Skip to content

ჯემალ ქარჩხაძე: “რაც გარდაუვალია, არ შეიძლება საშიში იყოს”

ერთმა კაცმა სიკვდილის წინ თურმე თვალი მოავლო ირგვლივ შემოკრებილ ჭირისუფლებს და თავისი უკანასკნელი ფრაზა წარმოთქვა: “აბა, არ გემშვიდობებით!”. არ ვიცი, დაკვირვებიხართ თუ არა, როგორ წყნარდები ზოგჯერ ადამიანი, როცა გახსენდება, რომ სიცოცხლე მარადიული არ არის. მე ვგულისხმობ არა სტრესულ სიტუაციას, როცა გრძნობები, როგორც წესი, გვატყუებს ხოლმე, არამედ ჩვეულებრივ, ავკარგიან ყოველდღიურობას.

საერთოდ, რაც გარდაუვალია, არ შეიძლება საშიში იყოს. და საიდანაც ტირილით მოვედით, იქ ტირილით დაბრუნება არ ეგების. მეტიც სიკვდილის იმედი რომ არ ჰქონოდა, ადამიანი სიცოცხლეს არ ისურვებდა. წვეთი ზღვას უნდა შეერთოს, მრავალი ერთად უნდა იქცეს. ბოლოს და ბოლოს, ჩვენ ხომ აქ სტუმრად ვართ, ერთგვარ ექსკურსიაზე ვიმყოფებით დროში და ადრე თუ გვიან ჩვენს მარადიულ სახლში უნდა დავბრუნდეთ, იმაზე საამო კი რა უნდა იყოს, დამღლელი წანწალის შემდეგ კაცი შინ დაბრუნდე!

ერთი სიტყვით, თუკი გონება გაიმარჯვებს და სიღრმეებს არ შეუშინდება, აღმოაჩენს, რომ სიკვდილში საშიში მართლაც არაფერია. სოკრატემ და მონტენმა, მაგალითად, ეს ძალიან კარგად იციან. და საერთოდაც, საკამათო, ალბათ, არაფერი იქნებოდა, მაგრამ ამ საღ მსჯელობას ერთი დიდი ნაკლი ახლავს – ასეთ ზღვრულ საკითხებში გონება მთლად კომპეტენტური არ არის და ეს ოპტიმისტური სპეკულაციაც თავისი სოკრატეთი და მონტენით უკანასკნელ წამს შეიძლება თავზე დაგენგრეს. არავინ იცის, კარიბჭესთან რას მიენიჭება უპირატესობა – გონებას თუ გრძნობას. სიმართლეს, საფიქრებელია, მაშინ შევიტყობთ, როცა ზღურბლზე აღმოვჩნდებით. ოღონდ ეს არის, უკან დარჩენილეს აქედან ხმას უკვე ვეღარ მივაწვდენთ, ანუ – საიდუმლო მარადიულია.. ყველაზე ჯანსაღად ის კაცი მოკვდა, ჭირისუფლებს რომ არ გამოემშვიდობა..