ადამიანი აზროვნებისთვის იბადება და წამიც არ არის, რომ არ იაზროვნოს. მაგრამ წმინდა აზრები, რომლებიც მართლაც ბედნიერებას მიანიჭებდნენ, საკუთარი გონების მხოლოდ ამით დაკავება რომ შეეძლოს, საბოლოო ჯამში, ღლის და ღონეს აცლის ადამიანს. ცხოვრება ერთფეროვანი ეჩვენება და ვერაფრით ეგუება. მას მოძრაობა და მოქმედება სჭირდება, ამიტომ დრო და დრო აუცილებლად აყვება გრძნობებს, რომელთა მაცოცხლებელ სათავეს საკუთარ გულში აღმოაჩენს.
ვნებანი, რომლებიც ყველაზე მეტად ესადაგება ადამიანს და რომლებიც საკუთარ თავში სხვა გრძნობებსაც შეიცავენ, სიყვარული და ამბიციაა. თუმცა, უნდა ითქვას, რომ მათ ერთმანეთთან საერთო არაფერი აქვთ. მიუხედავად ამისა, მათ ხშირად აერთიანებენ და შედეგად, ერთიც და მეორეც ერთნაირად სუსტდება, ან სულაც მოიშთება.
ყოვლისმომცველი გონების ადამიანიც კი მხოლოდ ერთ დიდ გრძნობას განიცდის; ამიტომ, როდესაც სიყვარული და ამბიცია ერთმანეთს ხვდება, ისინი ნახევარი თუ არიან იმისა, რაც ერთმანეთის გარეშე იქნებოდნენ. ასაკი არაფრით განაპირობებს ამ ორი გრძნობის დასაწყისს და დასასრულს. ისინი ჩვენი ბავშვობის წლებში იბადებიან და სამარის კარამდე მიგვყვებიან. ორთავე დიდ გზნებას ითხოვს, ამიტომ ახალგაზრდობის ასაკი მათთვის უფრო შესაფერისია, რადგან წარმავალი დრო არც მათ ინდობს. თუმცა, ეს იშვიათად ხდება. ადამიანის არსებობა სავალალოდ ხანმოკლეა. ცხოვრების წლების ათვლას იმ დღიდან ვიწყებთ, როდესაც ქვეყანას მოვევლინეთ. ჩემთვის კი ყოვლის საწყისი ჩემი გონების დაბადების წუთია, როდესაც გონება მთელ არსებას შესძრავს და აამოქმედებს. ეს ოცი წლის ასაკში ხდება. იქამდე კი ბავშვად რჩები, ხოლო ბავშვი ჯერ კიდევ არ არის სრული ადამიანი.
ცხოვრება ბედნიერებაა, თუკი სიყვარულით იწყება და ამბიციით მთავრდება. არჩევანის შემთხვევაში, მე უპირატესობას პირველს მივანიჭებდი. სანამ გულში ცეცხლი გიზგიზებს, ადამიანი თავაზიანი და ზრდილია. მაგრამ ცეცხლი ინავლება, ქრება და ამბიციას ვრცელი არე გადაეშლება. მშფოთვარე ცხოვრება ძლიერი, ამაღლებული გონების ადამიანებს იზიდავს, უბირნი კი მასში ვერავითარ სიამოვნებას ვერ ხედავენ და ამიტომაც, მუდამ და ყველგან, მარტივი მანქანებივით მოქმედებენ. ადამიანი, რომელიც სიცოცხლეს სიყვარულით იწყებს და ამბიციით ამთავრებს, იმ უზენაეს ბედნიერებასთანაა წილნაყარი, რომლის მოღწევაც ადამიანურ ბუნებას ხელეწიფება.
რაც უფრო მაღალია გონება, მით უფრო ძლიერია ვნებები, რადგან მოიცავენ რა გრძნობას და აზრს, რომლებიც, თავის მხრივ, გონების კუთვნილებაა, თუმცა კი, გარკვეულ წილად, სხეულის მიერ არიან პირობადებულნი, ვნებები თვით არიან გონება და სრულად წარმოაჩენენ მის შესაძლებლობებს. მე ტრფობის ვნებაზე ვლაპარაკობ, რადგან სხვანი ხშირად ერთმანეთში ირევიან და უხერხულ გაუგებრობას ბადებენ. ამიტომ მათში გონების ბეჭედს ნუ ვეძებთ.
