Skip to content

რატომ მომწონს ტარტუს უნივერსიტეტი?

მოდით ასე დავიწყებ, მე მარიამი ვარ ბიზნესის ადმინისტრირების ბაკალავრიატის მესამე კურსის სტუდენტი. ამჯერად ვსწავლობ ესტონეთში, ტარტუს უნივერსიტეტში, თუმცა წარსულში საქართველოსა და გერმანიაშიც ვსწავლობდი 1 წელი. დღეს გადავწყვიტე გაგიზიაროთ ჩემი გამოცდილება 3 სხვადასხვა სისტემის შესახებ და გითხრათ, თუ რომელი მათგანი მირჩევნია.
ყველაზე მეტად რაც ტარტუს უნივერსიტეტში მომწონს  არის ის, რომ რასაც ვსწავლობთ თეორიულად ასევე პრაკტიკულადაც ვაკეთებთ. მაგალითად, მარკეტინგის კურსზე დავწერეთ მარკეტინგის გეგმა მარწყვის ჯემისა და ფრანგული რესტორნისთვის ტარტუში; მენეჯმენტის კურსზე დავწერეთ ბიზნეს გეგმა სამშენებლო კომპანიისთვის; ასევე კვლევის მეთოდებში გამოვიკვლიე ტარტუს კაფეები და ასე შემდეგ. ჩემი აზრით, ეს სწავლების საუკეთესო მეთოდია , ვინაიდან და რადგანაც შეგიძლია შეაფასო რა არის მნიშვნელოვანი და რა არა, განსაზღვრო რას უნდა მიაქციო ყურადღება და რას არა. როცა მხოლოდ თეორიული განათლება გვაქვს ხშირად გვიჩნდება კითხვა – რისთვის გვჭირდება ეს ინფორმაცია?
გარდა ამისა, ტარტუს უნივერსიტეტში ძალიან ხშირად გვიწევს გუნდური, თუ ინდივიდუალური დავალებების შესრულება, პრეზენტაციები, შუალედურები, რეალური ქეისები, რაც საშუალებას გვაძლევს შევაფასოთ საკუთარი თავი ეტაპობრივად – ვაქცევთ თუ არა ყველაზე მნიშვნელოვან ინფორმაციას ყურადღებას, საკმარის დროს ვუთმობთ სწავლას თუ არა, ნამდვილად გვესმის ის რასაც გვიხსნიან თუ არა. ამით შეგვიძლია ვაკონტროლთ საკუთარი თავი, რომ საბოლოო ჯამში კარგი შედეგი მივიღოთ.
გერმანიაში კი თავისუფალი სწავლებაა. სტუდენტზეა დამოკიდებული დაესწრება ლექციებს თუ არა, წაიკითხავს მასალას თუ არა; თუმცა ბოლოს საბოლოო 100 ქულიანი გამოცდა აქვთ ჩასაბარებელი. თუმცა შეიძლება ერთი ორი დავალების დაწერა იქაც მოგიწიოთ. მოკლედ რომ ვთქვა, ყველაზე მეტად რაც არ მომწონდა იყო ის, რომ მთელი სემესტრის განმავლობაში არ ვიცოდი რამდენად კარგად ვემზადებოდი ამ საგნისთვის, ასევე იქიდან გამომდინარე რომ ბოლო ვადები არ მქონდა ყველაფერი ბოლო დღეებისთვის მოვიტოვე რაც ყველაზე ცუდი გადაწყვეტილება იყო.
ასევე გერმანიაში, რამოდენიმე საგანზე ლექციები და კონსულტაციები ორ-ნაწილად იყო გაყოფილი. ლექციებზე თეორიულ მასალას გვიხსნიდნენ, თუ როგორ მიიღება ესა თუ ის ფორმულა, ხოლო კონსულტაციებზე კი გამოთვლებს გვასწავლიდნენ. ჩემი აზრით, უკეთესია როცა ეს ორი ნაწილი დაყოფილი არ არის და ერთდროულად გიხსნიან თეორიასაც და პრაკტიკასაც, რაც სტუდენტს მასალის გაგებას უადვილებს (როგორც ტარტუსა და საქართველოშია).
საქართველოში კი, უნივერსიტეტში გვქონდა დავალებებიც, პრეზენტაციებიც, შუალედურებიც და საბოლოოდ გამოცდებიც, თუმცა გაცილებით ნაკლები ტარტუსთან შედარებით და გაცილებით მეტი გერმანიასთან შედარებით.
სიმართლე რომ ვთქვა, არ ვიცი საქართველოში როგორ არის, თუმცა გერმანიასა და ტარტუში სტაჟირება ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანია ფაქტორია. ტარტუს უნივერსიტეტი გეხმარება კომპანიის მოძებნასა და საბუთების მოგვარებაში. მე პირადად შვეიცარიაში ვმუშაობდი 6 კვირის გნამავლობაში მენეჯმენტისა და ადმინისტრირების განხრით ბიომეტრიულ კომპანიაში, ასევე სამთვიანი სტაჟირება გავიარე საქართველოში საბიუჯეტო-ფინანსური ბუღალტერიის განხრით, რაც დამეხმარა გადაწყვეტილების მიღებაში – ანუ იმის განსაზღვრაში, თუ რა მინდა ვაკეთო მომავალში.
დიდი იმედი მაქვს, ჩემი სტატიიდან საჭირო ინფორმაცია მოგაწოდეთ, რაც დაგეხმარებათ გადაწყვეტილების მიღებაში.

ავტორი: მარიამ მწითურიძე

ტარტუს უნივერსიტეტში ჩაბარებისა და სწავლის შესახებ მეტი ინფორმაციის მისაღებად დაუკავშირდით სპეციალურ წარმომადგენელს: [email protected]