მრავალი ისტორია ესმოდა სტუდენტებისგან იმის შესახებ, თუ როგორ სწამდათ მათ, რომ მეცნიერების ესა თუ ის დარგი, ინჟინერია თუ პიანინოზე დაკვრა უნდა ესწავლათ, ამასთანავე უნდა შეესრულებინათ მოხალისეობრივი სამსახური აფრიკაში და ა.შ. ზოგი სტუდენტი საკუთარ თავს არ აძლევდა უფლებას შეძრწუნებულიყო იმით, რომ საერთოდ არ გააჩნდათ ინტერესი საკუთარი საქმიანოვის მიმართ. სტუდენტები თვლიდნენ, რომ მათმა მშობლებმა უკეთ იცოდნენ თუ რა იყო მათთვის კარგი.
ერთ-ერთი სტუდენტის მშობელი ცოლს გაყრით ემუქრებოდა იმ შემთხვევაში თუ მათი გოგონა ეკონომიკას არ აირჩევდა ძირითად მიმართულებად. ამის გამო გოგონას განსაზღვრული ოთხი წლის ნაცვლად შვიდი წელი მოუწია სწავლა და მთელი ამ დროის განმავლობაში მამა შვილს ყველა მოქმედებას უგეგმავდა. გოგონა იხსენებდა, რომ საკუთარ ცხოვრებაზე კონტროლის უქონლობამ იგი ლამის პანიკურ შეტევებამდე მიიყვანა. ბოლოს კი გოგონას მამა ცოლს მაინც დაშორდა.
ჩიკაგოს ლათინური სკოლის მმართველთა ჯგუფის თავმჯდომარე ჩარლ გოფენმა, თავის კოლეგას გაუგზავნა სტუდენტების ფსიქიკური ჯანმრთელობის კრიზისის შესახებ სტატისტიკა და შეკითხვა: „როგორ ფიქრობ, შენი სტუდენტების მშობლებს რა ურჩევნიათ: მათი შვილები იელში სწავლობდნენ და დეპრესია ჰქონდეთ თუ არიზონას უნივერსიტეტში სწავლობდნენ და ბედნიერები იყვნენ?“, კოლეგამ მალევე უპასუხა, რომ მისი ვარაუდით მშობლების 75% პირველ ვარიანტს აირჩევდა. მშობლები თვლიან, რომ მათი შვილების ემოციონალური პრობლემები 30 წლის ასაკითვის თავისთავად გაივლის, ხოლო მოზარდობის ასაკში უკან დაბრუნებას და ხარისხისთვის ბრძოლას ვეღარ შესძლებენ.
აქ განვიხილავთ ჩარლი გოფმანის ხელთ არსებულ სტატისტიკას. 2013 წელს ჩატარებულ კვლევაში კოლეჯების საკონსულტაციო ცენტრების დირექტორთა 95% ადასტურებდა, რომ კოლეჯებში სახიფათოდ გაიზარდა სტუდენტთა რიცხვი, რომელთაც მნიშვნელოვანი ფსიქოლოგიური პრობლემები აქვთ. საკონსულტაციო ცენტრების დირექტორთა 70%-მა აღნიშნა, რომ ბოლო წელს მათ კოლეჯში გაიზარდა სტუდენტთა რიცხვი, რომელთაც მძიმე ფსიქოლოგიური პრობლემები აქვთ, ხოლო მათი 24.5% პსიქოტროპულ წამლებსაც იღებდა.
2013 წელს ამერიკული კოლეჯების ჯანმრთელობის ასოციაციამ 153 სხვადასხვა კოლეჯის 100 000 სტუდენტის ფსიქიკური მდგომარეობა იკვლია და და შედეგების მიხედვით ბოლო 12 თვის განმავლობაში სტუდენტთა:
• 84.3% გრძნობდა მღელვარებას გასაკეთებელი საქმეების გამო;
• 60.5% გრძნობდა ძლიერ სევდას;
• 57% თავს გრძნობდა მარტოსულად;
• 51.3% ძლიერ შფოთვას გრძნობდა;
• 8% სერიოზულად ფიქრობდა თვითმკვლელობაზე.
