Skip to content

მატყუარა მრევლი

“წირვის შემდეგ მღვდელმა მრევლს უთხრა: – შემდეგ კვირას სიცრუეზე ვისაუბრებთ. უფრო ადვილად რომ შეიმეცნოთ ჩემი ქადაგება, შინ მარკოზის სახარების მეჩვიდმეტე თავი წაიკითხეთ.
კვირის თავზე მან ქადაგების წინ განაცხადა:
– ვინც მეჩვიდმეტე თავი წაიკითხა, ხელი აწიოს.
თითქმის ყველამ აწია ხელი.
– სწორედ ამიტომ მინდოდა თქვენთან სიცრუეზე მესაუბრა,- თქვა მღვდელმა -, მარკოზის სახარებაში მეჩვიდმეტე თავი საერთოდ არ არსებობს.”
რა არის ტყუილი? რატომ ვიტყუებით? რა მოხდებოდა ტყუილის გარეშე? იქნებ ახლაც გვატყუებენ? – მოკლედ ყველგან ფიგურირებს სიტყვა “ტყუილი”, თუმცა ის უბრალო სიტყვაზე მეტია, ის ძალიან მძიმე გადასატანია ბევრი ჩვენგანისთვის.
ზოგადად არც თუ ისე უჩვეულოა ტყუილის განცდა. სხვადასხვა გამოკვლევებმა ცხადყო, რომ ჩვეულებრივი პიროვნება ოც წუთიან საუბარში მინიმუმ რვა ტყუილს ამბობს, ხოლო ყოველი ტყუილის შემდეგ სავარაუდოდ იგი იყენებს რამდენიმე ახალ ტყუილს, რათა პირველი სიცრუის დაცვა შეძლოს. გამოდის ყოველ წამს ვიტყუებით, სისხლში გვაქვს გამჯდარი ეს მავნე თვისება და უმეტეს შემთხვევაში რეალურად ფარ-ხმალს ვყრით მის წინაშე. თქვენი აზრით, რამდენად თავისუფალი და ბედნიერი იქნებოდა სამყარო ტყუილის გარეშე? – მე ვფიქრობ, რომ ასეთ შემთხვევაში იმაზე ათჯერ მეტს ვისარგებლებდით, რამდენსაც “ვსარგებლობთ” სიცრუის თქმისას. რთული დასაჯერებელია, მაგრამ ერთი შეხედვით უნებლიე ტყუილმაც კი შეიძლება ძლიერი ადამიანი ფერფლად აქციოს.
არსებობს სამი სახის ტყუილი, მძიმე, მსუბუქი და დამღუპველი. ზოგჯერ კეთილშობილების განცდასაც მოაქვს ტყული, მაგრამ მისი მშობელი ბოროტებაა. ყოველივე სურვილი ვთქვათ სიცრუე, ჩვენი ბუნებიდან მოდის. ადამიანის სული სავსეა ათასგვარი უარყოფითი მიდრეკილებით, მათი აღმოფხვრა კი, პირველ რიგში, ჩვენი საზრუნავია, არავინ გაუგებს ჩვენზე უკეთ ჩვენს პიროვნებას.
სამწუხაროდ, ყოველ ნაბიჯზე ვხვდებით ათასი სახის ტყულის, შექმნილს ჩვენი და სხვა ადამიანების მიერ (ზოგჯერ მეჩვენება, რომ სიმართლეს არავინ აღარ ამბობს). ვხვდებით, რომ ვცრუობთ, მაგრამ არ შეგვიძლია ამ თვისების გარეშე და მაინც ამ მარტივ გზას ვირჩევთ რაიმე შემთხვევიდან თავის დასაღწევად. ერთ დღესაც ფორმალურად ვაცნობიერებთ, რომ აღარ გვურს ასეთი ცხოვრება და დროა გამოვფხიზლდეთ, მივდივართ მოძღვართან და მაინც იწყება ახალი ტყუილების წრე, ხან ნებით, ხან უნებლიეთ, თუმცა მაინც ვიტყუებით…
გამომგზავნი/ავტორი: თემურ იკოშვილი