დღეს უკვე რთულია ადამიანები გააკვირვო ან აღაფრთოვანო. ყველაფერი იმდენად სწრაფად ვითარდება, რომ ძალიან ძნელია დაეწიო ცხოვრების რითმს, მაგრამ ერთი ფაქტი უცვლელად რჩება – რამდენი დროც არ უნდა გავიდის, რამდენაირი მფრინავი მანქანებიც არ უნდა შექმნან, წარმატების მისაღწევად მთავარია – იპოვო შენი საყვარელი საქმე, რომლისთვისაც, როგორც ზღაპრებშია, ცხრა მთას გადაივლი და ცხრა ზღვას გადალახავ. რა არის მნიშვნელოვანი „შინაგანი წვის“, ვნების აღმოსაჩენად, ალბათ მთავარია მუდმივი ფიქრი, ფიქრი რა გინდა , რა მოგწონს. ჩვენ გვგონია რომ ეს პროცესი მაშინ იწყება, როდესაც სკოლას ვამთავრებთ და გვინდა რომელიმე უნივერსიტეტში ჩავაბაროთ, მაგრამ თურმე ეს ფიქრი ბავშვობიდან თან გვდევს. ამ დროს მნიშვნელოვანია მშობლების ხელშეწყობა, მათ უნდა მოგვცენ თავისუფლება, რომ თავად ვიფიქროთ, შესაძლებლობა – გავიაზროთ საკუთარი შეცდომები, თუნდაც ბევჯერ შეგვეშალოს, მაგრამ თავად ავიღოთ საკუთარ შეცდომებზე პასუხისმგებლობა. მშობელი რომ ყველაზე მნიშვნელოვან როლს თამაშობს ბავშვის აღზრდაში, ეს ცხადია. უმთავრესად, სწორედ მათზეა დამოკიდებული თავისუფლები ვიქნებით ჩვენ თუ შეზღუდულები, ჩამოვყალიბდებით დამოუკიდებელ თუ მუდმივად სხვაზე დამოკიდებულ ადამიანებად. და თუ ჩვენ არ ვიფიქრებთ, არ დავუსვავთ საკუთრ თავს კითხვებს, მაშინ ვერასდროს ვერ ვიპოვით „შინაგან ვნებას“ . „შინაგანი ვნების“ აღმოსაჩენად ოთხი ეტაპი გამოვყავი, პირველი- ფიქრი, როცა ეძებ საკუთარ თავს, რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია მშობელი.
ზაზა ქოიავა:“ როგორ გავლენას ახდენს ზედმეტად მზრუნველი ან ძალიან მკაცრი მშობელი ადამიანის ცხოვრებაზე. მკაცრად მოქცევის შემთხვევაში, ბავშვი, შინაგანად, მუდმივად ცდილობს დაემორჩილოს წესებს, შეზღუდვებს, მაშინაც კი, როდესაც არ მოსწონს ისინი, ეს რჩება ბავშვის შინაგან სამყაროში და საბოლოო ჯამში ბავშვის ფიქრს უშლის ხელს, მოზარდს არ ეძლევა ფიქრის საშუალება და ის ცხოვრების დინებას მიჰყვება მორჩილად ან მთლიანად მინდობილია სხვაზე. ბავშვმა თუ რაიმე ცუდი საქციელი ჩაიდინა და ამის გამო ის დასაჯეს, მშობელმა უნდა აუხსნას რატომ დაისაჯა იგი, ალტერნატივა შესთავაზოს, უთხრას რისი გაკეთება შეიძლებოდა ამ საქციელის მაგივრად. წინააღმდეგ შემთხვევაში ბავშვი ფიქრობს თუ ამიკრძალეს – არ უნდა გავაკეთო, ასეა საჭირო და იზრდება არა თავისუფალ, კონსერვატიულ გარემოში, სადაც მშობლის სიტყვა უპირობოდ კანონია. ასევე ხშირია ურთიერთობა „თუ მაშინ“ -თუ იმეცადინებ, მაშინ კარტოფილს შეგიწვავ, ეს არასწორია, ამ შემთხვევაში ბავშვს უვითარდება რაღაც მოქმედებების განხორციელების სურვილი, იმიტომ, რომ ამ ქმედების შესრულების შედეგად, მატერიალურ სარგებელს იღებს. ამის შემდეგ ის ფიქრის უნარს კარგავს. ასეთი მოზარდი არ ფიქრობს სად ჩააბაროს, რა პროფესია აირჩიოს, სადღაც ჩააბარებს, რაღაც პროფესიას აირჩევს, მაგრამ ეს არ იქნება ის, რაც მას უნდა. იმიტომ, რომ თავისუფლების შეზღუდულმა ხარისხმა მას დაუკარგა ფიქრის უნარი. რა თქმა უნდა, „შინაგანი წვა „ მას ისევ აქვს , მაგრამ მან ეს არ იცის.“
