იყო პერიოდი, როდესაც სიყვარული უბიძგებდა ადამიანს ხიფათში ჩაეგდო თავი. მამაკაცები მზად იყვნენ მიეტოვებინათ ყოველდღიური საქმე, „თესვა, ხვნა“ და ადიდებული „ჭოროხი და მტკვარი“ გადაელახათ. დღევანდელ რეალობაში აღმოჩნდა, რომ „ზღვისფერი თვალები“ სულაც არ არის საჭირო, იმისათვის, რომ ადიდებულ მდინარეს შეერკინო. ეს პროცესი, თურმე, თავისთავად სასიამოვნო და უდიდესი რელაქსაციის საშუალება ყოფილა. კარგად თუ დავაკვირდებით, ხიფათის სიყვარული არისტოკრატიული ბუნების მქონე ჭაბუა ამირეჯიბის დათა თუთაშხიასი არ იყოს, რომანის მთავარი პერსონაჟი რომ ეუბნება ბონია მეწისქვილეს: „ხიფათის სიყვარული არ გაქვს და არც უნდა ჰქონდეს შენი ჯიშის კაცსო.“ ჩვენ იმდენად მოგვწონს წინააღმდეგობების გადალახვა, რომ რაიმე დიდი მოსალოდნელი შედეგის მიუხედავად, სპორტული ჟინით ვიწყებთ ამის კეთებას.
ზურაბ ბურდულმა „სათავგადასავლო კლუბი ჯომარდის“ შექმნა 2004 წელს, ერთი ნავით დაიწყო. მანამდე გიდად მუშაობდა და სწორედ ამ პერიოდში გაუჩნდა სურვილი, ექსტრიმის მოყვარულთათვის მეტი არეალი და გასაქანი მიეცა.
ზურა: „ჩვენ ვიყავით პირველი კომპანია, რომელმაც კომერციული საჯომარდო ტურები დაიწყო. თავდაპირველად ჩამოვიტანე 1 ნავი, 4 ველოსიპედი და 4 კარავი, და რაც მთავრია, მქონდა ცოდნა, რომელიც ავსტრიაში შევიძინე. გიდობის პერიოდში გავიცანი ავსტრიელი კოლეგა, რომლის რჩევითა და რეკომენდაციით გადავწვიტე ავსტრიაში წასვლა და ჯომარდობასთან დაკავშირებული ამ სპეციფიკური ცოდნის მიღება
პრაქტიკულ ცოდნაზე დამყარებულმა საქმიანობამ მდგრადი განვითარება ჰპოვა. „სათავგადასავლო კლუბი ჯომარდი“ ეტაპობრივად განვითარდა, როგორ თვისობრივი, ასევე რაოდენობრივი თვალსაზრისით.
ზურა: „ჩვენი ბაზა ჟინვალიდან 17 კილომეტრში, ფშავის მიმდებარე ტერიტორიაზე მდებარეობს. ბაზა ინსტიტუციონალურად განვითარებულია იმ დონეზე, რომ 100 კაცზე მეტის მიღება შეუძლია. ბაზაზე ფუქციონირებს რესტორანი, ბარი, თოკების პარკი ბავშვებისთვის, ასევე კარვების ქალაქი, რომ მსურველებმა თავისუფლად შეძლონ იქვე ღამის გათევა“.
ექსტრემალური გართობის ეს სახეობა უფრო და უფრო მეტად პოპულარული ხდება. მსურველთა რაოდენობა დღითიდღე იზრდება, როგორც ქართველების, ისე ტურისტების რიგებში.
ზურა: „ყველაზე ხშირად საჯომარდო ტურებს არაგვზე ვაწყობთ. არაპროფესიონალი მეჯომარდებისათვის ეს ყველაზე შესაფერისი მდინარეა საქართველოს რელიეფის გათვალისწინებით. არაგვის ტურის ფარგლებში ნავით 12 კილომეტრის გავლა გვიწევს, დაახლოებით 1 საათი და 30 წუთი გვიხდება მდინარეზე დაბრკოლებების გადალახვა“.
ქართულ საჯომარდო სივრცეში 13 წლიანი მუშაობის გამოცდილება უმაგრებს ზურგს „სათავგადასავლო კლუბ ჯომარდს“ და ამ ხნის განმავლობაში არანაირი ექსცესი არ მომხდარა. შესაბამისი აღჭურვილობა და გამოცდილი ინსტრუქტორი უზრუნველჰყოფს ტურის მონაწილეთა სრულ უსაფრთხოებას.
„სათავგადასავლო კლუბი ჯომარდი“ თიბისი ბანკის ბიზნეს დაჯილდოების წლის ტურისტული ბიზნესის კატეგორიის ერთ-ერთი თვალსაჩინო ნომინანტი გახლდათ.