Skip to content

თეთრი კაცი შავ ქალაქში

ჭიათურა.

მოსახლეობა-19 586 და პლუს ერთი კაცი სახელად ვაჟია.

ფართობი – 54,5 კმ 2 და პლუს 15მ2 ვაშიას სახლი.

შავი ყვირილას ვიწრო ხეობის ჯებირზე მიყრდნობილი ასევე ,,შავი გაგებისა“ და ვიწრო აზროვნების ახალგაზრდების ნაკადი გხვდება.  მრგვალი მაგიდის რაინდებივით წრე შეუკრავთ და ღლაბუცობენ, იცინიან, დასცინიან, პერიოდულად ფეხს მუხლის არეში მკვეთრად კეცავენ და ზედა კიდურებს უაზროდ აქანავებენ ჰაერში. წრის შუაში ,,რაინდებს“ თავიანთი მეფე არტური ჰყავთ- ვაჟია. ვაჟია არ იცინის, ის უბრალოდ სიგარეტს აბოლებს.

-აუ, ძმობას გაფიცებ ვაჟია, ბაბუაჩემის ,,ვოლგის“ ნომერი მითხარი აბა – იკითხა შუბლზე სათვალიანმა.

-DAL 373 – პასუხობს  ვაჟია.

-საკრებულოს თავმჯდომარე, თემურას შავი BBMW-ს ნომერი?

-SAG-001.

-ომარას ნოდარას ,,ნოლ შესტის“?

-AUF-907.

-ვერ ჩაჭრი, შეჩემა, ვერა – ამბობს  შუბლზე სათვალიანი.

-საღოლ, ვაჟია, საღოლ – ისევ ქირქილობენ და იცინიან.

ვაჟია აუჩქარებლად აბოლებს, კვამლში ახვევს ახალგაზრდების ნაკადს, ჭიათურის მომავალივით გაურკვეველ აზრებს რომ დაახეთქებენ, თავი კაცებად რომ მოაქვთ, ყველას რომ შეყვარებული ჰყავს და ყველა რომ მაინც ბოზ თამარასთან დადის. ვაჟია აკვირდება ამათ, აკვირდება და აუჩქარებლად აბოლებს ისევ, ღერი გაუთავდა.

-აჰა, ვაჟია, მოწიე კიდევ, – აწვდის რაინდთაგანი მეფეს ,,ვინსტონს“.

-არ ვეწევი მე მაგას, ამას ვეწევი, დეინახე, – გულის ჯიბიდან იღებს ,,პირველს“ – რატო, თუ იცი? პირველს ვაფასებ მე ყველაფერს და იმიტო.

-პირველს თუ აფასებ, მეორე ცოლი რაღაზე მეიყვანე – აქ ღლაბუცის ტალღა აგორდა.

-მევიყვანე, მაგრამ პირველი მიყვარს მაინც.

მერე ღლაბუცის ტალღა ცუნამად იქცა, ვაჟიამ გაარღვია წრე. მოხრილი ბარბაცით გაუყვა ქვაფენილაყრილ ქუჩას. ახალგაზრდებიც მალე დაიშალნენ, შეყვარებულები უნდა ნახონ ალბათ. საღამოს ისევ შეიკრიბებიან,  ბოზ თამარასთან, სავარაუდოდ.

v2

ვინც კარგად იცნობს ვაჟიას,  ყველამ იცის, რომ საამაყო ჭიათურლების სია ჩვენი მერით ან საკრებულოს თავმჯდომარით კი არა, სწორედაც რომ ვაჟიათი იწყება. ვინ არის ის? ყველაფერი. ფოსტალიონი, როდესაც ქალაქში პრესა შემოდის, მეეზოვე, როდესაც ქუჩაში ნაგავი ყრია, მუშა, როდესაც საწყობებიდან ლითონის მილებს ეზიდებიან და დარაჯი, როდესაც მთელ ქალაქს სძინავს. ის იყო მენახირე, როდესაც ქალაქის ცენტში გასასეირნებლად გამოსულ პირუტყვს ვარდების შეჭმას არ ანებებდა.  აქტივისტი, როდესაც მაღაროელები იფიცებოდნენ.  გაფიცვაზე ის ხელებგაშლილი დადგებოდა ხოლმე შუა ქუჩაში და მერიის შენობაში გამოკეტილ თანამშრომლებს, რომლებიც არავის  ელაპარაკებოდნენ, უყვიროდა:

-აყროლდა თქვენი დუმილიი, აყროლდა!

