ემოციური და ენერგიული, მისი თამაშის ყურებისას ნამდვილად ვერ მოდუნდები, ყოველ წამს შეიძლება ელოდო ამოფრქვევას, აღელვებას, აფეთქებას. ქართული თემატიკის უბადლო მცოდნე, ხშირად მას „ახალგაზრდა ოთარ საბაშვილსაც უწოდებენ“. პროფესიით იურისტი, რომლის მთავარი გადაცებაც ინტელექტუალური თამაშებია. ჩემი რესპოდენტია 2014 წლის ფინალის „ბროლის ბუს“ მფლობელი, დავით ლომინაძე.
როდის და როგორ მოხვდით კლუბ „რა? სად? როდისში?“
სკოლა ბაღდათში დავამთავრე. ბრეინრინგის თამაში სკოლის პერიოდიდანვე დავიწყე. 2000 წელს ჩავაბარე უნივერსიტეტში, თბილისში გადმოვედი საცხოვრებლად და ამავე პერიოდიდან დავიწყე „რა? სად? როდის?“ ტურნირებზე რეგულარულად თამაში. საქართველოს ჩემპიონატზე გამყავდა ბაღდათის გუნდი. კაპიტანი გახლდით, შემდეგ კი ჩვეულებრივი მოთამაშის რანგში დავიწყე თამაში. ეს ბევრად უფრო კომფორტული მდგომარეობა იყო ჩემთვის. პასუხისმგებლობა ნაკლები მქონდა – თავისუფლება მეტი. ასეთ სიტუაციაში შეგიძლია ნებისმიერი ვერსიის დასახელება და კაპიტნის იმედი გაქვს, რომელიც სავარაუდო პასუხებს გაფილტრავს და დაგეხმარება სწორი პასუხის მიგნებაში.
სატელევიზიო ვერსიაში როგორ მოხვდით?
ქასთინგებზე რეგულარულად დავდიოდი. ერთ-ერთი ასეთი შესარჩევი ტური მოეწყო 2011 წელს, სადაც თავი გამოვიჩინე და შემარჩიეს. იმ წელს შედეგიანი სპორტული სეზონი მქონდა „კოზანოსტრაში“ და ამანაც თავისი როლი ითამაშა. საბოლოდ, მოვხვდი ბაჩანა შენგელიას გუნდში, რომელიც, ჩემი ზრით, საქართველოს სატელევიზიო გუნდებს შორის ყველაზე ძლიერი გუნდი იყო.
რა მიღწევები გაქვთ „ რა? სად? როდის? – ის“ კლუბში?
უკვე მესამე სეზონია არასატელევიზიო „რა? სად? როდის?“-ში დავით რაფავას გუნდში ვარ და სწორედ „პენტიუმთან“ ერთად გავხდი 2015 წელს ყველაზე პრესტიჟული ქართული ტურნირების – თბილისის სუპერლიგისა და საქართველოს ჩემპიონატის გამარჯვებული.
სატელევიზიოს რაც შეეხება, 2011 წლიდან დავიწყე და უკვე ნათამაშები მაქვს 14 თამაში, საიდანაც 12 გუნდის გამარჯვებით დასრულდა. ასე მცირე დროში ამდენი თამაში არა მგონია ვინმეს ეთამაშოს, მოგება-წაგებების ბალანსი კი ალბათ რეკორდია. „ბროლის ბუს“ მფლობელიც გავხდი 2014 წლის ზამთრის ფინალში. ვფიქრობ, გამიმართლა იმაში, რომ სატელევიზიო ვერსიაში ძირითადად ქართული თემატიკის კითხვები მოდის, რაშიც კარგად ვერკვევი, მაგრამ ყველაზე მნიშვნელოვანი მაინც ის მომენტია, რომ ვერსია იგრძნო და სწორ ძაფს ჩაებღაუჭო…
რა შეგრძნებაა, როცა ბროლის ბუს მფლობელად გასახელებენ ან თუნდაც დღის მოაზროვნედ?
მძაფრი შეგრძნებაა. გგონია, რომ მართლა რაღაც ღირებული შექმენი. არ დააღალატე გუნდი, არ უმტყუნე კაპიტანს. ბროლის ბუს გადმოცემას არ ველოდი. მეგონა ბაჩანა შენგელია აიღებდა ბროლის ბუს. იმდენად მოულოდნელი იყო ჩემი სახელის გაგონება, რომ არაფერი მახსოვს: ან როგორ გადმომცეს ბუ, ან ვისგან და როგორ ვიღებდი მილოცვებს. ეს მომენტი არ მახსოვდა რამდენიმე კვირის განმავლობაში, სანამ მერე ეკრანზე არ ვნახე საბოლოოდ გამოფხიზლებულმა ემოციური შოკიდან. მართლა არ ველოდი, არ ვამბობ ამას თავმდაბლობის გამო, მართლა იყო ბაჩანა შენგელია ფავორიტი იმ დღეს, როცა მე მომანიჭეს.