ზაზა ქოიავა:„როდესაც მშობელი მხოლოდ მრჩევლია და ბავშვს გარკვეულ თავისუფლებას აძლევს, ეს სხვა საკითხია. ბავშვი თავისუფალ გარემოში იზრდება და მას არჩევანის საშუალება აქვს, როდესაც არჩევანის საშუალება გაქვს, ამ დროს ფიქრობ, როდესაც არჩევანის საშუალება არ გაქვს, ამ დროს ვერ ფიქრობ. ტვინი არ მუშაობს. მშობელი ატყობს, თუ რა ძლიერი უნარები აქვს ბავშვს, ასევე მშობელმა, როგორც უფროსმა მეგობარმა, ბავშვს უნდა ჰკითხოს რა უნდა, რა ურჩევნია და ნელ-ნელა მიიყვანოს იქამდე, რომ ბავშვმა თავად გააკეთოს არჩევანი, ზოგჯერ შეიძლება გავაკეთოთ არასწორი არჩევანი, მაგრამ, მთავარია, ეს ჩვენი არჩევანი იყოს. მაგალითად, თუ მე ძალით ჩამაბარებინეს საბუღალტროზე და არ მომწონს ეს პროფესია, შეიძლება მე არ მეყოს ძალა უკან დავბრუნდე, გამოვიტანო საბუთები და სხვაგან ჩავაბარო, იმიტომ, რომ არ ვიცი სად წავიდე, რა მინდა. მაგრამ, თუ მე თავად ავირჩიე სამედიცინო და მერე აღმოჩნდა, რომ მე სამედიცინო აღარ მინდა, ამ შემთხვევაში მე უკვე გამომუშავებული მაქვს უნარი უკან დავბრუნდე და ყველაფერი ახლიდან დავიწყო.“
„შინაგანი ვნების“ აღმოჩენის მეორე ეტაპია- დიალოგი საკუთაარ თავთან. მნიშვნელოვანია საკუთარ თავს დავუსვათ კითხვები, რომ გავიაზროთ რა არის ჩვენი ძლიერი მხარეები, აღმოვაჩინოთ რისი კეთება გვიყვარს ყველაზე მეტად.
კითხვები საკუთარ თავს:
1) რა პოზიტიური თვისებები და ჩვევები მაქვს?
2) რომელი მიღწევებით ვამაყობ?
3) ცხოვრების რუკის გადახედვა – სად იყო ჩემი აღმავალი და დაღმავალი პერიოდი
4) როდის და რატომ მქონდა აღმავალი პერიოდი? ჩემს რომელ ქმედებებს უკავშირდება იგი? ასევე, როდის და რატომ მქონდა დაღმავალი პერიოდი და დაღმავალი პერიოდიდან როგორ ამოვედი?
5) რა გამომდის ყველაზე უკეთ ? რა მიყვარს?
6) რა არის ის საქმე, რომელსაც დიდი სიამოვნებით, ანაზღაურების გარეშე გავაკეთებდი?
მესამე ეტაპია -რამდენად ემთხვევა შენი ფიქრები,მიზნები, შენს ქმედებებს ზაზა ქოიავა: „როცა აღმოაჩენ საქმეს, რომელსაც დიდი სიამოვნებით, აუნაზღაურებლად გააკეთებდი, იმ სამქეში ის უნდა დახელოვნდე, რომ ფული სხვებმა გადაგიხადონ, შემდეგ უკვე უნდა გაიგო, თუ რა კონკრეტული ბერკეტი გჭირდება იმისთვის, რომ ნამდვილად გააკეთო ეს საქმე, აქ იგულისხმება გარკვეული თანამდებობა, სადამდე მიდიხარ ბოლოს. მაგ., ბანკში მუშაობა გინდა, მაგრამ მოლარე ოპერატორად აპირებ ყოფნას სიკვდილამდე? თუ გინდა წინსვლა? წინსვლა რატომ გინდა – რა უფრო მნიშვნელოვანია რას მიაღწევ კარიერული თვალსაზრისით, თუ ვინ გახდები მისი მიღწევის შემდეგ და რა ქმედებებს განახორციელებ ამ ბერკეტის გამოყენების შემდეგ“.
