„წარმატება ყველასთვის ინდივიდუალურია. მის მისაღწევად, ხშირ შემთხვევაში, სურვილიც კი საკმარისია.“ – ეს სიტყვები ეკუთვნის დავით სიჭინავას, რომელიც ამჟამად კლუბ „რა? სად? როდის?“-ში ერთ-ერთი გუნდის კაპიტანია.
დიახ, მისი წარმატებაც ინდივიდუალურია. ბავშობაში მიღებული აქვს არაერთი დიპლომი მათემატიკაში, ფიზიკასა და ასტრონომიაშიც კი. შემდეგ იყო სტუდენტობა მოსკოვში. დღესდღეობით იგი „ლამბადა ტექნოლოჯის“ დირექტორია. ესაა, როგორ თავად უწოდებს, -„პატარა კომპანია, დიდი ამბიციებით“.
ძალიან უყვარს გურამ დოჩანაშვილის „სამოსელი პირველი“, რომელიც 13-ჯერ აქვს წაკითხული. მასზე დიდი გავლენა იქონია შერლოკ ჰოლმსის ლოგიკურმა აზროვნებამ და პრაგმატულმა ხედვამ. ბავშობიდან არგენტინის ნაკრებს გულშემატკივრობს და ჰყავს საყვარელი ფეხბურთელი – გაბრიელ ბატისტუტა.
ასეთია ეკრანს მიღმა არსებული დავით სიჭინავა, თუმცა ეს მხოლოდ დასაწყისია. „მზად ვარ, ყველაფერი გავიღო იმისთვის, რომ გავიმარჯვო“ – ყოველთვის მსგავსი შემართებით იწყებს თამაშს. მღელვარება და ენერგიის მოზღვავება ეხმარება მას სწორი პასუხების არჩევაში. მოდით, უკეთესად გავიცნოთ დავით სიჭინავა.
საუბარი მიმდინარე სიახლებით დავიწყოთ: ახალი გუნდები დაკომპლექტდა; თქვენი ექვსეული საკმაოდ დაბალანსეულია გუნდია, რაიმე სტრატეგიით შეარჩიეთ მოაზროვნები?
კონკრეტული სტრატეგია მქონდა, რომლის მიხედვითაც გავაკეთე არჩევანი. გუნდის შერჩევა მოხდა შემდეგი პრინციპით: 7 კაპიტანი, რომლებიც რიგრიგობით ირჩევენ მოაზროვნეებს. ვის მერამდენე არჩევანი მოუწევდა, კენჭისყრით გადაწყდა. კენჭისყრა ჩატარდა უშუალოდ ამ არჩევის წინ. თუ არ იცი მერამდენე იქნები, ძალიან ძნელია სტრატეგიის დაგეგმვა. შემუშავებული მქონდა რაღაც მონახაზი, რომელსაც მეტ-ნაკლებად მივყევი.
თქვენ პირველმა აირჩიეთ მოაზროვნე და ეს მოაზროვნე იყო ზურაბ ფარჯიანი. რატომ – ფარჯიანი?
აქ სუფთა პრაგმატული მიზეზები იყო. საკმაოდ ბევრი მოთამაშე ვიცი, ვისი არჩევაც პირველ ნომრად ლოგიკური იქნებოდა. კენჭისყრის მიხედვით, პირველი მე ვირჩევდი, მეორე არჩევანი კი უკვე მას შემდეგ უნდა გამეკეთებინა, რაც თითოეული კაპიტანი 2-2 მოთამაშეს აირჩევდა. ჩემი მიზანი იყო, თავდაპირველად ამერჩია უნივერსალი, ისეთი მოაზროვნე, ვისაც შეუძლია გადამწყვეტი რაუნდის და სუპერ ბლიცის თამაში, შეუძლია სხვადასხვა თემაზე კომპეტენტური აზრის მოწოდება და ასევე, კარგად იცნობს ქართულ თემატიკას. ეს უკანასკნელი ძალიან მნიშვნელოვანია, ქართულ ტელესივრცეში ხშირად არის კითხვები ეროვნულ თემატიკაზე. იმის გამო, რომ მეორე არჩევანის გაკეთება გვიან მიწევდა, იყო რისკი რომ ეროვნული თემატიკის ექსპერტები უკვე აღარ შემხვდებოდნენ. ბევრი ფიქრის შემდეგ, გადავწყვიტე, რომ ზურას არჩევა იქნებოდა ყველაზე ოპტიმალური.
რატომ არ აირჩიეთ მაგისტრი?
გიორგი იდეალური ვარიანტი იქნებოდა, რომ არა ქართული თემატიკის ფაქტორი. ამ მხრივ, მე თვითონაც მოვიკოჭლებ. ჩემი და მაგისტრის ერთ გუნდში ყოფნა შეცდომა იქნებოდა იმ მხრივაც, რომ ეროვნული თემატიკის კითხვებზე თამაში გაგვიჭირდებოდა, ასეთი კი თითოეულ პაკეტში თითქმის ნახევარია. დიდი სურვილი გვქონდა, მეც და გიორგისაც, ერთად გვეთამაშა, მაგრამ გუნდი აღარ გამოვიდოდა დაბალანსებული.