სულდიდ ადამიანში ყოველივე დიადია!
ხშირად გვიფიქრია, საჭიროა თუ არა გვიყვარდეს. ეს საკითხავიც არ არის: სიყვარული უნდა შევიგრძნოთ. სიყვარულზე არ კამათობენ, მას მიელტვიან. და თუ ვინმე რჩევას გვაძლევს, ხშირად ცდება კიდეც.
გონების სიწმინდე გრძნობათა სიწმინდის მაცნეა. ამიტომ ძლიერი და სუფთა გონების ადამიანს გზნებით უყვარს და ძალუძს ნათლად განჭვრიტოს სიყვარულის საგანი.
არსებობს ორი სახეობა გონებისა, ერთი გეომეტრიულია, მეორე ფაქიზი და დახვეწილი.
პირველს მძიმე, მოუხეშავი შეხედულებანი ახასიათებს, მეორეს აზრის სიკასკასე და მოქნილობა, რითაც საყვარელი არსების ყოველ ნაწილს ზომავს და აფასებს, თვალებიდან გულის სიღრმემდე ჩადის და ყოველ მოძრაობაში შინაგანი არსების გამოძახილს ამოიცნობს. როდესაც ორთავე გონებას ფლობ, სიყვარული განუზომელ ტკბობად იქცევა, ერთდროულად ძალაც გეძლევა და მჭერმეტყველებისათვის ესოდენ აუცილებელი გონების სიმარჯვეც.
ჩვენ დაბადებიდანვე დაგვყვება სიყვარულის ნიჭი, რომელიც მით უფრო ვითარდება, რაც მეტ სრულყოფილებას აღწევს გონება. სწორედ ეს ნიჭი გვიბიძგებს შევიყვაროთ ის, რაც მშვენიერი გვეჩვენება, თუმც კი არავის აუხსნის ჩვენთვის, რა არის მშვენიერება. ყოველივე ამის შემდეგ, ვის შეეპარება ეჭვი იმაში, რომ სიყვარულისთვის ვიბადებით? მართლაც, საკუთარ თავს ვერ გავექცევით, უნდა ვაღიაროთ, რომ მუდმივად შეყვარებული ვართ. თვით იმ საგნებში, რომელშიც, ჩვენი აზრით, სიყვარული არ მოიპოვება, ეს გრძნობა ფარულად და იდუმალ არსებობს.
ადამიანი წამსაც ვერ ძლებს უსიყვარულოდ და რადგან არ უყვარს საკუთარ თავთან მარტოდ დარჩენა, მაშინ, როდესაც სიყვარული თავისას ითხოვს, იძულებულია სხვაგან, საკუთარი თავის გარეთ ეძებოს ის, ვისაც შეიყვარებს და სიყვარულს მხოლოდ მშვენიერებაში პოულობს და რადგან თვით არის უმშვენიერესი, რაც კი ოდესმე ღმერთს შეუქმნია, სწორედ საკუთარ არსებაში აღმოაჩენს ხატებას მშვენიერისა, რომელსაც საკუთარი თავის გარეთ ეძებს. თითოეული ჩვენგანი ამჩნევს, რომ მშვენიერების პირველი სხივი მის სულში გამოანათებს და რადგან იმას, რაც მის გარეთაა ამ გამოსხივებას ადარებს, საკუთარ წარმოდგენას გარეთ მყოფის სილამაზესა თუ სიმახინჯზე ამ შინაგან ნათელთან მისი სიახლოვის ან სიშორის მიხედვით შეიქმნის. თუმც, საკუთარ თავს დაშორებულ ადამიანს სულში სიცარიელე რჩება და მისთვის სულერთი არ არის, თუ ვინ შეავსებს ამ სიცარიელეს. ადამიანს ვრცელი გული აქვს და ამ სივრცის შევსება მხოლოდ იმას ძალუძს, ვინც მას ჰგავს და ვისაც ახლობლად იგულვებს. ამიტომ, მშვენიერი, რომელიც ადამიანს დააკმაყოფილებს, არა მხოლოდ უნდა უხდებოდეს, არამედ უნდა კიდეც ჰგავდეს მას.
