თომას პიკეტის წიგნი „21-ე საუკუნის კაპიტალიზმი“ ამაზონზე ერთ-ერთი ყველაზე გაყიდვადია. ის 2013 წელს გამოიცა ფრანგულად, ხოლო 2014 წლიდან ინგლისურადაც მიეწოდა მყიდველს.
ვიკიპედიას ცნობით, 2015 წლის იანვრისთვის ამ წიგნის 1.5 მილიონი ცალი გაიყიდა ინგლისურ, ფრანგულ, გერმანულ, ჩინურ და ესპანურ ენებზე. სადღეისოდ ამაზონზე ის 25.42 ამერიკული დოლარი ღირს. შეგვიძლია დავუშვათ, რომ ამ წიგნის გაყიდვებიდან შემოსავალი მინიმუმ 37 500 000 ამერიკული დოლარი იყო (მხოლოდ ამაზონზე!). ვივარაუდოთ რომ პირადად მას, გამომცემლობის, უნივერსიტეტის, სპონსორის და სხვა თანა მოწილეების გამოკლებით, სულ მცირე 1/10, ანუ 3 750 000 ამერიკული დოლარი ერგო. საშუალოდ 1 250 000 ამერიკული დოლარი ყოველ წელიწადს.
კვლევის შედეგების მისეული ინტერპრეტაციიდან გამომდინარე, ერთ ერთი პოლიტიკური რეკომენდაცია წლიურად ნახევარ მილონ დოლარზე მეტი შემოსავლების 80%-ით დაბეგვრას გულისხმობს მსოფლიო მასშტაბით, გამონაკლისების გარეშე.
საკითხავია, გადაიხადა თუ არა მან თვითონ შემოსავლების 80% ნებაყოფლობით, მსოფლიო მოსახლეობის იმ 99 %-ისადმი თანადგომის ნიშნად, რომელსაც მისი აზრით დაჩაგრულია და მოკლებულია საშულებას ფლობდეს სიმდიდრეს?
მორალური თვალსაზრისით, მას ეს უნდა გაეკეთებინა.
მეორე მორალური პრობლემა ისაა, რომ მისი წიგნი ამაზონზე იყიდება. ამაზონის შემოსავალი მხოლოდ 2015 წელს 107 მილიარდი იყო (რომ არა მსოფლიო პოლიტიკური რყევები, კიდევ უფრო მეტი იქნებოდა) და წლიდან წლამდე 20%-ით იზრდება.
გარდა ამისა, ამ კომპანიის დამფუძნებელი და მეწილე სწორედ იმ 1%-ის წევრი ჯეფ ბეზოსისაა, რომელსაც ის სიმდიდრეს აყვედრის და არა მარტო წლიურად ნახევარ მილონზე მეტი შემოსავლის 80%-ით დაბეგვრას, არამედ ქონების 15%-ით დაბეგვრასაც ითხოვს ყოველწლიურად უფრო „სამართლიანი მსოფლიოს“ სახელით. კიდევ უფრო მეტიც. მესამე მორალური პრობლემა ისაა, რომ იქ დასაქმებული 230 800 თანამშრომლიდან ათობით ადამიანია, რომლებიც იქ წილს არ ფლობენ, მხოლოდ დაქირავებით მუშაობენ და ანაზღაურების სახით მაინც ნახევარ მილონ დოლარს და მეტსაც იღებენ. ისინი არა მარტო მმართველები, არამედ სხვადასხვა სტრუქტურის საშუალო რგოლის თანამშრომლებიც არიან. რომ არაფერი ვთქვათ იმ პირების მრავალმილიონიან ჰონორარებზე, მეტწილად ძალიან ცნობილ ადამიანებზე – სპორტსმენებზე, მუსიკოსებზე, მსახიობებზე და ა.შ. რომლებიც ამაზონს რეკლამას უწევენ.
არადა მისი აზრით, მსოფლიო მასშტაბით შემოსავლების უსამართლო განაწილებაში კომპანიების მმართველების ზე-ანაზღაურებას დიდი წვლილი მიუძღვის.
გამოდის, რომ ბატონი თომასი თავადაა მილიონერი, დამოკიდებულია სხვა მილიონერებზე (ამაზონი, გამომცემლები, უნივერსიტეტები და ა.შ.) და თან მათ კიდევ უფრო გამდიდრებასაც უწყობს ხელს.
ამაზონი ერთ-ერთი უმსხვილესი კომპანიაა. 2015 წლის შეფასებით, მსოფლიოში მე-8 ადგილზე იყო ინოვაციურობის თვალსაზრისით, მე-13-ე როგორც ყველაზე ღირებული ბრენდი, 34-ე – საბაზრო ღირებულებით, 80-ე – გაყიდვებით. 304 მილიონ ადამიანს აქვს მოქმედი ანგარიში ამაზონზე, ხოლო მის ელექტრონულ გვერდებს თვეში 192.7 მილიონი დამთვალიერებელი ყავს. ეს ყველაფერი ეფუძნება მილიონობით ადამიანის ნებაყოფლობით თანამშრომლობას და ურთიერსარგებლიან გარიგებებს. ყველა ხეირობს, ამავდროულად შეცდომები ისჯება და რისკები იზღვევა.
