Skip to content

ზამთრისეული რემარკა

ცივა, უმეტესობას ზამთრის წარმოდგენისას ეს სიტყვა მოადგება ენის წვერზე. ანდა თოვლი, მაგრამ ეს უფრო რომანტიკულია და უფრო მაღალი ვიდრე ეს ქალაქი. თუმცა წუხელ თოვდა, სითეთრემ ცოტა ხნით აჯობა მიწისფერს და ჟანგისფერს, სიცივესაც. დილით, წყალწაღებულის და ხავსის დაჭიდება იყო ყველგან, ხის ტოტებზე, ბალახის გამხმარ ღეროებზე, ტროტუარის კიდეებზე, ყველგან. სიცივე კი ყველგანაა, მას ჩაჭიდება არ ჭირდება, აქეთ იჭერს და თოშავს ყველაფერს. თუნდაც ამიტომაც თოვლი უფრო რომანტიკულია. რას გადავეკიდე ამ რომანტიზმს, თითქოს ვიცოდე რას ნიშნავს. სამაგიეროდ ისე ვხმარობ და ვიქნევ ყოველმხრივ, როგორც ეს მტვირთავი სატვირთოდან ჩამოღებულ ტომრებს, ქუჩაზე ბაზრობაა და საბითუმო მაღაზიების ჯარია ჩამწკრივებული ორივე მხარეს, ყოველთვის ამ დროს იტვირთება და იცლება სატვირთოები, ყველა სატვირთოს იმდენი რეკლამა აქვს თვალში არცერთი აღარ გხვდება, ვეღარ აღიქვავ. ისევ გამექცა ფიქრი. ალბათ ხმაურის, ადამიანების და სიცივის დამსახურებაა, ძნელია ამ  დროს, ამ ქუჩაზე ისე გაიარო რომ სიცივე გსიამოვნებდეს ან მტვირთავის დანახვა რომელიც მხარს ისე გაკკრავს თითქოს შაქრის ტომარა იყო. ფიქრი კი ისევ მიედ-მოედება ყველაფერს, ისინიც ხომ ფიქრობენ, მხარზე ტომარა შემოგდებულები, მითუმეტეს გამყიდველები და მყიდველები. ისეთი აურზაურია, რომ ფეხები თავად იღებენ აჩქარების შესახებ გადაწყვეტილებას. წამიერად გაიელვა ფიქრმა – ნეტავ რაზე ფიქრობენ, თუმცა წამიერადვე ჩერდება ფიქრი და იცი რომ ამას ვერასოდეს გავიგებ და არცაა საჭირო.

ზამთარია სიცივეა… შემოდგომა მიდის… რაღა დროს შემოდგომაა, მაგრამ ფიქრმა თავისით წაიღიღინა და წამიერადვე შედარება დაიწყო. ნიაზა უფრო მაგრად მღერის თუ ჩარკვიანი… ორივე, ფიქრს ისიც შეუძლია რომ ორივეს ხმა განასხვაოს წარმოსახვაში, მაგრამ როგორც კი ხმას ამოვიღებ ყველაფერი გაჩერდება და გაქრება, მეღიმება… ესეც ერთერთი საოცარი ფენომენია, ისე გადახტა ფიქრი, ფიქრიდან ფიქრზე არც უკითხავს. ბევრჯერ შემიმჩნევია საკუთარი თავისთვის ღიმილი ქუჩაში და ადამიანები რომლებიც ამ ღიმილს წამიერი გაოცებით აღიქვავენ, წამიერად გაფართოებული თვალები ნაცრისფერი შენობების ფონზე და ჩემი ღიმილიც უცბად ქრება. ალბათ რამეს, თავისას ფიქრობდა და იმავე ნაცრისფერი შენიბების ფონზე ჩემი ღიმილიც კონტექსტიდან ამომხტარივით გამოჩნდა.



