Skip to content

გლობალიზაცია და ადამიანური თავისუფლება

ადამიანთა უმეტეს უმრავლესობას რომ ჰკითხო – რას ნიშნავს თქვენთვის დედამიწა? დაუფიქრებლად გიპასუხებს, რომ დედამიწა მისი სახლია, სახლი სადაც იგი ცხოვრობს და ასპარეზია, სადაც იგი მოღვაწეობს დაბადებიდან სიკვდილამდე. უმრავლესობა აუცილებლად გაგვცემს პასუხს, რადგან ეს, ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, ადამიანური თავმოყვარეობის საკითხია და რომ ასეთ კითხვაზე პასუხი ერთმნიშვნელოვანია და მის მიერ გაზრებულიც. აქვე აუცილებელია არ დაგვავიწყდეს რომ ამ ადამიანებში ვერ ვიპოვით ორ მსგავს ადამიანს, რომელთაც აბსოლიტურად მსგავსი ღირებულებები და პრინციპები ექნებათ. უმთავრესია ისიც, რომ ბევრს მსგავსი კითხვა მაღალფარდოვანი და მეტაფორული მოეჩვენება, მაგრამ პასუხს მაინც გაგცემთ და ეს პასუხი აუცილებლად ასეთი იქნება. ასე გვიპასუხებს სხვადასხვა რასის, რელიგიის თუ მრწამსის ადამიანი და ეს ნორმალური იქნება რადგან მარტივი ლოგიკით ჩვენ ყველა ამ პლანეტაზე ვარსებობთ და თუ ეს პასუხი ამ მომენტისთვის მართლაც რომ მეტაფორული ჩანს, მხოლოდ იმიტომ რომ არგუმენტად ვაქციოთ ისევ და ისევ გლობალიზაციის პროცესის ობიექტურობის და ლოგიკურობის ნათელსაყოფად. იმავე ადამიანთა უმეტესობაში ძალიან ბევრისთვის ეს კითხვა აღმაშფოთებელი და უარსაყოფი გახდება თუ სიტყვა — “დედამიწას” ჩავანაცვლებთ სიტყვით “გლობალიზაცია”. კითხვაზე – რას ნიშნავს თქვენთვის გლობალიზაცია? ასევე დაუფიქრებლად და აღშფოთებული გვიპასუხებს რომ ეს კაცობრიობის წინააღმდეგ მიმართული მოვლენაა და რომ ამ პროცესს ყველანაირად წინ უნდა აღვუდგეთ. აუცილებლად მოიყვანენ მაგალითებს თუ როგორ რეგრესულად მოქმედებს ის ქვეყნებზე და ზოგადად კაცობრიობაზე. (ძალიან კარგი მაგალითი აქვს მოყვანილი ტომ ჯ. პალმერს თავის სტატიაში “გლობალიზაცია – ეს კარგია”, ლათინო ამერიკელი ინდიელების ყოფაზე. სადაც ჩანს: თითქოს რა საცოდავები არიან ადგილობრივი ინდიელები გლობალიზაციის გამო. ავტ. შენ.) იმდენად დიდია დღეს ანტიგლობალიზმის ტენდენცია დედამიწაზე რომ (გავიხსენოთ სულ უკანასკნელი მოვლენები გერმანიაში, დიდი რვიანის ქვეყნების კონფერენციას რომ ახლდა.) ბევრ მოაზროვნე ადამიანს გაუჩნდება კითხვა, იქნებ მართლაც ასეთი ნეგატიური პროცესია კაცობრიობისთვის ის, რასაც უამრავი ადამიანი ეწინააღმდეგება. მაგრამ არ უნდა დაგვავიწყდეს ის უმთავრესი ფაქტორი, რომლის აპელირებითაც ცდილობენ ადამიანებს დაანახონ გლობალიზმის ნეგატიური შედეგები. იქნება ეს მსოფლიო ეკოლოგიური პრობლემები თუ ე.