ბუნებამ სულში ღრმად ჩაგვიბეჭდა ეს ჭეშმარიტება, რომელსაც ეჭვის ნატამალიც არ ახლავს და რომლის გასაცნობიერებლად არც რამ ხელოვნებას მოვიშველიებთ და არც რაიმეს ახსნა-განმარტება გვჭირდება. გვეჩვენება, რომ მოიპოვება ადგილი, რომელიც უნდა შეივსოს და რომელიც მართლაც ივსება. ამას ვგრძნობთ, მაგრამ სიტყვებით გამოხატვა გვიჭირს. არიან ისეთები, ვინც მხოლოდ აბუნდოვანებენ და ზიზღით ეპყრობიან საკუთარ აზრებს და ვერ ამჩნევენ იმას, რაც ესოდენ თვალსაჩინოა ჩვენთვის.
თითოეულს საკუთარი წარმოდგენა აქვს მშვენიერზე, ამიტომ ადამიანი ზოგადად მშვენიერის მოპოვებას კი არ ესწრაფვის, არამედ გარე სამყაროში ეძებს იმას, რაც ყველაზე მეტად უახლოვდება მის შინაგან წარმოდგენას. და მაინც, ხშირად, არჩევანს ქალები განაპირობებენ. რადგან ისინი მთლიანად იპყრობენ მამაკაცების გონებას, ისინი მას თავს ახვევენ ან საკუთარ სილამაზეს ან საკუთარ შეხედულებას საერთოდ სილამაზის რაობაზე და უკვე არსებულ პირველად მოდელს ამატებენ იმას, რაც მათ მოწონებას იმსახურებს. ამიტომ, ერთი საუკუნე ქერა ქალებს ანიჭებს უპირატესობას, მეორე კი შავგვრემანებს. ქალებს საკუთარი აზრი აქვთ ქერებსა და შავგვრემანებზე და მამაკაცებიც, უმეტეს შემთხვევაში, მათ გემოვნებას იზიარებენ.
სილამაზის შეფასებაზე გავლენას ახდენენ მოდა და ქვეყანა. საოცარია, მაგრამ ჩვეულება ძალუმად ერევა ჩვენს განსჯაში, თუმც მამაკაცს საკუთარი წარმოდგენა აქვს სილამაზეზე და ქალის გარეგნობის შეფასებისას პირად შეხედულებას ემყარება, ღრმად დარწმუნებული იმაში, რომ მისი რჩეული ყველაზე ლამაზია, ხოლო მისი გემოვნება სხვებისთვის სამაგალითო.
სილამაზეს უამრავი სახე აქვს და მხოლოდ ქალს ხელეწიფება მისი მთელი სისავსით წარმოჩენა. გონიერი ქალი ამას ადვილად ახერხებს. თუ კი ქალს მამაკაცისთვის თავის მოწონება სურს და სილამაზეც ხელს უწყობს, საწადელს ყოველთვის მიაღწევს და იმასაც კი შეაყვარებს თავს, ვინც მას გაურბის. მამაკაცის გული მუდმივ მოლოდინშია და ქალი ამ მოლოდინს ეპასუხება.
მამაკაცი სიამოვნებისთვის იბადება: ის ამას გრძნობს და სხვა მტკიცებულებანი არ სჭირდება. სიამოვნებას მინდობილი, გონებასაც არ ივიწყებს., მაგრამ ხშირად ვერც გაუგია, სად ან როდის ჩაესახა გულში ვნება.
სიამოვნება ან ჭეშმარიტია ან ყალბი და ორთავეს ერთნაირად შეუძლია აცდუნოს მამაკაცის გული. ან კი რა მნიშვნელობა აქვს, როგორია სინამდვილეში სიამოვნება, თუ კი საკუთარი თავი დაარწმუნე მის ჭეშმარიტებაში?!