ამასობაში ვხვდები რომ ზამთრის ე.წ. რომანტიკა ფიქრებს ისე შორს გაექცა დაწევა გამიჭირდება, თოვლი ხომ ისე გაქრა როგორც მარტში ქრება ხოლმე. არადა ზემოთ მთაზე შეიძლება ზამთრის სილამაზის გამოჭერა, მაგრამ იქამდე ასვლას დრო უნდა, ეს ოხერი დრო კი სხვა, უფრო პრაგმატული რაღაცეებისთვისაა საჭირო. დღეს პრივატიზაციის შესახებ დიალოგი მაქვს დასაწერი, სასაცილოა ჩემთვის და კიდევ გარკვეული, მცირე რაოდენობის ადამიანებისთვის რომ დღევანდელობაში კიდევ საჭიროა ისეთი სტატიების წერა სადაც ისაუბრებ იმაზე რომ პრივატიზაციის პროცესის დასრულება აუცილებელია, რომ კერძო საკუთრება ერთადერთი ფენომენია რასაც შეგვიძლია საკუთრება ვუწოდოთ. კიდევ უფრო მეტად მეღიმება, ცოტაც და შეიძლება ხმამაღლა გამეცინოს მაგრამ გარშემო იმდენი ხალხია ვეჭვობ მათი წამიერი შემოხედვა ოდენ გაოცებას არ დასჯერდება. ისევ ვაგრძელებ დასაწერ სტატიაზე ფიქრს, საიდან დავიწყო? საკუთარ ფიქრებს ვეკითხები. გამოქვაბულის ეპოქიდან, ირონია მოიხელთეს წამიერადვე ფიქრებმა. კიდევ ერთხელ მივხვდი რამდენი რამ შეუძლიათ ფიქრებს, წამიერად გამილევა კიდეც, იქნებ გონებაზე მეტი, იქნებ საერთოდ ჩემში დამოუკიდებლად არსებობენ და ხანდახან ჰუმანურობის გამო მეხმარებიან… თავს ვიმშვიდებ – ფიქრები ჩემი საკუთრებაა და რასაც მინდა იმას ვუზავ, გავაჩუქებ, გავათხოვებ, გავყიდი ან სულაც უმთავრესი ჩემივე გონებას დავახმარ და გონება მას ლოგიკურ მიმდინარეობას მისცემს, შემდეგ ეს მიმდინარეობა მე დამხემარება რომ სურვილები და მიზნები ავასრულო, სურვილებში და მიზნებში ძირითადი ადგილი ემოციებს უჭირავთ…. – ვა რა მაგარია, გამიელვა თავში. ფიქრები მგონი კმაყოფილია ეხლა შეიძლება დავუბრუნდეთ. რას? – ირონია ისევ ჩაბღუჯული ყოლიათ ფიქრებს. რას და კერძო საკუთრებას, გამოქვაბულს და სინანულს იმის შესახებ თუ ადამიანები რატომ ვერ იგებენ იმას, რომ არ ასებობს სხვა საკუთრება გარდა კერძოსი. გამოქვაბული რა შუაშია? ირონიული ფიქრები საერთოდ თავს  გადიან. გამოქვაბული შუაში არა, თავშია. მეხსიერებაც კაი ვირიშვილია, ჯერჯერობით მაგრად დგას. ადამიანი გამოქვაბულშიც უკვე მესაკუთრე იყო. ტყუილია და გამიზნული სპეკულაციაა ის აზრი, რომ ამ დროს ადამიანები კოლექტიურად ცხოვრობდნენ და ზრუნავდნენ ერთმანეთზე. პირველი რაც გამოქვაბულში მოხვედრისას ადამიანებმა გააკეთეს იყო ის, რომ ზოგს ნესტიანი ადგილი შეხვდა დასაწოლად და ზოგს მშრალი, ზოგსაც კეხიან ლოდზე ეძინა და ზოგსაც გასიპულ საწოლივით გლუვ კლდეზე, ერთერთმა მეხ დაცემული ხიდან ცეცხლის მიტანა მოახერხა და ცეცხლთან ყველაზე ახლოსაც ის მოხვდა, მეორეს რომელსაც საწოლივით გლუვი კლდე შეხვდა დასაძინებლად, მაგრამ შორს იყო ცეცხლიდან, სთხოვა გაცვლა ადგილები. მე არ ვიცი, შეიძლება გაუცვალა და შეიძლება არა. ვიღაცამ საერთოდ მშვილდ-ისრის გამოგონებისთვის ალბათ მთელი ოჯახისთვის გლუვი და საწოლივით კლდეები მიიღო დასაძინებლად და ასე დაუსრულებლად. ვგრძნობ ფიქრები აშკარად მადლიერია ჩემი და გაქცევასაც აღარ ცდილობს, გამიხარდა სტატიის დასაწყის რომ მივაგენი, ასე პრიმიტიულად უნდა დაიწყო თორემ ადამიანებს გონიათ რომ ტყე ყველასია და ის პარკიც რომელშიც არც კი დადიან რადგან ვერ იცლიან.

