Skip to content

SOS! დაიცავი ბათუმის ბულვარი!!!

გამოიღვიძე, მეგობარო!!!  მალე ბათუმის ძველი ბულვარი ისეთი აღარ იქნება, როგორიც მე, შენ და სხვა უამრავ ადამიანს (მათ შორის, უამრავ ტურისტს) უყვარს! ბათუმელები უკვე მერამდენე დღეა კბილებით იცავენ ბულვარის ძველ კონცეფციას, რომელსაც სერიოზული ცვლილებები ემუქრება. როგორც გამარკვიეს, ცვლილებების წარმომავლობა საკმაოდ ბუნდოვანია და კონკრეტული ინდივიდების პირად ინტერესს უფრო ჰგავს, ვიდრე ბულვარში ცვლილებების გარდაუვალ აუცილებლობას! სამწუხაროა, რომ ყოველივე ეს არ შუქდება სათანადოდ მედიის საშუალებით და ბათუმელების საპროტესტო აქციები მორიგ ჭირვეულობადაა შეფუთული.

3 5 7 8

“ყველაფერი მესამე ბილიკის აყრით დაიწყეს! თქვეს, რომ ეს უბრალოდ სარემონტო სამუშაოებია. შემდეგ, შემოგვაპარეს, რომ შუა ხეივანს გააუქმებდნენ და მწვანე საფარს დააგებდნენ. აი, შემდეგ კი, აღმოჩნდა, რომ ამ ტერიტორიაზე კაფეებისა და რესტორნების კომპლექსის აშენებაა განზრახული. შესაბამისი პროექტიცაა წარმოდგენილი, ვიდეორგოლიც გავრცელდა ინტერნეტში! ლუქსემბურგის ბაღი მე-17 საუკუნეში გაშენდა და დღემდე მაქსიმალურად უნარჩუნებენ ძველ იერსახეს, ასეთი არასერიოზულობა როგორ შეიძლება! ძველი ბულვარი ჩვენთვის ეროვნული საგანძურია!” – განაცხადა პერმანენტული აქციების ერთერთმა აქტიურმა ორგანიზატორმა ზეინაბ დიასამიძემ ჩემთან საუბრისას.

2

” – კი, მაგრამ, ზეინაბ, პეტიციაზე 10 000 ხმა ხომ შეგროვდა, რომ გავიდეს თქვენი მოთხოვნა (ხმათა მინიმალური რაოდენობა 2000 უნდა იყოს) ?! ” – ვკითხე მე.

” – თაკო, აქ არავინ არაფერს განიხილავს, მთავრობა საერთოდ გაუჩინარებულია და იგნორირებას აკეთებს ამ საკითხზე,”- მიპასუხა მან.

ზეინაბმა გამომიგზავნა მთელი ფოტოალბომი, სადაც ვნახე გადათხრილი სასეირნო ბილიკი, რომელიც მე და ალბათ შენც, მრავალჯერ გადაგვიტკეპნია და გული მომიკვდა, ჯერ ერთი იმიტომ, რომ არ მინდა შეიცვალოს ის, რაც ჩემთვის ძვირფასი და ფასეულია და მეორეც, ამდენი ადამიანი ვართ შეწუხებული ბულვარის ბედით და ვითხოვთ მხოლოდ ერთს – გაიხსენონ, რომ საზოგადოებრივი ნება განსაზღვრავს დემოკრატიულ ქვეყანაში ყველაფერს და საზოგადოებრივი აზრის იგნორირება დაუშვებელია! სამწუხაროდ, ამ დრომდე, პასუხები ადმინისტრაციული ორგანოებიდან ორაზროვანია, ხოლო ბულვარის დეკონსტრუქცია გრძელდება!

ძვირფასო მოქალაქეებო, ჩემო მეგობრებო, ვისაც გიყვართ ბათუმი! ბულვარი მხოლოდ ბათუმს არ ეკუთვნის,  უამრავი ადამიანი ნეტარებით ელოდება ზაფხულს, რომ იმ წალკოტს ესტუმროს!  მე ვგიჟდები იმ ბილიკებსა და ხეივნებზე, უსასრულოდ რომ იწელება და სეირნობისას დაღლასაც რომ ვერ გრძნობ… ნუთუ, ყოველივე ეს უნდა შეიცვალოს?! მე არ მინდა ჩემი სიმშვიდის სავანე ხმაურიანი კაფეებისა და კერძო კომერციული ინტერესების მსხვერპლი გახდეს… მე მინდა ბულვარის დასაცავად ჩემი წილი აგურის ნატეხი დავდო!

მიყვარხართ, ბათუმელებო! თქვენ გაქვთ სამოქალაქო პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა და განსაკუთრებული სიყვარული მშობლიური ქალაქის მიმართ!

9

იაქტიურე, მეგობარო! ერთად გადავარჩინოთ ბათუმის ძველი ბულვარი, შევასრულოთ ჩვენი მოქალაქეობრივი ვალი! ვიფუსფუსოთ და ვიზრუნოთ ერთად – გაუზიარე ეს ინფორმაცია შენს მეგობრებს, რომ ბევრმა ადამიანმა გაიგოს, რა დღეშია ჩვენი საყვარელი ქალაქი!

P.S. გადადი ამ ბმულზე და მოაწერე ხელი პეტიციას ბულვარის ძველი იერსახის შენარჩუნებაზე:

სიყვარულით,

თაკო მეფარიშვილი