ერთხელ GIPA-ს (საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტი) სტუდენტებს კომუნიკაციის მენეჯმენტში შუალედური გამოცდისთვის ე.წ. სფიჩის მომზადება დაგვევალა. დრო მკაცრად შეზღუდული – 1 წუთი და 30 წამი, თემა – ნებისმიერი… თავიდან დავალება საკმაოდ მარტივი ჩანდა, მაგრამ საქმე საქმეზე რომ მიდგა გართულდა ისეთი თემის შერჩევა, რომელიც საინტერესოც იქნებოდა, აუდიტორიის ყურადღებასაც მიიპყრობდა, მოტივაცია გახდებოდა სხვებისთვის და მთავარი სათქმელიც მოცემულ დროში ჩაეტეოდა.
თემის ძიებაში ინტერნეტსივრცეში შემთხვევით პატარა სტატიას წავაწყდი, სადაც ანტარქტიდის ერთ-ერთი ექსპედიციის წევრი მკითხველს თავის გამოცდილებას უზიარებდა… ჩემი ყურადღება მისმა ბროშურამ მიიქცია სახელწოდებით „15 ცხოვრებისეული მაგალითი, რომლებიც პინგვინებისგან მივიღე“. სწორედ მისი გაცნობისას მივხვდი, რომ მოტივაცია შესაძლოა დეტალებშიც ვეძიოთ და ვიპოვოთ კიდეც.
განსაკუთრებით ბოლო პერიოდში ერთმანეთზე ზრუნვისა და ერთმანეთის გვერდში დგომის დეფიციტს განვიცდით, რაც, ალბათ გაგიკვირდებათ და შესაძლოა პინგვინებისგან ვისწავლოთ. მართლაც, ჩვენ და პინგვინებს იმაზე გაცილებით მეტი გვაქვს საერთო ვიდრე ეს ერთი შეხედვით ჩანს.
ჩვენს მსგავსად ისინიც ოჯახებად ცხოვრობენ, შვილებზე ზრუნვას თანაბრად ინაწილებენ, ბილიკის გადაკვეთისას სიფრთხილეს იჩენენ და მარჯვნივ და მარცხნივ იყურებიან… ასევე დიდ ყურადღებას აქცევენ ჰიგიენას, ყოველ დღე ბანაობენ და ერთმანეთს ბუმბულის გაწმენდაში ეხმარებიან. პინგვინებს ხედით ტკბობაც ახასიათებთ, შეუძლიათ გაჩერდნენ და მათთვის საინტერესო, ლამაზ სანახაობას რამდენიმე წუთის განმავლობაში უცქირონ. პინგვინები გუნდური ფრინველები არიან, მათთვის ამას გადამწყვეტი, სასიცოცოხლო მნიშვნელობა აქვს… წარმოიდგინეთ ანტარქტიდა, ტემპერატურა მინუს 60-იდან მინუს 120 გრადუსამდე და წრეში მდგარი პინგინთა მთელი კოლონია, რომლის შემადგენლობაშიც თავისუფლად შეიძლება მილიონამდე პინგვინიც კი იყოს, როგორ ინარჩუნებს სითბოს ერთმანეთის დახმარებით.
ასევე რამდენიმე საინტერესო ფაქტი პინგვინების შესახებ:
1. არავინ იცის საიდან წარმოიშვა და რას ნიშნავს სიტყვა პინგვინი.
2. პინგვინებს არ ეშინიათ ადამიანებთან კონტაქტის.
3. სვამენ მარილიან წყალს.
4. მთელი ცხოვრების განმავლობაში ერთი პარტნიორი ყავთ.
5. პინგვინი ერთ-ერთი ფრინველია, რომელიც შემჩნეულია ჰომოსექსუალურ ურთიერთობებში.
მაგრამ, ჩემი აზრით, მთავარია არ არის ის რომ პინგვინთა 3 სახეობა და 17 ოჯახი არსებობს, არც ის რომ ისინი არაჩვეულებრივი მოცურავეები არიან – შეუძლიათ 900 მეტრის სიღრმეზე ჩაყვინთონ და წყლის ქვეშ 20 წუთის განმავლობაში გაჩერდნენ, მთავარი მათი ჰუმანური ურთიერთობებია, ის რომ პინგვინები დღეში ერთხელ მაინც იღიმიან და რამდენჯერმე გამოსცემენ სპეციალურ ხმოვან სიგნალს, რომელიც მეცნიერებმა ასე გაშიფრეს – მე შენ მიყვარხარ !