Skip to content

რატომ ემორჩილებიან ადამიანები ავტორიტეტს?

რა აიძულებდა ათასობით ნაცისტს, დამორჩილებოდნენ ჰიტლერის ბრძანებებს და მილიონობით ებრაელი გაეგზავნათ გაზის კამერებში? გააჩნდათ მათ მორალური ნორმები თუ არა? როგორ უნდა ავხსნათ სხვადასხვა კულტების მიმდევართა მზადყოფნა, არა მარტო საკუთარი სიცოცხლე ხელყონ, არამედ სხვებიც თან გაიყოლონ? რა შეიძლება ითქვას პირადად თქვენზე? არსებობს გარემოებები, რომელთა გავლენითაც თქვენ შეძლებდით, დამორჩილებოდით სულიერ ლიდერს, მოგეწამლათ ადამიანები და შემდეგ თავი მოგეკლათ? შეგიძლიათ, წარმოიდგინოთ თავი იმ ასობით უდანაშაულო ადამიანის ამოხოცვის მონაწილედ, რაც ამერიკელმა ჯარისკაცებმა, ზემდგომ პირთა ბრძანებით, ვიეტნამის სოფელ მაი-ლაიში განახორციელეს?

თქვენი პასუხი, ჩვენი პასუხის მსგავსად, იქნება: “არა! თქვენ მე ვინ გგონივართ?!” ამ ქვეთავის წაკითხვის შემდეგ ვიმედოვნებთ, რომ თქვენ ეჭვი შეგეპარებათ და იტყვით: “შესაძლოა, დანამდვილებით არ ვიცი”. მოქმედი სოციალური ძალების გავლენით, თქვენც, შესაძლოა, იგივე გააკეთოთ, რასაც სხვა ადამიანები აკეთებდნენ იგივე სიტუაციაში, რაც არ უნდა წარმოუდგენლად და საზარლად გეჩვენებოდეთ მათი ქცევა თქვენც და იმ ადამიანებსაც, რომლებიც იმ სიტუაციაში უშუალოდ არ იმყოფებიან.

ინდივიდის ქცევაზე სოციალური ძალების გავლენის განსაკუთრებით დამარწმუნებელი დემონსტრირება სოლომონ აშის მოწაფემ, სტენლი მილგრემმა განახორციელა. მილგრემის კვლევამ (1965, 1974) ცხადყო, რომ მეორე მსოფლიო ომის დროს ნაცისტების ბრმა მორჩილება იმდენად მათი დისპოზიციური მახასიათებლების (ანუ მათი განსაკუთრებული პიროვნული თვისებების ან გერმანელების ეროვნული ხასიათის) მოქმედების შედეგი არ იყო, რამდენადაც ისეთი სიტუაციური ძალების მოქმედებისა, რომელთაც ნებისმიერი ადამიანის შთანთქმა შეეძლო. როგორ შეძლო მან იმის ჩვენება, რასაც არენდტმა „ბოროტების ბანალურობა~ უწოდა – როდესაც ბოროტი ქმედებები შეიძლება ჩვეულებრივმა ადამიანებმა ჩაიდინონ, რომლებიც სულაც არ არიან ულმობელნი და უბრალოდ გაუაზრებლად, ყოველგვარი განსჯის გარეშე ასრულებენ სხვების ბრძანებებს.

მორჩილების კვლევის მილგრემისეული პროგრამა ერთ-ერთი ყველაზე საკამათო პროგრამაა, ვინაიდან მასში წამოჭრილი საკითხები არსებითად უკავშირდება ყოველდღიური ცხოვრების რეალობასა და ეთიკურ პრობლემებს 1991).

