“- რა არის სიცოცხლე?
– სიცოცხლე სევდა არის, ადამიანად ყოფნის ტკბილი სევდა.
– სიკვდილი?
– სიკვდილიც სევდა არის, ადამიანად არყოფნის სევდა..”
“ამ დედამიწაზე ყველაფერს თავისი სახელი ჰქვია. მოვალთ ადამიანები, დაგვარქმევენ ახლობლები სახელებს, ვივლით ამ სახელით იმდენ ხანს, რამდენი ხანიც გვიწერია ამ ცის ქვეშ ყოფნა და წავალთ… მივებარებით საცხონებლად შემოქმედს ჩვენსას “სახელითა მამისათა და ძისათა და სულისა წმინდისათა, აწ და მარადის, უკუნითი უკინისამდე…”
იქით რა არის არავინ იცის, აქეთ კი მარტო სახელი გვრჩება. სახელს ალამაზებს ადამიანი და ადამიანს ალამაზებს სახელიო…
რამდენს, რამდენს ცხოვრებაზე გამწარებულს წაჰყოლია სახელის სევდა…
რამდენს მიუმატებია სახელისთვის სახელი..
რამდენი დარჩენილა უსახელოდ..
რამდენი ეძებს სახელს…
და კიდევ რამდენი ჰკარგავს…
ღმერთო, მაღალო, შეიწყნარე ამ მიწაზე ყოველი სახელი ჩვენი, უადგილოდ ნუ დასვამ წერტილს და ნუ მოგვივლენ განსაცდელს მძიმეს, რათა ვადიდოთ სახელი შენი..”
“ადამიანები იმიტომაც ბერდებიან, რომ სხვა ყველაფერთან ერთად, თანდათანობით აკლდებათ სითბო: მშობლების სითბო, შვილების სითბო, შეყვარებულის სითბო, მეგობრებისა და ახლობელი ადამიანების სითბო და რაც მთავარია, იმედის სითბო. ადამიანს, დაბადებიდან, სულ თან დაჰყვება იმედის სითბო, ფიქრობს, რომ ერთხელაც იქნება… მაგრამ რაკი ის რაღაც ამ ქვეყანაზე თურმე არ ხდება, ნელ – ნელა, რაც წლები გადის, თანდათან ქრება იმედის სითბო და მართალია სიკვდილამდე მაინც ღვივის მისი ნაპერწკლები ადამიანის სულში, მაინც საზარელია სიმარტოვის ჟამს საიდანღაც მონაქროლის ამაოების ქარი..”
გ. ჩოხელი
“- რა გადარდებს?
– მარტოობა მადარდებს. ადამიანი ხშირად ხალხშია, მაგრამ მაინც მარტოდ გრძნობს თავს. ზოგჯერ თავის თავიც ეუცხოება, საკუთარ თავს გაურბის. რატომ ხდება ეს? არ ვიცი. საიდან მოვედი ან სად მივდივართ? არც ეს ვიცი..”
“დედამიწა არის მზითა და მთვარით განათებული დიდი წიგნი, სადაც უამრავი ცოცხალი მოთხრობა დადის… იცი, რა დიდებულია ეს წიგნი! თვითონ მოთხრობები უდგამენ კარგ მოთხრობებს ძეგლებს, უხილავი შემოქმედის ხელით იწერება და იშლება ეს წიგნი… დედამიწა იმ დიდი წიგნის ფურცელია, რომელსაც სამყარო ჰქვია… ნეტა სად არის ის დალოცვილი მწერალი, რომლის ხელითაც იწერება ეს დიდი წიგნი… ან დასაწყისი სადა აქვს ამ წიგნს, ან დასასრული… ან იქნებ არ ერთი აქვს და არც მეორე…”
გ. ჩოხელი
“სიყვარულთან ერთად, თუ სიყვარულის გარდა ამ ქვეყანაზე არსებობს ბედისწერა, რომელიც ყველაფერს თუ არა, თითქმის ყველაფერს განაგებს ადამიანის ამქვეყნურ შარაგზაზე, ზოგისთვის რომ მართლა შარაგზა არის და ზოგისთვის კი, მიხვეულ – მოხვეული, ეკლიანი ბილიკი. სიყვარული კი ისეთი ღვთიური გრძნობაა, გინდა შარაგზაზე იდგე და გინდა მიხვეულ – მოხვეულ, ეკლიან ბილიკზე, ამ გრძნობას უიღბლოს ვერ უწოდებ, იმიტომ რომ ის სიყვარულია..”