წინა გუნდიდან მხოლოდ სოსო ბერიკაშვილია თქვენს ექვსეულში, რაც დიდი ნდობის გამოხატულებაა. შეგიძლიათ გვითხრათ, რით არის განპირობებული ეს ნდობა?
სოსო ძალიან ძლიერი მოთამაშეა. როდესაც ახალი გუნდი იქმნება, ყოველთვის მნიშვნელოვანია გუნდის წევრებისთვის კომფორტული სათამაშო გარემოს შექმნა და ერთმანეთთან შეთამაშება. ამ მხრივ, მე და სოსოს უკვე
გვაქვს გამოცდილება. სამწუხაროა, რომ წესების მიხედვით, აკრძალული იყო ძველი გუნდიდან ერთზე მეტი მოთამაშის არჩევა.
როგორ ამზადებს გუნდს დავით სიჭინავა, როგორც კაპიტანი? რას და რატომ აკეთებს?
ვიღებთ სხვა ქვეყნების ტელეგადაცემების კითხვებს (აზერბაიჯანულის, უკრაინულის, რუსულის, ბელარუსულის) და მათზე ვვარჯიშობთ. გადაცემის ერთგვარ სიმულაციას ვაკეთებთ.
ახლა ცოტა დრო გვაქვს, პირველი თამაში გვიწევს. დაახლოებით 3-4 კვირა გამოგვივიდა მოსამზადებლად. ვცდილობთ, ერთმანეთის თამაშის სტილს მოვერგოთ და მოვახერხოთ, რომ ერთმანეთს ხელი არ შევუშალოთ. საბოლოო ჯამში, გუნდი საკმაოდ ძლიერია და თუ შეთამაშება შევძელით, დარწმუნებული ვარ, წარმატებას მივაღწევთ.
თქვენი ბავშვობის შესახებ მოგვიყევით. როგორი მოსწავლე იყავით?
კარგი ბავშვობა მქონდა, კარგი მოსწავლე ვიყავი. ბევრი სკოლა გამოვიცვალე და ბოლოს აღმოვჩნდი კომაროვის სკოლაში. ტექნიკურ საგნებს კარგად ვსწავლობდი, საქართველოს მათემატიკის ნაკრებშიც ვიყავი. მაქვს სხვადასხვა ოლიმპიადებზე მიღებული დიპლომები მათემატიკაში, ფიზიკასა და ასტრონომიაშიც კი.
რამ განაპირობა თქვენი პროფესიის არჩევა? რატომ – ფიზიკა და მათემატიკა?
შემთხვევით მოხდა. კომაროვის სკოლაში მიმიყვანეს და მერე აღმოჩნდა, რომ ფიზიკა-მათემატიკა კარგად გამომდის, იმდენად კარგად, რომ უკვე მე-9 კლასში ნაკრებში მოხვედრის კანდიდატი ვიყავი და მე-10 კლასში ნაკრების წევრიც გავხდი.
როგორი იყო გზა სტუდენტობიდან „ლამბდა ტექნოლოჯის“ დირექტორობამდე?
ინსტიტუტი მოსკოვში დავამთავრე, პარალელურად – მესამე კურსიდან უკვე ვმუშაობდი. 2007-ში დავბრუნდი თბილისში. აქ რამდენიმე სამსახური გამოვიცვალე. ვცდილობდი, სხვადასხვა სფეროს მოსინჯვას. ჩემმა ერთ-ერთმა პროექტმა საკმაოდ კარგი შემოსავლის მოტანა დაიწყო და მომეცა საშუალება, ჩემი საქმის აწყობა მეცადა. რაღაც პერიოდი, მარტო ვმუშაობდი. შემდეგ შემომიერთდა ჩემი რამდენიმე მეგობარი და ასე ჩამოყალიბდა „ლამბადა ტექნოლოჯი“, რომელიც, პრინციპში, ჯერ კიდევ პატარა კომპანიაა დიდი ამბიციებით.
თქვენი აზრით, რა არის საჭირო წარმატების მიღწევისთვის?
წარმატების მისაღწევად საჭიროა, ჩამოყალიბდე, რა არის შენთვის წარმატება. ამის შემდეგ, ხშირ შემთხვევაში, უბრალოდ მისი მიღწევის სურვილიც საკმარისია.
წიგნები, რომლებიც წარმატების მიღწევაში დაგეხმარათ… (რამდენიმე, რომელსაც გამორჩეულად მიიჩნევთ)
გამიჭირდება დაგისახელოთ წიგნები, რომლებიც წარმატების მიღწევაში დამეხმარა. ყველა წიგნიდან რაღაცას გებულობ. საბოლოო ჯამში, ჩვენი ცოდნა იმ წიგნებიდან გამოტანილი აზრების ჩვენეული კომპილაციაა.
