Skip to content

ალექსანდრე მაკედონელი და ინდოელი ბრძენკაცი

როცა ალექსანდრე ინდოეთის დასაპყრობად ემზადებოდა, მისმა მასწავლებელმა არისტოტელემ უთხრა: “ძალიან გთხოვ, ერთ რამეს დამპირდე, არ მინდა, ინდოეთიდან საუცხოო ნივთები ან იშვიათი რამ ჩამომიტანო საჩუქრად, თუ შეძლებ, ჩამომიყვანე ისეთი ადამიანი, რომელმაც საკუთარი თავის შესაცნობად უარი თქვა ამქვეყნიური ცხოვრების ხიბლზე”. უამრავი მიწა-წყალი დალაშქრა ალექსანდრემ, მილეთის ხალხი ნახა ყველგან და ყველას ერთი თხოვნით მიმართავდა: ” მსურს გავიცნო ადამიანი, რომელმაც საკუთარი თავი ბოლომდე შეიცნო. არ მაინტერესებს ისინი, ვინც ცხოვრების აზრის ძიებაშია. მინდა ვიპოვნო ისეთი პიროვნება, ვინც უკვე ამოიცნო სიცოცხლის არსის საიდუმლო”. ამ თხოვნაზე ალექსანდრე მაკედონელი ყველგან და ყველასგან ერთსა და იმავე პასუხს იღებდა:

ამა და ამ ადგილზე, მთის ძირში, მდინარის პირას ცხოვრობს მოხუცი, რომელმაც ბოლომდე შეიცნო საკუთარი თავი. ბოლოს და ბოლოს ალექსანდრემ უბრძანა მხედართმთავარს, დიდი მოწიწებით ხლებოდა  მოხუცს და უღრმესი პატივისცემით მიეყვანა მაკედონელთან. როდესაც მაკედონელის რაზმმა იმ ადგილს მიაგნო, სადაც სავარაუდოდ მოხუცი ცხოვრობდა, მხედართმთავარი იმ მხარის უხუცესთან მივიდა, რათა დაწვრილებით გამოეკითხა ყველაფერი ბრძენის შესახებ. უხუცესმა უთხრა:

– აქ მართლაც ცხოვრობს უდიდესი ბრძენკაცი, რომელმაც ბოლომდე შეიცნო საკუთარი თავი და, საერთოდ, სიცოცხლის არსი, მაგრამ ვეჭვობ, რომ შეძლოთ დაითანხმოთ, თან წამოგყვეთ. მხედართმთავარს გაეცინა, იმდენად იყო დარწმუნებული, რომ ალექსანდრეს თხოვნას ვერავინ უარყოფდა. მან ქედმაღლურად უთხრა უხუცესს:

– სისულელეს ბრძანებთ. თუ ალექსანდრეს თხოვნა იქნება, მთელი ქალაქი უხმოდ დაემორჩილება მას. როცა რაზმმა ბრძენკაცის სამყოფელს მიაღწია, მოხუცი დედიშობილა იდგა მდინარის ნაპირზე. მეომრები მოწიწებით მიუახლოვდნენ და აუწყეს:

– უნდა გამოგყვე, თვით ალექსანდრეს სურს თქვენი ნახვაო. მაკედონელი საბერძნეთში წაგიყვანს, რასაც კი ინატრებ ყველაფერი გექნება.

ბრძენკაცმა მშვიდად უპასუხა დაუპატიჟებენ სტუმრებს:

– არ არსებობს ქვეყნად ისეთი ძალა, რომელიც მაიძულებს, მის ნებას დავყვე, თუ ალექსანდრეს ვჭირდები, დაე, თვითონ მოვიდეს ჩემთან. ალექსანდრეს ბრძანების გამო მეომრებმა ვერ გაბედეს ძალა დაეტანებინათ მოხუცისთვის, მორჩილად დაბრუნდნენ უკან და ალექსანდრეს მოახსენეს:

– ის კაცი ქედმაღლურად მოგვექცა. ვშიშობთ, თქვენს მიმართაც ქედმაღლური და ამპარტავანი იქნება. ალექსანდრე გაცეცხლა, თავი ამაყად ასწია და თქვა:

– ყველას, ვინც სათანადო პატივს არ მომაგებს, სიკვდილი ელის. მე მივდივარ იმ მოხუცთან. მაგრამ სასურველ ადგილს, რომ მიაღწია, ძალაუნებურად უცნაურმა კრძალვამ შეიპყრო, ხმა ვერ ამოიღო. მოხუცმა პირველმა დაარღვია სიჩუმე:

– მაშ, ასე შენ ხარ ალექსანდრე, რომელსაც დიდს უწოდებენ? ვფიქრობ, თითოეული, რომელიც შენ დიდს გიწოდებს, ვერასოდეს მოიპოვებს სიდიადეს.

– შენთან იმისთვის არ მოვსულვარ, რომ გეპაექრო, – მიუგო ალექსანდრემ.

– მოვედი, რომ ჩემს სამშობლოში დაგპატიჟო.

მოხუცს გაეღიმა.

– მე ქარივით თავისუფალი ვარ! შეუძლებელია ქარის დაპატიჟება. იგი თავის ნებაზე ქრის. თუ ვიგძნობ, რომ ეს მე მსურს, ჩამოვალ საბერძნეთში, მაგრამ თუ ამის სურვილი არ მექნება, ვერავინ მაიძულებს ეს გავაკეთო.

ალექსანდრე მიჩვეული იყო, რომ მის ნებისმიერ სურვილს ყველა მოწიწებით ასრულებდა, მოხუცის პასუხმა ის მოთმინებიდან გამოიყვანა, გონება სულ აერია და ხმალი იშიშვლა: – ბებერო, თუ ჩემთან წამოსვლაზე უარს გაბედავ, თავს წაგაცლი! ბრძენკაცმა მშვიდად მიუგო:

– შეგაგვიანდა, უკვე მოვკალი საკუთარი თავი. ალექსანდრემ  ხმლის ვადას უფრო მაგრად მოუჭირა ხელი და გაცოფებულმა მიახალა: – რას მიედ-მოედები! ახლა შენი თავი მიწაზე გაგორდება!

– შეგიძლია თავი მომკვეთო, – კიდევ უფრო წყნარად მიუგო მას ბრძენკაცმა.

– მაგრამ ვერ შეძლებ, მომკლა, ვინაიდან, როდესაც შენ დაინახავ, როგორ დაეცემა ჩემი თავი მიწაზე, მეც ხომ იგივეს დავინახავ.

ალექსანდრემ ვერ შეძლო, მოხუცი სიცოცხლეს გამოესალმებინა. ეს ამბავი მის დღიურებშია აღწერილი, სადაც ნათქვამია, რომ ბრძენკაცის სახელი იყო დათდამეში.