Skip to content

გიგა ლორთქიფანიძე უკანასკნელ ამოსუნთქვამდე ცოლის სახელს იმეორებდა

“საავადმყოფოში მამას შვილები თავზე ვადექით, მის გაღვიძებას ველოდით, რომ დავლაპარაკებოდით, მაგრამ როგორც კი თვალი გაახილა, ისევ დედა იკითხა. ვუთხარი, მამა, ნუთუ ყველაზე მეტად, შვილებზე მეტადაც კი დედა გიყვარს–მეთქი და კიო, მიპასუხა. დედას მიმართ საოცარი სიყვარული ჰქონდა”, – იხსენებს გიგა ლორთქიფანიძის ქალიშვილი ნანა ლორთქიფანიძე მამის უკანასკნელ დღეებს.

22 ივლისს ცნობილი რეჟისორის ამქვეყნიდან წასვლის 40 დღე შესრულდა. მის გარეშე ყველას უჭირს, შვილებს, შვილიშვილებს, შვილთაშვილებს, მაგრამ განსაკუთრებით ცოლს, ქეთევან კიკნაძეს. მთელი ოჯახის ყურადღება ახლა მისკენაა მიმართული, რათა ტკივილი შეუმსუბუქონ.

– ქალბატონო ნანა, როგორი იყო ცხოვრება მამასთან ერთად და როგორ გრძელდება მის გარეშე, ყველაზე მეტად რა გენატრებათ?

– მეგონა, მამა უკვდავი იყო. ამხელა ქალი დარწმუნებული ვიყავი, რომ ის მუდამ იცოცხლებდა. თურმე მხოლოდ მე არ მქონია ეს შეგრძნება. მსახიობები, რომლებიც სამძიმრის სათქმელად მოდიოდნენ, ერთსა და იმავე ტექსტს ამბობდნენ, დავობლდით, გვეგონა, რომ მთასავით გიგას სახით მფარველი ანგელოზი ყოველთვის გვეყოლებოდაო.

რატომღაც ყველგან წერენ, რომ მამა 86 წლის ასაკში გარდაიცვალა, მაგრამ 85 წლის იყო. მას ასაკის შეგრძნება არ ჰქონდა, კარგი მეხსიერება, თანამედროვე ხედვა გააჩნდა. ზოგჯერ დასამშვიდებლად მეუბნებიან, გიგა ბედნიერი წავიდა, შვილებთან, შვილიშვილებთან გაიხარა, ასეთი წარმატებული იყოო, მაგრამ ეს ჩემთვის შვება სულაც არ არის.

ყველა მშობელი შვილისთვის ძალიან კარგია, მაგრამ გიგა ლორთქიფანიძე მართლაც განსაკუთრებული შემთხვევა იყო. ხშირად, როცა რაღაც საკითხი მაინტერესებდა, მეუბნებოდნენ, ინტერნეტში შედი და ნახეო, მაგრამ ჩემი ინტერნეტი ის იყო. ნებისმიერ კითხვაზე პასუხი ჰქონდა და მისი პასუხი სადაც უნდა გადამემოწმებინა, ყოველთვის სწორი იყო. ხშირად ვამბობდი: “ვკითხავ მამაჩემს”.

– ძალიან კარგი მეგობრებიც ყოფილხართ.

– ჩვენ მართლაც ძალიან კარგი მეგობრები ვიყავით. მისი წასვლის შემდეგ იმხელა რაღაც მაკლია, რომ ამას სიტყვებით ვერ გადმოგცემთ. მამას გარდაცვალების დღეს აღმოვაჩინე, რომ ცხოვრება საერთოდ სხვა რამ ყოფილა, მე კი სხვა მეგონა. მამასთან ერთად ჩემში მოკვდა რაღაც დიდი ნაწილი და ამ სიცარიელეს ვერაფერი შემივსებს. ახლა წყნეთში ჩემს შვილიშვილებთან ერთად ვარ, ისინი არც ტირილს მაცლიან და არც ფიქრს, მაგრამ საკმარისია, ერთი წამით ჩემს თავთან მარტო დავრჩე და მაშინვე უსუსურობის შეგრძნება მიჩნდება. თურმე მწოლიარე მამაც კი რამხელა იმედი და ზურგი ყოფილა ჩემთვის. ჩვენ ყველა მას ვიყავით ამოფარებული, სწორედ ამიტომ არასოდეს არაფრის მეშინოდა. ის ჩემი დიდი ძალა იყო.

– ალბათ გრძნობდა მარადიულობაში გადასვლის მოახლოებას.

