ყველა კაცი მიელტვის ბედნიერებას, უკლებლივ ყველა. საშუალებები სხვადასხვაა, მიზანი კი ერთი. ყველა თავისებურად ცდილობს მის მიღწევას. ბედნიერების საძებრად ერთი თუ ომში მიდის, მეორე შინ ჯდომას არჩევს: ერთი და იგივე სურვილი, ორი სხვადასხვა თვალსაზრისი. ადამიანის ნება მხოლოდ ამ მიზნისკენ სწრაფვითაა განსაზღვრული. ესაა ნებისმიერი ადამიანის ნებისმიერი ქცევის მოტივი, იმისიც კი ვინც თავის ჩამოხრჩობას აპირებს.
მაგრამ ბედნიერებისაკენ ამ მარადიული ლტოლვის მიუხედავად, რწმენის გარეშე ვერავინ მიაღწია მიზანს. ყველა თავის ხვედრს უჩივის – ბატონი თუ ყმა, დიდებული თუ მდაბიო, მოხუცი თუ ახალგაზრდა, ძლიერი თუ უძლური, მეცნიერი თუ უმეცარი, ჯანმრთელი თუ სნეული, – ყველა უკლებლივ, მიუხედავად იმისა, თუ სად, როდის, როგორ ან რამდენ ხანს ცხოვრობს ამქვეყნად.
ესოდენ ერთფეროვან, ხანგძლივსა და უწყვეტ მცდელობას, ბოლოს და ბოლოს უნდა დავერწმუნებინეთ იმაში, რომ ჩვენდა თავად ვერასოდეს მოვიპოვებთ ბედნიერებას, მაგრამ ვაი რომ მაგალითი არას გვარგია: მომდევნო არასოდეს ისე ზედმიწევნით არა ჰგავს წინამორბედს, რომ ოდნავ მაინც არ განსხვავდებოდეს მისგან, რაც რწმენას გვმატებს და გვაიმედებს, რომ ჩვენი მცდელობა ამჯერად მაინც არ ჩაივლის ფუჭად. და აი, აწმყოზე ხელჩაქნეულნუ, იმედგაცრუებულნი და გულგატეხილნი მივლასლასებთ უბედურებიდან უბედურებამდე, სანამ არ მივეახლებით სიკვდილს, სამუდამო დასასრულს ყოველგვარი უბედობისა.
მაგრამ რას მოწმობს ბედნიერების ეს შმაგი წყურვილი და მისი დაცხრომის შეუძლებლობა, თუ არა იმას, რომ ადამიანი ოდესღაც ჭეშმარიტად ბედნიერი იყო, და რომ ბედნიერების სახსოვრად მას დარჩა მხოლოდ ლიტონი სურვილი, აღუვსებელი საწყაული, რომლის ავსებასაც ამაოდ ცდილობს ყოველივე იმით, რაზედაც ხელი მიუწვდება, რაც გარს არტყია, მაგრამ რაკი ხელმისაწვდომი არ აკმაყოფილებს, რაკი მიღწეულით ვერ იკლავს წყურვილს, ხარბად მიელტვის მიუღწეველს თუ მიუწვდომელს, და კვლავ უშედეგოდ, და კვლავ ამაოდ, ვინაიდან უსასრულო სიცარიელის ავსება შეიძლება მხოლოდ რაღაც უსასრულოთი და უცვლელით, ესე იგი, ღმერთით.
მხოლოდ მასშია ჩვენი ჭეშმარიტი სიკეთე, მაგრამ ვაი რომ დავკარგეთ ის და მას მერე ამაოდ დავეძებთ მის მაგიერს, ამაოდ ვცდილობთ რაიმეთი შევცვალოთ იგი: ვარსკვლავებით, ცით, დედამიწით, მცენარეებით, ცხოველებით, ჭირით, ომით, ბიწიერებით, გარყვნილებითა და სისხლის არევით.
ჭეშმარიტების დაკარგვის შემდეგ ადამიანს შეიძლება ყველაფერი სიკეთედ მოეჩვენოს, ასე განსაჯეთ, საკუთარი თავის მოსპობაც და თვითგანადგურებაც, თუმცა არაფერი ასერიგად არ ეწინააღმდეგება ღმერთს, გონებას, სამყაროსა და ბუნებას.
ზოგი სიკეთეს და ბედნიერებას ძალაუფლებაში ეძებს, ზოგი ოკულტურსა და საბუნებისმეტყველო მეცნიერებაში, ზოგიც განცხრომასა და დროსტარებაში. მხოლოდ ზოგიერთმა შეიცნო ყველაზე უკეთ სიკეთის ნამდვილი არსი, მხოლოდ ზოგიერთი დაფიქრდა, რომ ყველასთვის სასურველი, საყოველთაო სიკეთე არ შეიძლება შემოიფარგლებოდეს იმ ფასეულობით, რომელიც ან განუყოფლად ეკუთვნის ერთ რომელიმე კერძო პირს, ან, სხვადასხვა პირს შორის გაყოფილია და განაწილებული.
ისინი მიხვდნენ, რომ ჭეშმარიტი შეიძლება იყოს მხოლოდ ის სიკეთე, რომელსაც ყველა თანაბრად და ერთდროულად ფლობს, უკლებლივ და უშურველად, და რომელსაც არავინ არ დაკარგავს, თუკი მისი დაკარგვა არ სურს…