50 შტატის მასშტაბით ჩატარდა კვლევა 153 კოლეჯში, რომელთა შორის იყო პატარა თავისუფალი ხელოვნების კოლეჯები, კვლევითი უნივერსიტეტები, რელიგიური და არარელიგიური ინსტიტუტები. აღმოჩნდა, რომ არასასურველი ფსიქიკური ჯანმრთელობა არის არა მხოლოდ იელის, სტენფორდის ან ჰარვარდის სტუდენტების პრობლემა, არამედ გვხვდება ნებისმიერ კოლეჯში და ხშირად უფროსი სასკოლო ასაკის მოსწავლეებშიც. კოლეჯის სტუდენტებში ამ პრობლემების მაპროვოცირებლად შესაძლოა მივიჩნიოთ დროის ის ხანგრძლივობა, რომლის განმავლობაშიც მათ უბიძგებენ აკადემიური წარმატებებისკენ. ამასთანავე, რადგან ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემები გვხვდება ყველგან, ვასკვნით, რომ ეს უკანასკნელი არის დაკავშირებული არა იმდენად პრესტიჟულ კოლეჯში მოხვედრასთან, არამედ ამერიკული ბავშვობის მახასიათებლებთან.
მშობლებს შვილებისთვის საუკეთესო სურთ, მაგრამ ისინი წინააღმდეგობას ვერ უწევენ შიშებს, ასევე საკუთარი ეგოს სურვილებს, ამიტომ მათი შეხედულებები საკუთარი შვილების საჭიროებებზე ხშირად სრულიად უვარგისია.
უახლესი კვლევები აჩვენებენ რომ მშობლების გადაჭარბებულ ზრუნვასა და შვილების ფსიქიკურ პრობლემებს შორის კორელაცია ნამდვილად არსებობს.
2010 წელს ფსიქოლოგიის პროფესორმა ნილ მონტგომერმა ნიუ ჰემფშირის კოლეჯის 300 პირველკურსელი ცდისპირით ჩაატარა კვლევა და დაადგინა, რომ სტუდენტები, რომლებსაც ზედმეტად მზრუნველი და მაკონტროლირებელი მშობლები ყავთ, ახალი იდეებისა და ქმედებებისადმი ნაკლები ღიაობით გამოირჩევიან. ამასთანავე, ემოციურად მეტად მოწყვლადები, შფოთვიანები და საკუთარ თავში დაურწმუნებლები არიან. ხოლო სტუდენტებმა, რომლებსაც მშობლება პასუხისმგებლობა გადააბარეს და რომლებსაც გამუდმებით არ ამოწმებდნენ, საპირისპირო შედეგი აჩვენეს. ტერი ლემოინისა და ტომ ბიუქენენის 2011 წელს ტენესის უნივერსიტეტში 300 სტუდენტზე ჩატარებულმა კვლევამ აჩვენა, რომ ის სტუდენტები, რომლებსაც „ჰელიოკოპტერი“ (ზედმეტად მზრუნველი და მაკონტროლირებელი) მშობლები ჰყავთ, უფრო მეტად საჭიროებენ მკურნალობას დეპრესიისა და შფოთვითი აშლილობის მიზეზით.
დენ გრიფინი აღნიშნავს, რომ ამ სიტუაციის გასაღები არის იმის გამორკვევა თუ როგორ დავამყაროთ ბავშვის აქტივობები მის პირად მოტივაციებზე, მშობლებს კი შვილების წარუმატებლობისა და იმედგაცრუებისგან დაცვის მოტივაცია გავუქროთ.
2012 წელს კოლეჯის 438 სტუდენტზე ჩატარებული კვლევა გამოქვეყნდა ჟურნალში “Journal of Adolescence”-ში და შედეგები გვამცნობდა, რომ მშობლობის ჰიპერმზრუნველობის მომაბეზრებელი ფორმა მოზარდებს უზღუდავდა პირადი გამოცდილებისა და მნიშვნელოვანი ცხოვრებისეული უნარების განვითარების შესაძლებლობას, რაც თავისთავად აფერხებდა მოზარდთა თვითმყოფად მოზრდილებად ტრანსფორმაციას.
2013 წელს 297 სტუდენტი მონაწილეობდა კვლევაში, რომელიც ჟურნალ „ბავშვისა და ოჯახის კვლევებში“ გამოქვეყნდა. შედეგების თანახმად, ჰიპერ-მზრუნველი მშობლების შვილი სტუდენტები დეპრესიულობის მაღალი დონითა და ცხოვრებისადმი ნაკლები კმაყოფილებით გამოირჩეოდნენ, რაც უკავშირდება ადამიანის ძირითადი ფსიქოლოგიური მოთხოვნილებების- ავტონომიურობისა და კომპეტენტურობის ძალადობრივ შეზღუდვას.