ნიშანდობლივია, რომ ამაზონი სააქციო, საერთაშორისო საზოგადოებაა. მისი აქციები ათასობით ადამიანის ეკუთვნის, საჯაროდ ივაჭრება და მსურველებისთვის ხელმისაწვდომია. თავად ჯეფ ბეზოსს მხოლოდ 19% ეკუთვნის. ის არ არის ერთპიროვნული მმართველი და არც მთელი მონაგარის მიმთვისებელი. მაგრამ მისი შემოსავლები საკმარისია, რომ ის ეკონომიკური ჟურნალ ფორბსის სიით 2015 წელს – 15-ე, ხოლო 2016 წლის იანვრის ბოლოსთვის მსოფლიოში მე-5 უმდიდრეს ადამიანად ითვლებოდეს, ხოლო ელ. ტექნოლოგიების ბაზარზე მომუშავეთაგან მე-3-ედ – 51.8 მილიარდი ამერიკულ დოლარად შეფასებული საკუთრებით. ის უმდიდრესთა სიაში ჯერ კიდევ 1998 წელს მოხვდა ამაზონის დაფუძნებიდან 4 წლის შემდეგ. მარტივი მისახვედრია, რომ კომპანიის მოგების 81% სხვა ადამიანებზე ნაწილდება. ანუ მისმა გამორჩეულმა უნარებმა არა მარტო მას, არამედ მრავალ სხვა ადამიანსაც მისცა შემოსავლის წყარო. ისიც ცხადია, რომ საკუთარი შემოსავლების მნიშვნელოვან წილს ასეთი ადამიანების სხვადასხვა პროექტებში აბანდებენ და ქველმოქმედებას ეწევიან. ამ გზით მრავალ ადამიანს საშუალებას აძლევენ მიიღონ სარჩო.
დიდი სიმდიდრის დამგროვებლები ძალზედ ცოტანი არიან პლანეტის მოსახლეობასთან შედარებით. ექსპერტული შეფასებით, მთელ მსოფლიოში სულ 18 მილიონამდე ადამიანია ვისი სიმდიდრეც მილიონ ამერიკულ დოლარზე მეტად ფასდება. მათი სრული უმრავლესობის ინოვატორული მიდგომები, თამამი ინვესტიციები, ორგანიზაციული ნიჭი და სამეწარმეო ალღო ქმნის ათასობით სამუშაო ადგილს, ხოლო მათი ნაწარმი აკმაყოფილებს მილიონობით ადამიანის მოთხოვნილებებს. ისინი ქმნიან საზოგადოებისთვის ხელმისაწვდომ სიმდიდრეს და იღებენ დამსახურებულ ანაზღაურებას ამისთვის.
მათი ანაზღაურების სიდიდე უბრალო ეკონომიკური კანონზომიერებიდან გამომდინარეობს. თუ მოთხოვნა-მიწოდების კანონს საგანგებო უნარების მქონე ადამიანებზე, ამ შემთხვევაში მმართველებზე გავავრცელებთ, აღმოვაჩენთ, რომ მოთხოვნა ბევრად აღემატება მიწოდებას. ცოტაა უნარიანი მმართველი, ხოლო კომპანია რომელთაც ასეთი უნარიანი მმართველები ჭირდებათ ბევრია. შედეგად კონკურენცია განაპირობებს იმას, რომ ანაზღაურება იზრდება. თუ არავის უკვირს, რომ გამორჩეული ფეხბურთელების სატრანსფერო თანხა ძალიან მაღალია ვიდრე საშუალო მოთამაშეების, კორპორატიული მმართველების მაღალი ანაზღაურებაც არ უნდა გაუკვირდეს, ბონუსების ჩათვლით. სინამდვილეში სწორედ მათ მიერ საქმის ორგანიზებას მოაქვს კომპანიისთვის დიდი შემოსავლები.
ჯეფ ბეზოსი, ისევე როგორც ბილ გეითსი (მაიკროსოფტი), მარკ ცუკერბერგი (ფეისბუკი), კეკ მა (ალი-ბაბა), ლარი პეიჯი (ეფლი) გამორჩეული და განუმეორებელი ნიჭის ადამიანები არიან. მათ შექმნეს ისეთი ნაწარმი, რაც მანამდე ან არ არსებობდა, ან ჯერ კიდევ მოკლებული იყოს სრულყოფას და ამავდროულად, შექმნეს ბაზარი ამ ნაწარმისთვის. მილიარდობით მომხმარებელი ყოველდღიურად იყენებს მათ მომსახურებას. მილიონობით ადამიანს აქვს შანსი რომ ამ პროცესის მონაწილე გახდეს: ისინი იძენენ აქციებს და ინაწილებენ შემოსავლებს. მაგრამ სწორედ საგანგებო უნარები აძლევ რჩეულებს შესაძლებლობას, რომ მიიღონ მეტი და ამავდროულად სხვებსაც მისცენ მეტის მიღების საშუალება.
