წარმატება ჩემთვის სწორად დასახული მიზანია. პროცესი მნიშვნელოვანია შედეგთან ერთად. „კეთება“ სიხარულით უნდა მიმდინარეობდეს და თუ ეს ასე არ არის, მაშინ მისგან მიღებულ საბოლოო პროდუქტსაც ნაკლები ფასი აქვს.
გამომდინარე იქიდან, რომ ვარ გუნდური ადამიანი, წარმატებას ერთად მოქმედებას ვუკავშირებ. მნიშვნელოვანია, რომ გარშემო ადამიანებს, ვისთან ერთადაც საქმეს ვაკეთებ, მსგავსი მოტივაცია გააჩნდეთ. შესაბამისად, მოქმედებაც სინთეზური და ჰარმონიული იქნება. ჩემთვის ყველაზე დიდი პრინციპია – „ძალა ერთობაშია!“ რასაკვირველია, როცა რაღაცას მარტო ვაკეთებ, ასეთ შემთხვევაშიც ვაღწევ შედეგს, თუმცა ჩემი შემოქმედებითი უნარი ადამიანებთან კომუნიკაციის დროს მეტად იხსნება.
თითოეული ჩემი პროექტის განხორციელებისას, უდიდესი მნიშვნელობა ჰქონდა გუნდურად მუშაობას, საერთო ფასეულობებით. რაც მთავარია, გუნდმა უნდა გაგზარდოს. ზრდა რამდენიმე ნაწილად იყოფა: საქმეში, ანუ პროფესიული მიმართულებით და პიროვნული – როდესაც ხდება საკუთარი თავის შეცნობა. პიროვნული ზრდა მუდმივი პროცესია. ამ დროს უფრო უღრმავდები საკუთარ თავს, ეძებ პასუხს კითხვაზე, თუ რამ გამოიწვია ესა თუ ის ემოცია ან ქცევა. აქედან გამომდინარე, აკეთებ აღმოჩენებს. შედეგად, უფრო მეტ ჰარმონიას აღწევ, ხდები ბევრად უკეთესი და ძლიერი. რაც ყველაზე მთავარია, საკუთარ თავში ახალ კარს ხსნი. ჩემი აზრით, სწორედ ეს არის წარმატება – უკეთესი „მე-ს“ აღმოჩენა.