რა არის სექსუალურობა?
– როდესაც წამოვიზარდე და დავიწყე გაპრანჭვა, სხეულის ფორმები შემეცვალა, მამასთან ურთიერთობა ამერია. ყოველთვის მინდოდა მისთან ჩახუტება, მოფერება. თითქოს გავიზარდე, მაგრამ პატარა ბავშვივით მენატრებოდა მასთან სიახლოვე. ვერ მივხვდი ეს როგორ მოხდა, მაგრამ წამოვიზარდე და მამა გაუცხოვდა. უფრო მკაცრი გახდა. თვალებშიც აღარ მიყურებდა, თითქოს ვეღარ მამჩნევდა. თავს სულ დამნაშავედ ვგრძნობდი.
მშობლისა და შვილის ურთიერთობაში ხშირია სექსუალურობასთან დაკავშირებული პრობლემები. თეა გეშტალტტერაპევტთან მივიდა შემდეგი პრობლემით – მამაკაცებთან ურთიერთობას იწყებდა და გარკვეულ ეტაპზე წყდებოდა ეს ურთიერთობები. მას რჩებოდა დანაშაულის განცდა და გაურკვევლობა. თერაპიის პროცესში გამოიკვეთა მამასთან არსებული პრობლემები, რომელზეც დავიწყეთ მუშაობა.
მშობლისა და შვილის ურთიერთობაში არც ისე იშვიათია მსგავსი შემთხვევები. მშობელი, რომელიც საკუთარ შვილში იწყებს ქალურობის, მამაკაცურობის დანახვას და ხდება ამის გაცნობიერება, შემჩნევა, იწყება შიში. მშობელი გონებაშიც კი ერიდება მსგავსი ფიქრების არსებობას, იმის შიშით, რომ რაიმე, ინცესტის მსგავსს არ ჰქონდეს ადგილი და იწყება გაუცხოვება მშობელსა და შვილს შორის. კვლევებმა აჩვენეს, რომ მსგავსი თავშეკავებულობა მეტწილად შეიმჩნევა მამა-შვილის ურთიერთობაში, ვიდრე დედებსა და ვაჟებს შორის.
ერთმანეთისგან გასამიჯნია ქალი და ქალურობა, კაცი და მამაკაცურობა. სექსუალურობა თავის თავში მოიაზრებს ქალურობას და მამაკაცურობას. ფსიქოლოგია იცნობს ინფანტილურ და გაუაზრებელ სექსუალურობას, რომელიც თან ახლავს ბავშვებს და ზრდასრულ, მომწიფებულ სექსუალურობას, რომელსაც ადგილი აქვს ზრდასრულობის პერიოდში.
მშობლის ფუნქციასა და ამოცანას წარმოადგენს ამ არსებულ სექსუალურობასთან გამკლავება ისე, რომ არ დაზარალდეს ბავშვი და მშობელმაც მშიდად ირგძნოს თავი.
– 4 წელია შეუღლებულები ვართ და ეს გაურკვეველი განცდა თავს არ მანებებს. შეუღლებამდე სხვა ქალებთან ყველაფერი სხვაგვარად იყო. ეხლა კი სულ მგონია რომ რაღაცას ისე ვერ ვაკეთებ, როგორც უნდა იყოს. განსაკუთრებით ეს ეხება სექსს.
ერთი შეხედვით, შეიძლება გასაკვირი იყოს, თუმცა გეშტალტთერაპევტთან მისულ გიორგის რომელსაც მეუღლესთან სექსუალური ხასიათის პრობლემები ჰქონდა, მოუწია სრულიად სხვა თემებზე საუბარი. გეშტალტთერაპევტი ორიენტირებულია სურათის გამთლიანებაზე, საერთო ფონის შექმნაზე, შესაბამისად, მასთან მისულს გიწევთ ყველა თემაზე საუბარი, რომლისთვისაც მზად არის კლიენტი.
გიორგი დედის ყველაზე საყვარელი შვილი იყო. დედმამიშვილებში გამორჩეული. თავს განსაკუთრებულად გრძნობდა და დანაშაულის განცდა ჰქონდა და-ძმების წინაშე. როგორც კი მისი მეუღლისთვის გახდა განსაკუთრებული მამაკაცი – გაჩნდა ეს გრძნობა. გიორგისთვის ამ სურათის გაცნობიერება საკმარისი აღმოჩნდა დამოკიდებულების შესაცვლელად და სექსუალური პრობლემებიც ბუნებრივად დალაგდა.
როგორ გავუმკლავდეთ მშობელსა და შვილს შორის არსებულ სექსუალურ ენერგიას? ზოგიერთ შემთხვევაში საკმარისია ამ ენერგიის გაცნობიერება და სახელის მინიჭება. მაშინ, როდესაც მე ვიცი, რომ ეს არის სექსუალური ენერგია და მისი მყოფობა ნორმალურია – ავტომატურად მიადვილდება ამ ენერგიის მართვა, მასზე საუბარი და აღარ ჩნდება დანაშაულის განცდა.
მშობლებთან მიღებული გამოცდილება ავტომატურად ისახება ზრდასრულობის პერიოდში საპირისპირო სქესთან არსებულ ურთიერთობებში. დანაშაულის განცდა, რომელიც შეიძლება უკავშირდებოდეს ფიზიოლოგიას, დამოკიდებულებებს, ემოციებს თავს გვახსენებს პარტნიორულ ურთიერთობებში. შედეგად კი შესაძლოა გამოვლინდეს: დაბალი თვითშეფასება, საკუთარი სექსუალურობის მიუღებლობა, დაუკმაყოფილებლობა და სხვ.
კონფიდენციალურობის დაცვის მიზნით, სტატიაში არსებული პერსონაჟების სახელები შეცვლილია.
ფსიქოლოგი, გეშტალტთერაპევტი
ანასტასია ნათია მარღანია
პიროვნული ზრდის ხელოვნება “მიზანი”