პიროვნული თავისებურებებისა და სოციალური მახასიათებლების ერთმანეთისგან გამიჯვნის მიზნით, მილგრემმა ლაბორატორიული ექსპერიმენტების მთელი სერია – ავტორიტეტისადმი დამორჩილების 19 ლაბორატორიული ექსპერიმენტი ჩაატარა, რომელშიც 1000-ზე მეტი ცდის პირი მონაწილეობდა. მილგრემის პირველი ექსპერიმენტები იელის უნივერსიტეტში ტარდებოდა ნიუ ჰეივენსა და მის გარეუბნებში მცხოვრებ მამაკაცებზე, რომელთაც ექსპერიმენტში მონაწილეობისათვის ანაზღაურება ეძლეოდათ. მოგვიანებით მან დამორჩილების კვლევის ლაბორატორია უნივერსიტეტიდან ბრიჯპორტში, კონექტიკუტის შტატში გადაიტანა, სადაც საგაზეთო განცხადებების საშუალებით აგროვებდა ექსპერიმენტში მონაწილეობის მსურველებს, მოსახლეობის ყველა ფენის, ორივე სქესის, ასაკით, საქმიანობითა და განათლების დონით განსხვავებულ ადამიანებს.

მილგრემის ძირითადი ექსპერიმენტული პარადიგმა ის იყო, რომ ცდის პირები ჩართულნი იყვნენ ისეთ საქმიანობაში, რომელიც _ როგორც ამაში თვით ცდის პირები იყვნენ დარწმუნებულები –სხვა ადამიანზე სხვადასხვა დიაპაზონის ელექტროშოკით ზემოქმედებას ითვალისწინებდა. ეს ნებაყოფლობით შერჩეული ხალხი დარწმუნებული იყო, რომ მონაწილეობდა მეხსიერებისა და დასწავლის პროცესის მეცნიერულ კვლევაში. ისინი დაარწმუნეს, რომ კვლევის მიზანს წარმოადგენდა იმის გარკვევა, თუ როგორ მოქმედებს სასჯელი მეხსიერებაზე და როგორ გაუმჯობესდებოდა დასწავლის პროცესი შექებისა და დასჯის სათანადო თანაფარდობით გამოყენებით. ცდის პირებს, რომელთაც მასწავლებლის სოციალური როლი მიენიჭათ, დაშვებული შეცდომებისათვის უნდა დაესაჯათ ისინი, რომელთაც მოსწავლის როლი ჰქონდათ დაკისრებული. მათ განემარტათ ძირითადი წესი, რომლითაც უნდა ეხელმძღვანელათ და რომლის მიხედვით ყოველი შეცდომის შემდეგ ელექტროშოკი უნდა გაეძლიერებინათ, ვიდრე არ მიაღწევდნენ დასასწავლი მასალის უშეცდომოდ გადმოცემას.

თეთრ ხალათში გამოწყობილი ექსპერიმენტატორი სრული კანონიერი უფლებამოსილებით აღჭურვილი პირივით მოქმედებდა; ის ცდის პირებს აცნობდა წესებს, აწესრიგებდა როლების განაწილებას (მთელი სერიოზულობით ატარებდა კენჭისყრებს) და მასწავლებლებს მითითებებს აძლევდა, რომ კარგად შეესრულებინათ დაკისრებული დავალება, როგორც კი მათ ყოყმანს ან განსხვავებული აზრის გამოვლენის მცდელობას ამჩნევდა. დამოკიდებული ცვლადის _ ელექტროშოკის მაქსიმალური მაჩვენებელი აპარატზე 450 ვოლტი იყო, რომლის მიღწევაც მცირე, 1.5-ვოლტიანი ბიჯებით ხდებოდა და რომელსაც მასწავლებელი მოსწავლის ყოველი შეცდომის საპასუხოდ უმატებდა, ვიდრე ის არ შეწყვეტდა „ავტორიტეტის~ (ე.ი. ექსპერიმენტატორის მიმართ) დამორჩილებას და უარს არ იტყოდა დავალების შესრულებაზე.