2014 წელს კოლორადო-ბოულდერის უნივერსიტეტის მკვლევარების მიერ ჩატარებული კვლევით შემოწმდა მკაცრად სტრუქტურირებულ ბავშვობასა და შემდგომში ცხოვრებისეული საშემსრულებლო ფუნქციების დეფიციტს შორის კორელაცია. საშემსრულებლო ფუნქციები გულისხმობს ადამიანის უნარს განსაზღვროს რომელი მიზანზე ორიენტირებული მოქმედებები განახორციელოს და როდის. ეს უნარები აკლიათ იმ ბავშვებს, რომლებსაც აქვთ ყურადღების დეფიციტის სინდრომი ან ყურადღების დეფიციტისა და ჰიპერაქტივობის სინდრომი ერთდროულად.
ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემების მზარდი მონაცემები ხაზს უსვამს იმ ზიანს, რომელსაც მშობლები აყენებენ ბავშვს აკადემიური გეგმების შესრულების აკვიატებული მოთხოვნით და სხვა ცხოვრებისეული უნარების განვითარების აუცილებლობის უგულვებელყოფით.
კარენ ეიბლი მიდვესტის საჯარო უნივერსიტეტის ადამიანური რესურსების მენეჯერია (სახელი შეცვლილი მისი სამსახურეობრივი ინტერესებიდან გამომდინარე). საკუთარი კლინიკური გამოცდილების საფუძველზე ეიბლი აღნიშნავს, რომ „შვილების ცხოვრებაში ზედმეტად ჩართული მშობლობა მნიშვნელოვან როლს თამაშობს კოლეჯის სტუდენტების ფსიქოლოგიურ კეთილდღეობაში, სტუდენტებს უჭირთ ცხოვრებისეულ საკითხებზე მშობლებთან მოლაპარაკებასა და გადაწყვეტილების დამოუკიდებლად მიღებას შორის ბალანსის დაცვა“.
როცა მშობლები მიდრეკილნი არიან აკონტროლონ შვილების ცხოვრების ისეთი მომენტები, როგორიცაა: მათი გაღვიძება, სასწავლებლამდე ტრანსპორტირება, პროექტების საბოლოო ვადებისა და სხვა ვალდებულებების შეხსენება, გადაწყვეტილების მიღება, პასუსისმგებლობის აღება, უცხო პირებთან დალაპარაკება, ავტორიტეტებთან შეწინააღმდეგება – ისინი შვილებს სერიოზულ სიურპრიზს უმზადებენ, რადგან მათ ერთხელაც მოუწევთ ამ ყველაფერთან მარტოს პირისპირ აღმოჩენა. იმის გამო, რომ ეს სირთულეები ბავშვობაშივე ვერ დაძლიეს, აღმოაჩენენ, რომ ჩამორჩნენ პროცესებს, რაც თავს წარუმატებლად აგრძნობინებთ. ნებისმიერი პრობლემისა თუ გადაწყვეტილების წინაშე თრთოლვა გამოწვეულია სტუდენტის უუნარობით გამოაცალკევოს საკუთარი პიროვნება მშობლის პიროვნებისაგან.
როცა ერთი შეხედვით უნაკლო და ჯანმრთელი, მაგრამ მშობლების ჰიპერმზრუნველობის ობიექტი მოზარდი ხვდება კოლეჯში, მას უწევს გაუმკლავდეს განსხვავებულ სიტუაციებს: ოთახის მეზობელს სისუფთავის განსხვავებული წარმოდგენა აქვს ან პროფესორი მისი ნაშრომის შესწორებას თხოვს და კონკრეტულად არ მიუთითებს რა შენიშვნები აქვს, ან მეგობარი აღარაა ძველებურად მეგობრული მის მიმართ, ან ვერ აკეთებს არჩევანს საზაფხულო სემინარსა და მოხალისეობრივ პროექტს შორის – ამ პრობლემების გადაწყვეტა სტუდენტისთვის დიდი სირთულეა, განუსაზღვრელობა და გადაწყვეტილების მიღების პროცესი უდიდესი სტრესისა და ტკივილის მომტანია მისთვის. სირთულეებთან გამკლავების უუნარობა – კომფორტის ზონის დატოვება, სხვადასხვა შესაძლებელი ვარიანტების განხილვა, სხვებთან გაზიარება და გადაწყვეტილების მიღება მათთვის შესაძლოა გადაულახავ წინააღმდეგობად იქცეს.
მედელინ ლევინი არის ფსიქოლოგი და ავტორი წიგნისა „პრივილეგიის საზღაური“. იგი აღნიშნავს, რომ არსებობს სამი შესაძლო გზა, რომლითაც ჰიპერმზრუნველი მშობელი ზიანს აყენებს საკუთარ შვილს:
1. შვილის ნაცვლად იმის კეთება, რისი გაკეთებაც საკუთარი თავისთვის მათ უკვე შეუძლიათ.