როგორია თქვენი ემოციები, როცა სარკისებრ მაგიდასთან ზიხართ და ტელემაყურებელს ეთამაშებით?
სატელევიზიო თამაში ნარკოტიკივითაა. ყოველთვის, როდესაც გუნდების თამაშის წინასწარი გრაფიკი იგზავნება, თამაშის თარიღს კალენდარზე ვნიშნავ. ამ მომენტიდან იწყება გუნდის აქტიური მზადება და ვარჯიში. როგორც წესი, პირადად მე, პირველ რიგში ფსიქოლოგიურად ვემზადები, რომ არ შევრცხვე, რომ არ გავიმეორო ის, რაც ერთხელ უკვე გავაკეთე და დღემდე ვნანობ – როდესაც ვადამდელად არასწორი პასუხი ვუპასუხე და გუნდი დავაღალატე. ვცდილობ, სწორად დავქოქო ჩემი თავი, რომ ნაკლებად ემოციური ვიყო. მაინც არ გამომდის ხოლმე, როგორც წესი. ძირითადად, ემოციურად ვთამაშობ.
თქვენი ბავშობის შესახებ მოგვიყევით? სად იზრდებოდით? სად სწავლობდით?
ბაღდათის რაიონში, სოფელ ფერსათში დავამთავრე საშუალო სკოლა, ჩემი მშობლები დღესაც იქ ცხოვრობენ. ძალიან კარგი და ლაღი ბავშვობა მქონდა: სოფლად მდინარეზე სიარული, ფეხბურთის თამაში და უამრავი მსგავსი რამ. რაც თავი მახსოვს, სულ ვკითხულობდი. მიუხედავად იმისა, რომ სახლში ჩაკეტილი ბავშვი არ ვყოფილვარ და სოფელში ვერც იქნება ბავშვი ჩაკეტილი, მაინც ვასწრებდი კითხვას. როგორც წესი, ვკითხულობდი ღამით, დღისით კი ვერთობოდი. მახსოვს, ისე გამიტაცებდა ხოლმე წიგნი, რომ ღამის 2-3 საათამდე ვიჯექი და ლამპის შუქსაც კი არ ვერიდებოდი, რაზეც მამაჩემი მტუქსავდა, არ დაბრმავდეო.
რამ განაპირობა თქვენი პროფესია? რატომ იურისტი?
სხვათა შორის, პროფესია წიგნების გავლენით არ შემირჩევია, იმიტომ რომ დეტექტივების კითხვა არასოდეს მიყვარდა და დღემდე არ მიყვარს. ჩემი არჩევანი ერთმა ფილმმა განაპირობა, რომელიც ღრმა ბავშვობაში მაქვს ნანახი, სამწუხაროდ ფილმის სახელი არ მახსოვს. მთავარი ის არის, რომ ამ ფილმში ადვოკატი საოცრად ღირსეულად იქცევა და ისე მომეწონა პერსონაჟი, რომ გადავწყვიტე ადვოკატი გავმხდარიყავი. უმაღლეს სასწავლებელში 2000 წელს ჩავაბარე, მაშინ ჯერ კიდევ არ იყო ერთიანი ეროვნული გამოცდები. სულ 4 გამოცდა იყო: ქართული, ისტორია, სამართლის მცირე კურსი, რაც სკოლაშიც ისწავლებოდა და ინგლისური. აქედან ქართულში, სამართალში და საქართველოს ისტორიაში აშკარად ძლიერი ვიყავი და ამანაც შემიწყო ხელი.
როგორი სტუდენტობა გქონდათ?
სტუდენტობა მქონდა ძალიან მოუწესრიგებელი. დღევანდელ თაობას ჩვენთან შედარებით ძალიან გაუმართლა, საუნივერსიტეტო სწავლება ორგანიზებულია, რეჟიმშია. წარმოუდგენელია, რომ ზარმაცმა სტუდენტმა სემესტრი წარმატებით დაასრულოს. ჩემ დროს კი დავდიოდი მხოლოდ იმ ლექციებზე, რომლებიც ძალიან მაინტერესებდა და მართლა მინდოდა რაღაც გამეგო, დანარჩენი საგნების შემთხვევაში კი მოვიმარაგებდი წიგნებს და ქსეროქსებს და მხოლოდ სესიების წინ ვემზადებოდი. მერე მივდიოდი გამოცდაზე და ვაბარებდი. მთელი სასწავლო წლის განმავლობაში მინიმალური დატვირთვა ლექციების დროს და მაქსიმალური სესიების წინ – აი ასეთი იყო ჩემი სტუდენტობა. თავისუფალ დროს კი ძირითადად მეგობრების შეძენით ვიყავი დაკავებული და მათთან ერთად დროს ტარებით.
