– გიყურებ და გაკვირდები… თან მომწონს და თან მაშინებს ჩემივე სახის დანახვა. ბევრჯერ ჩაგვიხედავს აქამდეც, მაგრამ მაშინ მთელი იყავით. რა მოხდა? იქნებ გაგვანდოთ?! რამ დაგბზარათ? თანაც ასე უცნაურად? ნახევარი მხარე სრულიად მთელია, ნახევარი კი საშინლად დანაწევრებული…
– მხოლოდ ერთს გეტყვით და თანაც მოკლედ: სილამაზე დედოფალია, რომელიც ცოტახნით ბატონობს!!!
– იქნებ დაკონკრეტდეთ…
– მოვა დრო და ის თავად დაგიკონკრეტებთ თქვენც და ყველა დანარჩენსაც…
– ესე იგი, მხოლოდ დროს შეუძლია სრულად გაგვცეს პასუხი და გავარკვიოთ რა მოხდა სინამდვილეში?
– თქვენ უბრალოდ არ გსურთ სიმართლე გაიგოთ და მიხვდეთ – რა არის რეალობა. მე გითხარით, რომ სილამაზე ცოტახნით ბატონობს, მას ყოველთვის მასზე ლამაზი ცვლის. თუ არ გჯერავთ, მოდით, დააკვირდით თქვენსავე სახეს და დარწმუნდებით. აი, ხომ ხედავთ? თავს იწონებთ. თქვენს თავს ეკეკლუცებით… ოდნავ აქეთ გამოიწიეთ, კიდევ აქეთ… ნუ ჯიუტობთ, ცოტა კიდევ… ახლა რატომ აღარ იღიმით?! არ მოგეწონათ თქვენს სახე! ზე გაჩენილი ხაზები? დააკვირდით კარგად! ნახეთ ზოგი როგორი წვრილია, ზოგიც მუქი. ნახეთ! აი, ეს ძალიან ღრმაა… სინამდვილეს და დროს ვერავინ გაექცევა. რატომ შეგაშინათ თქვენმა მომავალმა?
– ესე იგი, თქვენი თვითმიზანია წინასწარ ანერვიულოთ ადამიანი. დაანახოთ ის, რომ დროსთან ყველანი უძლურნი ვართ. ის, რომ ყოველი წელიწადის გასვლის მერე ათობით ხაზი გაგვიჩნდება სახეზე?!
– თქვენ ცდებით! მე მინდა გაგრძნობინოთ თქვენ, “ლამაზებს”, რას გრძნობენ “ისინი”, ცოტათი მაინც დაფიქრდეთ იმაზე, როგორ გინდათ მოგექცნენ იმ დროისთვის “ლამაზები”, როცა სახე მთლიანად დახაზული გექნებათ ღრმა და შედარებით მსუბუქი ხაზებით.
– და როგორ ფიქრობთ? ყველა მიხვდება თქვენს სურვილს – იგრძნონ და დაფიქრდნენ?
– მე თუ არა, დრო აგრძნობინებს! დრო, რომელიც თავისით ჩაახედებს ნებისმიერს ამ დახაზულ ნაწილში… იყავით ლამაზები და თან გულისხმიერნი!!! თორემ დრო მოვა და…
გამოგზავნი/ავტორი: ლელა გულიშვილი