– სწავლა მოიცავს შემდეგ ეტაპებს: ცოდნა, გაგება, გამოყენება, ანალიზი, სინთეზი, შეფასება. – თქვა პროფესორმა სწავლის ეტაპები და კიდევ ერთხელ მოავლო აუდიტორიას თვალი.
– რას ნიშნავს პირველი ეტაპი, მეორე, მესამე და ა.შ. ? ცოდნა – ესაა გახსენება არსებული ცოდნის, იმ ძაფების ძიება, რომელზეც ჩაჭიდებით მარტივად მოხერხდება ახალი ცოდნის გააზრება და მისი საკუთრად მიღება. ანუ ახალ მისღებ ცოდნას ვარგებთ ჩვენს საკუთარ ცოდნას და მივყვებით მას. ესაა კავშირის დამყარება ჩვენი ცოდნისა და შესაძენი ცოდნისა. კაგია ასეთი საუბარი, მაგრამ საჭიროა მაინც პრაქტიკულად ითქვას მაგალითი. განვიხილოთ მათემატიკის, ფიზიკის, ქიმიის, ისტორიის, გეოგრაფიის თუ სხვა საგნების სწავლება? – პროფესორი თითოეული საგნის წარმოთქმისას აუდიტორიის რეაქციას აკვირდებოდა. იყო ირონიული ღიმილი, თავის გაქნევა და მწუხარება იმაზე, რაც ვერ ისწავლეს რაღაც მიზეზების გამო და უნებური გაფიქრება იმისა ,,აქაც ეს?’’ – მაგალითი ასეთია, ვისწავლოთ თასმის შეკვრა ფეხსაცმელზე.
-ბატონო გიორგი, თასმების გარეშეც არის ფეხსაცმელები.
-ახალგაზრდავ, მგავსად ხიდებიც არის, ყველას ქვეშ წყალი არ გადის. 🙂 ამიტომ განვიხილოთ მხოლოდ ის ფეხსაცმელები, რომლებსაც თასმა გააჩნიათ. თქვენ ალბათ დაბადებიდანვე სატუცავის ჩაცმას ხართ ჩვეული (სატუცავი იგივეა რაც კალოში). 🙂 არის თუა არა საჭირო შეიკრას თასმა?
-დიახ – იყო აუდიტორიის პასუხი და პროფესორმა ანის სთხოვა თავისი აზრი დაეფიქსირებინა.
– სიარულისას არ გაგვძვრეს და არ დავრჩეთ უფეხსაცმლოთ.
– ე.ი. შეკვრა აუცილებელია. მაგრამ შეკვრასაც ხომ გააჩნია? შეკვრაზე იმდენად არ წვალობთ როგორც გახსნაზე, ასევეა საქმის მოგვარება და მისი გამოსწორება. მარტივად უნდა გაიხსნას, კომფორტული იყოს და ლამაზად გაფორმებული.
– ბატონო პროფესორო, თასმის შეკვრა ხომ ისედაც ვიცით, ის გვასწავლეთ, რაც არ ვიცით. – თქვა ისევ იმ ახალგაზრდამ.
– ლევან, თასმის შეკვრა თუ იცი, გამოიყენე ეგ ცოდნა. მარტო ეგ რომ იცოდე, მანდედანვე შეიძლება შორს წახვიდე. როგორ მიიღე ცოდნა, ან როგორ შეგიძლია ახალი ცოდნის მიღება, გიფიქრია ამაზე? თასმას დაბადებიდანვე ხომ არ იკრავდი? ვსწავლობთ ყველაფერს და ყველაზე კარგია ვიცოდეთ როგორ ვსწავლობთ, რა მეთოდებით და ხერხებით. ვიცოდეთ როგორ ვსწავლობთ, ეს ხომ ჩვენი შესაძლებლობების ცოდნაა, უნარების გამოვლენა და განვითარება. კარგია მსგავსი დიალოგები, გავაგრძელოთ ლექცია.
– აი მიგყავს შეგირდი ახლისკენ და მცდელობა არ უნდა დააკლდეს ის გახდეს მისი, თავისებური ინერპრეტაციით აღიქვას და ახერხებდეს მის გადმოცემას. ეს კი გაგებაა, ანუ სიტყვიერად, ჩვენი ლექსიკით და არა დაზეპირებული ფორმით რაკა-რუკი სიტყვებისა. ვიცით რაზეც ვსაუბრობთ და ახლა კი მოდის პრაქტიკა, ანუ გამოყენება. ვიყენებთ ცოდნას და ვაკვირდებით კარგ სტრატეგიებს მისი გამოყენებისა. ფეხსაცმელს რომ დავუბრუნდე, ვსწავლობთ თასმების მოძრაობას, შეკვრის ფორმებს, ვახორციელებთ მის პრაქტიკაში გამოყენებას. ვკრავთ, ვუშვებთ შეცდომას და ძნელია თასმების გახსნა. შეცდომები პირველად ყველას ჰქონია, გავიმეორებთ და უკვე ადვილად გაიხსნება.
მცირე პაუზა გააკეთა პროფესორმა და განაგრძო, ახალ ეტაპზე გადადიოდა.
– შემდეგი ეტაპია ანალიზი. მთავარი კითხვაა – რისგან შედგება არსებული ცოდნა? ვახდენთ მის ელემენტებად დაშლას და ამ ელემენტთა შორის კავშირების ძებნას. ანალიზის შემდეგ კი მთლიანობაში, ანუ სინთეზურად განვიხილავთ ყველაფერს, ელემენტების ცვლილება, ან საერთოდ იგნონირება რას სურათს იძლევა. ბოლოს ვაფასებთ საკუთარ განვითარებას, კრიტიკულად ვაზროვნებთ, ვაკეთებთ დასკვნებს არგუმენტებით. კვლავ გადავიდეთ ფეხსაცმელზე. ვადარებთ თასმების სიგრძეებს, ვახდენთ მათ გატოლებებს, თუ ვარჩევთ უკეთესს ვარიანტს. შეგვაქვს ცვლილებები სხვადასხვა სიდიდეებში და ვაკვირდებით შედეგებს. ვაკეთებთ შეფასებას უკეთესი ვარიანტებისას და მზად ვართ სიარულისთვის.
– თასმა შევკარით, ფეხი ავიდგით. ესაა საწყისი. მოძებნეთ ყველამ საწყისი წერტილი, რათა დაიძრათ. მათემატიკაა, ფიზიკაა, ქიმიაა, თუ ნებისმიერი სხვა საგანი დასაყრდენი უნდა თქვენთან, საწყისი წერტილი, რომლიდანაც წახვალთ წინ, თქვენ და მათემატიკა, თქვენ და ფიზიკა და სხვა და სხვა. ახლა სწავლება ჰაერშია, საყრდენგამოცლილი, იწერება და იწერება, ცოდნა ფაქტი გახდა მხოლოდ, რომელიც უნდა მიიღო, მაგრამ როგორ არ იცი. წარმოიდგინეთ გაქვთ წამალი და არ იცით, როდის, როგორ მიიღო. დარღვეული დროის და მიღების წესით კი შესაძლოა საწამლავად იქცეს.
– საწამლავით არ დავასრულებ ლექციას და გისურვებთ წარმატებებს, გეპოვნოთ გააზრების საწყისი წერტილი.
ლექტორი სახელად გიორგი არ შემხვედრია არსად, არსებობს კი ასეთები? და თუ არსებობენ ღმერთმა ჯანმრთელობა და ბედნიერება, დალოცვა არ მოაკლოს. რა ჯობია ასეთ ხალხთან საუბარს.
ავტორი: არჩილ კვინიკაძე