ახლა, როგორც ვიცი ბავშვთა და ახალგაზრდობის ეროვნული ცენტრის იურიდიული სამსახურის უფროსი ხართ? როგორ მიაღწიეთ ამ წარმატებას?
2014 წლის თებერვლიდან ბავშვთა და ახალგაზრდობის ეროვნულ ცენტრში ვსაქმიანობ, რომელიც სპორტის სამინისტროს დაქვემდებარებაშია. ამ დაწესებულებაში კონკურსის გზით მოვედი. სხვათა შორის, სპორტი ჩემს ცხოვრებაში მეორე, ყველაზე დიდი სიყვარულია „რა? სად? როდის?–ის“ შემდეგ და თითქმის ყველა სპორტის სახეობას ვადევნებ თვალყურს, ისეთსაც კი, რომლებიც საერთოდ არ არის პოპულარული საქართველოში და ეგზოტიკურად ითვლება. მიყვარს სპორტული ღონისძიებების ყურება, განხილვა სხვადასხვა ფორუმებზე და ა.შ. ამჟამინდელ სამუშაო პოზიციამდეც პროფესიისთ ვმუშობდი სხვადასხვა დაწესებულებებში და 2005 წლიდან გავლილი მაქვს ყველა საფეხური, რაც კი გათვალისწინებულია საჯარო სამსახურის მოთხოვნებით.
თქვენი აზრით რაში მდგომარეობს წარმატების საიდუმლო? თქვენეული ფორმულა თუ გაქვთ შემუშავებული?
წარმატების ფორმულაზე საუბარი ცოტა მეუხერხულება, იმიტომ, რომ მგონია – ეგეთი ფორმულა ბუნებაში არ არსებობს. ხშირ შემთხვევაში წარმატებას ადამიანების, მოვლენებისა და სიტუაციების საჭირო დროს გადაკვეთა განაპირობებს. ასევე მნიშვნელოვანია სწორად აფასებდე საკუთარ თავს და სიტუაციას და გამოიყენო. ჩვენი ქვეყანა ძალიან პატარაა და ერთხელ გაკეთებული წარმატებული საქმე, როგორც წესი, წარმატებული ადამიანის იმიჯს გიქმნის. ასევე არ უნდა დაზოგო თავი და იშრომო, ეცადო, იმისათვის, რომ ვიღაცამ შეგნიშნოს, დაგაფასოს და პროფესიონალად გაღიაროს, ამის შემდეგ დიდი შედეგი უკვე ინერციით მოდის. მთავარია არ დაგეზაროს ჩვეულებრივი, ყოველდღიური რუტინა, რომელიც ყველასთვის მოსაწყენია, ყველასთვის ნაცრისფერი. როგოც კი მოდუნდები, როგორც კი მოეშვები, ჩათვალე რომ ის წარმატება, რაც ერთხელ შექმენი და მიაღწიე, მოკვდება.
რა არის თქვენი ჰობი?
ჩემი ცხოვრების ყველაზე მნიშვნელოვანი ჰობი, რომელსაც ცოტახნით შევეშვი, არის ამერიკული თამაში – ჯეპარდი. ამ სპორტს მნიშვნელოვანი ადგილი ეკავა ჩემს აქტიურ ცხოვრებაში 4–5 წლის განმავლობაში. სამწუხაროდ, რაღაც გარემოებების გამო მომიწია მასზე უარის თქმა, დროც აღარ მქონდა ფიზიკურად. უდროობისა და უვარჯიშობის შემთხვევაში ცუდად გამომდიოდა, ჩემ თავზე ვბრაზდებოდი. ახლა კი გავრისკე და შესარჩევი ტურნირი ვითამაშე და ისევ დავბრუნდი ჯეპარდის გილდიაში, სადაც რანგით ყველაზე დაბალი ლიგიდან მომიწია თამაშის დაწყება. ჯერ-ჯერობით არამიშავს, საშუალოზე უკეთესი შედეგები მაქვს.
როგორც მივხვდი წიგნების კითხვა გიყვართ და რომელი ჟანრის ლიტერატურით ხართ დაინტერესებული?
ლიტერატურული ჟანრებისადმი ინტერესი ასაკთან ერთად მუდმივად მეცვლება. რაც არ უნდა საკვირველი იყოს, ჩემი წიგნთან ურთიერთობა არ დაწყებულა შაბლონური ჟიულ ვერნითა თუ გულივერით. სერიოზული კითხვა დავიწყე ჩემი სკოლის ბიბლიოთეკიდან მოპარული წიგნებით, საქართველოს ისტორიის ნარკვევებით. მოვიპარე, მართალია, მერე ვაღიარე და დავაბრუნე, მაგრამ 2 წლის შემდეგ. მერე გადავედი სახლის და რაიონის ბიბლიოთეკაზე, რაც ძალიან მალევე ამოვწურე. სტუდენტობის პერიოდში კი ძირითადად პროფესიულ ლიტერატურას ვკითხულობდი.