როგორც უკვე ხვდებით, სიტუაცია ცდის პირებისთვის ძალზე სტრესული იყო. ცდის პირთა უმეტესობა პროტესტს გამოთქვამდა და განუწყვეტლივ აღნიშნავდა, რომ ამის გაგრძელება აღარ შეეძლო. ის, რომ ექსპერიმენტში შექმნილმა სიტუაციამ ცდის პირებში ძლიერი პროტესტი გამოიწვია, ნათლად ჩანს ექსპერიმენტის ანგარიშებიდანაც:

180-ვოლტიანი შოკის შემდეგ: “ამდენს ვერ გაუძლებს! მე არ ვაპირებ ამ კაცის მოკვლას. გესმით, ყვირის! ის ვერ გაუძლებს ამას. რამე რომ დაემართოს?… ამ კაცს რაიმე რომ დაემართოს, ვინ აგებს პასუხს?” (ექსპერიმენტატორი თანხმდება პასუხისმგებლობის აღებაზე) – “მაშ, კარგი”.

195-ვოლტიანი შოკის შემდეგ: „ხომ გესმით როგორ ყვირის? მაგარია რა, არ ვიცი~ (ექსპერიმენტატორი ეუბნება, რომ აუცილებელია გაგრძელება) “დიახ, მე ვიცი, სერ, მაგრამ ვფიქრობ, ეგ აზრზე არ არის, რაში გაება. უკვე 195 ვოლტია”.

მაშინაც კი, როდესაც მოსწავლის ოთახში სიჩუმე ისადგურებდა, მასწავლებელი ბრძანებებს იძლეოდა, უფრო მოემატებინათ ელექტროშოკის ვოლტაჟი და დაეჭირათ თითი ღილაკზე, რომელსაც ეწერა: “სახიფათოა. ძლიერი შოკი XXX (450 ვოლტი)”.

ექსპერიმენტის დაწყებამდე მილგრემმა 40 ფსიქიატრს მიმართა თხოვნით, რათა ეწინასწარმეტყველათ ცდის პირთა ქცევა ექსპერიმენტის განმავლობაში. მათ (ექსპერიმენტის აღწერაზე დაყრდნობით) იწინასწარმეტყველეს, რომ ცდის პირების უმრავლესობა არ აცდებოდა 150 ვოლტს, 4%-ზე ნაკლები მორჩილებას გამოხატავდა 300 ვოლტამდე და მხოლოდ 0.1% გააგრძელებდა ზემოქმედებას 450 ვოლტამდე. პროგნოზირებისას ფსიქიატრები ეყრდნობოდნენ მოსაზრებას, რომ სრულ მორჩილებას გამოავლენდნენ და მაქსიმალურ ელექტროშოკს გამოიყენებდნენ მხოლოდ გარკვეული მახასიათებლებით არანორმალური, სადისტი ადამიანები, რომლებსაც სიამოვნებთ სხვებისთვის ტკივილის მიყენება.

ფსიქიატრები ასეთ შეფასებებს აფუძნებდნენ შეხედულებაზე, რომ ასეთი არანორმალური ქცევების განმახორციელებელ ადამიანებს გააჩნიათ განსაკუთრებული დისპოზიციური მახასიათებლები, თუმცა, მათ მხედველობიდან გამორჩათ სიტუაციის ის განსაკუთრებული ძალა, რომელსაც ცდის პირთა უმრავლესობის აზროვნებასა და ქცევებზე გავლენის მოხდენა შეეძლო, ვინაიდან ისინი „ამოგლეჯილნი~ იქნენ მათთვის ჩვეული სიტუაციიდან.

ღირსშესანიშნავი და შემაშფოთებელი დასკვნა კი ისაა, რომ ეს ექსპერტები შეცდნენ: ცდის პირთა უმრავლესობა სრულად დაემორჩილა ავტორიტეტს. არც ერთი ცდის პირი არ შეჩერებულა 300 ვოლტზე ნაკლებ ძაბვაზე. მოსწავლეების მიმართ 65%-მა გამოიყენა მაქსიმალური ელექტროშოკი – 450 ვოლტი. მიაქციეთ ყურადღება, რომ მათი უმრავლესობა სიტყვიერად აცხადებდა წინააღმდეგობას, მაგრამ ქცევით ემორჩილებოდა ავტორიტეტს. მსხვერპლის თვალსაზრისით, ეს კრიტიკული სხვაობაა. მართლაც, თქვენ რომ ყოფილიყავით მსხვერპლის ადგილზე, რაიმე მნიშვნელობა ექნებოდა იმას, რომ ადამიანს არ უნდოდა თქვენთვის ტკივილის მოყენება და სიტყვიერად ეწინააღმდეგებოდა ბრძანებას, თუკი ის, ბოლოს და ბოლოს, დაემორჩილებოდა ბრძანებას და მოგაყენებდათ ელექტროშოკის განმეორებად დარტყმებს?

