Skip to content

ვიცოდი, აუცილებლად იქნებოდა აღდგომა

აი, ახლა ამ მოთხრობის წერასაც ძია საშა მაბედვინებს, იგი სულეთის ქვეყნიდან გამომყურებს და თითქოს მაქეზებს:

– დაწერე! დაწერე!

მანამდე კი, სანამ ძია საშა გახდებოდა ჩემთვის, ბატონი საშა იყო, ყველასათვის მკაცრი და წესრიგის მოყვარე ბატონი საშა, რუსთაველის პროსპექტზე მდებარე, შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო თეატრალური ინსტიტუტის სასწავლო ნაწილის გამგე, რომელმაც სულ ზეპირად იცოდა, რომელ ჯგუფში რამდენი სტუდენტი ვიყავით და ვინ როდის, რამდენი წუთით დავაგვიანეთ ამა თუ იმ ლექციაზე.

დაირეკებოდა თუ არა ლექციის დაწყების ზარი, ბატონი საშა შემოივლიდა ინსტიტუტს, ყველა აუდიტორიის კარს შეაღებდა, კარში გაჩერდებოდა და დაითვლიდა: ერთი, ორი, სამი… სად არის მეშვიდე? სად არის მერვე? და ა.შ., იმის მიხედვით, რამდენი სტუდენტი ვაკლდით ლექციას. მე რაკი მთიდან ვიყავი ჩამოსული, მეცხვარეს მეძახდა. ხშირად მაგვიანდებოდა, განსაკუთრებით პირველ ლექციაზე და ბევრჯერ მიმისწრია იმ დროს, როცა ჩემი მისამართით ხმამაღლა ყვიროდა ბატონი საშა:

– სად არის მერვე? მე თქვენ გეკითხებით, სად არის მეცხვარე?

– მოვა პატივცემულო, ხომ იცით, შორს ცხოვრობს, – იმხანად ნათესავთან ვცხოვრობდი ლოტკინის გორაზე.

– აგე, აგე მოვიდა, – ეუბნებოდნენ ჩემი თანაკურსელები და მეც დანაშაულში დაჭერილი, თავჩაღუნული ვჩერდებოდი კართან.

– რატომ აგვიანებ, ჰა! – მერამდენედ მიყვიროდა ბატონი საშა.

– ავტობუსს დააგვიანდა, ბატონო საშა და მეც ვეღარ მოვედი დროზე.

– ავტობუსი არ ვიცი მე, ავტობუსი არ სწავლობს ამ ინსტიტუტში და რა ჩემი საქმეა, სად დააგვიანდა, შენ რატომ აგვიანებ, შენ, შე მეცხვარე შენა, რას მოეთრეოდი მთიდან, თუ ინსტიტუტში დროზე მოსვლა არ შეგიძლია, ყოფილიყავი ცხვარში.

– მაპატიეთ, პატივცემულო, მეტს აღარ დავაგვიანებ.

– დააგვიანებ და დაემშვიდობე, მოგიხსნი სტიპენდიას! – მემუქრებოდა ბატონი საშა. მაშინ სტუდენტისათვის სტიპენდია, განსაკუთრებით რაიონებიდან ჩამოსულთათვის, ყოფნა-არყოფნის ტოლფასი იყო და ყველა ვცდილობდით, როგორმე არ დაგვეგვიანა, რომ ბატონ საშას თავისი მუქარა მართლა არ შეესრულებინა. მახსოვს, ერთხელ ერთ ქუთაისელს როგორ დაემუქრა:

– ქუთეისი, მოგიხსნი სტიპენდიას!

– არ მაქვს, პატივცემულო! – ნიშნისმოგებით და ღიმილით შეეპასუხა ქუთაისელი.

– დაგინიშნავ და მოგიხსნი! – თავისი პრინციპიდან არ გადაუხვია ბატონმა საშამ და რაც შეჰპირდა, მართლა შეასრულა.

ქუთაისელმა ბატონი საშასათვის სამაგიეროს გადახდა მოინდომა და თავისი თანაკურსელი აიყოლია. ბუტაფორიული საამქროდან თავისი სპექტაკლისათვის გამზადებული კუბო, სასახლეს რომ ეძახიან (ზოგისთვის მართლა რომ სასახლეა და ზოგისთვის მართლა კუბო) თავიანთ აუდიტორიაში შეიტანეს, შიგ ქუთაისელი სტუდენტი ჩაწვა, გულზე ხელები დაიკრიფა და ასე დაელოდნენ ლექციის დაწყებას.