ცივა და თოვლიც სულ გაქრა, ისევ მთისკენ გამექცა ფიქრი, უფრო სწორად ვგრძნობ რომ თავად გავუშვი. სითეთრე ამ სიშორეზეც კი თვალის მომჭრელია, თეთრი როგორც არაფერი. არაფერი რა ფერია? მთლად გადამერია ფიქრი, ასეთ სისულელეზე. არა-ფერი, მე დავარქმევ მას თეთრს ეხლა და სიცივესაც ყურადღებას არ მივაქცევ. მთაზე თოვლია, თოვლზე მოყინული, კრისტალებად ქცეული ფიფქები, მზე სანამ გამოვა, მზე. ამდენ ხანს როგორ არ გაგახსენდათ ფიქრებო, ნამდვილად მომეცა ნიშნის მოგებს საშუალება ფიქრებისადმი. თუმცა მზე ნამდვილად არ გავდა მზეს, ისეთს, მე რომ მიყვარს. დამჭკნარი ფორთოხალივით ეკიდა სადღაც აჭრილი რძისფერ ნისლებში. თოვლი ამაყად იდო მთაზე, როდის იყო თოვლს დამჭკნარი ფორთოხალი ადნობდა. ფეხქვეშ არ მიგრძვნია მაგრამ ფიქრი რისი ფიქრია ეს რომ ვერ მოახერხოს და წამიერადვე აჭრაჭუნდა ფეხქვეშ თოვლი. თოვლი მუხლამდე, ნიკაპი სვიტერის ყელში მიძვრება, მზის სათვალის ქვემოდან ქარი მოძვრება და თვალებს აიძულებს ცრემლი გამოყოს, თან ისე რომ უპეებზე ჩამოღწეულს კრისტალად აქცევს და წვავს სახის კანს. ჭრრ… ჭრრ… ჭრრ… ნაბიჯებს ისე მძიმედ ვადგავ, თითქოს ზამთრის სიმძიმე მქონდეს გამობმული ფეხებზე. ვისთან მივდივარ მუხლამდე თოვლში? აუუ, ოღონდ ეს კითხვა არა ფიქრებო და მზად ვარ ზამთრის სიმძიმეს დაუმატოთ მთელი წლის სიმძიმე და ის გამომაბათ ფეხებზე. არავისთან! ეტყობა მიხვდნენ ფიქრები რომ ეს რეალობა იყო და ადვილად გაჩერდნენ. არადა თოვლში ისეთ ნაკვალევს ვტოვებ ფიქრი კი არა ბრმაც მომაგნებს. ნაკვალევი აჩვენებს საიდან მოვდივარ, იმას არა, სად მივდივარ. – დავამშვიდე თავი, მაგრამ ფიქრს უკვე ვეღარ გააჩერებ. – წარსული. ისეთი ღრმაა და ისეთი შორი, როგორც ჯოჯოხეთი, მერამდენედ უნდა ჩაეხეტოთ იქ? ვეკითხები. პასუხის ღირსადაც არ მთვლიან. მეხსიერებავ დამეხმარე და გზა გადაუღობე ფიქრებს. პირიქით, ესეც მღალატობს და სწორედ იქ მიძვრებიან ერთად, სადაც ყველაზე ნაკლებად ვისურვებდი. სევდად იქცა ზამთრის რომანტიკა მომენტალურად. დაშვებული შეცდომები პირდაპირ ზედ მახტებიან. თოვლის ჭრაჭუნი უკვე აღარ მსიამოვნებს, პირიქით ყოველი ნაბიჯის სიმძიმეს უფრო ამკვეთრებს. ფიქრები ნომრებად ამწკრივებენ შეცდომებს, დაშვებულს. პენალტს რომელი დამირტყავს ისიც არ ვიცი. ღმერთო აქედან გამაღწევინე… საიდან გაჩნდა ეს ფიქრი ნამდვილად არ ვიცი. ვერაფრით ვხვდები და არც აპირებენ ჩემს დახმარებას არც მეხსიერება, არც გონება, არც გრძნობები და მითუმეტეს ფიქრები. მხოლოდ ერთი ფიქრი მახსენებს თავს, რომელიც ისედაც მუდამ თან დამდევს, მოუშორებლად. – ღმერთისგან ისეთივე შორს ხარ როგორც მექსიკა.