სიყვარულზე თუ ბევრი ილაპარაკე, შეიძლება, ბოლოს და ბოლოს, შენც შეიყვარო. ამაზე დიდი სიამოვნება ამ ქვეყნად არც არსებობს, რადგან სიყვარული მამაკაცის ყველაზე ბუნებრივი გრძნობაა.
სიყვარულს ასაკი არა აქვს, ის კვლავ და კვლავ იბადება. ამას პოეტებიც გვიდასტურებენ, როდესაც თავის ნაწარმოებებში სიყვარულს ბავშვის იერს შესძენენ, მაგრამ ჩვენ პოეტების გარეშეც კარგად ვგრძნობთ სიყვარულის მარადიულ სინორჩეს. სიყვარული სიმარჯვეს ითხოვს. თავის მოწონების უამრავი ყაიდა არსებობს, მაგრამ თუ ისურვებ, ვინმეს თავი მოაწონო, გაისარჯე და მიზანსაც მიაღწევ. ადამიანები ყოველდღიურად თავის მოწონების უამრავ ხერხს იყენებენ, მაგრამ მარაგი ამოუწურავია და რაიმე ხერხს ყოველთვის გამონახავ.
სიყვარულში მამაკაცი იხვეწება და ფაქიზდება. ამასთან, ცოტა არ იყოს, აზიზიც ხდება და თუ მოწონებულ არსებაში მცირე რამ მაინც ვერ მიესადაგა მის წარმოდგენებს და აზრებს, გარიდებას არჩევს. მამაკაცის დახვეწილობის კოდექსს გონება აყალიბებს. ხშირად ადამიანს ჰგონია, ფაქიზი სულის პატრონია, სინამდვილეში კი ასე არ არის და მაშინ სხვებს უფლება აქვთ განსაჯონ მისი საქციელი, მაგრამ სილამაზეზე ყველას საკუთარი წარმოდგენა აქვს და ამ შემთხვევაში, სხვების აზრს არად დაგიდევს.
სულის გაფაქიზებისთვის სურვილი არ კმარა, უნდა იმოქმედო და საკუთარი ძალისხმევით, შეიძლება დახვეწილობის უკიდურეს ზღვარამდეც მიხვიდე. ქალს მამაკაცში სიფაქიზე ხიბლავს და თუ კი ეს მამაკაცს აგრძნობინა, მის გულსაც მოიგებს. სასიამოვნოა შეგნება იმისა, რომ ყველა უღირსია და მხოლოდ შენ ერთი ხარ დაფასებისა და სიყვარულის ღირსი.
გონების კეთილ თვისებებს ჩვევებისგან არ ვიღებთ. ამისთვის არც სრულყოფილებისკენ სწრაფვა კმარა. სულის სიფაქიზე ბუნების საჩუქარია და არა რაიმე ხელოვნების წყალობით შეძენილი სიკეთე.
რაც უფრო გრძელია სიყვარულისკენ მიმავალი გზა, მით უფრო მეტ სიამოვნებას მოიხვეჭს ფაქიზი სული.
როდესაც გიყვარს აღმოაჩენ, რომ სხვამ გაგიტაცა და შიში გიპყრობს.
ფაქიზი ადამიანი იმედს არასოდეს კარგავს, იმ დროს, როდესაც უხეში სირთულეებს ვერ უძლებს. პირველის სიყვარული ხანგრძლივია, მეორესი, ხანმოკლე.
სიყვარული, უპირველეს ყოვლისა, პატივისცემას შთაგვაგონებს, – იმას, ვინც გვიყვარს მოწიწებით ვეპყრობით და სწორადაც ვიქცევით: საყვარელ არსებაზე ძვირფასი ამქვეყნად არავინაა.
სიყვარულს სიტყვებზე მეტად დუმილი უხდება. არსებობს დუმილის მეტყველება, რომელიც სიტყვებზე მეტს გვიმხელს. კრძალვით დამორცხვებული შეყვარებული მამაკაცის დუმილი საყვარელი არსებისთვის ფაქიზი სულის და ამაღლებული გონების ნიშანია. დგება წუთი, როდესაც მჭერმეტყველება უნდა დაიოკო. ეს გონების წინასწარ გათვლილი გადაწყვეტილება არ გახლავთ, ამის საჭიროებას აუცილებლობა განაპირობებს.
