Skip to content

თეორიის აბსურდი

ჯანდაბა, არც კი ვიცი საიდან დავიწყო.

_თეორიულად, ამ წინადადებით  მოთხრობის დაწყება სისულელეა.  თუ ისეთი ავტორი ხარ, რომ აზრების თანმიმდევრულად დალაგებაც გიჭირს, რა თქმა უნდა გადაშენების პირას მყოფი ტეკსტების მკითხველთა  რასიდან  არცერთი დაინტერესდება შენით.

მაგრამ მინდა  ვცადო, მე ხომ გამოუსწორებელი N 19196215  ვარ.

    1984 წლის შუა ზაფხულში ორი უმნიშვნელოვანესი  მოვლენა დაფიქსირდა, აფრიკულმა რესპუბლიკა ზემო ვოლტამ სახელი შეიცვალა და დღეს ჩვენ ყველა მას ბურკინა ფასოს ვეძახით.  თეორიულად ეს სახელი, რაღაც თბილის ასოციაციას იწვევს, მაგრამ წინასწარ მინდა გაგაფრთხილოთ, რომ ფასო ძალიან საშიში ქვეყანაა, იქ არანორმალურად სექსუალური ფერადკანიანი ქალბატონები ცხოვრობენ, რომელთა 95 პროცენტი თეორიულად შამანია და მათი გადაკიდება ნიშნავს, რომ  არცერთი პრობლემა აღარ გაქვს.

    ამ მოვლენამდე ერთი თვით და 10 დღით ადრე კი, ივლისის გრილი გარიჟრაჟისას, დღის სინათლის პირველად დანახვაზე ჩემმა არაამქვეყნიურმა ღიმილმა პლანეტა სრულად შეცვალა.

   თეორიულად ტექსტის ამ ნაწილში, თქვენ კითხვა უნდა შეწყვიტოთ და ჩემი ახალშობილი სიფათი წარმოიდგინოთ, ეს ხომ გულწრფელ ღიმილის გაიძულებთ.

       ცხოვრების ყველაზე საინტერესო წელი სწორედ ის იყო, სანამ სიტყვებში ჩადებული კოდების გაშიფრვას მოახერხებდა ჩემი გონება, თუმცა ეს ბედნიერება დიდხანს არ გაგრძელებულა.

   ძალიან მალე, ისე რომ არავისთვის არაფერი დამიშავებია, ადამიანებმა ჩემი ტვინის ათასნაირი თეორიით გატენვა დაიწყეს:

მამა:_გიტარაზე? რა სისულელეა არასდროს დავუშვებ, ჩემი ერთადერთი ვაჟკაცი „მუზიკანტი“ გამოვიდეს. ჭიდაობაზე რომ იარო შვილო? ან კარატეზე, რა ვიცი შენ აირჩიე, რომელიც მოგწონს.

დედა: _არ დაარტყა, არ შეიგინო, არ მოიტყუო, არ დალიო, არ მოწიო, არ დაიგვიანო, არ წახვიდე, არ მოხვიდე..

  თეორიების პალიტრა სკოლაში მისვლისთანავე კიდევ უფრო გამრავალფეროვნდა.

    ყველა მასწავლებელი ფიქრობდა, რომ ჩემგან გენიოსი დადგებოდა, ამიტომ გაორმაგებული შემართებით  მტენიდნენ ყველაფერს, რაც მჭირდებოდა, ან არ მჭირდებოდა, ან საერთოდ ნაგავი იყო, მაგრამ ვიღაცაში ხომ უნდა ჩაეყარათ სულელური ვალდებულებების გამო. თან ამ ყველაფერს ათასი შეშლილი სკოლის მეგობარი ემატებოდა, თავის  სადბაბუამისისუკანალიდან მოტანილი ფრაზებით.

დღის ბოლოს ზოგჯერ ისეთი დაღლილი მოვდიოდი  სიცხე არაფერისგან მიწევდა.

     როდესაც მოზარდი ვიყავი ვცდილობდი გონება დამეძაბა და ყველა თეორია ზეპირად თუ არა შინაარსის მოყოლით მაინც მცოდნოდა, მასწავლიდნენ, რომ ამით გაცილებით ადვილი იყო მეგობრებთან, ოჯახთან, მასწავლებლებთან  ურთიერთობა და რაც მთავარია საჭირო დროს საკუთარი ოჯახის შექმნა და კარგი კარიერის მოწყობა.

   დიახ, იცით რა არის ჩვენი არსებობის მანძლზე ყველაზე აუცილებელი საზეპირო?

      _ბედნიერი ცხოვრების თეორია!

      შეგიძლიათ რომელიმემ მითხრათ, რომ ეს თეორია ზეპირად არ იცით?

     ჩვენ ყველამ დავიზეპირეთ ეს არარაობა.

   და რა ხანია თეორიულად მეც ვიცი რისი დაწერა მინდა ჩემს საუკეთესო მოთხრობაში, თუმცა ეს მხოლოდ თეორიაა, რომელიც ისეთივე სისულელედ იქცევა რეალობაში, როგორიც ეს ტექსტია.

ავტორი:ტატო გოგოლაძე