ღმერთის გაელვება ფიქრებში და მეშველა. ნელ-ნელა კადრებად, ფირებად, სიუჟეტებად, ფილმებად წამოიშალნენ წარსულის ფიქრები, სადაც შეცდომები ბევრჯერ გადავთელე. აქ ყველაფერი მძიმედ შეჭურვილია და ამაყი, აქ ფიქრები მხოლოდ წინ მახედებენ. წარსული უკვე განცდილი სიამაყეა უამრავჯერ რომ გაგაღიმებს… წინა რიგებში ვხედავ უკვე შეძლებულთ და განხორციელებულთ, ბევრნი არიან, არც მჯერა. მოყვებიან წლები, თვეები, კვირები, დღეები, საათები, წუთები, წამები სადაც უამრავი რამეა მუდმივი, უცვლელი და მოდიან აქეთ აწმყოსკენ. აქ უკვე ჩერდება დრო, ფიქრებიც იბნევიან. მე თოვლში სულაც არ მივაბიჯებდი, საერთოდ არ მივაბიჯებდი არსად, ვზივარ მაგიდასთან და ვცდილობ სტატია დავიწყო ისე როგორც წეღან გადავწყვიტე, ისევ გამეღიმა. აწმყო ძალიან მაგარი რამეა, უკვე ირონიის გარეშე წამომადგა ფიქრი თავზე. მხოლოდ ამ დროს შეგიძლია ნათლად, სრულიად ნათლად დაინახო ყველაფერი რაც შეძელი, საოცარი შეგრძნებაა როდესაც ადამიანის მომავალს ქმნიდი და ამ მომავალს შორს, მაგრამ ხედავ, ძალიან შორსაა ისეთივე შორს როგორც მექსიკა მაგრამ იცი რომ შენი შექმნილია, მგონი იმანაც იცის, – ღმერთმა. მაინც შორს ხარ ღმერთო, მექსიკასავით. აწმყო ესაა და ასეთია და მერე, მერე არაფერი, – წინ მომავალია. ესეც მექსიკასავითაა და ამიტომაც არასოდეს ვცდილობ ფიქრები გამოვაკიდო.