დაირეკა ზარი, იმათ აუდიტორიის კარი ჩვეულებისამებრ შეაღო ბატონმა საშამ, დაითვალა სტუდენტები და იკითხა:

– სადაა, ქუთეისი?

– მოკვდა, პატივცემულო! – ტირილი მორთეს ქუთეისის თანაკურსელებმა.

ბატონი საშა შეცბა:

– როდის?! როგორ?! რა დემართა?! – კითხულობდა შეშფოთებული.

– ლაღიძის წყლის დასალევად იყო შესვენებაზე გადასული, რუსთაველის პროსპექტი გადმოირბინა და მანქანამ დაარტყა. იქვე დალია სული და ეს-ესაა ჩავასვენეთ – ფარდის უკან სასახლში ჩასვენებული ქუთეისი აჩვენეს სტუდენტებმა და ერთხანს ტირილი შეწყვიტეს; ყველას აინტერესებდა შემდეგი სცენა. ბატონი საშა თავზე დაადგა ქუთეისს და ეჭვით მიმოიხედა. მერე დაბალ ხმაზე წამოიწყო:

– ქუთეისი!

ქუთეისი წევს, არ ინძრევა, არც სუნთქავს, გულზე ხელები აქვს დაკრეფილი.

– ქუთეისი, ადექი ზეზე! – ცოტა ხმას აუწია ბატონმა საშამ. ქუთეისმა უფრო შეიკრა სუნთქვა.

– ქუთეისი ადექი ზეზე! – ქუთეისი არ ინძრევა.

– ქუთესი, ადექი თორემ ისევ დაგინიშნავ და ისევ მოგიხსნი სტიპენდიას.

ქუთეისი არ ჩუჩუნებს.

ბატონმა საშამ ჩაიმუხლა, სასახლეში მწოლიარეს გულზე ყური დაადო, ჯერ თავზეწამომდგარ სტუდენტებს ახედა, მეტე ქუთეისს ყურში უჩურჩულა:

– ადექი, შე ღვთის უბედურო, თორემ ემანდ მართლა არ გაიგუდო და მერე მე კი არა, ღმერთიც ვეღარ დაგინიშნავს სტიპენდიას.

„მკვდარი“ სასწრაფოდ წამოხტა ფეხზე.

ბატონი საშა მშვიდად გავიდა აუდიტორიიდან. იგი ჩია ტანის კაცი იყო, ასაკი არ ეტყობოდა, მე მგონი, თეატრალური ინსტიტუტის დაარსების დღიდან აქ იყო და მთელი ამ ხნის მანძილზე რუსთაველის პროსპექტზე მოსეირნე ხალხი ხშირად გაკვირვებულნი უყურებდნენ, სასტუმრო „თბილისის“ ქვეშ მდებარე სახინკლედან როგორ ფაცხაფუცხით მიჰყავდა ქუჩაზე გოლიათები: ხან ბატონი დოდო აბაშიძე, ხან ზურა ქაფიანიძე და რა ვიცი, სავსე იყო გოლიათებით ინსტიტუტი. ვინც არ იცოდა, ვინ იყო ბატონი საშა, გაკვირვებული იყო ამ სანახაობით, ვერაფერი გაეგოთ, რატომ ეშინოდათ ამ გოლიათებს ასეთი ჩია ტანის კაცისა, მაგრამ ათეული წლების მანძილზე მეორდებოდა ასეთი სცენები და ბევრმა უკვე იცოდა, რაც ხდებოდა.

ერთხელ, ის-ის იყო გავცდი ოპერის შენობას, რომ ჩემი თანაკურსელი, კარგად მოსული, თეძოებიანი გოგო წამომეწია, შეშინებულმა ხელკავი გამომდო და წამჩურჩულა: ჩქარა, ზარი უკვე დაირეკა, საშა მოგვდევს უკან.

ფეხს ავუჩქარეთ.

უკნიდან გვესმის ბატონი საშას კომენტარები:

– მეცხვარე, ისევ დააგვიანე, არა?

– არ მიიხედო, ვითომ ვერ ვხედავთ, – წამჩურჩულა გოგომ.

