Skip to content

ბედნიერებისკენ მიმავალი გზა

წარმოიდგინეთ, რომ სახლიდან გამოდიხართ და წინ ძალიან დიდი გზა გელით. დანიშნულების ადგილი კი უცნობია. შეიძლება მთელი გზა ისე გაიარო, ვერც კი მიხვდე, საით მიდიხარ. თუმცა პირიქითაც შეიძლება – სადღაც, რომელიღაც წერტილში მიზანი შეიძლება ნათელი გახდეს. ეს იშვიათად ხდება და თუ მოხდა, ეს ნამდვილად იქნება ბედნიერების მომნიჭებელი.

გზა კი როგორც წესი გრძელია და არ ვიცით, როდის დამთავრდება. მიდიხარ… მიუყვები ამ გზას… წინ ხან ორმო შეგხვდება, ფეხი ჩაგივარდება და დაეცემი. ხან ყვავილებით მორთულ მდელოზე გახვალ, მზე და მიწის სურნელი დაგათრობს და ბედნიერებით აგევსება სული. ხან აცივდება, გზა ყინულით დაიფარება და ფეხიც აგისრიალდება. ისევ დაეცემი, წამოდგები, შეიძლება ტკივილსაც გრძნობდე, მაგრამ წამოდგომით მაინც ბედნიერი იქნები. ზოგჯერ იწვიმებს და ჭუჭყიან გუბეში აღმოჩნდები. დაისვრები, მაგრამ თუ მოინდომებ, მაინც შეძლებ პირვანდელი სისუფთავის დაბრუნებას.

დაუსრულებლად ივლი. ხშირად დაიღლები. ისე დაიღლები, იფიქრებ, რომ გზის გაგრძელებას ვეღარ შეძლებ და მზად იქნები, რომ წინსვლა შეწყვიტო. მაგრამ სწორედ ამ დროს გაგეხსნება მეორე სუნთქვა, სწორედ ამ დროს მოვა შენთან ადამიანი, გაგიღიმებს, ხელს გამოგიწვდის და დაღლილობაც უკვალოდ გაქრება. აივსები იმედით, სიყვარულით და სითბოთი, გზას კი საოცარი აღმაფრენით გააგრძელებ.

მერე კი უცებ შემოგაღამდება. აღმოჩნდება, რომ მარტო ხარ. სიბნელეს შიში მოჰყვება, სისუსტე, სულიერი დაცემა. ამ დროს შეხვდები ადამიანებს, რომლებიც უფრო მეტად შეგაშინებენ, ხელს გკრავენ და შეეცდებიან უფსკრულში გადგჩეხონ, გატკინონ, იმედი დაგიკარგონ. ასეც მოხდება. შენ თითქოს სასოწარკვეთას მიეცემი, გაჩერდები და იფიქრებ, რომ ეს გზის დასასრულია. მაგრამ სწორედ ამ დროს, მაშინ როცა გადარჩენის იმედი აღარ არსებობს, ინათებს! ცა გაფერმკრთალდება, სიბნელე ძალას დაკარგავს და ცაზე მაცოცხლებელი მზე გამოჩნდება. შენს სულს კი სითბოს და სინათლეს მოჰფენს. სიბნელეს თან გაჰყვება შიში, სასოწარკვეთა და ადამიანები, რომლებიც გზის გაგრძელებაში ხელს გიშლიან. მაშინ მიხვდები, რომ გზა ჯერ არ დამთავრებულა და წინ კიდევ ერთი დღე გელოდება.

იმედით აღსავსე გზას გააგრძელებ და აღმოაჩენ, რომ ბრმა იყავი, რომ არ აფასებდი იმას, რაც ნამდვილად ფასეულია და მნიშვნელობას ანიჭებდი იმას, რაც მეორეხაროსხოვანია. გაგიჩნდება გრძნობა, რომ თავიდან დაიბადე. მზე შეგიყვარდება, შეხედავ მას, გაუღიმებ, მადლობას გადაუხდი, რომ არ მიგატოვა და კვლავ ენერგიით აგავსო. ცოტას გაივლი და წყარო შეგხვდება. მიხვალ, დაეწაფები და იგრძნობ, რომ შენში სიცოცხლე ჩაიღვარა. ისევ გაიღიმებ და წყაროსაც მადლობას გადაუხდი. უცებ კი გზად მაწანწალა ძაღლი შეგხვდება, მოგიახლოვდება, გამხდარი და ჭუჭყიანი, თბილი თვალებით შემოგხედავს და მიხვდები, რომ მასაც შენსავით სითბო სჭირდება. შენ მოეფერები და კიდევ ერთ რამეს მიხვდები – სხვისთვის სიხარულის მინიჭება ძალიან ადვილია, შენ კი რატომღაც ძალიან იშვიათად აკეთებ ამას. და მაშინ მოგინდება, რომ ასეთი გაკვეთილისთვის ძაღლსაც მადლობა გადაუხადო.

