Skip to content

მეწარმეობა როგორც სწავლების მეთოდი

კაცობრიობის წინაშე მუდმივად იდგა პრობლემა, თუ როგორ გარდაექმნა ცოდნა მეურნეობაში, რათა მიეღწია ეკონომიკური კეთილდღეობისთვის. თავად მეცნიერებამ – ეკონომიკამ, რომელიც საოჯახო მეურნეობის მართვის ხელოვნებას ნიშნავს და მისი ძირითადი ლოგიკა შეზღუდულობისა და არჩევანის პრეფერენციებს ეფუძნება, ცალსახად ვერ გასცა პასუხი კითხვას იძლევა კი ეს მეცნიერება ადამიანის ქცევით უნარს ცოდნა გარდაქმნას მეურნეობაში.

ასევე დებატების საგანია, თუ, რა არის მეწარმეობა და რითი განსხვავდება ის ბიზნესის დაწყებისაგან, მეწრმეობა თავად მეცნიერებაა თუ ეკონომიკის ერთ-ერთი ცნება.

ბრიტანელი ეკონომისტი, ჯონ მეინარდ კეინსი, (1883-1946), ამბობდა: „ეკონომიკა უფრო მეთოდია, ვიდრე დოქტრინა, გონების აპარატი, აზროვნების ტექნიკა, რომელიც სწორი დასკვნების გამოტანაში გვეხმარება“, რაც თავის მხრივ ადასტურებს ზემოთ განხილულ დებულებებს (JAI, 1999).

თუ მოვიშველიებთ კლასიკურ განმარტებებს: მეწარმეობა ეს არის უნარი და სურვილი განავითარო, ორგანიზება გაუწიო და მართო ბიზნესი, გასწიო რისკი იმისათვის რომ მიიღო სარგებელი. ამის ნათელი მაგალითია, ახალი ბიზნესის დაწყება. ეკონომიკურ მეცნიერებაში მეწარმეობა მოიაზრება, როგორც მიწის (ბუნებრივი რესურსების), შრომის და კაპიტალური რესურსებით მოგების ანუ სარგებლის მიღება. მეწარმეობაში მთავარ საყრდენს წარმოადგენს მეწარმეული სულისკვეთება (სპირიტი), რომელიც ხასიათდება ინოვაციურობით და რისკის გაწევით, ეს კი არის ადამიანთა უნარი წარმატებას მიაღწიოს ცვალებად და მზარდ კონკურენტულ გლობალურ ბაზრებზე.

მეწარმე კი, ეს არის პირი, რომელიც იღებს საკუთარ თავზე ინიციატივას, ორგანიზებას უწევს რისკიან წამოწყებას, რათა ჰქონდეს სარგებლის მიღების ალტერნატივა და ღებულობს გადაწყვეტილებებს: რა, როგორ და რამდენი საქონელი და მომსახურება აწარმოოს. მეწარმე არის რისკის გამწევი – ანუ მას აქვს კაპიტალის რისკი, მონიტორინგს უწევს და აკონტროლებს ბიზნეს აქტივობას.

ეკონომისტი ჯოზეფ შუმპეტერი, თავის ცნობილ ნაშრომში კაპიტალიზმი, სოციალიზმი და დემოკრატია ასაბუთებს, რომ მეწარმე შესაძლებელია არ იყოს მოტივირებული მოგებით, მაგრამ ეს არის წარმატების მიღწევის საზომი. ის მეწარმის თვისებებს შემდეგნაირად აღწერს: თვითდაჯერებულობის მაღალი უნარი, ძალიან ოპტიმისტი, მიიღწვის რომ გამორჩეული იყოს მაღალი განსაკუთრებულობით, ყოველთვის ესწრაფვის გამოწვევებს და საშუალო რისკს (არც მცირე და არც დიდი რისკი მას არ ხიბლავს).