– ვითომ არ ესმით.

ეს კიდე, ნახე, ნახე, როგორ მიაქანავებს! – გვეწევა ბატონი საშა. ჩემი თანაკურსელი აღშფოთებული სახით მიუბრუნდა და წინ გაუჩერდა.

– ჩანთას, გოგო, ჩანთას, – დაუყვავა ბატონმა საშამ და მერე სამივემ ერთად ავუჩქარეთ ნაბიჯს.

იმ დღეს გადავრჩი, რომ სტიპენდია არ მომიხსნა, მაგრამ ერთი კვირის მერე, ისევ ოპერის თეატრთან მომესმა ჩვენი ინსტიტუტიდან ზარის ხმა.

– მეცხვარე ისევ არ იშლი დაგვიანებას, არა?! – უკნიდან ბატონი საშას ხმა გავიგონე.

მივიხედე. მართლა ისაა. რა ვიცი, ამ ბოლო დროს თვითონ რატომ აგვიანებს. ეტყობა ავადაა და მაინც დადის სამსახურში, თავს არ უტყდება. ელდანაცემი გავიქეცი ინსტიტუტისაკენ. ძირს არ ვიხედები, მეშინია, არ დამეწიოს და აუდიტორიაში მინდა დავხვდე შემოწმების დროს.

ის-ის იყო, მივაღწიე ინსტიტუტის შესასვლელს, რომ უცებ ასფალტი ჩაინგრა და მიწაში ჩავვარდი. ეტყობა, ამ ადგილას გამდინარე წყლებია და რუსთაველის თეატრის შენობაც, რომელიც ჩვენს ინსტიტუტს ეკვრის, იმან დააზიანა.

ცოტა ხნით გონება დავკარგე, მერე ბატონი საშას ხმა შემომესმა:

– მეცხვარეე!

ავიხედე: ქვევრის პირივით პირმორღვეულ ასფალტს ზემოთ ბატონი საშა ჩამომჩერებია:

– რა გინდა მანდ?! მიწის ზემოთ არ გეყო გაცდენები და ახლა მიწაშიც მემალები, არა?! ამოდი ზემოთ! ამოდი ჩქარა!

მე წამოვიწიე, მაგრამ ღონე არ მყოფნის, ისე ვარ გაოგნებული.

– არ ამოდიხარ, ხომ? დამაცა, მოგიხსნი სტიპენდიას და იჯექი მანდ მეორედ მოსვლამდე, აღდგომას დაელოდე. მე შენ გიჩვენებ, როგორ უნდა სტიპენდიის მოხსნა! – ორმოში მესმოდა ბატონი საშას მუქარა, რომელიც უკვე ინსტიტუტში შევიდა.

ვიჯექი ბნელ ორმოში და ვფიქრობდი, ეს რა იყო?!

რა დამემართა?!

ან ეს ორმო საიდან გაჩნდა, მაინცდამაინც ახლა… ბედი არა მაქვს და ეგ არის… ახლა კი მართლა მომიხსნის სტიპენდიას და რა მეშველება. სახლიდან ვინ რას გამომიგზავნის, თვითონაც უჭირთ.

რას ავიტეხე ეს კინო და თეატრალური ინსტიტუტი, ვყოფილიყავი მართლა მეცხვარე. ყველაფერი იმის ბრალია, ვინც პირველად კინო მოიტანა გუდამაყარში. მაშინ მესამე კლასში ვიყავი, მთელ ხეობაში გავარდა ხმა, კინო მოიტანეს, ამ საღამოს უჩვენებენო, აუარება ხალხი შეგროვდა სკოლის შენობასთან, რომლის ერთ კედელზეც თეთრ ზეწრებს კიდებდნენ ეკრანის სანაცვლოდ. დაღამებას ელოდებოდნენ, სიბნელეში უფრო კარგად გამოჩნდებაო. ერთმა ჩვენებურმა კაცმა შეგვაშინა, კინოს კი ნახავთ, მაგრამ თავიდან ფრთხილად თუ არ იყავით, კინოს ისეთი მჭახე ხმა აქვს, შეიძლება ყურის ბარაბნები დაგიხეთქოთ და დაყრუვდეთ.

ჩვენ შევშინდით.