ფიქრები თავისით ბრუნდებიან მაგიდასთან, ადვილად ვწერ და მივყვები მეც ფიქრებს. სიცივე ფანჯრებს გარეთაა, ზამთარიც და მთები კიდევ იმას იქით. – ყველაფერი შეიძლება გაყიდო სინდისის გარდა. ჩემი სიტყვები არაა, უფრო დიდი ადამიანის სიტყვებია, მაგრამ ფიქრს ხომ შეუძლია ჩემად აქციოს და ადვილია გაგება. სინდისი, იმდენად ფართო ცნებაა ფიქრიც კი ერიდება მისი თავის და ბოლოს მოძებნას, სამაგიეროდ გრძნობებს შეუძლიათ ამის დაცვა და გაგებაც კი. ზამთარივით რომანტიკულია სინდისი, ადრე, შორეულ წარსულში ამის გამო დულეში იწვევდნენ ადამიანები ერთმანეთს. მეც მიოცნებია ნახევარი სამყაროს დუელში გამოწვევაზე, მაგრამ სინდისი მახსენებდა რომ არც ასეთი დიდი ვარ, მთელი სამყაროს თუნდაც ნახევარს შევბრძოლებოდი და არც ბაბუაჩემივით თავადი არ ვარ რომ ეს მორალური პრინციპი ჩემიც ყოფილიყო. დღეს კი უსინდისო ადამიანების მთელი ჯარია შესეული ქვეყანას. ფიქრმა ისე პრინციპულად წამომიგდო ჩემი ქვეყანა ჩემს თვალწინ რომ შეუძლებელი იყო უსინდისო ადამიანების ჯარი არ გამოყოლოდა. უსინდისო ადამიანების ჯარი და პოლიტკორექტულობა ერთდროულად შემომაჯდა მხრებზე. უფლება ფიქრის და უფლება თქმის… მაქვს კი ეს უფლებები? ადამიანები თუნდაც ჯარი იყოს დიდი, სხვები არიან და მე მათ უსინდისოებს ვუწოდებ? ფიქრი ისევ ჩერდება და მახსენებს რომ ეს მხოლოდ ჩემი აზრია, თავისთავად. ჩემი ღირებულებების შკალიდან ეს ასე მოჩანს. სინდის გაყიდული ადამიანები, ესაა ჩემთვის მათი სახელი, პირდაპირი და გადატანითი მნიშვნელობით.

ფანჯრებს გარეთ ზამთარია შემახსენეს თავი სენტიმენტებმა, სენტიმენტალური ფიქრები ისე შემომისხდნენ გარშემო, თითქოს ესკიმოსის ვიგვამში ანთებული კოცონი ვიყო. სიცივეა გარეთ და მთები იმის იქით კიდევ, ზემოდან თოვლი. აქ კი ქუჩაში ქაოსია, ადამიანები ფიქრებით და ფიქრების გარეშე, ყველა თავის თამაშს თამაშობს, ფიქრს ვეკითხები, – გაცნობიერებულად თამაშობენ? – პასუხი არც გაუჭირდებათ. შენ თუ თამაშობ გაცნობიერებულად. გაქვს შენი როლი ამ სამყაროში? – მეღიმება. პირველად მაქვს საშუალება ფიქრები ჩემი ირონიით შევაშინო. მე არ ვფიქრობ სამყაროზე, ჩემს როლზე, მე არ ვცდილობ წინასწარ დავინახო ჩემი გზა. მე პასუხისმგებელი ჩემს წარსულზე და აწმყოზე ვარ მომავალს წინასწარ არ ვუყურებ! მაგრამ ფიქრი რისი ფიქრია არ შემაწყვეტინოს, შენ ამას ჩვენს გარეშე არ აკეთებ. აი აქ შემიძლია ჩემი ფიქრები შორს გადავისროლო, შორს, აი იქ, იმას იქით რომ მთებია, იქ.



