Skip to content

რა სახის ინფორმაცია შეუძლია მოსთხოვოს დამსაქმებელმა კანდიდატს (პოტენციურ დასაქმებულს)?!

ამ საკითხზე წარმოდგენის შესაქმნელად,საქართველოს შრომის კოდექსის მიერ გათვალისწინებულ რეგულაციას შეძლებისდაგვარად გაგიმარტივებთ.

დამსაქმებელს უფლება აქვს, კანდიდატს (პოტენციურ დასაქმებულს) მხოლოდ იმ ინფორმაციის წარდგენა მოსთხოვოს, რომელიც დამსაქმებელს მისი სამსახურში აყვანის შესახებ გადაწყვეტილების მისაღებად სჭირდება. თავის მხრივ კი, კანდიდატი ვალდებულია დამსაქმებელს ყველა იმ გარემოების შესახებ აცნობოს, რომელმაც შესაძლოა მას სამუშაოს შესრულებაში ხელი შეუშალოს ან საფრთხე შეუქმნას დამსაქმებლის ან მესამე პირის ინტერესებს (ამ ტიპის ინფორმაციის წარდგენის ვალდებულება კანდიდატს აქვს ნებისმიერ შემთხვევაში, იმისგან დამოუკიდებლად, მოითხოვს თუ არა მას დამსაქმებელი). უნდა აღინიშნოს, რომ რომ დამსაქმებელს უფლება აქვს, შეამოწმოს კანდიდატის მიერ წარდგენილი ინფორმაციის სისწორე.

იმ შემთხვევაში, თუ დამსაქმებელმა კანდიდატთან (პოტენციურ დასაქმებულთან) შრომითი ხელშეკრულება არ დადო, კანდიდატი უფლებამოსილია, გამოითხოვოს მის მიერ წარდგენილი დოკუმენტები.

ყველა ის ინფორმაცია, რომელსაც დამსაქმებელი კანდიდატის შესახებ მოიპოვებს ან თავად კანდიდატი წარადგენს, კონფიდენციალურია და არ შეიძლება ხელმისაწვდომი იყოს სხვა პირთათვის, კანდიდატის თანხმობის გარეშე (გარდა იმ შემთხვევებისა, რომელსაც კანონი ითვალისწინებს).

დაუშვებელი კითხვების კატეგორიაში არის დისკრიმინაციული კითხვები ადამიანის პირადი ცხოვრების შესახებ, რაც შესაძლოა გულისხმობდეს მის გენდერულ იდენტობას, ოჯახურ მდგომარეობას, გეგმებს შვილების ყოლის შესახებ, კითხვებს ორსულობის შესახებ.

მიუხედავად ამისა, მაინც ისმება ასეთი კითხვები დამსაქმებლების მხრიდანდა სამწუხაროდ, კანდიდატებს ხშირად არცოდნის ან, უბრალოდ, უხერხულობის გამო მაინც უწევთ ამ კითხვებზე პასუხის გაცემა მოტივით: „ვაითუ, არ ამიყვანონ?!“. რა უნდა მოიმოქმედო ამ დროს?! ორი ვარიანტია: ვფიქრობ, პირველს, უკვე მიხვდი, ხოლო მეორეს მე გიკარნახებ: კანონი ვერ დაგიცავს, თუ საკუთარი თავის ჩაგვრის უფლებას თავად მისცემ სხვას…

პ.ს. დაუსვამთ შენთვის დისკრიმინაციული კითხვები გასაუბრებაზე? გიგრძვნია, რომ ამ დროს ვიღაცამ დაარღვია შენი უფლებები? გელოდები კომენტარებში.

ავტორი: ქეთევან მეფარიშვილი