მათ გარეშე არაფერი არ მოხდებოდა. ეს წარმოებები არ იარსებებდა. მილიარდობით ადამიანი შესაბამისი მომსახურებებით ვერ ისარგებლებდა და მილიონობით ადამიანი ვერ გამოიმუშავებდა სარჩოს ამ კომპანიების მომსახურებისთვის.
ასეთი ადამიანების ზე-დაბეგვრა (პიკეტის გეგმით 80 % ნახევარ მილიონ ამერიკულ დოლარზე მეტ წლიურ შემოსავალზე) არსებითად წარმატებისთვის „დასჯა“ იქნება. მეტიც, ეს იქნება იმ პერსპექტივის მოკვლა, რაც ადამიანებს უბიძგებს რომ შეიძინონ ცოდნა, გასწიონ რისკი, გამოავლინონ უნარ-ჩვევები და ქონდეთ შესაფერისი ანაზღაურების მიღების იმედი. თუ ფული არ იქნება, არც ზეიმი იქნება.
სინამდვილეში უთანასწორობა სწორედ ისაა, რომ ადამიანებს საკუთარი შესაძლებლობების გამოვლენისთვის, სხვა ადამიანების სამსახურისთვის სათანადო ანაზღაურების სრულად დასაკუთრების შესაძლებლობა არ ექნება „კარგი რატომ აგიგიას?“ პრინციპით.
ბატონი თომასი ვერც მაგდენ წიგნს გაყიდიდა და ვერც მაგდენ შემოსავალს მიიღებდა მისივე გეგმა განხორციელებული რომ იყოს. მის მსგავსად მილიარდობით ადამიანის ბედი შეიცვლებოდა. სამყარო სულაც არ გახდებოდა უკეთესი. ბევრად უარესიც კი გახდებოდა, რადგან ადამიანები განსაკურებული უნარ-ჩვევების გამოვლენისთვის საკადრის ანაზღაურებას ვერ მიიღებდნენ, ხოლო მავანნი ანაზღაურებას სწორედ იმისთვის მიიღებდნენ, რომ ასეთ ადამიანებს მუდმივი ზედამხედველობის ქვეშ აიყვანდნენ, დათრგუნავდნენ, დაამცირებდნენ.
ბატონი თომასი როგორც ჩანს ვერ წვდება იმ კანონზომიერებას, რომ სიმდიდრე რომელიც ძალმომრეობით არ არის მოპოვებული სოციალურ ფუნქციას ასრულებს: ის ადამიანებს ახალი ან გადახალისებული შესაძლებლობების გამომჟღავნებისაკენ უბიძგებს. მაგალითად, ამაზონი მხოლოდ საცალო ვაჭრობის ინტერნეტ პლატფორმა აღარ არის. ეს არის ათობით სხვადასხვა პროდუქტი, რომელთა მომხარება ადამინების ძალიან დიდ ნაწილს უღირს და მასში ფულს იხდის. თან სიახლეების ძიება – სხვადასხვა მოთხოვნილებების დაკმაყოფილების მცდელობა არ ნელდება. ჯეფ ბეზოსი იმიტომ მიუძღვის ათასობით ნიჭიერ ადამიანს, რომ მას ზურგს მილიონობით მომხმარებელი უმაგრებს, ხოლო წინ დამსახურებულად მიღებული შემოსავლები ელის.
შემოსავლების ჩამორთმევა და გადანაწილება პროკრუსტეს სარეცელზე გამოთანაბრების მიზნით არ ახალია. კაცობრიობის დაჩოქების ინიციატივაში ბატონი პიკეტი პირველი არ არის. აკადემიური კათედრა, ან 700 გვერდიანი წიგნი სულაც არ სძენს ინიციატივებს კეთილშობილებას. ბატონი თომასი, რომელიც საკუთარ წარმატებას სწორედ 1%-ის (ანუ სიმდიდრის) ძალისხმევას უნდა უმადლოდეს, თავისი ინიციატივით 99%-ის (ანუ სიღარიბის) კიდევ უფრო გაზრდას უწყობს ხელს. შესაძლოა ამას ამაზონის მომხმარებლები სხვებზე ადრე მიხვდნენ, რადგან მათ კარგად იციან თუ რა სიკეთე მოაქვს ჯეფ ბეზოსს.