წ. საზოგადოების მასიური დეგრადაციის და ტრადიციული ღირებულებების დაკარგვა. ანტიგლობალისტური მოძრაობის სლოგანები ემსახურება კაცობრიობის გადარჩენას, ერების თვითგამორკვევას, ყოველი ანტიგლობალისტი თვლის რომ გლობალიზმი, როგორც იდეოლოგია, ართმევს მას ინდივიდუალიზმს, ეროვნულ ტრადიციებს, ეკონომიკურ თავისუფლებას და აძალებს იცხოვროს “თავსმოხვეულ თავისუფლებაში”, სადაც წართმეული აქვს არჩევანის თავისუფლება. ერთი შეხედვით შეიძლება მართლა გაიფიქროს ადამიანმა რომ გლობალიზმი მართლაც რომ “თავსმოხვეული თავისუფლებაა”. მაგრამ ადამიანებს გვაქვს გონება და რაციონალურად მსჯელობის უნარი, საკმარისია მსგავს სლოგანებზე თუ მოწოდებებზე დავფიქრდეთ და გავიაზროთ გლობალიზმის იდეა, გავიხსენოთ ადამიანური თავისუფლების უმთავრესი პრინციპები რომლისკენაც ადამიანები დაუსრულებლად მიისწრაფვიან. შევადაროთ ის თანამედროვე ადამიანური შესაძლებლობების მოთხოვნებს და ცხადი გახდება: კაცობრიობის ისტორია მსოფლიო გლობალიზმის მიღწევის მცდელობა იყო ყოველთვის და დღეს კაცობრიობა ძალიან ახლოსაა მიზანთან! ყოველი ადამიანისთვის დედამიწა “სახლია” სადაც ის ცხოვრობს, “სახლი რომელშიც არ შეიძლება ჩავიკეტოთ და უარესი, გვერდით ოთახებში გასასვლელი კარებებიც გადავკეტოთ”, მეტეფორულია ეს შედარება და შეიძლება ემოციურიც, მაგრამ სხვას ვერაფერს შევადარებ იმ ადამიანების მცდელობებს, რომლებიც თვლიან, რომ კოკა-კოლა, ინტერნეტი, თავისუფალი მიმოსვლა, ღია საზღვრები და ყველაზე მთავარი, თავისუფალი ბაზარი მათი ინტერესების საწინააღმდეგოდაა მიმართული. მსოფლიო მეტისმეტად პატარაა იმისთვის, რომ ადამიანებმა საკუთარი თავისუფლების ფასი, საკუთარ “სახლებში გამოკეტილებმა,” ბოლომდე შეიგრძნონ და შესაძლებლობების მაქსიმუმი ბოლომდე გამოავლინონ. ჩემთვის, როგორც ერთი რიგითი ადამიანისთვის, შეიძლება სრულებით საკმარისი ყოფილიყო და მეცხოვრა ისე, რომ არ მეგრძნო გლობალიზმის იდეის პოზიტიურობა, მაგრამ მე, დღეს, XXI საუკენეში ვცხოვრობ და მაქვს შესაძლებლობა ვიცხოვრო ნებისმიერი ერის კულტურით, ნებისმიერ ქვეყანაში, ნებისმიერ დროს და ნებისმიერ ადგილას მქონდეს საკუთრების უფლება და ვაკეთო ის საქმე, რაც მე მინდა. მთავარია შევძლო და ავირჩიო ის, რაც ჩემთვის მისაღებია და არსებითი. სწორედ აქ ვლინდება ჩემი, როგორც ადამიანის თავისუფლების ხარისხი.

ესსეს ამ ერთგვარ შესავალ მსჯელობაში, კრიტიკული თვალი აუცილებლად მოითხოვს მსჯელობის მეთოდურად და თეორიულად დასაბუთებას და კრიტიკული შენიშვნებიც ძირირითადად ასეთი იქნება: მსჯელობა მხოლოდ კითხვის დასმის მცდელობაა, აქედან გამომდინარე, დიდია ზედაპირულობის დონე და პასუხებიც არ ემყარება სოციოლოგიურ გამოკვლევებს. ასევე, კითხვის არსი არ არის ერთმნიშვნელოვნად გამოხატული და შედარებებიც უფრო მეტაფორულია, ვიდრე ლოგიკური და ერთარსობრივი.