– ნუ გეშინიათ, მე წინ დავდგები, ყურებში თითებს გავიკეთებ და თქვენც გაიკეთეთ, მერე მომენტს შევურჩევ, როცა დაბალ ხმაზე ილაპარაკებენ, ნელ-ნელა გამოვწევ თითებს და თქვენც ასე ქენით, ნელ-ნელა შეეჩვიეთ.

ყველამ თითები გავიკეთეთ ყურებში.

ჩამობნელდა.

დაიწყო კინო.

დაიწყო, მაგრამ რა დაიწყო, კინაღამ გადავირიე ამ არაჩველებრივი სანახაობით. ვხედავ, ჩვეულებრივად დადიან იმ უჩვეულო მეორე სამყაროში ადამიანები, ლაპარაკობენ… მივიხედ-მოვიხედე, ყველას გამოღებული აქვს ყურებიდან თითები და გულიანად იცინიან.

მეც მინდა მოვისმინო, რას ლაპარაკობენ კინოში, მაგრამ დაყრუებისა მეშინია. მერე ჩემთვის გადავწყვიტე, მოდი, რაც იქნება, იქნება, ჯანდაბას, ერთი ყურით დავყრუვდები, ოღონდ მოვისმინო, რას ლაპარაკობენ, რაზე იცინის ეს ხალხი, მაგრამ კარგა ხანს იმაზე ვიჭოჭმანე, რომელი ყური გამეწირა, მარჯვენა თუ მარცხენა. ბებიაჩემის ნათქვამი გამახსენდა: კაცს რასაც მარცხენა ყურში ეშმაკი ჩასძახებს, მიდი, ასე-ასე გააკეთე, ასე-ასე ქენიო, მარჯვენაში კეთილი ანგელოზი ელაპარაკება და ჭკვაზე არიგებს. რაკი ასეა, მარცხენა ყურიდან გამოვწიე თითი და ეკრანიდან ძახილი გავიგონე: გოდერძი! გოდერძი, შვილო!

ვაი!

მიცნო!

მე მეძახის! – გამიკვირდა მე, რა ვიცოდი, რომ ჯარისკაცის მამა თავის შვილს ეძახოდა. იმ დღიდან მოვიწამლე კინოთი და სხვა საქმეა, რა გადამხდა და როგორ ჩავაბარე ინსტიტუტში, როგორ დავწერე კინოს გარჩევის ნაცვლად ლექსი, რაკი რუსული არ ვიცოდი და გამოცდაზე რუსული ფილმი გვაჩვენეს. ვერაფერი ვერ გავიგე და შემრცხვა, ცარიელ ფურცლებს ხომ არ ჩავაბარებდი, ლექსი დავწერე: ირემზე, რომელიც ბარად ჩამოვიდა და დაჭრეს, არწივზე და მგონი კიდევ შვლის ნუკრიც შევურიე შიგ – ყველა ამათგანში კი ჩემს თავს ვგულისხმობდი.

სწორედ ამ ლექსმა გადაწყვიტა ჩემი ბედი.

გამიყვანეს მეორე გამოცდაზე. მოდიოდნენ ჩემს სანახავად: მთიდან ვიღაც პატარა ვაჟა-ფშაველა ჩამოსულა და კინოფილმების გარჩევას გამოცდაზე ლექსადა სწერსო.

ერთი დარბაისელი კაცი შემოვიდა, გამომკითხა, ვინა ვარ და საიდანა ვარ. მოვუყევი, რატომ მიყვარს კინო. მერე იმ კაცმა მხარზე ხელი დამადო და მითხრა: შვილო, მიგიღებთ, ოღონდ ჩემი თხოვნა იქნება, თბილისმა არ გაგაფუჭოს!

წავიდა ის კაცი. მერეღა გავიგე, რომ ინსტიტუტის მაშინდელი რექტორი იყო. აი ახლა, ინსტიტუტის წინ ფეხქვეშ ასფალტი ჩამენგრა, ვზივარ იმ ორმოში და თან იმ კაცის ხმა მესმის, თან საშას მუქარა, რომ მომიხსნის სტიპენდიას.

რა ვქნა, ჰა?

ამოვფოფხდი მაღლა და დარდიანი შევედი ინსტიტუტში.

მერეც დარდიანი დავდიოდი, ვიცოდი, შემისრულებდა ბატონი საშა დანაპირებს.

დადგა სტიპენდიების გაცემის დღე.