მილგრემის ექსპერიმენტის შედეგები იმდენად მოულოდნელი იყო, რომ მკვლევრებს დიდი შრომა დასჭირდათ, რათა გამოერიცხათ მათი ალტერნატიული ინტერპრეტაციის შესაძლებლობები. ერთადერთი გამოსავალი ის იყო, რომ დაეშვათ, თითქოს ცდის პირებმა რეალურად არ დაიჯერეს ექსპერიმენტის „ლეგენდა~. შესაძლოა, მათ ისიც კი არ დაიჯერეს, რომ მსხვერპლს ნამდვილად აყენებდნენ ტკივილს. ამის გამოსარიცხად ჩატარდა ისეთი ექსპერიმენტი, რომელშიც დამორჩილების ეფექტი რეალური, სწრაფი და უშუალო იყო.

კოლეჯის სტუდენტები თვლიდნენ, რომ წვრთნიდნენ ლეკვს, რომელზეც ყოველი შეცდომის შემდეგ ელექტროშოკით ზემოქმედებდნენ. ისინი რეალურად ხედავდნენ, როგორ ხტებოდა ლეკვი და ესმოდათ მისი წკმუტუნი ყოველთვის, როდესაც ღილაკზე აჭერდნენ ხელს და აძლიერებდნენ დენს ცხაურში, რომელზეც ლეკვი იდგა. რამდენი ადამიანი ისურვებდა ლეკვზე ელექტროშოკით ზემოქმედებისა და მისი წვალების გაგრძელებას? ამ რეალურ სიტუაციაშიც კი სტუდენტების სამმა მეოთხედმა ელექტროშოკის მაქსიმალური ოდენობა გამოიყენა Sheridan & King, 1972).

ცდის პირების ქცევის კიდევ ერთ ალტერნატიულ ახსნას წარმოადგენს ის, რომ ექსპერიმენტის შედეგებზე გავლენა მოახდინა მისი პირობების მოთხოვნითმა მახასიათებლებმა. ეს მოთხოვნითი მახასიათებლები ექსპერიმენტული სიტუაციის მანიშნებლებია, რომლებიც ზემოქმედებდნენ ცდის პირებზე და ანიშნებდნენ, თუ რას ელიან მათგან. დავუშვათ, მილგრემის ცდის პირები მიხვდნენ, რომ მისი ექსპერიმენტის შედეგები ბევრად უფრო საინტერესო იქნებოდა, თუ ისინი არ შეწყვეტდნენ ელექტროშოკით ზემოქმედებას და ამიტომაც, აგრძელებდნენ თამაშს. შემდგომმა კვლევებმა აჩვენა, რომ ავტორიტეტისადმი დამორჩილება სულაც არ განიცდის უჩვეულო ექსპერიმენტული პირობების გავლენას. ის, შესაძლოა, ნებისმიერ ცხოვრებისეულ სიტუაციაში მოხდეს.