აუცილებლად სუბიექტურობაში ჩამეთვლება რაც ზემოთ დავწერე. სწორედ ამიტომ, საჭიროდ ვთვლი რომ ავღნიშნო, ესსეს დაწერის მიზანი სწორედ ამ მსჯელობის გაშლა და მისი მეთოდურად დასაბუთების მცდელობაა. მცდელობა იმის, რომ ბევრი სხვა ადამიანის აზრიც გამოვთქვა, ამის უფლებას კი ისევ და ისევ იმიტომ ვაძლევ ჩემს თავს, რომ მე საზოგადოების წევრი ვარ და “საკუთარ სახლშიც არ ვარ გამოკეტილი”. პირველი, რისი დასაბუთებასაც შევეცდები, არის ის, რომ ერთგვარი მეტეფორული კითხვები, დედამიწის არსის და გლობალიზმის იდეის ერთიანობაზე, შეიძლება იყოს ლოგიკური და არა “იდეებით თამაში” საკუთარი პოზიციის დასაცავად. ერთ შემთხვევაში, თუკი ადამიანთა უმრავლესობა გვიპასუხებს, რომ დედამიწა მისი სახლია და ჩევნ მას გავიგებთ პირდაპირი მნიშვნელობით რომ მას მართლაც აქვს საკუთრება ამ პლანეტაზე, კონკრეტული ქონებით, მაშინ ლოგიკურია თუ ვიტყვით, რომ მისი თავისუფლების ხარისხი სწორედ ამ საკუთრების უფლების მოხმარების ხარისხით განისაზღვრება. მეორე შემთხვევაში, თუ ადამიანი კითხვას მეტაფორულად გაიგებს და ასევე მეტაფორულად და ემოციურად გვიპასუხებს რომ “დედამიწა მისი სახლია”, ჩვენ მაინც შეგვეძლება ლოგიკური ახსნის მოძიება, რადგან, მას, მიუხედავად მისი პასუხისა, აუცილებლად აქვს უფლება ჩათვალოს დედამიწა “თავის სახლად,” მიუხედავად იმისა, აქვს თუ არა ფიზიკურად რაიმე ქონება ამ პლანეტაზე, რადგან იგი ადამიანია და არქონის შემთხვევაშიც აქვს გონებრივი თუ ფიზიკური შესაძლებლობა მოიპოვოს ქონება დედამიწაზე და შესაბამისად მოიპოვოს თავისუფალი მოხმარების ხარისხიც. თუ ყოველივე ამას მხოლოდ ადამიანური თავისუფლების პრობლემად ჩავთვლით, და ვიკითხავთ რა საჭიროა “გლობალიზირებული ღია მსოფლიო” თუ ადამიანს ისედაც ექნება შესაძლებლობა საკუთარი თავისუფლება მაქსიმალურად უზრუნველყოს, მაშინ პასუხის მოძებნა შეუძლებელი ნამდვილად არ იქნება და ლოგიკური იქნება ის კავშირიც, რომელსაც ეს პასუხი დაგვანახებს. წინა მსჯელობაში ყურადღება გავამახვილეთ ადამიანის კერძო საკუთრებაზე და ადამიანური თავისუფლების ხარისხის განსაზღვრაც საკუთრების ქონა-არქონის ხარისხით განვსაზღვრეთ, რადგანაც ეს საყოველთაოდ აღიარებულია და ამის შესახებ ადამიანები უკვე აღარ კამათობენ. აქედან გამომდინარე, საკმარისია კაცობრიობის ისტორიას გადავხედოთ უძველესი ხანიდან დღემდე, რომ, ნათელი გახდება თანამედროვე სამყაროში ადამიანური თავისუფლება და გლობალიზაცია თანამდევი პროცესებია. როგორი თავისუფალიც არ უნდა ყოფილიყო ათენის მოქალაქე, მისი თავისუფლების ხარისხიც საკუთარი ქალაქის