Skip to content

თანამედროვე ტექნოლოგიები ურთიერთობების პირისპირ

რადგან უკვე ამ ფრაზას კითხულობთ, ე.ი. მიგიზიდათ სტატიის სათაურმა. კარგია. ეს თემა ნამდვილად იმსახურებს ყურადღებას. მითუმეტეს, რომ უამრავ პრობლემასთან ერთად ერთ-ერთი ყველაზე აქტუალური და პრობლემატურია.
როდესაც XXI საუკუნის ცხოვრებაზე ვიწყებ ფიქრს, გონებაში უამრავი აზრი იჩენს თავს. დამეთანხმებით, დღეს ბევრად გამარტივებულია რეალობა, ვიდრე ეს რამდენიმე ათეული წლის წინ იყო ჩვენი მშობლების, ბებიების და ბაბუების დროს. დღეს, როცა ტექნიკური პროგრესის ზენიტია თითქმის არცერთი სფერო არ დარჩენილა გადაულახავი და აუთვისებელი. ისევე, როგორც ყველაფერს, ამ ფაქტსაც აქვს თავისი დადებითი და უარყოფითი მხარეები. მე ჩემებური ინტერპრეტაციით თქვენამდე მოვიტან სამსჯელო თემას და თქვენ სუბიექტური აზრი საკუთარ თავში ეძიეთ. იმსჯელეთ, იკამათეთ და მიდით კონსესუსამდე.

ნებისმიერი ზღაპარების წიგნი რომ გადაფურცლოთ, ნახავთ მფრინავ ხალიჩას , რომელიც დღეს თვითმფრინავად შეგვიძლია მოვიაზროთ, წაიკითხავთ ჯადოსნური სარკის შესახებ, დაფიქრდებით და აღმოაჩენთ , რომ ტელევიზორმა მისი ფუნქციები იტვირთა. ყოველდღიურობა ჩვენთვის ბევრად ფერადი და საინტერესოა. ალბათ, რამდენიმე საუკუნის მერე, ჩვენს ამჟამინდელ ცხოვრებაზე ღიმილით დაწერენ, რომ მათთან შედარებით განუვითარებლები ვიყავით.

პარადოქსია, მაგრამ ფაქტია, რომ დღეს თინეიჯერების ძალიან დიდი ნაწილი, კომპიუტერზე დამოკიდებული გახდა და მის გარეშე ვერც ერთ წუთს ვერ ძლებს. სკვერები, სტადიონები, გასართობი პარკები და ატრაქციონები მხოლოდ ფორმალობასღა წარმოადგენს და მიტოვებულად გამოიყურება. არადა რამდენიმე წლის წინ, დედა ღიმილით მაცილებდა ეზოში ბავშვებთან, გვიანობამდე ვთამაშობდით და სულ არ გვედარდებოდა არაფერი. ჩვენ ის ბავშვები ვართ, ვინც დროს სულ ერთად ატარებდა ფურცლებით და ფანქრებით ხელში, ვისაც ძალიან უყვარდა ქვიშაში თამაში და მისგან შენობების კეთება. სულაც არ გვჭირდებოდა მობილური და სოციალური ქსელები ერთმანეთთან დასაკავშირებლად. სულ ვიცოდით, სად და რომელ საათზე იყო ჩვენი შეხვედრის ადგილი.

დღევანდელ თაობას „ინდიგო ბავშვებს“ ეძახიან. ეს ტერმინი პირველად გამოიყენა ამერიკელმა ფსიქოლოგმა და ექსტრასენსმა ნენსი ენ ტეპმა 1982 წელს, თავის ერთ-ერთ წიგნში. ზოგი მეცნიერი მათ “NEW AGE”-ს (ნიუ ეიჯის), ანუ “ახალ ეპოქის ადამიანებს” უწოდებს. ბოლო დროს ქართულმა ტელევიზიებმაც მიაქციეს ყურადღება ამ საკითხს. არაერთხელ ვნახეთ სიუჟეტი, სადაც საუბარი იყო საქართველოში ამ პრობლემის შესახებ. ფსიქოლოგები ამბობენ, რომ ეს საკითხი კვლავაც და კვლავაც აქტუალური იქნება, რადგან არ შეიძლება ერთი, ორი ან სამი წლის ბავშვი ამგვარად იყოს დამოკიდებული კომპიუტერზე. მისთვის მთავარ გასართობს სულ სხვა რაღაც უნდა წარმოადგენდეს. სწორედ ამიტომაა, რომ უკვე ძალიან გახშირდა თვალის პრობლემებიც. მოზარდები ხშირად უჩივიან თვალის წვას, სიწითლეს და ცრემლდენას. თუ ექიმების რჩევებს ყურს დავუგდებთ , მაშინ გამოდის, რომ ერთი სრული საათის მანძილზე დაახლოებით 15 წუთი უნდა შევასვენოთ თვალი. აბა დაფიქრდით, ამას რომელიმე ჩვენგანი აკეთებს? დრო კომპიუტერთან საოცრად სწრაფად გადის, ერთი შეხდვით ვერც ვგრძნობთ თვალის ტკივილს, თუმცა დროთა სვლისას ეს პრობლემა უფრო მკაფიოდ იჩენს თავს. ასაკი კი უარეს კვალს დაგვამჩნევს.

სოციალური ქსელები გონების და ნერვების „მახეა“. რამდენ საათს ატარებთ facebook-ში, როდესმე დაგითვლიათ? ვის რა აცვია, რას ჭამს, რას სვამ და რას აკეთებს, ალბათ ბევრისთვის საინტერესოა. ამ ქსელში ყველაფრის გაგება შეგიძლიათ ერთმანეთზე, დაუფარავი არაფერი აღარ რჩება. იმდენად გვიზიდავს ეს ყველაფერი, საკუთარ ჯანმრთელობას სასწორზე ვდებთ. წლების შემდეგ ამას ნამდვილად ვინანებთ.

ახალი თაობისთვის კომუნიკაციის პრობლემა ისევ გადაუჭრელად რჩება. რეალურ ცხოვრებაში მათ ურთიერთობის აწყობა ძალიან უჭირთ, რადგან ძალიან მცირე ასაკიდან კომპიუტერულ ურთიერთობებს ითვისებენ. ნებისმიერი დაწყებითი განათლების მასწავლებელს რომ კითხოთ, სწორედ იგივეს გეტყვით.

დღეს, ჩვენს ქვეყანაში ძალიან რთულია სამსახურის პოვნა, თუ კომპიუტერული/საოფისე პროგრამები არ იცი. ესეც ერთ-ერთი ხელის შემწყობი ფაქტორია ტექნიკის პოპულარიზაციის. რაც დადებითად არამგონია რომ ჩაითვალოს.

მიხედეთ თქვენს პატარებს. მოაცილეთ კომპიუტერს, ხშირად ატარეთ გასართობ ცენტრებში, პარკებში და აუხსენით, რომ მეგობრები სახლში უნდა ნახოს( ესტუმროს მათ ) და არა სოციალურ ქსელში.

გამომგზავნი/ავტორი: სალომე საგინაშვილი