– გრძნობდა და რამდენჯერმე მითხრა კიდეც. სამი დღით ადრე ჩემს უფროს დაზე მკითხა, თუ მოვაო. ვუთხარი, როგორ არ მოვა და შენი შვილიშვილებიც მოვლენ–მეთქი. მითხრა, ნინო მოვიდეს, მაგრამ მაიკო, ქეთი და ანუკა ნუ მოვლენ, ეგენი პატარები არიან და რამე რომ მოხდეს, ცოდოები არიანო. უკვე გრძნობდა, რომ ყოველ წუთს შეიძლებოდა ამქვეყნიდან წასულიყო, რაზეც ძალიან ვბრაზობდი. ეგეთ სისულელეებს რატომ ამბობ, აი, ნახავ, ჩვენ თუ სახლში არ გავალთ–მეთქი.

როცა გაიგო, მისთვის ვარსკვლავის გახსნას აპირებდნენ, ისეთი ბედნიერი იყო… ვინც მოდიოდა, ყველას ეუბნებოდა, მარჯანიშვილის თეატრის წინ თურმე ჩემი ვარსკვლავის გახსნას აპირებენო. ვეუბნებოდი, სავარძელში ჩაგსვამ, წავალთ და ძალიან კარგ საღამოს გავაკეთებთ–მეთქი. გარდაცვალებიდან მე–9 დღეს ვარსკვლავი გაუხსნეს.

მამას ძალიან ბავშვური შეფასებები ჰქონდა, ემოციური იყო, პატარა რაღაცაზეც კი ბავშვივით აღფრთოვანდებოდა.

– ქალბატონი ქეთევანი როგორ არის?

– ძალიან მძიმედ. საშინელი დეპრესია დაეწყო, არავინ და არაფერი უნდა. ვერც წყნეთში ავიყვანეთ. მარტო ყოფნა სურს, ძალიან უჭირს. ბევრი დრო დასჭირდება, რომ ამ მდგომარეობიდან გამოვიდეს. მამა უთბილესი ადამიანი იყო, “ჩემო სიცოცხლე”, “ჩემო სიყვარულოს” მეტი არაფერი უთქვამს ჩვენთვის. ძალიან ფიცხი კი იყო, უბრალო რამეზე შეეძლო ეყვირა, ყველაფერი დაენგრია, მაგრამ წამში აღარ ახსოვდა. თუ მოვეფერებოდით და, მამიკოო, ვეტყოდით, ისე დნებოდა, რასაც გვინდოდა, გავაკეთებინებდით. ამდენი ბავშვი რომ ერთად შეიყრება და ჩხუბობენ, დიდი ჟივილ–ხივილი აქვთ, ადამიანი იღლები და გინდა, თავი დაგანებონ, მაგრამ მამა ამისგან არასოდეს იღლებოდა. ყოველთვის უნდოდა, სამივე შვილი ჩვენი შვილებით და შვილიშვილებით მასთან ვყოფილიყავით, ამ დროს იყო ყველაზე ბედნიერი. თუ მოხდებოდა და ერთი დღე ვერ მივიდოდი, მეუბნებოდა, სიცოცხლეს რატომ მიმწარებ, ამდენი ხანი არ უნდა მნახოო.

– მამას ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესება იმანაც ხომ არ გამოიწვია, რომ ცოტა ხნით ადრე დედათქვენი ავადმყოფობდა?

– მამას ცუდად ყოფნა იმან გამოიწვია, რომ 2003 წლიდან მოყოლებული რიგრიგობით დაკარგა სამსახურები, ფუნქციები, რასაც ვერ ეგუებოდა. 75 წლის ასაკში ძალიან ენერგიული იყო. საშინლად განიცადა, რომ ბოლო წლებში ვეღარც ფილმი გადაიღო, ვეღარც სპექტაკლი დადგა და აღარც თეატრალური უნივერსიტეტის რექტორი იყო. სააკაშვილის მთავრობამ, პირველ რიგში, ასაკობრივი ცენზი დააწესა და 75 წლის გიგა ლორთქიფანიძე რექტორობიდან გაათავისუფლეს. ამის გამო ჩვენ უფრო ვინერვიულეთ, ვიდრე მან. უნივერსიტეტში დადიოდა, სარეჟისორო ჯგუფები ჰყავდა. ვეკითხებოდი, რექტორის კაბინეტს რომ ჩაუვლი, გული როგორ არ გწყდება–მეთქი. მპასუხობდა, ჩემი რექტორობა გუშინდელი ზღაპარივით მახსოვს, სულ ამ თანამდებობაზე ხომ არ ვიქნებოდიო. მაშინ რაღაც ფუნქციები ჯერ კიდევ ჰქონდა.
მამას დასვენება არ შეეძლო. ამბობდა, როგორც კი სახლში დავჯდები, მაშინვე მოვკვდებიო. ვფიქრობ, მამას გამოყენება კიდევ შეიძლებოდა როგორც მოქალაქის, როგორც რეჟისორის, პედაგოგის, მაგრამ ასე არ მოხდა. ამან ნელ–ნელა დეპრესიისკენ წაიყვანა. მერე დედას ავადმყოფობაც დაერთო, ორი თვე სტამბულში გვყავდა. სანამ ჩვენ იქ ვიყავით, მამა მაგრად იყო, დედას ელოდებოდა, თავად ფრენა აღარ შეეძლო. როგორც კი დედა ჩამოვიდა, მამა მოეშვა, მერე სახლიდან აღარ გადიოდა, ლოგინად ჩავარდა, ადგომის ინტერესი აღარ ჰქონდა. ჩვენთან ჟურნალისტები სულ მოდიოდნენ და ამ დროს თუ დგებოდა მათ დასახვედრად.

