Skip to content

დათა თუთაშხია ვაჟა-ფშაველას „არწივზე“

არაკი ვიცი ერთი მე, ჩვენი არ არის ის. ლომია დაჭრილი იმ არაკში, სისხლი მოსდის მკერდიდან და გარშემო აფთრებს სიხარული აქვთ და ზეიმი, ლომი რომ მოკვდება და ლეში მათ რომ დარჩებათ, იმიტომ გაგულისდება ლომი, მოიკრეფს უკანასკნელ ძალ-ღონეს, წამოუხტება აფთრებს, სისხლის გუბეს დააყენებს, მათსას. იბრძოლებს დიდს, გამოელევა ილაჯი, ჩავარდება მათი სისხლის გუბეში და ბანაობს შიგ. ასეა არაკში, რომ მტრის და მოშურნის სისხლმა უნდა მოუშუშოს და შეუხორცოს ჭრილობა ლომს. ახლა, “არჭივი” რომ არის, ქათული ლექსი: მისი დამწერი დიდი კაცია ძალიან, ქართველებში ყველაზე დიდი იყოს, იქნება დღეს. იცით თქვენ ეს. ამ დიდ კაცს რატომ არ მოუვიდა აზრად ნეტავი, მისი არწივიც რომ წამოფრენოდა ყვავ-ყორანს, ბუმბული გაეფანტა მათი და შვება მიცემოდა ამით? რატომ და, ასე რომ ექნა, გაბოროტების და ჯავრის ამოყრის მაგალითი უნდა მიეცა სხვისთვის. არ ქნა მან ეს. მესამედ გაიმეორებ შენთვის თუ პირველად წაიკითხავ – არწივის სიბრალული, თანაგრძნობა გეწვევა კაცს ჯერ, მის მხარეზე დაგაყენებს, ღონემიხდილს და განწირულს შეგაყვარებს ლექსი. მაგ კაცს განგებისგან აქვს მადლი დასხმული საამისოდ, ადვილად შეუძლია ეს. შეგაყვარა და რომ მიაღწია ამას, გენდობა უკვე. იცის, რასაც გააკეთებ, სიყვარულიდან გამოსული იქნება ის. ამიტომ არის, რომ არ გირჩევს და არ გეუბნება, ასე და ასე მოექეციო.