Skip to content

მუშნი ზარანდიასა და გრაფი სეგედის დიალოგი განსაკუთრებული შესაძლებლობების ადამიანების შესახებ

იმხანად სენსაცია გამოიწვია ატლანტის ოკეანეში დიდი სამგზავრო გემისა და მგზავრთა უმრავლესობის დაღუპვამ. ხომალდი სულ რაღაც ერთ საათში ჩაიძირა. ამ ტრაგიკული მოვლენის პროცესში მოხდა ისეთი ამბავი, რამაც თუმც კომიკური, მაგრამ უფრო ძლიერი რეზონანსი მიიღო, ვიდრე თვით ტრაგედიამ. როდესაც გემი იძირებოდა და იქაურობა პანიკით იყო მოცული, ერთმა კომივოიაჟერმა მოახერხა არა მარტო ისტერიის მდგომარეობიდან გამოეყვანა და დაემშვიდებინა მანამდე მისთვის უცნობი ოცდათოთხმეტ-თხუთმეტი წლის მარტოხელა ქალი, არამედ ისიც შეძლო, რომ მას მადემუაზელ ბრინონის ნახელავი კორსეტი და, კორსეტთან ერთად, ახალი ტიპის ხორცის საკეპი მანქანა მიჰყიდა. ორას ორმოცდაათამდე ადამიანიდან გადარჩა თორმეტი, მათ შორის კომივოიაჟერი ნავაჭრი ფულით და ქალი, წარმოიდგინეთ, თავისი კორსეტითა და ხორცის საკეპი მანქანითურთ.

– ამას რა ახსნას მოუძებნიდით, მუშნი? ვკითხე ჩემს ხელქვეითს ერთი მომქანცველი თათბირის შემდეგ.

ზარანდიამ გაიღიმა და მითხრა: ეგ სასაცილოც არის, თქვენო ბრწყინვალებავ, და უკიდურესად საინტერესოც. ჩემი აზრით, მსგავსი მოვლენები ცალმხრივი, ერთი რომელიმე მიმართულებით გამახვილებული მიდრეკილების ბრალია. ასეთი ადამიანები, ვგონებ, საკმაოდ იშვიათად ევლინებიან ქვეყანას. არ ვიცი, რა სახელი მოერგებოდათ მათ, მაგრამ ვიცი, როგორ და რა გზით მოდიან ისინი. ზარანდიამ აზრი მოიკრიბა და განაგრძო: ხომ შესაძლებელია, რომ მომავალში მეცნიერებამ, მენდელეევის პერიოდული სისტემის დარად, ადამიანის ზნეობრივი თვისებების სისტემაც ჩამოაყალიბოს? აღმოჩნდება, რომ არსებობს ამდენი და ამდენი უკვე ცნობილი თვისება, ვთქვათ, სიყვარული, სიძულვილი, სიკეთე, ბოროტება, სხვანი და სხვანი, ხოლო ცხრილის ამდენი და ამდენი უჯრა დროებით შეუვსებელი დარჩება. მერე გავა დრო და თავისი ბინადარი, ალბათ, ყველა უჯრას გამოენახება,

– ზარანდია ჩემს რეაქციას დაელოდა. განაგრძეთ, მუშნი. მესმის, რისი თქმაც გსურთ.

ვფიქრობ, რომ ნორმალურ ახალშობილს იმთავითვე დაჰყვება ხოლმე ადამიანის ყველა ზნეობრივი თვისების ჩანასახი.

– თქვენ ნორმალურ ახალშობილზე ლაპარაკობთ, არა?

– დიახ. გამონაკლისებზე და გადახრებზე მერე ვიტყვი. მაშასადამე, ნორმალურ ახალშობილს აქვს ყველა ზნეობრივი თვისების ჩანასახი და ამ ჩანასახის ზრდა-განვითარების, ჩამოყალიბების, დახვეწის შესაძლებლობაც აქვს. საფიქრებელია, რომ ერთსა და იმავე ახალშობილს ყველა ზნეობრივი თვისების ჩანასახი ტოლი სიდიდისა ვერ ექნება. ალბათ, ზოგი ჭარბი პოტენციისა ექნება და ზოგიც ნაკლებისა, მაგრამ თუკი მათი ზრდა-განვითარების, ჩამოყალიბების და დახვეწის პირობები, ანუ გარემო, ერთი რომელიმე ზნეობრივი თვისების მძაფრ ზრდას არ იწვევს, მოსალოდნელია, რომ პროდუქტიც მეტ-ნაკლებად ნორმალურთვისებებიანი დადგება, ანუ ისეთი, რომელსაც ჩვენ ნორმალურ ადამიანებს ვუწოდებთ. ახლა გამონაკლისებსა და გადახრებს მივმართოთ. ხომ შეიძლება, რომ დაიბადოს ისეთი ადამიანი, რომელსაც სიხარბე, მომხვეჭელობა და სიძუნწე მძლავრი მონაცემებით დაჰყვება, ხოლო ამის საწინააღმდეგო თვისებები სუსტ, უმწეო ჩანასახად?

– რა თქმა უნდა, შეიძლება.

– ისიც ხომ შესაძლებელია, რომ ასეთ ადამიანს შეექმნას ზრდა-განვითარების გარემო, რომელიც მძლავრ მონაცემს მძაფრად განავითარებს და სუსტ მონაცემებს კი დათრგუნავს, დაასუსტებს, პრაქტიკულად მოსპობს კიდეც?

– ეგეც შესაძლებელია.

– მაშინ, გრაფ, ასეთნაირად ჩამოყალიბებული ადამიანი რა გზას დაადგება და ამ გზაზე როგორ თვისებებსაც გამოამჟღავნებს, მგონი, ამაზე ლაპარაკი ზედმეტიც უნდა იყოს.

– გასაგებია.

– ჩვენ, გრაფ, საუბარი დავიწყეთ კომივოიაჟერით და კორსეტებისა და ხორცის საკეპი მანქანების მოყვარული დედაკაცით. ასეთებს „სხვარიგად არ ძალუძთ“(აქა ვდგავარ და სხვაგვარად არ ძალმიძს რედ) და რატომაც არ ძალუძთ, ამაზე უკვე ვთქვით. ვიმეორებ, რა დავარქვა მათ, არ ვიცი, მაგრამ საიდან და როგორ მოდიან, მგონი, ვიცი, და მოგახსენეთ კიდეც. ისინი არანორმალურ მონაცემებზე მძაფრად მოქმედი გარემოს თანხვედრის შვილები არიან. როდესაც კაცი ასეთია, იგი ფსკერისკენ დაქანებულ გემზე ქალს ისტერიიდან გამოიყვანს იმისთვის, რომ კორსეტი მიჰყიდოს. თავად ისტერიაში ჩავარდნილი დამშვიდდება, საკეპი მანქანის ყიდვის პერსპექტივით გამხნევებული, და იყიდის კიდეც. ის საკეპი მანქანა, იქნებ, წელზე შეიბას და ისე გადაეშვას წყალში, მაგრამ იღბალი მუდამ ასეთების მხარეზეა, ისინი ყოველნაირი განსაცდელიდან საღ-სალამათები გამოდიან.