– თქვენი მშობლების სიყვარულის ამბავი ლამაზ ლეგენდასავით არის. როგორი იყო შვილის თვალით დანახული მათი ურთიერთობა?
– მამა მუდამ გამიჯნურებული იყო ცოლზე. ისე იყო დედაზე შეყვარებული, როგორც 17 წლის ბიჭი. ბოლო დღეებში ერთი წამითაც თუ გაახელდა თვალს, დედას კითხულობდა, ქეთინო როგორ არისო. როცა ვეტყოდით, რომ კარგად იყო, თვალებს ისევ ხუჭავდა. ერთ დღეს შვილები, მე, ნინო და მაიკო, თავზე ვადექით, მის გაღვიძებას ველოდით, რომ დავლაპარაკებოდით, მაგრამ, როგორც კი თვალი გაახილა, ისევ დედა იკითხა. ვუთხარი, მამა, ნუთუ ყველაზე მეტად, შვილებზე მეტადაც კი, დედა გიყვარს–მეთქი და კიო, მიპასუხა. დედა საოცრად უყვარდა. თუ ვინმე მასზე ლამაზი, ჭკვიანი, მოხერხებული იყო, მამა მაინც ამბობდა, რომ მისი მსგავსი არავინ იყო. ამბობდა, კარგია, მაგრამ ქეთინოს რომ უხდება, მან რომ გააკეთა, მან რომ იცის, რა შესადარიაო. სახლში როგორც კი შემოვიდოდა, მაშინვე დედას კითხულობდა. რომ გაიგებდა, სახლში იყო და თავისი გემრიელი სადილით მას ელოდებოდა, მხოლოდ მერე ინტერესდებოდა ჩვენით.

– ცოტა ხნის წინ ოთარ მეღვინეთუხუცესიც წავიდა ამქვეყნიდან. მისი და მამათქვენის შემოქმედება და ბედი თითქოს ერთმანეთს გადაეჯაჭვა…

– საოცრებაა, რომ საავადმყოფოში მამას გვერდით დააწვინეს ოთარიც. მისი გარდაცვალების მეორე დღიდან მამა ძალიან დამძიმდა. ოთარის გარდაცვალებას ვუმალავდით. მისი ამბავი რომ იკითხა, ვუთხარი, ძალიან ცუდად იყო და სახლში წაიყვანეს–მეთქი. მაშინვე მიხვდა და ტირილი დაიწყო. ოთარის ორმოცი რომ იყო, იმ დღეს მამა დავასაფლავეთ. მთელი ცხოვრება ერთად იმუშავეს, რეჟისორის და მსახიობის შესანიშნავი თანხვედრა მოხდა. უახლოესი მეგობრები იყვნენ, ერთმანეთის მიმართ დიდი სიყვარული და პატივისცემა ჰქონდათ. ოთარზე სულ ამბობდა, ერთია, რომ დიდი არტისტი და უნიჭიერესი ადამიანია და მეორეა, რომ მასთან მუშაობა უდიდესი სიამოვნებაა, გულუბრყვილო, ბავშვური თვალებით გიყურებს და გიჯერებსო. ერთმანეთს ძალიან ენდობოდნენ.

– ცნობილია, რომ არ უყვარდა, როცა მსახიობი რეპეტიციაზე აგვიანებდა. ამ საკითხში თქვენ მიმართაც სიმკაცრეს იჩენდა?

– კი, ამ დროს საშინლად ბრაზობდა, მაგრამ მსახიობებს აუცილებლად ისეთი გულისამაჩუყებელი ისტორია ჰქონდათ მოგონილი, რომ მამას იმ წუთას გადაუვლიდა გაბრაზება. განსაკუთრებულად მკაცრი მაშინ იყო, როცა ოჯახის წევრებთან მუშაობდა. ყველას ჯავრს ჩვენზე იყრიდა ხოლმე. თეატრში მამასთან სულ ორჯერ ვიმუშავე, ერთხელ თეატრალურში და ერთხელაც 5 წლის წინ რუსთაველის თეატრში “წათეს წითელი წაღები” რომ დადგა. ეს მისი უკანასკნელი სპექტაკლი იყო. პირველი წუთიდან ტექსტიც კი ზეპირად ვიცოდი, რომელ დაგვიანებაზე იყო ლაპარაკი. ვცდილობდი, ჩემთვის შენიშვნა არ მოეცა, მაგრამ მაინც სულ მიყვიროდა და მეჩხუბებოდა. სხვებზე რომ ბრაზდებოდა, ჩემზე იყრიდა ჯავრს.