რომელი მწერლის ნაწარმოებები მოგწონთ (ან გიყვართ)? საყვარელი პერსონაჟი თუ გყავთ?
განსაკუთრებულად გამორჩეული დამოკიდებულება არც ერთი მწერლის მიმართ არ მქონია, იმიტომ რომ სულ მეცვლებოდა გემოვნება. შემიძლია დაგისახელოთ მხოლოდ გრიგოლ რობაქიძის „გველის პერანგი“, რომელიც ჩემი პირველი საყვარელი წიგნია და ბევრჯერ მაქვს გადაკითხული. ძალიან მიყვარს. თან სხვანაირად მემშობლიურა, მოქმედების გარკვეული ნაწილი იმ ადგილზე ხდება, სადაც მე გავიზარდე. თან რობაქიძეს საკმაოდ სპეციფიკური წერის სტილი აქვს და ესეც მხიბლავს.
გრჩებათ თუ არა თავისუფალი დრო და როგორ ატარებთ მას?
თითქმის ყოველთვის ვახერხებდი, რომ მქონოდა თავისუფალი დრო. მაგალითად უნივერსიტეტის დამთავრების დროს, როცა ვწერდი სადიპლომო ნაშრომს, მაშინაც კი მქონდა თავისუფალი დრო, იმიტომ რომ დროის მენეჯმენტი კარგად გამომდის. ამ უნარის გამო ყოველთვის მრჩება დრო, რომ შევძლო მეგობრებთან ურთიერთობა, საკუთარი სიამოვნებისთვის სხვადასხვა ღონისძიებებში მონაწილეობა და ა.შ. თუმცა, ყველაფერს ოჯახში ყოფნა მირჩევნია, მეუღლესთან და პატარა ალექსანდრესთან ერთად, რის გამოც ბევრ რამეზე ვამბობ უარს და თავისუფალი დროის უდიდეს ნაწილს მათთან ერთად ვატარებ.
რა არის წარმატება? ვინ არის თქვენთვის წარმატებული ადამიანი?
წარმატებული ადამიანი ჩემთვის არის ის, ვინც იპოვა საქმე, რომელსაც ძალდატანების გარეშე აკეთებს და ჰყავს თავისი ცხოვრების თანამგზავრი, რომელიც უყვარს.
როგორ გესმით სიყვარული?
რის გამოც შეიძლება ყველაფერ სხვაზე უარი თქვა.
მოგვიყევით თქვენი სიყვარულის ისტორია?
2014 წლის 11 დეკემბერს ჩვენი მთავარი რედაქტორის – ლაშა კილაძის მეუღლემ ერთი მომხიბვლელი გოგონა მოიყვანა ჩაწერაზე. შევამჩნიე, დავინტერესდი, მოვახერხე და საერთო მეგობრების წრეში რამდენჯერმე შევხვდი. მალევე დავრწმუნდი ჩემს გრძნობებში და მასაც გავუზიარე. დღეს უკვე ოჯახი ვართ.
რაშია თქვენი ბედნიერება? რა გჭირდებათ სრული ბედნიერებისთვის?
ბედნიერებისთვის მჭირდება, რა თქმა უნდა, სახლში ყოფნა, ბავშვთან ურთიერთობა, ჩემი მეუღლის მომზადებული საჭმელები, მჭირდება, მრავალ სპორტულარხიანი ტელევიზორი, მაღალი სიჩქარის ინტერნეტი, მეგობრები და ლუდი.
რა არის თქვენთვის მოტივაცია? თქვენი მოტივატორებია … ?
ჩემი ყველაზე დიდი მოტივატორები იყვნენ და არიან ჩემი მშობლები, დედა და მამა. მათ ძალიან ბევრი ჩადეს ჩემში. ჩემი თაობა ძალიან ცუდ წლებში გაიზარდა, ჩემმა მშობლებმა კი ყველაფერი გააკეთეს იმისათვის, რომ ძალიან კარგი ბავშვობა მქონოდა, რომ არანაირ უარყოფით მოვლენას თუ გარემოებას ჩემზე გავლენა არ მოეხდინა. უკვე წელიწადზე მეტია, მოტივატორებს ჩემი მეუღლეც დაემატა, ხოლო სულ-სულ ბოლოს – ალექსანდრე გაჩნდა და უკვე სხვანაირი მოტივაციით და პასუხისმგებლობით ვუდგები ცხოვრებას.
მადლობა საინტერესო საუბრისთვის!
ესაუბრა ნინო ოთარაშვილი