Skip to content

ვიდრე სამყარო ჭკუიდან შეგშლის

გერმანელ მწერალს, მორი გოტლიბ საფირს, ერთმა მოქიშპე მწერალმა, კამათისას უთხრა: “ბატონო საფირ, თუ დააკვირდით, მთელი კამათის განმავლობაში, მე მხოლოდ ღირსებაზე ვლაპარაკობ, თქვენ კი მხოლოდ ფულზეო!”. საფირმა ახედა მოქიშპეს და მიუგო: “ყველაფერი რიგზეა კოლეგავ, რადგან გამოდის, რომ ჩვენ ორივე მთელი ამ კამათის განმავლობაში სწორედ იმაზე ვლაპარაკობთ, რაც ცხოვრებაში ყველაზე მეტად გვაკლია”…
ეს სიტყვები გამახსნდა, როდესაც ჩემმა მეგობარმა თავისი ერთ-ერთი მორიგი სასიყვარულო ურთიერთობის დამთავრების შესახებ მამცნო. მოკლედ რომ დავახასიათო, ის არის ადამიანი, რომელიც ყოველთვის იმას ირწმუნება, რომ აკეთებს რაც უნდა და არავის აზრს მისთვის მნიშვნელობა არ აქვს, ყოველთვის არის ისე, როგორც თვითონ გადაწყვეტს. მეც მისი მესმოდა (ალბათ უფრო მინდოდა, რომ გამეგო), რადგან ყოველთვის ვარწმუნებდი საკუთარ თავს და სხვებსაც, რომ ხშირად ვაკეთებ იმას რაც მინდა. თითქოსდა ვამტკიცებდი საკუთარი გამოცდილებიდან, რომ თუ არ შეიძლება მაგრამ ძალიან გინდა… ე.ი. ის შეიძლება,..
– იცი ანას დავშორდი…
– რატომ? შენ ხომ ამტკიცებდი, რომ ანა სწორედ ის ქალი იყო ვისაც ეძებდი?
– ხო, მაგრამ ასე გადავწყვიტე, თავისუფლებას ვერ შეველევი, თუმცა, უკვე ახალი მყავს და უფრო მომხიბვლელი, ხვალვე გაგაცნობ.
(არასოდეს გამიკრიტიკებია მსგავსი საქციელის გამო, ეს მისთვის არც პირველი იყო და ვფიქრობდი არც უკანასკნელი, თანაც დარწმუნებული ვიყავი რომ ადამიანის გამოსწორება შეუძლებელია, ისინი ან ისეთებად უნდა მიიღო როგორებიც არიან, ან უბრალოდ გაეცალო. მაგრამ იმ დროს, სურვილი გამიჩნდა ყველაფერი გამერკვია, არა მისთვის, არამედ საკუთარ თავში…)
– მშიშარა ხარ,..
– კარგი რააა ნინო, დაივიწყე
– არ შეიძლება ადამიანებით ასე თამაში, ერთხელაც მოვა დრო, როცა შენც ისევე მოგექცევიან როგორც შენ სხვებს ექცევი და საკუთარ თავზე გამოცდი იმ ტკივილს რასაც სხვებს შენი ”სპორტული” ინტერესის გამო აყენებ. დიახ გეშინია, პასუხისმგებლობების გეშინია
– უკვე გამოვცადე
– რა?
– მას შვილი ჰყავს და მე არ შემიძლია,..
– საზოგადოება? რას იტყვის დედა, მამა, და, ძმა, ნათესავები და მეგობრები, რა პასუხს გასცემ როდესაც მათ წინაშე ”სამსჯავროზე” წარსდგები,.. რა პასუხს გასცემ მეგობარს, რომელიც გკითხავს რატომ შეხვდი იმ გოგოს, ის ხომ შენი ”ღირსი” არ არის, ამ დროს კი უბრალოდ გინდა თქვა, რომ ის ”უღირსი” ერთ-ერთია იმ მცირეთაგან, რომელსაც მართლა ესმის შენი და ყოველთვის გაგიგებს, მაგრამ ასე როგორ ”დაეშვები” და პასუხობ – ”შემეცოდა იმდენი მეხვეწა და შევხვდი”. რეალურად კი შენ თხოვე დახმარება, შენ გინდოდა მასთან საუბარი, მასთან ისეთი ხარ, როგორიც რეალურად ხარ და არა ის, ვინც სხვებს უნდათ რომ იყო.
(არ ვიცი ამით ნიკას ვუმტკიცებდი თავის უსუსურობას, თუ საკუთარ თავთან ვაღიარებდი, იმას, რისი აღიარებაც ყოველთვის მიჭირდა.)
– ხო არ ვიცი, მაგრამ არ მინდა ცხოვრება დავინგრიო, ყველასთვის თითით საჩვენებელი გავხდე, ამით ხომ მასაც დისკომფორტს შევუქმნი, ისედაც უამრავი პრობლემა მაქვს,..
გავჩუმდი. იმიტომ კი არა, რომ სათქმელი არაფერი მქონდა, იმიტომ რომ იმდენად ბევრი რამ მინდოდა მისთვის მეთქვა, რომ შემეშინდა ( კი, მეც მეშინია, მეშინია საკუთარი სურვილების, მეშინია ამ სურვილების აღიარების, რადგან ვიცი, რომ ისევ ის საზოგადოება არ მომცემს მათი განხორციელების საშუალებას).
… და იწყება ის, რისი სურვილიც ბევრ თქვენგანს ცხოვრებაში ერთხელ მაინც გასჩენია – გაქცევა საკუთარი თავისგან. მიდიხარ, არ იცი სად. გაურბიხარ, არ იცი ვის და რატომ. მოგბეზრდა – ყველა და ყველაფერი, უფრო და უფრო შორდები, მათ ვინც შენთვის ყველაზე ძვირფასია. სწორედ მაშინ გჭირდება ადამიანი, ვინც უბრალოდ გეტყვის – ”ყველაფერი კარგად იქნება!”
ამ დროს კი ჩვენ : მილიონ სიტყვას ვამბობთ, მაგრამ მთავარის თქმა ყოველთვის გვიჭირს.. ასობით ადამიანს ვხვდებით, მაშინ როცა გვენატრება მხოლოდ ერთი.. ვამბობთ, რომ ყველაფერი კარგადაა, როცა ძალიან ცუდად ვართ.. ხელებს ჯიბეში ვიწყობთ, როდესაც ხელის ჩაკიდება გვინდა..
P.S. უბრალოდ გჯეროდეს და გაიღიმეეე .. 🙂
უნდა იცინო იმაზე, რაც გაწუხებს, თორემ სამყარო ჭკუიდან შეგშლის.

დიდ მადლობას ვუხდით ნინო დარბაისელს ნაშრომის გამოგზავნისათვის