მორჩილება რეალურ ცხოვრებისეულ სიტუაციაში

მკვლევრების ჯგუფმა, საავადმყოფოს სიტუაციაში დამორჩილების შესწავლის მიზნით, ჩაატარა შემდეგი საველე კვლევა. მედდას (ცდის პირი) ტელეფონით დაურეკა ექიმმა, რომელსაც არასოდეს შეხვედრია. ექიმმა მას დავალება მისცა _ პაციენტისთვის გარკვეული წამალი მიეცა ისე, რომ ამ წამალს ექიმის მოსვლამდე ემოქმედა. ექიმმა დანიშნა 20 მგ წამალი, რომელსაც ასტროტენი ერქვა. წამლის ყუთზე გაკეთებული წარწერა იტყობინებოდა, რომ ასტროტენის ჩვეულებრივი დოზა _ 5 მგ, ხოლო მაქსიმალური დოზა 10 მგ იყო. შეეძლო თუ არა მედდას პაციენტისთვის წამლის გადაჭარბებული დოზა უცნობი პირის სატელეფონო ზარის შედეგად მიეცა მაშინ, როცა ეს დადგენილ სამედიცინო პრაქტიკას ეწინააღმდეგებოდა? როდესაც ეს დილემა 12 მედდას აღუწერეს, 10-მა განაცხადა, რომ ისინი არ დაემორჩილებოდნენ უცნობის ზარს. ხოლო ის, თუ როგორ მოიქცნენ მედდები რეალურად, სხვა, ახლა უკვე კარგად ცნობილი ამბავია.

როდესაც მედდების სხვა ჯგუფი მოხვდა ანალოგიურ სიტუაციაში, თითქმის ყველა მათგანი დამორჩილდა. 22-დან 21-მა მედდამ დაიწყო პაციენტისთვის წამლის (სინამდვილეში, სრულიად უვნებელი ნივთიერების) მიცემა, ვიდრე მკვლევარმა ექიმმა არ შეაჩერა ისინი (Hofling et al, 1966).

ეს შედეგები მიუთითებს, რომ მილგრემის მიერ მიღებული შედეგი არ შეიძლება მიეწეროს ექსპერიმენტის პირობების მახასიათებლების მოთხოვნებზე ცდის პირთა რეაგირებას.

რატომ ემორჩილებიან ადამიანები ავტორიტეტს

მილგრემის კვლევა ადასტურებს, რომ იმის გასარკვევად, თუ რატომ ემორჩილებიან ადამიანები ავტორიტეტს, საჭიროა უფრო დეტალურად განვიხილოთ გარკვეულ სიტუაციებში მოქმედი ფსიქოლოგიური ძალები. ქცევას ხშირად ზღუდავს სიტუაციური ძალები და სწორედ მილგრემის კვლევამ წარმოაჩინა ამ ძირითადი პრინციპის ნათელი მაგალითი. მილგრემი და სხვა მკვლევრები ექსპერიმენტული სიტუაციის მთელი რიგი ასპექტებით მანიპულირებას ახდენდნენ, რათა გამოეკვეთათ, რომ დამორჩილების ეფექტი განპირობებულია არა პიროვნული, არამედ სიტუაციური ფაქტორებით.

ორი მიზეზი, რომლის გამოც ადამიანები ავლენენ მორჩილებას ამ სიტუაციებში, ნორმატული და ინფორმაციული გავლენის წყაროებამდე მიგვიყვანს: _ ადამიანებს სურთ, რომ მოწონებულ იქნენ (ნორმატული გავლენა) და იყვნენ მართლები (ინფორმაციული ზეგავლენა). ისინი მიდრეკილნი არიან მოიქცნენ ისე, როგორც სხვები იქცევიან, ან იქცეოდნენ ისე, რომ იყვნენ სოციალურად მისაღებნი და მოსაწონნი. ამასთან, გაურკვეველ, ახალ სიტუაციებში, მაგალითად, ამ ექსპერიმენტის მსგავს სიტუაციებში, ადამიანები ენდობიან სხვების მინიშნებებს იმის თაობაზე, თუ რა სახის ქცევებია ადეკვატური და სწორი. უფრო ხშირად ისინი ექსპერტებს და სანდო პირებს ენდობიან, რომლებიც კარნახობენ მათ, თუ როგორ უნდა მოიქცნენ.

მილგრემის პარადიგმის მესამე ფაქტორი ისაა, რომ, როგორც ჩანს, ცდის პირები იბნეოდნენ, ვინაიდან არ იცოდნენ, როგორ გამოეხატათ დაუმორჩილებლობა; არაფერს ამბობდნენ, რადგან უჯერებდნენ ავტორიტეტს. მათ რომ ჰქონოდათ სიტუაციიდან პირდაპირი, მარტივი გამოსავალი, მაგალითად, დაეჭირათ ხელი ღილაკზე „შეწყვეტა~, მაშინ, შესაძლოა, ნაკლებად გამოევლინათ მორჩილება.

