სვამი ვივეკანანდას სახელს მილიონობით ინდოელი ერის მამად სცნობს. ამ ადამიანის ნააზრევმა უდიდესი ზეგავლენა მოახდინა არა მხოლოდ ინდოეთის ეროვნულ-განმათავისუფლებელ მოძრაობაზე, არამედ ინდოეთის ფილოსოფიის განვითარებასა და ძალიან ბევრი ადამიანის მსოფლმხედველობის ჩამოყალიბებაზე. გთავაზობთ მცირე მონაკვეთს სვამი ვივეკანანდას წიგნიდან “ჯნანა იოგა”.
ჩვენს დროში თავი იჩინა ტენდენციამ უფრო მეტ მნიშვნელობა ვანიჭებთ მუშაობას, ვიდრე ფიქრს, აზრის ქმედითობას. ძალიან კარგია კეთილშობილური ქცევა, მაგრამ ქცევას აზრი განაპირობებს. მუშაობა ენერგიის უმნიშვნელო გამოვლენაა კუნთების მიმართ. მაგრამ სადაც არ არის აზრი, იქ არც მუშაობაა. ამიტომ იფიქრეთ ამაღლებულზე, უზენაეს იდეალებზე, და ამნაირი აზრებით აივსეთ ტვინი; დაე, ისინი დღედაღამ თქვენ თვალწინ იდგნენ. ჭუჭყზე ნუ ილაპარაკებთ, არამედ იმაზე რომ წმინდანნი ხართ. ჩვენ თავი დავიჰიპნოზეთ უღირსი აზრებით ჩვენი უბადრუკობისა და იმის შესახებ, რომ რაკიღა დავიბადეთ, კიდევაც უნდა მოვკვდეთ, და ამიტომაც მთელი სიცოცხლის განმავლობაში შიშით ვკანკალებთ.
არსებობს თქმულება ძუ ლომზე, რომელსაც მალე ბოკვერი უნდა გაეჩინა. ის ერთხელ სანადიროდ წავიდა, ცხვრის ფარას მიეპარა და კამარა შეკრა, რათა თავს დაცემოდა მსხვერპლს, მაგრამ გული გაუსკდა და ჰაერშივე დალია სული. თუმცა ბოკვერი მაინც დაიბადა. დაობლებული ცხვრებმა შეითვისეს, ფარაში იზრდებოდა, ცხვრებთან ერთად წიწკნიდა ბალახს და მათსავით ბღაოდა. გამოხდა ხანი და ვეება ლომად იქცა, მარამ თავი მაინც ცხვარი ეგონა. ერთხელ ფარას მეორე ლომი მიეპარა და განცვიფრებულმა დაინახა, რომ ცხვრებთან ერთად ლომიც გაურბოდა. უნდოდა დაეჭირა და ეთქვა ერთი ჯიშისანი ვართო, მაგრამ საბრალო ლომი კუდამოძუებული გაურბოდა. ერთ მშვენიერ დღეს მაინც წააწყდა ცხვრად ქცეულ ლომს, ხის ძირას რომ წამოშხლართულიყო, და უთხრა: შენ ლომი ხარ! არა, მიუგო მან, ლომი კი არა, ცხვარი ვარ ცხვარი! მაშინ ლომმა ძალით მიათრია ტბის პირას და უბრძანა: აი, შენი ანარეკლი და აი- ჩემი. მსგავსებამ მაშინვე ლომად აქცია ცხვარი, ბღავილს შეეშვა და ლომივით დაიღრიალა.
თქვენც ლომები ხართ, წმინდა, უსასრულო და სრულქმნილი სულნი. თქვენშია სამყაროს მთელი ძალა.
რატომაა, რომ ყველგან ბოროტებას ვხედავთ? ქურდბაცაცამ სიბნელეში ჯირკს წამოჰკრა ფეხი და შეჰყვირა: პოლიციელი! პაემანზე მიმავალ ჭაბუკს კი იგივე ჯირკი ხის ძირას ჩამომჯდარი სატრფო ეგონა. პატარა ბიჭუნას, რომელსაც ხშირად უამბობდნენ საშინელ ზღაპრებს, ჯირკი ავსულად მოეჩვენა და შეშინდა. ჯირკი კი კვლავ ჯირკად რჩებოდა. სამყაროს ჩვენ ისე აღვიქვამთ, როგორებიც ვართ ჩვენ თვითონ. წარმოიდგინეთ, რომ ოთახში ბავშვია, ხოლო იქვე მაგიდაზე ოქროთი სავსე ტომარა დევს; მოვიდა ქურდი და ოქრო მოიპარა. გაიგებს ბავშვი რა მოიპარა? რაცა გვაქვს შიგნით, იმასვე ვხედავთ გარეთაც. ბავშვმა არ იცის რა არის ქურდობა, ამიტომაც ქურდიც ვერ იცნო. იგივე ითქმის ყოველგვარ ცოდნაზეც. ნუ იტყვით, რომ სამყარო მიწიერია, რომ ყველა დანთქმულია ცოდვაში. წუხდეთ იმის გამო, რომ ჯერ კიდევ არ შეგიძლიათ არ დაინახოთ ბიწი; წუხდეთ იმის გამო, რომ ყველგან ცოდვასა ხედავთ, და თუ გსურთ შეეწიოთ სამყაროს, ნუ განიკითხავთ ნურავის. ნუ დაასუსტებთ სამყაროს უფრო მეტად, ვინაიდან რა არის ცოდვა, რა არის ტანჯვა და მისთანანი თუ არა სისუსტის შედეგი? მქადაგებელნი, შეჩვენებას რომ უთვლიან ბოროტებას, დღითი-დღე სულ უფრო ასუსტებენ და აძაბუნებენ სამყაროს. ადამიანებს ბავშვობიდანვე ჩააგონებენ, სუსტნი და ცოდვილნი ხართო. პირიქით, ასწავლეთ მათ, რომ უკვდავების მშვენიერი ძენი არიან, თვით ისიც კი, ვისაც მეტისმეტი სისუსტის გამო არ შეუძლია გამოავლინოს თავისი ძალა. დაე ბავშვობიდანვე აღიბეჭდოს მათ ტვინში პოზიტიური, მძლავრი, სიცოცხლის დამამკვიდრებელი აზრები. გული გაუხსენით იმ აზრებს და არა იმათ რომელნიც გასუსტებენ და გადამბლავებენ. ხშირ-ხშირად იმეორეთ გულში: “მე ვარ ის, მე ვარ ის!” დაე ეს სიტყვები დღედაღამ სიმღერასავით ხმიანებდეს თქვენს სულში. ეს ჭეშმარიტებაა: თქვენა ხართ სამყაროს უსასრულო ძალის მფლობელნი. თავი დააღწიეთ ცრურწმენებს, რომლებსაც აუვსია თქვენი ტვინი. მაშ, ვიყოთ მხნენი, შევიმეცნოთ ჭეშმარიტება და ვიცოცხლოთ ჭეშმარიტებით, მერე რა, რომ მიზანი შორსაა? აღსდექით, აღიმართეთ და ნუ შეჩერდებით, ვიდრე არ მიაღწევთ მიზანს.
(თარგმანი ბაჩანა ბრეგვაძისა)