ის იყო ერთადერთი, რომელსაც შეეძლო  ზემოთხსენებული საკრებულოს თავმჯდომარე თემურას შავი BMW-სთვის მიეფსა და კაცი-შვილი ხმას ვერ გასცემდა. რატომ? იმიტომ, რომ ჭიათურლებს უყვარდათ ვაჟია და ,პირიქით, ვაჟიასაც უყვარდა ყველა ჭიათურელი.

პირველად რომ შემხვდა, მამიდაჩემთან ერთად მივდიოდი ქუჩაში, ქვაფენილაყრილი იყო ის ქუჩა მაშინაც.

-გამარჯობათ, ქალბატონო ელისო, როგორ გიკითხოთ?- მიესალმა ვაჟია, ისედაც მოხრილი კიდევ უფრო მოიხარა, პატივისცემას ასე გამოხატავს-მეთქი ალბათ.

-ქალბატონო ელისო, გაიხარეთ, თქვენ და თქვენმა ოჯახმა, არ გათხოვილხართ ხო, ქალბატონო ელისო?- მორცხვად იკითხა ვაჟიამ

-არა ვაჟია, არა – უპასუხა მამიდამ.

-არ იდარდოთ, ქალბატონო ელისო, არავინაა თქვენი ღირსი, მომიკითხეთ ბატონი ოთარი, ძმა თქვენი და მთელი ოჯახი –  ვაჟია კიდევ ბევრ რამეს ამბობდა, ხშირად იმეორებდა სიტყვას ,,ქალბატონო“, მე აღარ ვუსმენდი, უბრალოდ ვაკვირდებოდი. ვაკვირდებოდი მის დიდ სქელ ქურთუკს, შუა სექტემბერში რომ ეცვა, სიგარეტის კოლოფებით გამოტენილ ჯიბეებს, გადაჭრილ ,,ვალინკებს“, ორი ზომით დიდ შარვალს, ძლივს რომ იკავებდა გადაქექილი ტყავის ქამარი,   მაგრამ ყველაზე ხშირად ვაკვირდებოდი მის გამობერილ სვიტერს, ყავისფერს, ნაქსოვს.  ვაკვირდებოდი და ვხედავდი, რომ ამ სვიტერში ვაჟიას რაღაც ეყარა, თანაც იმდენი, რომ ის ღიპივით გამობერვოდა.

ვაჟიამ მაშინ კიდევ ერთხელ ახსენა ,,ქალბატონო“, ოღონდ ის არა მამიდას, არამედ მე მომმართავდა. დავიბენი. არ მეგონა, რომ ქალაქში, რომელშიც მიმართვის ძირითადი ფორმა ,,ბიჯოა“ (და არა ბიჭო) ვინმე ქალბატონოთი მომმართავდა მე, 12 წლის ბავშვს.

-აი, პატარა ქალბატონო, ეს შენ პატარა ქალბატონო – მითხრა ვაჟიამ, ნაქსოვ სვიტერში ხელი ჩაიყო და კოწახურის კანფეტი ამოიღო იქიდან. ზოგი ამბობდა, იმ უბეში ვაჟია ქუჩაში ნაპოვნ ნივთებს ინახავსო, ზოგი ამბობდა, გაზეთები დააქვს ეგრეო, მე კი ორი ვარიანტი მქონდა: ან  უამრავი კანფეტი ეყარა იქ, ან დაკეცილ ჭიათურას ინახავდა საგულდაგულოდ, დაკეცილ ქალაქს, რომელიც ამძიმებდა და ამიტომ იყო მოხრილი ვაჟია.

v3

და თუკი, თქვენ, ერთხელ მაინც წახვალთ ჭიათურაში, და თუკი, თქვენ ერთხელ მაინც დაინახავთ ისევ ქვაფენილაყრილ ქუჩაში მოსიარულე მოხრილ კაცს, დიდი ქუღთუკით, ორი ზომით დიდი შარვლით და გამობერილი ნაქსოვი სვიტერით. და თუკი, თქვენ, მას გაიცნობთ, ჯერ დაფიქრდებით, კარგად დაფიქრდებით. მერე მხვდებით…მიხვდებით ერთ რამეს –  შავი ოქროს ქალაში მარგანეცის გარდა, ადამიანებიც მოიპოვებიან.