რაც უფრო გონიერია ადამიანი, მით უფრო მეტ თვითმყობად სილამაზეს ამჩნევს ირგვლივ, მაგრამ თუ შეყვარებულია, მხოლოდ ერთ სილამაზეს ხედავს.
როდესაც გვიყვარს, წარმოვიდგენთ, რომ ისეთი აღარ ვართ, როგორიც ადრე ვიყავით და გვგონია, რომ სხვები ამას ამჩნევენ, მაგრამ ასე სულაც არ არის. გრძნობა გონების თვალთახედვას ზღუდავს, ჩვენ არაფერში არ ვართ დარწმუნებული და ყოველივეს უნდობლად ვეკიდებით.
ადამიანის გონებაზე და აქედან გამომდინარე, მის გრძნობებზე წარმოდგენას შევიქმნით, როდესაც საკუთარ თავს სხვებს ვადარებთ. მე ვიზიარებ იმათ აზრს, ვინც ამტკიცებს, რომ სიყვარული გვავიწყებს სიმდიდრეს, მშობლებს და მეგობრებს, – მეგობრობასაც აქვს საზღვარი. სიყვარულს იმდენად შორს მივყავართ, რომ საყვარელი არსების გარდა, გვერდით არვის ვისურვებთ. ჩვენს არსებას ის ერთი ავსებს და სხვისთვის ადგილი არ რჩება. არც ვინმეზე ზრუნავ და არც არვის ბედი გაღელვებს. ჭარბი გრძნობის ერთი შედეგიც ეს არის. აქედან გამომდინარე, სხვების აზრი ჩვენთვის არაფერს ნიშნავს, რადგან ვიცით, რომ ისინი მხოლოდ გონების ხმას უსმენენ და ემორჩილებიან. სიყვარული კი განსჯისთვის ვერასოდეს იცლის.
ცდება ის, ვინც გონებას და გრძნობას აშორიშორებს. მათ დაპირისპირებას ვერავითარ გამართლებას ვერ მოუძებნი, რადგან სიყვარული და გონება ერთი და იგივეა. დიახ, გრძნობა გვიტაცებს და ახალი გზით გვატარებს, მაგრამ ამ გატაცებაში გონება თან გვახლავს და ნუ ვისურვებთ, რომ სხვაგვარად იყოს, რათა არ ვემგვანოთ უსულო მანქანებს. ასე რომ, ნუ გავრიყავთ გონებას, ნუ გავარიდებთ გრძნობას, რამეთუ გონება და გრძნობა განუყოფელნი არიან.
როდესაც საყვარელი არსებისგან შორს ვართ, ბევრს ვფაციფუცობთ და სიტყვავუხვობთ, მის გვერდით კი ვმორცხვობთ და გადაწყვეტილების მიღების უნარს ვკარგავთ. რატომ? იმიტომ, რომ როდესაც შორს ვართ, გონების სიმშვიდეს არაფერი გვირღვევს, არ ვშფოთავთ და ნებისმიერ საგანს ნათლად აღვიქვამთ. გადაწყვეტილების მიღება სიმტკიცეს ითხოვს, გრძნობისგან აფორიაქებული გონება კი ამ თვისებას კარგავს.
ცხოვრებაში ჭირი ჭირს ენაცვლება და მათ დასათმენად საყვარელი არსების გვერდით ყოფნას ნატრობ. იმედი გაქვს, რომ სევდა შეგიმსუბუქდება. მაგრამ თვალს მოკრავ თუ არა, გრძნობ, რომ მწუხარება კიდევ მეტად გაგიმძაფრდა. წარსულ ვარამს ივიწყებ, რადგან მას სიყვარულის ამწუთიერი ტკივილი ენაცვლება. ამის შემყურე, მოდი და ნუ უთანაგრძნობ ჭირთამთმენ შეყვარებულს.
© „ლიტერატურა – ცხელი შოკოლადი“