ასევე მნიშვნელოვანია შუმპეტერის მეწარმეული ფუნქციის გააზრება დემოკრატიულ საზოგადოებაში, რათა ნათლად დავინახოთ თავად მეწარმეობის ადგილი საბაზრო საზოგადოებაში, რომელიც არის კაპიტალისტურ მიზნების მქონე საზოგადოების გადამრჩენი.

მეწარმეობის ფუნქციაა რეფორმირება ან რევოლუციაა მწარმოებლურობასა და წარმოებაში, რომლის ღვაწლი გამოგონებაა ან, უფრო ზოგადად, დღემდე გამოუცდელი ტექნოლოგიური შესაძლებლობის და ახალი საქონლის შექმნაა, ან უკვე წარმოებული საქონლის ახალი გზების გამოვლენაა.

საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ, ყველზე ნათლად გამოკვეთილი პრობლემა იყო, განათლებული ადამიანების უუნარობა, ისინი ვერ ახერხებდნენ თავიანთი ცოდნა გადაეტანათ პრაქტიკაში, ანუ მეურნეობაში, რათა მიეღოთ ეკონომიკური სარგებელი, რადგან ადმინისტრაციული მბრძანებლური სისტემაში არ იყო ადგილი ინიციატივების, საჭირო იყო მხოლოდ რუტინული თანმიმდევრული სამუშაოს შესრულება. ასევე ცალსახად შეგვიძლია ვთქვათ, რომ საბჭოთა წყობის დროს მეწარმეობის უნარი არ ყოფილა ადამიანთა ქცევის მახასიათებელი უნარი და უფრო მეტიც, მოქალაქე ისე უნდა აღზრდილიყო, რომ ეს უნარი არ განვითარებულიყო მასში.

ყოველივე, ზემოთ თქმულიდან ცალსახად შეგვიძლია დავასკვნათ, რომ მეწარმეობა ყოფილა შემოქმედებით დესტრუქციის მამოძრავებელი ძალა, საბაზრო ეკონომიკაში და მოქცეულია ეკონომიკური მეცნიერების ჩარჩოებში. თუმცა ამასთანავე საჭიროა, პასუხი გაეცეს შემდეგ კითხვებს, როგორ უნდა განუვითაროთ მეწარმეობის უნარი მოქალაქეებსა და ახლაგაზრდებს, მეწარმეობა ცალკე საგანი უნდა იყოს სწავლებაში, თუ სხვადასხვა საგნებში ინტეგრირებული მეთოდებით შესაძლებელია მეწარმეობის უნარის გამომუშავება?

პირველი, რაც ნათელია მხოლოდ და მხოლოდ მეწარმეობის ცოდნა ვერ ჩამოაყალიბებს ადამიანს მეწარმედ. რადგან ინოვაციური იდეა ვერ იქნება მხოლოდ გახდე „მეწარმე“, ეს უნდა შეეხებოდეს რამე სფეროს, ინდუსტრიას, ანდა მეცნიერებას და მისი ტრანსფერი უნდა მოხდეს მეურნეობაში, ანუ თქვენ თუ კარგად იცით უცხო ენები შესაძლებელია გახსნათ თარჯიმნის მომსახურების ბიურო 24/7, ანდა თუ იცით მებოსტნეობა გამოიყვანოთ ბოლოკისა და სტაფილოს ჰიბრიდული ჯიში, რომელიც ჭარბი წონის მქონეთათვის ცხიმების დაწვის ეფექტიანი საშუალება იქნება. ამრიგად მეწარმეობა ვერ ყოფილია „გამხოლოებული“ მეცნიერება, ანდა უნარი ის ყოფილა ცოდნის მეურნეობაში გარდაქმნის მეთოდი, ეკონომიკის ცნებების გამოყენებით, ანუ ადამიანთა ყოფიერების გაიოლების საშუალება.

