“სიკვდილამდე ორი დღით ადრე ფედერიკო ფელინიმ მითხრა: როგორ მინდა, კიდევ ერთხელ შევიყვარო! ამას ქალზე არ ამბობდა, იმის თქმა უნდოდა, რომ სიყვარული ცხოვრებაში ერთ-ერთი ყველაზე მომხიბლავი რამაა. როცა გიყვარს, შენ უბრალოდ ადამიანი კი აღარ ხარ, არამედ თითქოს სურნელებად იქცევი. მიწაზე კი არ დადიხარ, ჰაერში ლივლივებ. სწორედ ტრფიალების ეს განცდაა ცხოვრებაში მთავარი.
მნიშვნელობა არ აქვს, ვინ ან არ გიყვარს – ქალი, სამუშაო, სამყარო თუ ცხოვრება… სიყვარული არც სიხარულია და არც დარდი, არც ჯილდო და არც გამოცდა, ეს ყველაფერი ერთად მოგზაურობაა ზღაპრულ მომაჯადოებელ ქვეყანაში, ბილიკი იმ საიდუმლოში, რომელიც უნდა ამოხსნა. სიყვარული ყოველთვის გადის, ყველაფერს თავისი დასასრული აქვს. მაგრამ ერთი მდგომარეობა ყოველთვის მეორეში გადადინდება, და ეს მეორე შეიძლება უფრო ძლიერი გრძნობა იყოს, ვიდრე ტრფიალებააა.
დღეს ქორწინებები ხანმოკლეა, და ყოფილი შეყვარებულები მოკლებულნი არიან დიდ აღმოჩენას – რა შესანიშნავია, იაროთ ერთად, ხელიხელჩაკიდებულებმა, სიკვდილისაკენ. ბევრს ეჩვენება, რომ ახალი ურთიერთობები უფრო ძლიერ შეგრძნებებს მოუტანს. ასე არ არის. იტალიურ ენაში არის ასეთი სიტყვა “voler bene”, რომელიც რუსულად არ ითარგმნება. არის “amare” – სიყვარული, და არის “voler bene”, როცა ადამიანის მიმართ ისეთი დამოკიდებულება გაქვს, რომ მასზე ახლობელი არავინ გყავს. “amare” ფიზიკურ სიამოვნებაზე დგას. სამყაროში ყველაზე ძლიერი გრძნობაა, როცა “amare” “voler bene”-ში გადაიზრდება. დედამიწაზე არაფერია უფრო მნიშვნელოვანი, ვიდრე “voler bene”-ს გრძნობა. ის მხოლოდ ერთად გატარებულ წლებთან მოდის, და ამ წლებს ნდობა არ უნდა გაჰყვეს. ასეთი ხანგრძლივი კავშირის დაკარგვა უფრო ტრაგიკულია, ვიდრე სიყვარულისა და, მით უმეტეს, ფიზიკური სიამოვნებისა. სწორედ “voler bene”-ს დაკარგვაა ნამდვილი, ღრმა მარტოობა, აბსოლუტური სიცარიელე.
მე მქონდა “voler bene”-ს განცდის ბედნიერება. საცაა 90-ის გავხდები, ჩემ გვერდით კი ლორაა – ჩემი მეუღლე, რომელიც 30-ზე მეტი წლის წინ ვიპოვე. საოცარი სიყვარულის ისტორიებს შევხვედრივარ. მე დავიბადე და ვცხოვრობ იქ, სადაც დგას ფრანჩესკა დე რიმინის ციხე-დარბაზი. დანტემ ის სანტ-არკანჯელოში დაასახლა. იქ უყვარდა მას პაოლო, იქ დახოცა ფრანჩესკას ქმარმა შეყვარებულები. და რადგან ეს ყველაფერი ჩემი სახლიდან ათიოდე ნაბიჯში მოხდა, ჩემთვის უფრო ბრწყინვალე და ახლობელი სიყვარულის ისტორია არ არსებობს. უდიდესი “voler bene” იყო ჩემს მეგობარს, ფრედერიკო ფელინსა და ჟულიეტა მაზინას შორის. ფელინს მსოფლიოს ყველა ქალი თავს აწონებდა, მაგრამ მისი უკანასკნელი ჟესტი ჟულიეტასადმი სიყვარულის ნამდვილი ჰიმნი იყო – პრაქტიკულად პარალიზებული კლინიკიდან გაიპარა, როცა გაიგო, რომ ჯულიეტა რომის საავადმყოფოში კვდებოდა. 500 კილომეტრი გადალახა და მის გვერდით დაწვა. და როცა ფელინი მოკვდა, ჯულიეტაც გარდაიცვალა.
ტონინო გუერას წიგნიდან “ცხოვრების შვიდი რვეული”, თარგმნა რუსუდან ქართველიშვილმა