მხატვრული ლიტერატურიდან რომელ მწერლებსა და პოეტებს დაასახელებდით და რატომ?
ბავშობაში ძალიან მიყვარდა დოჩანაშვილი, „სამოსელი პირველი“ მაქვს ძალიან ბევრჯერ წაკითხული. ამ ბოლო დროს, ძირითადად ფენტეზსა და სამეცნიერო ფანტასტიკას ვეტანები. ძალიან მომწონს აიზეკ აზიმოვი, პატრიკ როტფუსი, ორსონ სკოტ კარდი.
გამორჩეული პერსონაჟი თუ გყავთ?
შერლოკ ჰოლმსი. საერთოდ, შერლოკმა და მისმა დედუქციურმა მეთოდებმა დიდი გავლენა მოახდინა ჩემზე. ბავშობაში იგი ჩემი საყვარელი პერსონაჟი იყო და ახლაც ასეთად რჩება.
როგორ მოხვდით კლუბ „რა? სად ? როდის“– ში?
შემთხვევით მოვხვდი. 2009 წლის გაზაფხულის ერთ-ერთ კვირა დღეს (თუ არ ვცდები), თამაშის საყურებლად მივედი უნივერსიტეტის პირველ კორპუსში, სადაც ჩემი მეგობრები თამაშობდნენ. აღმოჩნდა, რომ მოთამაშე აკლდათ და მისი ჩანაცვლება შემომთავაზეს. იმ დღიდან „რა? სად? როდის?“ ჩემი ცხოვრების ნაწილად იქცა.
რას გრძნობთ ყოველი თამაშის დაწყების წინ? თუ შეგიძლიათ აღგვიწერეთ ეს ემოცია…
რამდენი გამოცდილებაც არ უნდა გქონდეს, მაინც ღელავ თამაშის წინ. მთავარი, რასაც ვგრძნობ, არის დიდი ენერგიის მოზღვავება. მზად ვარ, ყველაფერი გავიღო იმისთვის, რომ მოვიგო თამაში.
რამდენად რთულია გუნდში პასუხების არჩევა? როგორ იღებთ გადაწყვეტილებას?
თუ გაქვს საკმარისი ინფორმაცია არასწორი ვერსიების ცალსახად გასაფილტრად, მაშინ ყველაფერი ადვილია. თუმცა, უფრო ხშირია სიტუაციები, როდესაც კითხვაში არ არის საკმარისი ფილტრი, ან შენ არ გაქვს საკმარისი ინფორმაცია. მარტო ჩემს თავს არ ვგულისხმობ. კაპიტნის მოვალეობაა, მოიძიოს გუნდში არასწორი ვერსიების გაფილტვრისთვის საჭირო ინფორმაცია. თუ ასეთი ინფორმაციის მოძიება ვერ ხერხდება, ვარაუდებზე დაფუძნებული ლოგიკური ჯაჭვის გამართვა გიწევს. საბოლოო ჯამში, საქმე მიდის იქამდე, რასაც ინტუიციას ეძახიან. აღნიშნული ცნების დიდად არ მჯერა, მაგრამ არის სიტუაციები, როდესაც მეტი არაფერი დაგრჩენია. ეს ზუსტი მეცნიერება არ არის, ყოველთვის ვერ გამოიცნობ. ყველა კაპიტანს შეიძლება შეეშალოს ვერსიის არჩევისას. ჩემი მიზანი ყოველთვის არის, რომ თუკი გუნდს აქვს კითხვის გამოცნობის საშუალება, მე გავაკეთო იმის უზრუნველყოფა, რომ გუნდმა შეძლოს ამის გაკეთება.
თავისუფალი დრო თუ გაქვთ და როგორ იყენებთ მას?
სამწუხაროდ, ამ ბოლო დროს, უფრო და უფრო ნაკლები თავისუფალი დრო მაქვს. კლუბი უკვე მეორე სამსახურივით არის და დიდ დროს მოითხოვს. საკუთარი პატარა კომპანიის ქონა ძალიან რთულია. ამ ეტაპზე, წარმატების მისაღწევად დიდი შრომა მჭირდება. თავისუფალ დროს, ძირითადად, მეგობრების წრეში ვატარებ. კლუბში მყავს ძალიან ბევრი მეგობარი. ხშირად ვთამაშობთ ფეხბურთს, პოკერს.
ფეხბურთის რომელ გუნდს გულშემატკივრობ?
როგორც წესი, ფეხბურთის ყურებისთვის დრო არ მრჩება-ხოლმე. ვუყურებ მხოლოდ მნიშვნელოვან ჩემპიონატებს და მატჩებს. ბავშვობიდან არგენტინის ნაკრების გულშემატკივარი ვარ. ჩემი საყვარელი ფეხბურთელი ბატისტუტა იყო.
გმადლობთ ინტერვიუსთვის.
ინტერვიუ მოამზადა ნინო ოთარაშვილმა