Skip to content

თვითმოტივირება და თვითპატივისცემა: რა მნიშვნელობა აქვს მათ?

ბავშვი საკუთარ თავს აფასებს გარემოდან წამოსული შეფასებების ფონზე. ის ხშირად ბევრ რამეში საკუთარ თავს ადანაშაულებს. მას სჭირდება სტიმული, რომ განახორციელოს დაწყებული საქმე. სჭირდება მისთვის პრიორიტეტული ადამიანების პატივისცემა, რომ პატივი სცეს საკუთარ თავს. თვით–ღირებულებასაც ბავშვი იმის მიხედვით იძენს, თუ რამდენად ღირებულია ის მასზე მზრუნველი ადამიანებისა და სხვა გარეშე ადამიანებისათვის.

რა აკეთებს ზრდასრული ადამიანი?

ზრდასრულ ადამიანს, რომელსაც აქვს ჯანსაღი ფსიქიკა ამ ყველაფერზე ინფორმაცია არა გარემოდან, არამედ უკვე შინაგანი ჩამოყალიბებული სამყაროდან მოაქვს. მან ბავშვობაში მიღებული გამოცდილებით მიიღო ინფორმაცია, ახლა კი თავად აქვ იმის უნარი, რომ შეაფასოს საკუთარი თავი, თვითღირებულების დონე, თავად მისცეს მოტივაცია საკუთარ გასაკეთებელ საქმეს.

ამ სტატიაში განვიხილავთ თვით–შეფასებას, თვით–ღირებულებას, თვით–პატივისცემასა და თვით–მოტივირებას და მათ მნიშვნელობას ადამიანის ცხოვრებაში.

თვითშეფასება

განმარტება: ეს არის ადამიანის წარმოდგენა საკუთარი თავის შესახებ. თვითშეფასება მრავალგანზომილებიანი ცნებაა. მაგალითად, ადამიანს შეიძლება ჰქონდეს მაღალი თვითშეფასება პიროვნებათშორის ურთიერთობებში და ამავდროულად დაბალ შეფასებას აძლევდეს საკუთარ წარმატებებს სწავლის სფეროში.

რატომ არის თვითშეფასება ჯანსაღი ფსიქიკის მაჩვენებელი და პრედიქტორი?

1.ადამიანს აქვს დიალოგი საკუთარ თავთან;

2.გააჩნია ინდივიდუალური კრიტერიუმები საკუთარი თავის აღსაქმელად;

3.შედეგად აქვს ნაკლები შფოთვა(გარემო ხომ ძალიან მრავალფეროვანია და შეფასებებიც მრავალგვარი);

თვითღირებულება

განმარტება: რამდენად ღირებულად თვლის ადამიანი საკუთარ თავს გარემოსთვის, საყვარელი ადამიანებისთვის, საკუთარი თავისთვის. რამდენად ღირებულად მიაჩნია მას თავისი გაკეთებული საქმე.

თვითღირებულების შეგრძნება უდრის :

1.მაღალ თვითშეფასებას;

2.ადამიანი არის მეტად თავდაჯერებული;

3.გააჩნია შინაგანი ჰარმონია;

4.ასეთი ადამიანები მეტად აღწევენ წარმატებებს, რადგან მათ მიაჩნიათ, რომ ამის ღირსნი არიან;

თვითპატივისცემა

განმარტება: ეს არის ადამიანის ემოციური ასახვა და დამოკიდებულება საკუთარი თავის მიმართ. ის შემდეგ რწმენა წარმოდგენებს ეყრდნობა („მე კომპეტენტური ვარ“, „მე ღირებული ვარ“) და ემოციებს როგორებიც არის, ტრიუმფი, საკუთარი თავით სიამაყე, აღმაფრენა. თუკი ადამიანი საკუთარ თავს ცემს პატივს, ის კომპეტენტურად გრძნობს თავს. თვითპატივისცემა რა თქმა უნდა მყარ კავშირშია თვითშეფასებასთან და თვითღირებულებასთან.

რას გვაძლევს თვითპატივისცემა?

1.როდესაც ადამიანი საკუთარ თავს სცემს პატივს, ეს ყველაფერში იგრძნობა. ამიტომ გარშემომყოფებიც მსგავსი გრძნობით იმსჭვალებიან ასეთი ადამიანების მიმართ;

2.ასეთი ადამიანები საკუთარ მიზნებზე არიან ორიენტირებულნი და პატივს სცემენ მის განხორციელებას. ამიტომ ზეგავლენები მათზე ნაკლებად ვრცელდება;

3.თვითპატივისცემაც პირადაპირ კავშირშია წარმატებასთან;

4.თვითპატივისცემა კავშირშია „კარგად ყოფნასთან“ (კვლევა, Marsh 1989);

თვითმოტივირება

განმარტება: ეს არის უნარი, განახორციელო საკუთარი მიზანი, მიუხედავად გარემოსა და ადამიანებისა ზეგავლენისა. მაღალი თვითმოტივირების ადამიანებს გააჩნიათ ძალა, რომ სრულყონ დასახული ამოცანები, მიუხედავად ბევრი ცვლილებებისა ირგვლივ.

თვითმოტივირება მხოლოდ მაშინ არის მარტივი, როდესაც მიზანს გააჩნია პიროვნული ინტერესი. საქმიანობა, რომელიც პირადად პიროვნების მიერ არის დასახული, მეტად მოტივირებულია, ვიდრე სხვა შემთხვევაში.

მაგალითად: თუ ადამიანს სურს გამოვიდეს ჟურნალისტი და ეს მისი ნამდვილი მოწოდებაა, მისი თვითმოტივაცია მაღალია. მაგრამ თუ ჟურნალისტი იმიტომ უნდა გამოვიდეს, რომ მის მშობლებს სურთ ასე, ეს უკვე არ არის მისი სურვილი. ამ შემთხვევაში მოტივაცია არის მშობლების გულის მოგება და მხოლოდ ამან შეიძლება იმოქმედოს. თუმცა ეს მოტივაცია არარეალურია და არ უკავშირდება კონკრეტულ მიზანს.

თვითმოტივაცია:

1.ასახავს ადამიანის ინდივიდუალიზმს

2.ასეთ ადამიანს აქვს კავშირი საკუთარ თავთან და საკუთარ სურვილებში და შესაძლებლობებში გარკვეულია

3.ბოლომდე მიყავს დაწყებული საქმე

4.აქვს ცხოვრებით კმაყოფილების გრძნობა

როგორც ხედავთ ამ ოთხ ტერმინს საკმაოდ ბევრი ურთიერთკავშირი აქვს. არცერთი არ არის დამოუკიდებელი ერთმანეთისგან, ყოველი მათგანი მოიცავს დანარჩენს სამს მასში. ამიტომ მათი დაყოფა ძალიან პირობითია.
გადაავლეთ თვალი ამ მოცემულობებს და განსაზღვრეთ რამდენად გამოხვედით ბავშვობის ასაკიდან და რამდენად ჩამოყალიბდით დამოუკიდებელ და ინდივიდუალურ ადამიანად. ოთხივე კომპონენტი ხომ ასე მნიშვნელოვანია თქვენი ბედნიერებისთვის.