2. შვილის ნაცვლად იმის კეთება, რისი გაკეთებაც საკუთარი თავისთვის მათ თითქმის შეუძლიათ.
3. როცა მშობლების შვილებზე ზრუნვა მშობლის ეგოს მიერაა ნაკარნახევი.
ლევინმა აღნიშნა, რომ როცა მშობელი შვილს უკლავს შესაძლებლობას იყოს კრეატიული, გადაწყვიტოს პრობლემები, განავითაროს გამკლავების უნარები, გამოიჩინოს გამძლეობა, აღმოაჩინოს რა აბედნიერებს და რას წარმოადგენს მისი პიროვნება – მშობელი ართმევს შვილს ყველა შანსს იყოს უბრალოდ ადამიანი. ამასთანავე მშობლები ზედმეტად ერთვებიან საკუთარი შვილების დაცვაში და შესაძლოა მცირეხნიან პერსპექტივაში ეს ძალიან სასარგებლოდაც მოგვეჩვენოს, მაგრამ ამგვარი ქცევა შვილს უგზავნის ერთადერთ შეტყობინებას: „შენ ჩემს გარეშე ვერაფერს იზამ!“
როცა ბავშვებს არ აქვთ სივრცე, რათა თავად შეხვდნენ პრობლემებს, ვერ სწავლობენ მათთან გამკლავებას, შესაბამისად ვერ მოიპოვებენ საკუთარი ძალების რწმენას, რაც საბოლოოდ მათ თვით-შეფასებაზე ახდენს გავლენას. მათ არასოდეს გამოუცდიათ წარუმატებლობა და მის მიმართ გადაულახავ შიშს განიცდიან, ასევე ეშინიათ სხვების იმედების გაცრუების. როგორც დაბალ თვით-პატივისცემას, ასევე წარუმატებლობის შიშსაც მიუძღვით როლი დეპრესიისა და შფოთვითი აშლილობის განვითარებაში.
რა თქმა უნდა, არ უნდა მოხდეს ისე, რომ ახალგაზრდებმა არასოდეს დაურეკონ მშობლებს და თვლიდნენ, რომ არავინაა მათი განცდების გამზიარებელი, რომ ვერ მიიღებენ დახმარებას, როცა ეს ძალიან სჭირდებათ. ძაღლის თავი საუბრის დეტალებშია დამარხული: ვთქვათ, ახალგაზრდა რეკავს მშობელთან რაიმე პრობლემის ან მისაღები გადაწყვეტილების თაობაზე, უნდა უთხრას თუ არა მშობელმა როგორ მოიქცეს შვილი? თუ სჯობს მოუსმინოს ყურადღებით, დაუსვას დამატებითი შეკითხვები სიტუაციის მისეული აღქმიდან გამომდინარე, შემდეგ კი ჰკითხოს: „კარგი და რა მიგაჩნია გამკლავების საუკეთესო ხერხად?“
ფიქრი იმაზე თუ რა შესაძლო საფრთხეები ემუქრება შვილს, მშობელს თავს სამაშველო რგოლის როლში განაცდევინებს. სხვაგარად როგორ? თუკი მშობელი არ იქნება საკუთარი შვილისთვის, რომელიც სახლიდან შორსაა წასული, დაბნეული და შეშინებულია, მაშ რისთვისაა მშობელი? – მნიშვნელოვანი აქ ის არის, რასაც თავად ჯულიც ვერ აცნობიერებდა საკუთარი კვლევის შეჯამებამდე: შედეგებმა აჩვენა, რომ საკუთარი პრობლემებიდან გამოსავლის პოვნა ადამიანის ფსიქიკური ჯანმრთელობისთვის კრიტიკული ელემენტია. შვილებს სჭირდებათ რომ თავად უშველონ თავს, მშობლისთვის ამის მიღება ძალიან რთულია, მით უმეტეს მაშინ, როცა იგი საკუთარ პირმშოს პრობლემებით გარემოცულს ან კრიზისულ სიტუაციაში მყოფს ხედავს, მაგრამ უფრო ფართო თვალთახედვით – ეს შვილებისთვის საუკეთესო წამალია.
სტატია მომზადებულია ჯული ლიზკოტ-ჰეიმის წიგნის „როგორ აღვზარდოთ ზრდასრულის“ მიხედვით.
თამუნა გოგოლაძე
06.03.2017