Skip to content

გზად ერთად – სიცოცხლისკენ !

ადამიანებო, იცით რომ თქვენ, თითოეული თქვენგანი, სამყაროსთვის ყველაზე ძვირფასი შენაძენი ხართ? არ აქვს მნიშვნელობა ქალი ხარ თუ კაცი, პირველ რიგში, შენ ადამიანი ხარ ! ცოცხალი განცდებით გახალისებული , ამოუწურავი შესაძლებლობებით სავსე ჭურჭელი, მებრძოლი სულით გასხივოსნებული, ზნეობრივი სიბრძნით ამაღლებული, ფიქრებით დამშვენებული….

ჩვენ გვეშინია,რადგან უამრავ ნაკლს ვხედავთ ჩვენში… მაგრამ უნაკლო ადამიანი ალბათ არ იქნებოდა ისეთი მშვენიერი,ისეთი მიმზიდველი,როგორიც ჩვენ ვართ, ჩვენი სისუსტეებით, ჩვენი შეცდომებით…

ყველაზე მეტად ადამიანებს რა გვაერთიანებს იცით? ბუნებისა და სიცოხლის სიყვარული… ერთმანეთს ვასწავლით, ერთმანეთზე ვზრუნავთ, და ეს ყველაფერი რაღაც ბუნებრივად და უშუალოდ ხდება… თითქოს ეს ესე უნდა იყოს და არავის უნდა აკვირვებდეს… როდესაც ადამიანი ბუნებასთან ურთიერთობს, ჩვენი ინსტიქტებიც მაშინ ღვივდება…უბრალოდ დაუთმეთ მას მეტი დრო.

ეს უბრალოდ ლამაზი სიტყვები არაა, ისინი შეძლებისდაგვარად აღწერენ ჩვენს შინაგან სილამაზეს,რომელიც ისეა ჩვენს თავში დაფარული, რომ ცხადად ამის დანახვა გვიჭირს… ჩვენს სამყაროში, არცთუ ისე ცოტაა ადამიანი, ვისაც დიდი ნაღველი ალამაზებს მის სევდიან თვალებს, მხრებზე აკიდებული დაატარებს სამყაროში შეკრებილ იმედგაცრუებებს… იზიარებს ადამიანის ტკივილს, სიყვარულიც შეუძლია, თითქოს ”გართობაც”, მაგრამ მაინც მათ თბილ გულს გარს ახვევია ღრმა გრძნობებით გამოწვეული სევდა…

ეს ალბათ ცხოვრების ისეთი გზაა,სადაც ნამდვილი ადამიანები დადიან… აი ასეთ ადამიანებს მე დიდი სიხარულით გავუწვდიდი მეგობრის ხელს და ვეტყოდი: შენს გზაზე ერთი მნიშვნელოვანი რამ თან წაიყოლე… ეს იმედია… უფლისგან დანატოვარი საუნჯე.. მე დაგეხმარები შენი ჯვრის ტარებაში.. ადამიანს რაც კი რამ პრინციპები გააჩნია სიჯიუტესთან შერწყმული,ყველა შეკრიბე მაგარი ჯაჭვით, ყოველი დაცემის შემდგ კი ჯიუტატ დადექი ფეხზე!..და უფრო მეტი სიყვარულით განაგრძე ცხოვრება… ეს ძნელია? ღმერთთან ერთად ყველაფერი შეგვიძლია!

არასოდეს დაუთმო შენი ძვირფასი დრო ტკივილის შეგრძნებას, მათ სიმძიმეს უფალი თანდათან, შეუმჩნევლად მოგაშორებს ზურგიდან… შენ უბრალოდ გქონდეს ამის სურვილი. თუ არ გაქვს,მაშინ იბრძოლე ამ სურვილისთვის! ადამიანის ბუნება ცოდვას ვერ ეგუება, რადგან მას სული აქვს ულამაზესი… ჩვენ უნდა მივაგნოთ მას, ჩვენივე სიბნელეშეპარული ნათელი გულით… რომელიც სრულყოფილად მხოლოდ მაშინ ბრწყინავს, როდესაც ჩვენი მზერა ღმერთისკენაა მიპყრობილი. ჩვენ დაუწერელი, მაგრამ ყველაზე ძლიერი კანონი გვაქვს, რაც ყველას გვაერთიანებს… ეს სიყვარულია! ნუ გარბიხარ! ცხოვრებას მშვიდად სიარული უხდება… გაჩერდი!.. გაჩერდი!.. და ჩაიხედე გულში.. უფალი სუფევს !