“როცა გზაზე ადამიანები ხშირად აღარ დადიან, გზამაც მოწყენა იცის. თანდათან ბელტდება და ვიწროვდება. მერე კი სულაც ნაგზევი ხდება და ემატება იმ სიტყვებს, როგორიცაა: ნასოფლარი, ნასაყდრალი, ნასახლარი, ნაფუძარი, ნაცოლარი, და ვინ იცის, კიდევ რამდენი სიტყვა შეემატოს ამ სიტყვებს, ვინ გაიგებს, როგორ ქარს წამოუბერავს ზენაარი დედამიწაზე, თუ ადამიანები საერთოდ დაივიწყებენ ისეთ სიტყვას, როგორიცაა – სიყვარული..”
“გზა შორია დამოლოდინით სავსე. ვერ იტევს უკაცობას. გზა სავსე არის მოლოდინით და ხალხით. გზას პირველს სტკივა ქვეყნის სატკივარი. გზა პირველი მოელის შინმოუსვლელთ. გზას პირველ მოაქვს სიხარული..”
“იცით, ყოველ წელიწადს, იმდენი ყვავილი ამოდის დედამიწაზე, რამდენი ადამიანიც არის იმ წელიწადს შეყვარებული..”
“ცას ვარსკვლავებით იცი რა აწერია? მე მოვდიოდი დასაბამიდან და ჩემი სული ყვავილივით მომქონდა შენთვის..”
“სიყვარული ისეთ ბუნებისაა, დამტკიცებას არ საჭიროებს, იგი თვითონ მტკიცდება იქ, სადაც ფეხს დაადგამს..”
“გეხვეწებით, გაუფრთხილდით სიმარტოვეში ეულად დარჩენილ ბებოებს..”
“ერთხელ სიზმარში გნახე, რომ ბეღურა იყავი და დაფრინავდი. ვიღაცამ ქვა გესროლა და ფრთა მოგტეხა, შენ ჭინჭრებში ჩავარდი. მოვედი, აგიყვანე. კანკალებდი. მე უბეში ჩაგისვი, რომ გამთბარიყავი. თან ვტიროდი, ისე ვტიროდი, გულს ვიგდებინებდი. მეგონა, თუ ასე ვიტირებდი, არ მოკვდებოდი..”
“ბავშვები სუფთა იბადებიან, ადამიანებს მერე გვემღვრევა სული..”
“პეპელა რაღაცით ბავშვობას ჰგავს, მოფრინდება და უცებ გაფრინდება..”
“ტბასავით უძირო და ღრმაა ადამიანთა სევდა – ნაცრისფერი და ტკივილიანი, მაგრამ ღმერთმა ამ სევდასთან ერთად მოსაწყენი ყოველდღიურობის ნათელი ფერებით ასავსებად პატარ–პატარა სიხარულიც გვიბოძა და სწორედ ამ პატარ–პატარა სიხარულისთვის ღირს და ფასობს სიცოცხლე..”
გ. ჩოხელი
“ესაა ჭეშმარიტი სიხარული.. ბალახებში ჩაყუჟული ყვავილების არსებობა რომ გაბედნიერებს..”
გ. ჩოხელი
“- როგორ ფიქრობ, რა არის სიყვარული?
– რავი აბაა! მე მგონი მარადიული მონატრებაა..”
გ. ჩოხელი