კვლავ გზას გაუდგები. ცხოვრებისეულ აღმოჩენებზე ფიქრით გაერთობი, დატკბები მზის სითბოთი და სუფთა ჰაერით. მოულოდნელად კი, როცა ყველაზე ნაკლებად ელი, ადამიანი შეგხვდება. და ეს უკვე აღარ იქნება ის ადამიანი, რომელსაც ძველებურად გამოელაპარაკები და ჩაუვლი. ეს ის იქნება, რომელმაც დარჩენილი გზის განმავლობაში მეგზურობა უნდა გაგიწიოს. მაშინ იგრძნობ, რომ შენი სულის დაკარგული ნაწილი იპოვე. ის ნაწილი, რომლის არქონასაც ყოველთვის გრძნობდი და რომლის დაბრუნებასაც ყოველთვის ელოდი. და ეს მოგზაურობა იქნება ერთი დღე, რომელიც თითქოს არასოდეს არ უნდა დაღამდეს. სიხარულით, ბედნიერებით, აღმაფრენით, ბავშვური სიგიჟეებით, მხიარული ფერებით, სულისშემძვრელი ბგერებით აღსავსე დღე. დღე სიგიჟის და თავდავიწყების. ამ დროს შენს გზაზე სიარული ყველაზე მეტად გაგიადვილდება. გაქრება ყველანაირი სირთულე და წინააღმდეგობა. და გაჩნდება ილუზია, რომ სულ ასე იქნება.

მაგრამ ისევ დაღამდება და ღამე ისევ მოიტანს ტკივილს გზა ისევ გახდება საშიში, თუმცა გამოცდილებით უკვე გეცოდინება, რომ გათენებაც არ დააყოვნებს, ხოლო სული ისევ აივსება სიმშვიდით და სინათლით.

ჩვენს ცხოვრებაშიც ხან ნათელია, ხან ბნელი, ხან სიხარულია, ხან ტკივილი. ხშირად გვგონია, რომ ტკივილი უფრო მეტია. მაგრამ ჩვენ ვართ უბრალოდ ბრმები. მიზეზს დარდისთვის ბევრს გვაძლევს ცხოვრება და ჩვენც უბედურად ვთვლით თავს. მაგრამ ვერ ვხედავთ იმ მილიონ მიზეზს, რომლებსაც ბედნიერებისთვის გვანიჭებს ცხოვრება.ბრმები ვართ! გვგონია, რომ ჩვენს გარდა ყველა ბედნიერია, რომ სხვას ჩვენზე მეტი რამ აქვს ბედნიერებისთვის, რომ სხვა ადგილას უფრო ბედნიერები ვიქნებით, რომ ჩვენი ბედნიერება იმაზეა დამოკიდებული იქნება თუ არა კონკრეტული ადამიანი ჩვენთან ერთად. გვგონია, რომ: “აი, ეს თუ მოხდება, ბედნიერი ვიქნები”. არაფერი არ გვაკმაყოფილებს, სულ მეტი გვინდა და გვგონია, რომ თუ იმ “მეტს” მივაღწევთ, მაშინ ვიქნებით ბედნიერები. გვგონია, რომ ჩვენ ყველაზე ბევრი პრობლემა გვაქვს და ერთხელაც არ მოგვდის თავში აზრად, რომ ვიფიქროთ ბავშვზე, რომელსაც აქვს კიბო, იტანჯება გაუსაძლისი ტკივილებით და მხოლოდ იმაზე ოცნებობს, რომ ტკივილი აღარ აწუხებდეს. ან აზრადაც არ მოგვდის წარმოვიდგინოთ დედა, რომელიც ასევე სიმსივნით იტანჯება, იცის, რომ მისი დღეები დათვლლილია და შვილებზე დარდით კიდევ უფრო იმოკლებს დღეებს.

ბრმები ვართ! ძალიან მარტივია დავინახოთ ის, ვინც ჩვენი აზრით ჩვენზე ბედნიერია და ჩვენზე უბედურის შემჩნევა გვიჭირს. ვწუწუნებთ. დაუსრულებლად ვწუწუნებთ ყველაფერზე. და შედეგი? შედეგი ჩვენი ტყუილუბრალოდ, ფუჭად გაფლანგული აწმყოა,მრავალი დაკარგული შანსი ბედნიერებისა.

ვერ ვხვდებით, რომ ბედნიერება არაა ვინმეზე ან რამეზე დამოკიდებული. ბედნიერება მხოლოდ და მხოლოდ ჩვენი არჩევანია. ჩვენ ვწყვეტთ ვიყოთ ბედნიერები თუ არა.

შეიძლება ჩემს ცხოვრებაში არაფერი ყოფილა ადვილი და იმისთვისაც ბევრი მიზეზი მაქვს, რომ არ ვიღიმებოდე. თუმცა ვხვდები, რომ ეს უბრალოდ დიდი შეცდომა იქნება. საკმარისია ცოტა ხნით დავივიწყო პრობლემები, ყურადღებით მიმოვიხედო გარშემო და მაშინვე უამრავ მიზეზს დავინახავ იმისთვის, რომ ღიმილი არ შევწყვიტო.

ვიცი, ეს ძალიან რთულია. მაგრამ ამავდროულად ძალიან მარტივიცაა. არჩევანი ჩვენზეა. შეგვიძლია ძალიან მარტივად ვიყოთ ბედნიერები. უბრალოდ უნდა დავაფასოთ ის, რაც გვაქვს და შევძლოთ ნებისმიერ რამეში დადებითი მხარის დანახვა.

მე არჩევანი უკვე გავაკეთე.

ბედნიერებას ვირჩევ.

გამომგზავნი/ავტორი: სალომე ჯაფარიძე