აქ კი დროა ის ფიქრები დავტოვო რომელიც რეალობაზე მიმითითებენ. ფანჯრებს აქეთ მამყოფებენ, ამ ფიქრებში ბრუნდება ყველაფერი ის რასაც ვთამაშობ. ეს დისკურსია საკუთარ თავთან. სახელი მომაწოდა ყველაზე თამამმა და აშკარად ვატყობ ისევ როგორც კოცონს ისე მიყურებს ფიქრი. ახალ ნაკვერჩხალს მიმატებს და ირონიულად ამატებს. – ეს პოსტმოდერნია! – აუფ შემაშინე ხო იცი. ისევ მეღიმება. ბავშვივით მიხარია, რადგან ვიცი ყველაზე ნაცნობი ფიქრი შემოჯდომია კოცონს ამ წუთას. პოსტმოდერნში ავტორი მკვდარია და ტექსტები თავისივე მოთამაშეებით ისე დაჯირითობენ როგორც თავის დროზე ბიზონთა ჯოგები ამერიკულ პრერიებში. აქ სრული თავისუფლებაა, აქ ყველაფერი იშლება და იწყობა თავისით, შენ მხოლოდ უნდა გაყვე ამ ჯოგებს, თავისუფალი უნდა გახდე. ამიტომ მიყვარს ეს ფიქრი, ყოველთვის აქვეა და შეუცვლელი.

ზამთარი კი ისევ იქაა, ფანჯრებს იქეთ, იმას იქით კი მთებია სადაც ჩემს მიერ გაშვებული ფიქრები დაქრიან, იმისთვის რომ ერთ დღესაც დაბრუნდნენ და კიდევ ერთხელ გამახედონ იქით. დროა სტატიას დავუბრუნდე. – ასე გრძელდება, „კერძო საკუთრება ადამიანის წარმატების საზომია. გაქვს იმდენი რამდენსაც იმსახურებ. იმსახურებ იმდენს, რამდენიც თავად გაგიკეთებია, თავად მოგიპოვებია“. საკუთარი თავის დაკარგვა გცვლის, გცვლის ძირფესვიანად და გრჩება მხოლოდ ის ფიქრები რომლებიც თავის გამართლებაში გეხმარებიან, გეხმარებიან დიდხანს და დაუღალავად, გემსახურებიან, სარკის წინაშე მდგომსაც არ გტოვებენ და გეხმარებიან ისევ და ისევ, გარწმუნებენ რომ ეს ასეც უნდა მომხდარიყო, ყველაფერზე. რეალობა რომელიც შექმენი ერთადერთია და ისინიც ერთგულად და დაუღალავად გიფუთავენ შენს ცვლილებებს. ოღონდ როგორც კოცონს ისე აღარ გიყურებენ, არც ნაკვერჩხალს გიმატებენ, არც სხვა ფიქრების ამბავს გეკითხებიან. რადგან ისინი შენით ვეღარ თბებიან, მათ აღარ ეამაყები და ელოდებიან როდის ჩაქრები როგორც კოცონი რომ შეძლონ თავის დაღწევა შენგან.



მაგრამ ფიქრები ჩემი საკუთრებაა და მე მაქვს მხოლოდ და მხოლოდ მათი გაშვების, გასხვისების, დავიწყების, მოშორების და გადაგდების უფლება. ესეც უკვე ის ფიქრია რომელიც ყველაზე მეტად მიყვარს რომელიც ყოველთვის მაბრუნებს გზაზე და მახსენებს, – წინ კიდევ ბევრი ფიქრია და ნუ ეცდები მათ მოშორებას ისინი ყველა შენია და ნურც იმათ დატოვებ უკან რომ დატოვე. ერთგვარი თამაშია ეს, თამაში ფიქრებით და როლი რომელსაც მე ვთამაშობ ცხოვრებაში მთავარი არაა, უფრო მეტია ის, რადგან ჩემია.

ეს ყველაფერი ერთერთი რემარკაა ჩემს როლზე. ზამთრისეული რემარკა.

მეღიმება.



ფიქრებს დღესაც ვაჯობე. რითი?

მე ამას უტვინო ოპტიმიზმს ვუწოდებ

ძალიან მაგარი რამეა.

ავტორი: გიორგი ჩიქოვანი