კედლებთან მთავრდებოდა, ვერასოდეს ისარგებლებდა ჩინური ქაღალდით ან მაიას ტომის უზუსტესი კალენდრით, მიუხედავად იმისა, რომ ბერძენი გენიოსების დამსახურებაა სწორედ ამ თავისუფლებისკენ სწრაფვა, მაკედონელმა მსოფლიოს მესამედი დაიპყრო მაგრამ ვერავინ იტყის ადამიანებს საკუთარი შესაძლებლობების რეალიზების საშუალება მოუტანაო. რომაელები პირველები იყვნენ ვინც კანონის უზენაესობა უმაღლეს რანგში აიყვანეს, მაგრამ, მათი შესაძლებლობები ატილას ბრბოებთან დასრულდა, აქედან მოყოლებული, ადამიანის თავისუფლებისკენ სწრაფვა მხოლოდ აზროვნების თავისუფლებაში ხორციელდებოდა საუკუნეების მანძილზე, და მხოლოდ აზროვნების გენიოსებს შეეძლოთ გაეგოთ, რომ, ადამიანის გონებას დაუსრულებელი შესაძლებლობები ჰქონდა. ბრუნო, ნიუტონი, ჰობსი, კანტი, ჰეგელი, სმითი, მილი უამრავი გენიოსი დამოუკიდებლად ცდილობდა აზროვნებაში განევრცოთ ის თავისუფლება, რომელიც ფიზიკურად ყოველთვის შემოსაზღვრული იყო სახელმწიფო საზღვრებით, თუ რეალური შესაძლებლობებით. შეიძლება ხმამაღალი ნათქვამი იყოს, მაგრამ, ყველა ის უარყოფითი ტენდენცია, რაც კი კაცობრიობას განვითარების გზაზე თან სდევდა, სახელმწიფოთა შორისი აგრესიიდან, ნაციონალური გაუცხოებიდან დაწყებული და მსოფლიო ომებით დამთავრებული, მხოლოდ და მხოლოდ ჩაკეტილი ურთიერთობებით და ინფორმაციის ნაკლებობით იყო გამოწვეული, ხოლო ამას თუ დაუმატებთ იმ დაუოკებელ ადამიანურ, თუ ნაციონალურ მისწრაფებებს, ეკონომიკური, პოლიტიკური და კულტურული ღირებულებების დომინაციის თვალსაზრისით, მაშინდელ მსოფლიოში, მგონი ცხადი უნდა იყოს ის ვიწრო სახელმწიფოებრივი თუ ადამიანურ-სუბიექტური საფუძვლები, რასაც მსოფლიოსთვის და ადამიანისთვის ამდენი ზიანი მოჰქონდა.

მსჯელობის ასეთმა განვითარებამ კრიტიკული მკითხველისთვის შეიძლება ახალი კონტრარგუმენტები წარმოშვას იმის შესახებ, რომ, თუ კი ისტორიულად ადამიანის თავისუფლება და მსოფლიოს არა გლობალურად გაგება ამდენი ცუდის მომტანი იყო კაცობრიობისთვის, მაშინ რატომ იყო, რომ, იმავე გენიოსებს არ გაუჩნდათ გლობალიზაციის იდეა XX ს. მეორე ნახევრამდე? რომ ნიუტონი ინგლისს არ გასცილებია მაგრამ სულაც არ დასჭირვებია მსოფლიოს გლობალური აღქმა საკუთარი მიღწევებისთვის. ანდა, თუ კი ყველა სახელმწიფოთა შორის დაპირისპირებას არაგლობალიზმს დავაბრალებთ და მსოფლიო ომებს სწორედ ერთი სახელმწიფოს მიერ გლობალიზმის იდეის გახორციელების ცდას მივაწერთ, მაშინ რას ვიტყვით თანამედროვე გლობალურ ეპოქაზე, სადაც სწორედ ამ გლობალიზმის გამო ხდება ამდენი სახელმწიფოთა შორისი თუ რელიგიური დაპირისპირება და ომები?
