“პირველი განჯინა გრიბოედოვის ქუჩაზე. ამიერიდან, შეთანხმების გარეშე იცით, სადაც შეგიძლიათ მოიტანოთ ნივთი, რომელიც გინდათ, რომ სხვას მისცეთ. უთო, ტანსაცმელი, წიგნი, სანათი”, – ასეთი სტატუსი გამოაქვეყნა სამხატვრო აკადემიის ფილოსოფიის ლექტორმა ლევან ღამბაშიძემ დღეს საკუთარ ფეისბუქ გვერდზე. მას მხედველობაში აქვს მოხერხებულად აგებული სათავსო, სადაც მოქალაქეებს შეეძლებათ სხვადასხვა ნივთების როგორც დატოვება, ასევე აღება. ამ ერთი შეხედვით მარტივი ჩანაფიქრის განხორციელება მით უფრო დასაფასებელია, რომ სხვა მოქალაქეებისთვის მსგავსი ინიციატივების წამოწყების სტიმულს აჩენს.
ლევან ღამბაშიძე: “შარშან, ბერლინში ყოფნის დროს, გადავეყარე მსგავს “განჯინას”. ბერლინში მას “give box” ჰქვია. იდეა ძალიან მომეწონა და მეგობრებს გავუზიარე. ერთად გადავწყვიტეთ, რომ საქართველოშიც შეიძლებოდა მსგავსი რამის გაკეთება.
გვინდოდა, რომ განჯინა გაგვეკეთებინა იქ, სადაც ერთ-ერთი ჩვენთაგანი იცხოვრებდა. განჯინა, მიუხედავად იმისა, რომ ფაქტიურად არანაირ მოვლას არ საჭიროებს, მაინც გარკეულ ყურადღებას მოითხოვს და კარგი იქნებოდა, რომ მიგვექცია ყურადღება.
დიდი ხანი ვეძებდით შესაბამის სივრცეს და ბოლოს მივაგენით კიდეც გრიბოედოვის ქუჩაზე, იქ, სადაც მე ვცხოვრობ. სივრცე თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიას ეკუთვნის, თუმცა აკადემიის რექტორმა დიდი ენთუზიაზმით გაიზიარა ჩვენი იდეა და დაგვრთო ნება, რათა ამ სივრცეში განჯინა აგვეშენებინა.
ნებართვის მოპოვების შემდეგ, ჩემმა მეუღლემ შექმნა განჯინის დიზაინი, ხოლო ჩემმა მეგობარმა, სიმონ ჯანაშიამ და მე შევისყიდეთ საჭირო მასალა და ორი დღის განმავლობაში ჩვენი ხელებით ავაწყვეთ განჯინა. მესამე დღეს სიმონმა იგი შეღება, დღეს კი აკადემიის სტუდენტებმა წარწერა გაუკეთეს. აქვე ვახსენებ ჩემს და-ძმასაც, რომლებიც სამუშაოს გარკვეულ ეპიზოდებში გვეხმარებოდნენ.
ჩვენ ვიცით უკვე, რომ იდეამ გაამართლა და ეს ძალიან გვახარებს. ჯერ არდასრულებულ განჯინაში ჩემმა მეზობელმა განათავსა ტანსაცმელი და საჭმელი. დღის ბოლოს, აღნიშნული ნივთები განჯინაში უკვე აღარ იყო.
განჯინის წარმატებას აგრეთვე მისი ერთი თვისება განაპირობებს: ის ყველასია. განჯინა არ არის გათვლილი მოქალაქეთა რომელიმე კონკრეტულ ჯგუფზე. განჯინაში მე შემიძლია განვათავსო ის, რაც მე არ მჭირდება, მაგრამ შეიძლება თავადვე ავიღო არსებული ნივთი, რომელიც იქ სხვამ განათავსა. ამდენად, განჯინა აკავშირებს თითოეულ მოქალაქეს ყველა დანარჩენ მოქალაქესთან.
რაც შეეხება განჯინის სხვა ქუჩებზე გაკეთებას, ჩვენ არ ვუყურებთ მას, როგორც ჩვენს პროექტს და არ ვიღებთ ჩვენს თავზე რაიმე სახის “პროექტის” ხელმძღვანელობას. ნებისმიერმა მოქალაქემ შეიძლება გააკეთოს მსგავსი რამ თავის ქუჩაზე. როგორც უკვე აღვნიშნე, ეს ყველას პროექტია. ჩვენ შეიძლება მხოლოდ ჩვენი გამოცდილება გავუზიაროთ სხვას.
ერთადერთი, რასაც მომავლისათის ვისურვებდით, როგორადაც ვხედავთ განჯინების განვითარებას, კარგი იქნებოდა, თუ სადმე მოიყრის თავს ინფორმაცია ყველა განჯინის შესახებ, კონკრეტულად რა ქუჩებზე მდებარეობს ისინი, რათა დაინტერესებულმა პირმა მარტივად იპოვნოს განჯინა ნივთების განსათავსებლად. ამ კოორდინაციისათვის პირველ ეტაპზე ფეისბუქიც საკმარისი იქნება”.