ცამეტი წლის ვიყავი, მამაჩემი ომში რომ დაიღუპა. პროფესიით მხატვარმა ფუნჯის ნაცვლად ხელში იარაღი აიღო და ქვეყნის დასაცავად წავიდა, 14 დღეში ჩამოასვენეს, სახლში დავრჩით მე, ჩემი 10 წლის და და დედაჩემი, არავინ იყო პატრონი. დედაჩემს დამოუკიდებლად, მამაჩემის გარეშე, პურიც არ ჰქონდა ნაყიდი, მივხვდი, რომ უნდა მემოქმედა, ოჯახისთვის უნდა მიმეხედა.
სამსახურის საძიებლად ქუჩა-ქუჩა დავიწყე სიარული. ის მინიმუმი მაინც უნდა გამომემუშავებინა, რომელიც ოჯახისთვის სასიცოცხლოდ აუცილებელი იყო. იყო ასეთი სტუდია არტ-ჰოლი, გამიმართლა და 13 წლის ასაკში უარი არ მითხრეს სამუშაოზე, ამ სკოლის ფლაერებს დავატარებდი.
ყოფილა პერიოდი, დახეული, ძირგახვრეტილი ფეხსაცმელითაც მივლია. ყველაზე ცუდად მახსოვს ის ზამთარი – ბოტანიკურ ბაღში ფეხსაცმელი გამეხა, თოვლი იყო, ძალიან ციოდა და ფეხშიშველმა მოვიარე ბოტანიკური ბაღის ეზო რომ მიმეგნო ერთ ერთი სკოლისთვის საიდანაც სულ 5 ბავშვი მოვიდა სტუდიაში ( ბავშვების რაოდენობაზე იყო დამოკიდებული ჩემი ანაზღაურება ) მას მერეც ბევრი ვიწვალე, ვმუშაობდი გამომცემლობაში, ვცდილობდი ერთ ერთი ჟურნალისთვის სარეკლამო გვერდები გამეყიდა, ყოფილა შემთხვევა, როცა სახლში მარტო ბრინჯი გვქონდა და არ გვქონდა მარილი, ზეთი. დედაჩემი არასდროს ამჟღავნებდა, საკუთარ ემოციებს, არც იმას გვაგრძნობინებდა, რომ გასაჭირში გვიწევდა ცხოვრება. გააკეთებდა ბრინჯს და ეპატიჟებოდა ჩემს მეგობრებს. არასოდეს მიდარდია ამ თემაზე, ყველაფრისდა მიუხედავად ბედნიერები ვიყავით.
ბედნიერი ვიყავი იმით, რომ ვცოცხლობდით, იმით, რომ მამა გმირი მყავდა. ამ გადასახედიდან ვფიქრობ, რომ ამის გაუცნობიერებლობა საუკეთესო გზა იყო ბედნიერების დასაცავად.
ცხრა კლასი დავამთავრე და ექსტერნად ჩავაბარე თეატრალურ უნივერსიტეტში. თეატრმცოდნეობის განხრით წავედი, რადგან ბაბუაჩემი იყო თეატრმცოდნეობის კათედრის დამაარსებელი. მერე მივხვდი, იქ საერთოდ არ მქონდა საშუალება ფინანსურად მყარად ვყოფილიყავი. ბევრ ადამიანზე ვიყავი პასუხისმგებელი და ეს უფრო რენტაბელური პროფესიის ძიებისკენ მიბიძგებდა.
19 წლამდე ასე ვიწვალე, ერთ დღესაც ტელევიზიაში მოვხვდი და დაიწყო ჩემი კარიერა. კარიერა ცოტა ხმამაღალი ნათქვამია, მაგრამ დღეს რომ მაქვს ის საქმე რაც ძალიან მიყვარს ზუსტად პატარ პატარა წარმატებების დამსახურებაა, ეს არის ჩემთვის წარმატება. არაფრიდან მივაღწიე რაღაცას, შევქმენი საკუთარი თავი, შევუთავსე ერთმანეთს ოჯახი და სამსახური და ვარ ძალიან ბედნიერი.
ტელევიზიაში შემდეგნაირად მოვხვდი. პატარა ასაკში გავთხოვდი, 19 წლის ვიყავი როცა დედა გავხდი, ბავშვი ახალი გაჩენილი მყავდა ერთმა ჩემმა მეგობარმა დამირეკა და მითხრა, როდემდე უნდა იჯდე სახლშიო. ყოველთვის აქტიური ვიყავი, ერთი სამსახური არასდროს მაკმაყოფილებდა. მუდმივად ძიების პროცესში ვიყავი. ამ ადამიანმა შემომთავაზა ბედი მეცადა ტელევიზიაში და მეც წავედი. იმედის პოლიტიკური პროგრამების დირექტორი გიორგი თარგამაძე იყო, შევხვდი და შემომთავაზა მომესინჯა ძალები. 10 წელი ვიყავი ქრონიკის ტექნიკური პროდუსერი, ეს იყო ჩემს ცხოვრებაში ძალიან საინტერესო პერიოდი – ყველაზე დიდი ადრენალინი მოაქვს წამზომს, რომელიც ჩართული გაქვს, როდესაც საინფორმაციო ეთერში გადის.
მას შემდეგ იყო რამდენიმე პროექტი იმედზე, მერე იყო ტელეკომპანია მაესტრო სადაც ასევე რამდენიმე პროექტის პროდუსერი გახლდით, იყო სტუდია ანატომია, იყო ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია რომელიც ჩემს ნაწილად იქცა… დაახლოებით ორი წლის წინ ასევე ჩემმა მეგობარმა ანა გოჩაშვილმა საქართველოს პარლამენტში
გამიწია რეკომენდაცია რის შემდეგაც გავიარე კონკურსი, მას მერე ვარ საქართველოს პარლამენტის საზოგადოებასთან ურთიერთობისა დასამოქალაქო ღონისძიებათა დაგეგმვის განყოფილების უფროსი და ეს საქმე ძალიან მომწონს, უფრო მეტიც – ძალიან მიყვარს ????
მუდმივად არანორმალური რეჟიმით, არანორმალური გრაფიკით ვმუშაობ, ფაქტიურად არასდროს არ ვიღლები აგერ უკვე 23 წელია. 14 წლისამ დავიწყე მუშაობა და პაუზა არ მქონია.
არასოდეს მიმუშავია ისეთ სამსახურში, რომელიც არ მომწონდა. მუდმივად ვმუშაობ იქ, სადაც თავს ვგრძნობ კომფორტულად. ჩემთვის პრიორიტეტი არ ყოფილა ხელფასის ოდენობაც. ყოველთვის მივყვებოდი შინაგან ხმას და საკუთარ გულისთქმას, ამიტომ ყველა ჩემი სამსახური ყოველთვის წინ გადადგმული ნაბიჯი იყო.
ჩემს ცხოვრებას რომ ვუყურებ მინდა იმ ცამეტი წლის გოგოს ვუთხრა, რომ ყოჩაღი გოგოა. შეიძლება ცოტა ხმამაღალი ნათქვამია, გულიდან მოდის ის მადლობა რაც იმ პატარა „მეს“ პატარა გოგონას ეკუთვნის. ვფიქრობ შევასრულე ის მისია, რაც მევალებოდა. ყოველ შემთხვევაში, დედაჩემი და პირველ რიგში მამაჩემი არ შევარცხვინე და ეს ჩემთვის ყველაზე დიდი მიღწევა, ყველაზე დიდი წარმატებაა.