დაბოლოს, ამ ექსპერიმენტულ სიტუაციაში ავტორიტეტისადმი დამორჩილება იმ გაშინაგნებული თვისების ნაწილია, რასაც ბავშვები განსხვავებულ სიტუაციებში სწავლობენ – უსიტყვოდ დაემორჩილონ ავტორიტეტს. ეს მოვლენა მაშინ ემსახურება საზოგადოებას, როდესაც ავტორიტეტები ლეგიტიმური ძალაუფლებით არიან აღჭურვილნი და იმსახურებენ მორჩილებას. პრობლემა კი ისაა, რომ ამ წესმა საკუთარი თავი ამოწურა.

ავტორიტეტისადმი ბრმა მორჩილება ნიშნავს ყველანაირი ავტორიტეტული ფიგურისადმი მორჩილებას უბრალოდ იმიტომ, რომ მათ მიეწერებათ რაიმე სტატუსი, განურჩევლად იმისა, მართებულია თუ არა მათი მოთხოვნები და ბრძანებები.

მილგრემის ექსპერიმენტი და თქვენ

რა მნიშვნელობა შეიძლება ჰქონდეს თქვენთვის ავტორიტეტისადმი დამორჩილების ამ კვლევებს? როგორ მოიქცევით თქვენ, როდესაც ცხოვრების მანძილზე მსგავსი მორალური დილემების წინაშე აღმოჩნდებით? გამოძებნეთ დრო და დაფიქრდით ავტორიტეტისადმი დამორჩილების იმ სიტუაციებზე, რომლებიც, შესაძლოა, წარმოიქმნას თქვენს ყოველდღიურ ცხოვრებაში. მოატყუებდით მყიდველს, თქვენს უფროსს ხელი რომ შეეწყო თქვენთვის? ან წარმოიდგინეთ, რომ კონგრესის წევრი ხართ, მისცემდით იმას ხმას, ვისზეც პარტია მიგითითებდათ, თუ საკუთარ სინდისს მოუსმენდით?

მილგრემის მიერ ჩატარებული, ავტორიტეტისადმი დამორჩილების კვლევები ანგრევს მითს იმის შესახებ, რომ ადამიანების ცოდვის წყარო მათ ცოდვილ ბუნებაშია. ამით სულაც არ გვინდა ადამიანის ბუნების დამცირება, მაგრამ გვინდა, ნათელი მოვფინოთ იმას, რომ ნორმალური, კარგად მოაზროვნე ინდივიდიც კი, შესაძლოა, პოტენციურად სუსტი აღმოჩნდეს ძლიერი სიტუაციური და სოციალური ძალების წინაშე.

დასასრულს გვინდა რამდენიმე სიტყვა ვთქვათ გმირობაზე. დავუშვათ, თქვენი მსგავსი ადამიანების უმეტესობა დაემორჩილა რაღაც ძლიერ ჯგუფურ ძალას. ჩვენი აზრით, თუ თქვენ შეგწევთ უნარი, წინ აღუდგეთ ამას, თქვენი ქცევა შეიძლება შეფასდეს, როგორც გმირობა. გმირი ის პიროვნებაა, რომელსაც შეუძლია შეგნებულად, სინდისიდან გამომდინარე მოქმედება მაშინ, როცა დანარჩენები კონფორმიზმს ავლენენ, ან ვისაც შეუძლია არჩევანი გააკეთოს მაღალზნეობრივი ქცევის სასარგებლოდ, როდესაც დანარჩენები მდუმარედ გადგებიან განზე, რათა ბოროტებამ თავისუფლად იბოგინოს. შესაძლოა, იმ ფაქტმა, რომ თქვენ იცით ისეთი სიტუაციური ძალების არსებობის შესახებ, რომლებიც შესაძლებელს ხდიან „ბოროტების ბანალურობას, გიბიძგოთ კიდეც გმირული ქცევისკენ.

წყარო