მე ვფიქრობ ასეთი კრიტიკული შენიშვნები აადვილებს გლობალიზმის და ადამიანური თავისუფლების ერთიანობის გაგებას. ლოგიკური იქნება თუ ვიტყვით რომ სწორედ იმ გენიოსების დამსახურებაა გლობალური მსოფლიო ვისაც კონკრეტულად არ ჩამოუყალიბებია თეორია “გლობალიზაციის შესახებ”. ბოლოს კი, ყველაზე მთავარი, კონკრეტული მაგალითების საფუძველზე: წარმოუდგენია ვინმეს, რომ აშშ კონფლიქტში მოვიდეს ევროპასთან ან პირიქით? ან იაპონია დაუპირისპირდეს ჰონკონგს იარაღით? ზოგადად კი, შესაძლებელია გლობალიზმის იდეის მომხრე ადამიანები დაუპირისპირდნენ ერთმანეთს? პასუხი აქ ნამდვილად ერთმნიშვნელოვანია, არა! იმიტომ რომ ამ ადამიანებს დრო და სურვილი არ აქვთ ამისთვის. გლობალურ და ლიბერალურ საზოგადოებაში, ადამიანის ერთადერთი სურვილი სწორედ მათი პიროვნული თავისუფლების და შესაძლებლობების რეალიზაციისკენ სწრაფვაა. მეორეს მხრივ კი, სახეზე გვაქვს ანტიგლობალისტთა მუდმივი ანარქისტული და საზოგადოების წინააღმდეგ მიმართული აქციები, დარბევები და დროის ფუჭად ფლანგვა, იმის მაგიერ რომ მათ საკუთარი თავისუფლების მიღწევისთვის იღვაწონ. ანტიგლობალისტურად განწყობილ სახელმწიფოთა შორის კი მუდმივი დაპირისპირებაა, მათი დამსახურებაა მსოფლიოს მთავარი საფრთხე – ტერორიზმი.

დასკვნის სახით მინდა ყურადღება გავამახვილო კონკრეტულ მაგალითებზე და ფაქტებზე რომელთა უმრავლესობა საკუთარ თავზე გვაქვს გამოცდილი, ან იმდენად ცნობილია საზოგადოებისთვის რომ კამათის საფუძვლებს მოკლებულია. გლობალიზაცია, ეს ერთიანი, ღია მსოფლიოა, ოღონდ არა ერთაიანი სიმბოლიკით, როგორც სახელმწიფო, რადგან პოლიტიკური რეგულირება ცალკე განსჯის საგანია და მე ვფიქრობ ერთერთი მიზეზია საზოგადოების უკმაყოფილების ზოგადად.
ადამიანის თავისუფლება ემყრება პიროვნული ღირსების რწმენის, მრწამსის და რელიგიის თავისუფლებას, ეს ყოველივე კი ეფუძნება საკუთრების და ქონების ქონის უფლების თავისუფლებას, როდესაც ადამიანს აქვს უფლება საკუთარი შესაძლებლობის შესაბამისად დააგროვოს ქონება და მოახდინოს თავისუფალი გაცვლა-გამოცვლა სხვა ადამიანთან. ესაა უმნიშვნელოვანესი ადამიანური თავისუფლების განსაცდელად.
გლობალიზაციის პროცესი არასდროს ყოფილა ვინმეს მიერ დაგეგმილი და შესაბამისად განხორციელებულიც, კონკრეტული პიროვნების ან კონკრეტული ჯგუფის ინტერესების განხორციელების ხელშესაწყობად. გლობალიზაცია ეს ადამიანური მისწრაფებების შეუქცევადობის შედეგია და ყოველთვის ადამიანთა საერთო, თუ ინდივიდუალური მისწრაფებების შედეგი იყო, ამიტომაცაა რომ გლობალიზაციის პროცესს გამართლება და მით უმეტეს დაცვა არ სჭირდება. თუ რატომ? ეს ჩემი დასკვნის ერთერთი მიზანია.
