Skip to content

წერილი დედას

“Видно грусть оставила в наследство
Ты, о мама, девочкам своим!”

ყოველთვის მახსოვს ჩვენი შეხვედრები დიდი ხნის განშორების შემდეგ. ჰო, ჩემთვის ორი კვირაც დიდი ხანი იყო, სოფლად როცა მიშვებდი. ბაბუაწვერას მოვგლეჯდი ხოლმე და სულს ვუბერავდი, შენთან წერილს ვატანდი. ასე მითხარი ოდესღაც: ბაბუაწვერას რასაც ეტყვი, სულს რომ შეუბერავ, ჩემთან წამოიღებსო. არავინ ყოფილა ჩემს ცხოვრებაში შენზე უფრო ძვირფასი და არც ჩემი შვილია უფრო სანუკვარი, ვიდრე შენ. რაებს ბოდიალობო იტყვი, ამას რომ წაიკითხავ, რადგან არ გიყვარს ასეთი ლაპარაკი. შენ მე თავისუფალ ადამიანად აღმზარდე და გეზიზღება, როცა შენზე მოჯაჭვულს მხედავ, მაგრამ რას იზამ? – ეს ერთადერთია, რაც ცხოვრებაში არ გამოგივიდა. ვერ დაგამარცხე, ვერ მოგკალი. შენ ნაწილად ვრჩები მაინც.
ბავშვობაში, როცა გამოგიტყდი: სიბნელეში მარტო დაძინების მეშინია, რადგან მგონია, ბუები შემოვლენ ჩემს ოთახში აივნის კარიდან-მეთქი, მიპასუხე: მე აქ ვერაფრით დაგეხმარები შენს შიშებს შენ თვითონ უნდა სძლიოო. ძალიან მიკვირს, ამდენი რომ გესმოდა, როცა მე ოთხის, შენ კი ოცდაორი წლისა იყავი. მე მახსოვს, როცა ტირილით დაგირეკე, სკოლაში მაწყენინეს-მეთქი, მიპასუხე – მუსიკა ჩაირთე და იცეკვე, მეც მალე მოვალო. არც ის დამავიწყდება კბილის სამკურნალოდ განკუთვნილი ფული ფროიდის „ფსიქოანალიზში“ რომ გადაიხადე და გაგიხარდა, რომ ამ წიგნს გადააწყდი. გჯეროდა, რომ ამას თუ არ წაიკითხავდი, საკუთარი თავის შეუცნობლობით გამოწვეული ტკივილი უფრო გაგტანჯავდა.
ბევრი გაპროტესტე, ბევრი გეომე და ამას ყოველთვის მშვიდად ხვდებოდი. მაშ, როგორო? – ამბობდი და გიხაროდა, რომ ვიზრდებოდი. არასოდეს დაგზარებია ჩემი მოსმენა. შემოსასვლელში რამდენი ხანი ვმდგარვართ ფეხზე და გვილაპარაკია ჰომეროსზე, პლატონზე, ავგუსტინესა და აქვინელზე. რამდენი სისულელეც არ უნდა მეთქვა, ისეთი სახე გქონდა, თითქოს არაფერი გაგიგონია უფრო მჭევრი და მეტყველი. მეორე კლასში ფერად ფურცელზე თევზი დაგიხატე და დიდხანს გქონდა კედელზე გაკრული. მნიშვნელოვანი კი ისაა, რომ ახლაც მჯერა, ეს საუკეთთესო თევზი იყო, რაც კი ოდესმე დახატულა. საშინლად მაკვირვებდა ერთი რამ: როგორ შეგეძლო საზარელ სიმკაცრესთან ერთად ასეთი სითბო და აღფრთოვანება გამოგეხატა? ერთის მხრივ, ყველაფრით უკმაყოფილო იყავი, რაც არ უნდა გამეკეთებინა, მეორეს მხრივ კი – ახერხებდი დამეჯერებინა, რომ ძალიან მაგარი ვარ, ყველაზე მაგარი, რომ მე შემიძლია მთები გადავდგა.
შენ ბევრი რამ აიღე საკუთარ თავზე, მე რომ არ ვინერვიულო, მე რომ არ დავიღალო, მე რომ არ დავიტანჯო. ხშირად გეუბნები, რომ ეს სწორი არ არის, მაგრამ მპასუხობ – ამას შენთვის კი არა, ჩემთვის ვაკეთებო. მე კი მინდა, მე ვიყო შენი დედა, როლები გავცვლოთ და მე მოგეხმარო, მე შეგეხიდო, მე მეტკინოს და არა შენ. მახსოვს, როგორ ვტიროდი ღამე, როცა მისაყვედურებდი და ახლაც ასეა, რადგან მინდოდა და ახლაც მინდა, ჩემი იმედი გქონდეს. ვიცი, რომ იმად არ გაგიჩენივარ, შენზე ვიზრუნო, მაგრამ ხანდახან მაინც მომეცი ამის უფლება. ერთადერთი ხარ, ვისაც ჩემი ესმის, რადგან მე და შენ განუყრელნი, დაუშლელნი ვართ. ჩვენ ბევრი ამბავი გადაგვხდენია თავს. გვყავრებია და იმედები გაგვცრუებია, ბედნიერები ვყოფილვართ, მაგრამ ვერ შეგვირგია, რადგან არ არის ეს ჩვენთვის. შენ სულ მეტი გინდა და მეც ვერაფრით ვკმაყოფილდები. ჩვენ გვინდა ჩვენი ქვეყნისთვის ღვაწება და იდეალების ერთგულება. ჩვენ უტეხი გოგოები ვართ და სულ ვდარდობთ. არ გვშორდება სევდა, მაგრამ ვიცით, რომ ეს აუცილებელია, რადგან სევდა გვაიძულებს ვიფიქროთ. ჩვენ საკუთარი ტკივილებით ვამაყობთ და არაფერში გავცვლით მათ.
ნართანიანი მრავლობითისთვის ბოდიშს მოვიხდი, სენტიმენტებისთვის და არაგენიალური წერილისთვისაც, რადგან შენ ყველაფერ გენიალურს იმსახურებ.

ავტორი: თინათინ ქავთარაძე