ხათუნა იოსავა – საქართველოს სახელმწიფო ბალეტის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი
როდესაც გრძნობ, რომ საქმემ რომელიც წამოიწყე, შედეგი მოგიტანა, დასახული მიზნების მაქსიმუმი რეალიზებულია და როდესაც თავად ხარ რეალიზებული, ვფიქრობ, ეს არის წარმატება. ხშირად შეიძლება ამას სხვები ვერ ამჩნევდნენ, მაგრამ მნიშვნელოვანია შინაგანი კმაყოფილება – რომ გამოგივიდა!
ბუნებრივია, ამ ყველაფრის თანმხლები კარიერული წარმატებებიც უნდა იყოს, როდესაც შენს პროფესიონალიზმს და თავდადებას აფასებენ და კონკრეტულ ბენეფიტებს იღებ საქმიანობიდან – კარიერული წინსვლა, ღირსეული ანაზღაურება…
ძალიან მოკლედ რომ შევაფასო, წარმატება დიდი შრომის და თავდადების შედეგია.
ყველა პროექტი კონკრეტული შედეგებით (რაც ბევრი ყოფილა ჩემს ცხოვრებაში) საამაყოა. მაგრამ წარსულში რომ არ გადავეშვათ, ერთ–ერთი ბოლო წარმატებული პროექტი თბილისის საერთაშორისო საბალეტო ფესტივალია, რომელიც ნინო ანანიაშვილის ინიციატივით წელს პირველად ჩატარდა და სულ რამდენიმე დღის წინ არაჩვეულებრივი წარმატებით დაიხურა. ძალიან მოკლე დროში კოლოსალური სამუშაო გავწიეთ, რომ ღირსეული სტარტი აეღო ჩვენი ქვეყნისთვის ამ ძალიან მნიშვნელოვან ფესტივალს. ძალიან დავიღალეთ, მაგრამ რომ ვაანალიზებ მოსალოდნელზე რამდენად მეტი წარმატებით ჩაიარა ყველაფერმა, ვთვლი, ეს შრომა ღირდა ამ სასიამოვნო განცდად.