– თქვენი ოჯახი სტუმართმოყვარეობით არის ცნობილი, თქვენთან გატარებულ საღამოებს ყველა საოცარი სიყვარულით და სევდით იგონებს. ასეთ შეხვედრებს რა მატებდა ხიბლს?

– ამდენი უნიჭიერესი ადამიანი ერთად თავმოყრილი, მათი ურთიერთობა ნამდვილი ზეიმი, კარგი სპექტაკლი იყო. დიდი მხიარულება და ზღვა იუმორი იყო. როგორ შეიძლებოდა, საოცრება არ ყოფილიყო ის ქეიფი, სადაც სუფრასთან ისხდნენ ნოდარ დუმბაძე, თემიკო ჩირგაძე, ოთარ ლითანიშვილი. სულ ვფიქრობ, რა საშინელებაა, რომ ჩვენი შვილები ასეთ ადამიანებს ვერ ნახავენ. მე და ჩემს დებს შესაშური რაღაცეები გვაქვს ნანახი.

მამაზე ასე კარგად მხოლოდ მისი წასვლის შემდეგ არ ვლაპარაკობ, ყოველთვის ვაფასებდით. ის მუდამ იქ იდგა, სადაც უნდა ყოფილიყო, სადაც მისი სამშობლოს კეთილდღეობის საქმე წყდებოდა… შვილები მშობლების სარკეაო, ნათქვამია და ეს ასეა. მისი ყოველთვის მჯეროდა, ჩემთვის ყველაზე კომპეტენტური ადამიანი იყო, ამიტომ თუნდაც პოლიტიკასთან დაკავშირებით, იქ, სადაც მამა იყო, ოჯახიც გვერდით ვედექით. თავის სამშობლოზე უზომოდ შეყვარებული გახლდათ.

– არასოდეს უთქვამს, რომ ბიჭს ნატრობდა?

– არა. ყველას ეგონა, მამა იხტიბარს არ იტეხდა, როცა ამბობდა, გოგოებს რა სჯობსო, მაგრამ მართლა ასე ფიქრობდა. მერე დებსაც გოგოები გვეყოლა. ბოლოს მაიკომ, ჩემმა უმცროსმა დამ, გააჩინა ბიჭი, რომელსაც გიგა დაარქვეს. სიძემ მამას არაჩვეულებრივი საჩუქარი გაუკეთა, ბავშვს გვარი ლორთქიფანიძე მისცა. მამა ამით ძალიან კმაყოფილი, ბედნიერი და გაოცებული იყო. ერთხელ მაიკომ ფეხმძიმობის დროს უთხრა, მამა, ბიჭი თუ მეყოლება, შენს სახელს დავარქმევო და მამამ იხუმრა, გიგა კვაჭანტირაძე რად მინდა, მე გიგა ლორთქიფანიძე მინდოდაო. სიძის საქციელმა ისე გაახარა, გამარჯობას ვინც ეტყოდა, ყველას ამას უყვებოდა, ჩემმა სიძემ იცით, რა ქნაო… შვილთაშვილებს რომ მოესწრო, ამითაც ძალიან ბედნიერი იყო.

– დიდი მადლობა, ქალბატონო ნანა, რომ ასეთ მძიმე წუთებში ჩვენთან საუბრის დრო გამონახეთ.

– მამაზე გაუთავებლად შემიძლია ვილაპარაკო და უამრავი საინტერესო ისტორია მოვყვე. ეს იყო ადამიანი, რომელსაც თავად არ ელეოდა მოსაყოლი. როცა თამადობდა, ამ დროს შეეძლო უცებ ანეკდოტები მოეგონებინა, უცებ ნოველა შეეთხზა. ამ სახლში გავიზარდეთ (პეკინის გამზირზე.), ამ ოთახში 70 კაციც მჯდარა, დედაც ისეთი ხალისით ტრიალებდა გამოპრანჭული, ქუსლებზე შემდგარი… 25 წლის წინ კი ამ სახლიდან სოლოლაკში გადავიდნენ. ჩემს მშობლებს სავსე და საინტერესო ცხოვრება ჰქონდათ. რაც მთავარია, სულ ერთად იყვნენ, ყველა პრობლემა, გაჭირვება, ლხინი ერთად გამოიარეს… ბოლოს მაინც სუბიექტური ვიქნები და ვიტყვი, რომ ასეთი მამა არავის ჰყოლია!

ქეთი დინოშვილი

წყარო