Skip to content

ქეთი ტყავაძე – #წარმატებაარის

ქეთი ტყავაძე – “მართვის აკადემიის” პარტნიორი, თავმჯდომარე და ტრენერი
წარმატება ჩემთვის ბედნიერებასთან ასოცირდება. ბედნიერება კი სრულყოფილების შეგრძნებაა – ერთი მხრივ, შენ მოღვაწეობ სფეროში, რომელიც სიამოვნებას განიჭებს და მეორე მხრივ, გყავს ოჯახი, რომელსაც სათანადო დროს უთმობ.

ჩემ შემთხვევაში, სფერო, რომელიც წარმატებას უკავშირდება, მენეჯმენტია. სწორედ ამ მიმართულებით ვვითარდები ყოველდღიურად. განვითარების საკუთარი საზომი კრიტერიუმები მაქვს. დღე არ გავა, რამე არ წავიკითხო, ახალი არ ვისწავლო, თუნდაც იგივე ბიზნესისა და მენეჯმენტის კუთხით. სწავლა სტუდენტობის დამთავრებასთან ერთად არ სრულდება, იგი მუდმივი პროცესია და მთელი ცხოვრების განმავლობაში გრძელდება. პირადად მე, ოცდათოთხმეტი წლის ასაკში დავამთავრე გრენობლის (საფრანგეთი) ბიზნესის სკოლის MBA და უკვე ვფიქრობ, შემდეგი რა დავიწყო.

წარმატებისთვის ძალიან საჭიროა ხალხთან ურთიერთობა. გარშემომყოფებისგან ბევრი ისეთი რამის სწავლაა შესაძლებელი, რაც პროფესიულ ზრდაში გეხმარება. მე, როგორც ტრენერი, ამ კუთხით ბევრს ვიღებ ჩემი ტრენინგების მონაწილეებისგან. ტრენინგს თვეში რამდენიმე ჯგუფს ვუტარებ, რომლის წევრები ძირითადად მენეჯერები არიან და ხანდახან მათ ხუმრობით ვეუბნები ხოლმე: „შეიძლება, მე უფრო ბევრი ვისწავლო თქვენგან, ვიდრე თქვენ ჩემგან“. ისინი „მართვის აკადემიაში“ მოდიან ძალიან დიდი გამოცდილებით, ცოდნით, რომელსაც ერთმანეთს უზიარებენ და მეც მიზიარებენ. წარმატების მიღწევის საქმეში განვითარება, რომელიც კომუნიკაციის პროცესში მოდის, უმნიშვნელოვანესია.