მეოთხე ეტაპია – პოზიტიური განწყობა, რომელიც თვიდაჯერებულობას გმატებს, თუ მუდმივად ნეგატიურად იფიქრებ – საქმე არასდროს გამოვა.
ზაზა ქოიავა: „ოპტიმიზმი ძალიან მნიშვნელოვანი კომპონენტია. ერთი ასეთი იგავი არსებობს: ზღვა აღელდა და თევზები გამოყარა ნაპირზე. პატარა გოგონა მივიდა და თევზების გაშვება დაიწყო. გამოიარა კაცმა, რომელსაც სავარაუდოდ უკვე ყველაფერი ნეგატიურ დონეზე ჰქონდა აღქმული და გოგონას ჰკითხა – რას შვრებიო, გოგონამ უპასუხა: რას ვშრვები და თევზებს ვშველიო, ამ კაცმა უთხრა შეხედე რამდენი არიან, ამათსაც უშველიო? გოგონამ აიღო ერთი მოფართხალე თევზი და უთხრა აი ამას ხომ ვუშველიო და გაუშვა ზღვაში. ოპტიმიზმი ძალიან მნიშვნელოვანი კომპონენტია. ოპტიმიზმი არ არის ნეგატიური მხარეების არ დანახვა, ოპტიმიზმი არის იმედი და სასოება იმისა, რომ შენი ძალისხმევის შედეგად, ყველაფერი კარგად დასრულდება. ნაკლოვანებებს ხედავ, მაგრამ შენ გჯერა, რომ ამ ნაკლოვანებებსაც დაძლევს ის პოზიტივი , რომელიც გაქვს.“
ცხოვრებაში ბევრი რამ ხდება, ხშირად გვიცრუვდება იმედი და ალბათ სათქმელად ადვილია ყოველთვის ოპტიმისტურად იფიქრო, მაგრამ აუცილებელია გავიაზროთ რა შეგვეშალა, იყო თუ არა ეს ჩვენი ბრალი.ზოგჯერ ერთხელ არ გამოვა და ხელს ჩავიქნევთ, გვგონია, რომ შევცდით და აღარაფერი გამოვა, ამ დროს აუცილებელია გავიაზროთ რამ განაპირობა უარყოფითი შედეგი.
ზაზა ქოიავა: „თუ არ გაანალიზე რატომ დაეცი, რატომ ჩამოვარდი ქვევით და არც იცი და არც იფიქრე იმაზე თუ იქიდან როგორ ამოხვიდე, რა თქმა უნდა ეს იმედგაცრუების საფუძველია. მაგრამ NLP-ში არის ასეთი გამოთქმა – არ არსებობს შეცდომები, არამედ არსებობს უკუკავშირი. ეს არ ნიშნავს იმას, რომ შეცდომები არ არსებობს და ყველანი შეუმცდარნი ვართ. ნებისმიერი დაცემის შემდეგ, დასვამ ამ კითხევს, უბრალოდ ჩვენი ეგოიზმი არ გვაძლევს ამ კითხვების დასმის საშუალებას და ჩვენს შეცდომებს ვაბრალებთ გარე ფაქტორებს. შესაბამისად გვიყალიბდება გარკევული იმედგაცრუება, რასაც მივყავართ იმ აზრამდე, რომ ყველაფერი არასწორია და ყველაფერი ცუდად გამოგვივა.“
კითხვები საკუთარ თავს:
1) რატომ დავეცი?
2) სწორი იყო თუ არა ჩემი გადაწყვეტილება?
3) იქნებ გადაწყვეტილება სწორია და შესრულების პროცესში დავაკელი რამე?
4) ხომ არ იყო გარე ფაქტორი?
5) ხომ არ შევაფასე ჩემი თავი ცოტა ზედმეტად?
ზაზა ქოიავა: „მზად იყავი იმედგაცრუებსითვის, მაგრამ არ დაკარგო იმედი.“
მოამზადა მერი ბარაბაძემ