მე, რა თქმა უნდა, სალაროსთან არ მივსულვარ, მაგრამ ჩემმა თანაკურსელმა მითხრა, მოლარე გეძახისო. გულში იმედი ჩამესახა. ორმოცი მანეთი მქონდა, რაკი ოთხები მეწერა საგამოცდო მატრიკულში.

ხუთოსნებს ორმოცდაათ მანეთს აძელვდნენ. ახმეტელის სახელობის სტიპენდიანტებს – სამოცს, მარჯანიშვილისას – ოთხმოცს, ხოლო ლენინურ სტიპენდიანტებს – ას მანეთს.

– ჩოხელო, რატომ არ იღებს სტიპენდიას, ჰა? – გამიღიმა მოლარემ.

– აღარა მაქვს, მომიხსნა ბატონმა საშამ.

– მოგიხსნა კი არა, მოგიმატა, აჰა – მომაწოდა ფული მოლარემ.

დავითვალე და ასი მანეთია. სამოცს უკან ვუბრუნებ, შეგეშალათ-მეთქი.

– არაფერიც არ შემეშალა, ბატონმა საშამ ლენინური სტიპენდია დაგინიშნაო – ისევ გამიღიმა მოლარემ.

წამოვედი გახარებული. რესტორან „თბილისში“ მაშინ კაცი ათი მანეთი ჯდებოდა.

მერე გავიგე, როცა ბატონმა საშამ ჩემზე ითხოვა ლენინური სტიპენდია დავუნიშნოთო, პროფესორ-მასწავლებლებს გაკვირვებით უკითხავთ, კი მაგრამ რა დამსახურებისთვისო?!

– ამ ხნის კაცი ვარ და ჯერ არ მინახავს, რომ ამოდენა თბილისში, ამდენი ხალხი რომ მიდი-მოდის, ვინმეს ფეხქვეშ მიწა ჩანგრეოდეს და მიწაშე ჩავარდნილიყოს. მაინცდამაინც მაგ საწყალ მთის ბიჭს ჩაენგრა ფეხქვეშ მიწა და ვინ იცის, რა შიში ჭამა. ეს ჩემი პირადი თხოვნაა თქვენდამი, რომ დავუნიშნოთ ლენინური სტიპენდია, – ასე უთხოვია მათთვის ბატონ საშას, ახლა უკვე ჩემს ძია საშას. კომკავშირის „ცეკელებისაგანაც“ ძია საშამ დამიხსნა.

რაკი ლენინური სტიპენდიანტი ვიყავი, უნდოდათ დავალებები მოეცათ და ინსტიტუტში მომადგნენ წასაყვანად.

– ვერ გამოვუშვებ! – მკაცრად განუცხადა ძია საშამ.

– რატომ?! – გაუკვირდათ იმათ.

– რეპეტიციები აქვს, როლს თამაშობს.

– რა როლს? – დაინტერესდნენ.

– მეცხვარის როლს! – არ დაიბნა ძია საშა.

– რა პიესაა?

– აღდგომა! – ეს სიტყვა რატომღაც დამარცვლით უთხრა ძია საშამ.

ისინი ნაწყენი სახეებით წავიდნენ.

ძია საშაც წავიდა ამ ქვეყნიდან – და ახლა, როცა ძალიან მომენატრება, სულეთის ქვეყნისაკენ მივაპყრობ ხოლმე გულისყურს და მაშინ, თითქოს ცხადში, ისე ვხედავ ძია საშას: თან მიღიმის, თან თითს მიქნევს და რაღაცას მეძახის მკაცრი ტონით იქიდან.

ალბათ მაიმედებს – ყოჩაღად იყავი, ჩემო მეცხვარე ბიჭო, არ ჩაუმუხლო წუთისოფელს!

– და მისი შემხედვარე, მეც იმწუთას ვმხნევდები, აღარ მეშინია, რომ კიდევ ჩამენგრევა ფეხქვეშ მიწა; ვიცი, თუ ასე მოხდა, ჩემი ძია საშა იმდენს შესძლებს, იქიდანაც მოახერხებს და მისი სულის ნათელი დამეხმარება აქ, თანაც მჯერა მთელი სულით და გულით, მთელი ჩემი არსებით მჯერა იქნება, იქნება, აუცილებლად კიდევ იქნება აღდგომა..