ნებისმიერ ადამიანს სჭირდება გლობალიზირებული, ღია მსოფლიო საკუთარი შესაძლებლობების ასპარეზად, ნურავინ იტყვის, რომ დღეს შეუფერხებელი მიმოსვლა მსოფლიოს ნებისმიერ კუთხეში ცუდია, ან უსწრაფესი საგებლობა საფოსტო გზავნილებით, საბანკო თუ ინტერნეტ საშუალებებით ეს ცუდად მოქმედებს ადამიანთა ცხოვრებაზე, თუკი მე შემიძლია თბილისში ვიყიდო ზელანდიური კარაქი ან ჰოლანდიური ყველი, რომლის გამოშვების თარიღიც სულ რამოდენიმე დღეს ითვლის, არ ნიშნავს იმას, რომ, გლობალიზაციის პროცესმა აუკრძალა ქართველ ბიზნესმენებს ამავე პროდუქტის წარმოება, პირიქით, ეს მათ ასწავლის აწარმოონ ის, რისი წარმოებაც უკეთ შეუძლიათ, მაგალითად ღვინო, ტურიზმი და ა.შ. ან თუნდაც იგივე Yყველი ან კარაქი, ოღონდ ხარისხიანი.

წარმოვიდგინოთ უბრალოდ ასეთი ფაქტი, ჩემი მეგობარი რომელიც ნამდვილად გამოირჩევა გონებრივი შესძლებლობებით, თუ ცხოვრებისეული გამოცდილებით, ეწინააღმდეგება გლობალიზაციის პროცესს, თვლის, რომ, გლობალიზაცია ართმევს მას და მის ახლობლებს შესაძლებლობას შეინარჩუნონ საკუთარი ტრადიციები, აიძულებს შეიძინოს უხარისხო, სხვა ქვეყნების პროდუქცია და უფრო მეტად ელოდოს მისთვის სასურველი მომავლის განადგურებს. მაგრამ, კითხვაზე _ თუ რატომ მიირთმევს ყოველ საღამო ვახშამზე ფრანგულ ღვინოს, ან რატომ ახარებს საკუთარ ბავშვებს ჩინური სათამაშოებით, ხოლო საკუთარი საქმიანობის წარმატებისთვის რატომ იყენებს შრომის დანაწილებას, ან ყველა იმ თანამედროვე კომუნიკაციის შესაძლებლობებს? ის უბრალოდ პასუხობს, რომ ეს ეპოქის და ადამიანის განვითარების შედეგია. ყოველივე ამის შემდეგ კი დასკვნა ერთია _ ასეთი ადამიანები უბრალოდ სიტყვა გლობალიზაციას ვერ იტანენ, რადგანაც ეპოქის რეალობა სწორედ რომ გლობალიზმის და საზოგადოების ლიბერალიზაციის შედეგია. ეს კი ახალ პრობლემას წარმოშობს და ეს პრობლემა საერთო საზოგადოებრივი აზროვნების შედეგი არაა, რადგან, ადამიანს რომელსაც სჯერა საკუთარი გონებრივი თუ ფიზიკური შესაძლებლობების და იცის როგორ მიაღწიოს სასურველ შედეგს, არასოდეს მოუნდება უარყოს ის პოზიტიური ფაქტორები რაც მსოფლიო გლობალიზაციის პროცესს ახლავს.

ნებისმიერი ადამიანი კითხვაზე: სურს თუ არა იცხოვროს გლობალიზირებულ მსოფლიოში საკუთარი თავისუფლების იმედად? უპასუხებს: კი. რადგან დედამიწა მისი ცხოვრების ასპარეზია და რაც უფრო ხელმისაწვდომი იქნება მისთვის ყველა ის საშუალება რაც კი ადამიანს შეუქმნია მის სხვადასხვა ნაწილში, ეს მისთვის მხოლოდ და მხოლოდ პოზიტიური და არსებითი იქნება ისევ და ისევ საკუთარი კეთილდღეობის უზრუნველსაყოფად.
შენიშვნა: თემა კატონის ინსტიტუტის და ატლასის ფონდის პროექტის inliberty.ru-ს მიერ დაჯილდოვდა სპეციალური პრიზით, 2007 წ. აგვისტო-სექტემბერში, ქ. ალუშტაში, უკრაინა, გამართულ საზაფხულო სკოლა – თავისუფლება და გლობალიზაცია

ავტორი: გიორგი ჩიქოვანი
10 ივნისი 2007 წ.