გაზაფხულამდე, ვიდრე ჩარგლის ჭალები და ტყეები ფოთლით შეიმოსებოდა და ველებს მრავალგვარი ყვავილი მოეფინებოდა, ყველაზე ადრე ერთი არყის ხე ამწვანდებოდა მთელ ხეობაში. ეს არყი დღესაც დგას ახუნის ხევის თავზე, ჩარგლურას გაღმა და იქიდან პირდაპირ ჩვენს სახლს გადმოსცქერის.
ამ არყის გაშლას ყოველ გაზაფხულზე მამაჩემი ძალიან შეჰხაროდა.
– ეგ არის გაზაფხულის მახარობელიო და ყველას აფრთხილებდა, არავის მოეჭრა ეს არყის ხე.
ყვავილებიდან მამას ყველაზე მეტად ია უყვარდა. მოკრეფდა რამდენიმე ღერს და ყნოსავდა ხოლმე. ეს რომ ვიცოდი, მეც გავიდოდი მახლობელ ტყეში, მოვკრეფდი იებს, შევკრავდი კონად და მივართმევდი, როცა იგი ფანჯარასთან იჯდა და გატაცებით წერდა.
წერის დროს ვაჟას სარკმელი ხშირად ღია ჰქონდა. მეც გარედან გადავაწოდებდი ხოლმე იის კონას. მამა სიხარულით ჩამომართმევდა, მაშინვე წყლიან ჭიქაში ჩადებდა იებს და იქვე ახლოს, მაგიდაზე ან სარკმელზე დადგამდა.
მე უმალ მოვცილდებოდი ხოლმე ფანჯარას, რომ მამას წერაში ხელი არ შეშლოდა.
ვახტანგ რაზიკაშვილი