ახლა კი პედაგოგთა წინაშე სხვა უფრო რთული პრობლემა ისახება, როგორ არის შესაძლებელი მეწარმეობის უნარის ჩემოყალიბება მოსწავლეებსა და საზოგადოებაში. ბევრი მეცნიერი თვლის რომ ეს არის ადამიანის თანდაყოლილი, ბუნებით ბოძებული უნარი. მაშინ ეს ყოფილა ინსტიქტი, მაგრამ ბიოლოგებმა კარგად იციან, რომ ადამიანებს ინსტიქტები არ აქვთ – მათ ჩვევები აქვთ, რომელთა კორექცია შესაძლებელია.

მეწარმეობის, როგორც თანდაყოლილი უნარის პროგნოზირება შეუძლებელია, ეს უფრო მეთოდია ვიდრე პროცესი, ამიტომ მისი სწავლება შესაძლებელია, მაგრამ საკმაოდ რთულია და მოითხოვს უდიდეს პედაგოგიურ ძალისხმევას, რადგან სწავლება შესაძლებელია მხოლოდ შემდეგი ოთხი ტექნიკის გამოყენებით: ბიზნესის დაწყებით, სერიოზული თამაშებით და სიმულაციებით, მოდელირებაზე დაფუძნებული სწავლებით და გონებრივი ვარჯიშით. ამასთანავე აღნიშნულ მეთოდებს სჭირდება ეკონომიკური ცოდნის ინსტრუმენტები, ანუ მისი ცნებების გააზრებული ცოდნა.

საქართველოში, 20 წელზე მეტია დამოუკიდებელი დემოკრატიული სახელმწიფოს მშენებლობას ვცდილობთ, თუმცა უშედეგოდ რადგან: პოლიტიკოსთა და მმართველთა გადაწყვეტილების მიღების პროცესში შეიმჩნევა რაციონალური ანალიზისას და ძალუფლებათა შეგრძნების კულტურის დეფიციტი, რომელიც განპირობებულია მეწარმეული უნარების არ არსებობით. რომლის მთავარი მიზეზი ეკონომიკური (და მასთან დაკავშირებული საგნების მენეჯმენტი, მარკეტინგი და ბიზნეს სამართალი) აზროვნების საზოგადოებაში არ არსებობაა, კერძოდ მათ არ შეუძლიათ: ოპტიმალური ალტერნატიული გზების განსაზღვრა, რაციონალური ანალიზი იმისა თუ, დღეს მიღებულმა ზედმეტმა სარგებელმა, რა დამანგრეველი შედეგი შესაძლოა მიაყენოს საზოგადოებას, საკუთარი მიზნების მისაღწევად გრძელვადიანი სტრატეგიული გზების ძიება და დაგეგმვა და ა. შ.

საქართველოში თითოეულმა მოქალაქემ და ამომრჩეველმა, არ იცის სახელმწიფო მოწყობის ელემენტარული ეკონომიკური საფუძვლები, რასაც მივყავართ შედეგებამდე როგორიცაა, ამომრჩეველთა მხრიდან, არჩევნებში, ისეთი პოლიტიკური პარტიების მხარდაჭერა, რომელთა დაპირებები საფუძველშივე აბსურდულია.

მეწარმეობის, როგორც სწავლების მეთოდის გამოყენება და მისი დანერგვა საგანმანათლებლო სტრუქტურებში, მოგვცემს მყისიერ უზარმაზარ შედეგებს, როგორც საგანმანათლებლო პროგრამების ეფექტიანობის თვალსაზრისით, ასევე ახალი ინოვაციური პროდუქტებისა და სერვისების განვითარებით. რაც თავის მხრივ ასახვას ჰპოვებს ქვეყნის ეკონომიკურ ზრდასა და მდგრად განვითარებაში.

გამომგზავნი/ავტორი:  ეკა გეგეშიძე (ეკონომიკის დოქტორი, საქართველოს უნივერსიტეტის პროფესორი)