მაღაზიის გამყიდველი დახლის უკან იდგა და დაბნეულად იყურებოდა ქუჩაში, როდესაც პატარა გოგონა ვიტრინას მიადგა. როცა გოგონამ დაინახა, რასაც ეძებდა, აღფრთოვანებისგან თვალები გაუბრწყინდა, მაღაზიაში შევიდა და ფირუზის მძივი მოითხოვა.
– ჩემი დისთვის მინდა. შეგიძლიათ, ლამაზად შემიფუთოთ? – იკითხა მან.
გამყიდველმა გოგონას ეჭვით შეხედა:
– ფული რამდენი გაქვს?
გოგონამ ჯიბიდან ცხვირსახოცი ამოიღო, გადმოაბრუნა და დახლზე ხურდა დაყარა. თან იმედიანად იკითხა:
– საკმარისია?
იქ მხოლოდ რამდენიმე მცირე მონეტა იყო. გოგონამ ამაყად გააგრძელა:
– იცით, მე მინდა გავუკეთო საჩუქარი დას. მას შემდეგ, რაც დედაჩვენი გარდაიცვალა, უფროსი და ზრუნავს ჩვენზე, საკუთარი თავისთვის კი დრო არ რჩება. დღეს დაბადების დღე აქვს და დარწმუნებული ვარ, გაეხარდება ასეთი მძივი. ძალიან მოუხდება მის თვალის ფერს.
მამაკაცმა პატარა ყუთი მოიტანა, შიგ ფირუზის მძივი ჩადო, შეფუთა და ბაფთა დაამაგრა.
– აიღე და ფრთხილად წაიღე! – უთხრა გოგონას.
გოგონა შინისკენ გაიქცა. სამუშაო დღე სრულდებოდა, როცა იმავე მაღაზიის ზღურბლი ახალგაზრდა ქალმა გადაკვეთა. მან ნაცნობი ყუთი დახლზე დადო, შესაფუთ ქაღალდთან და ბაფთასთან ერთად.
– ეს მძივი აქ იყიდეს? რა ღირდა?
– ნებისმიერი ნაკეთობის ღირებულება ჩვენს მაღაზიაში კონფიდენციალურად თანხმდება ჩემსა და კლიენტს შორის, – უპასუხა მაღაზიის მეპატრონემ.
– კი მაგრამ, ჩემს დას მხოლოდ რამდენიმე მონეტა გქონდა. მძივი კი ნამდვილი ფირუზისაა და ძალიან ძვირი უნდა ღირდეს. ეს საჩვენო არაა.
მამაკაცმა ყუთი აიღო, სიფრთხილით და სითბოთი განაახლა შეფუთვა, გადასცა გოგონას და უთხრა:
– მან ყველაზე დიდი ფასი გადაიხადა… მეტი, ვიდრე შეეძლო ნებისმიერ უფროსს: გასცა ყველაფერი, რაც ჰქონდა.
პატარა მაღაზიაში სიჩუმემ დაისადგურა. გოგონას, რომელსაც აკანკალებულ ხელში პატარა ყუთი ეჭირა, თვალებიდან ორი ცრემლი ჩამოუგორდა…